დატოვებულია უცვლელად

სისხლის სამართლის 01.11.2016
საქმის ნომერი
110აგ.-2016
დავის ტიპი
საზედამხედველო
თარიღი
01.11.2016

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე №110აგ-16 1 ნოემბერი , 2016 წელი

გ. მ., 110აგ-16 ქ. თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

გიორგი შავლიაშვილი (თავმჯდომარე),ნინო გვენეტაძე, პაატა სილაგაძე

ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა მსჯავრდებულ მ. გ-ის საკასაციო საჩივარი ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2016 წლის 18 მარტის განჩინებაზე.

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

თბილისის საქალაქო სასამართლოს 2013 წლის 21 ოქტომბრის განაჩენით მ. გ. ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის მე-19,108-ე მუხლით და მიესაჯა 8 წლით თავისუფლების აღკვეთა, რომლის მოხდა დაეწყო 2013 წლის 27 იანვრიდან.

აღნიშნული განაჩენი თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2014 წლის 21 იანვრის განაჩენით დარჩა უცვლელად.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2014 წლის 6 მაისის განჩინებით საკასაციო საჩივარი მოცემულ საქმეზე დაუშვებლად იქნა ცნობილი.

2016 წლის 10 მარტს მსჯავრდებულმა მ. გ-მა შუამდგომლობით მიმართა თბილისის სააპელაციო სასამართლოს და მოითხოვა ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო მის მიმართ დადგენილი განაჩენის გადასინჯვა იმ მოტივით, რომ დანაშაულის ჩადენის დროს იყო არასრულწლოვანი.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2016 წლის 18 მარტის განჩინებით მსჯავრდებულის შუამდგომლობა დაუშვებლად იქნა ცნობილი.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2016 წლის 14 აპრილის განჩინებით დაკმაყოფილდა მსჯავრდებულის შუამდგომლობა და მას აღუდგა თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2016 წლის 18 მარტის განჩინების საკასაციო წესით გასაჩივრების გაცდენილი ვადა.

მსჯავრდებული მ. გ. საკასაციო საჩივარში აღნიშნავს, რომ დაკავებისას იყო 20 წლის; იმ დროს რომ ემოქმედა არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსს, სასამართლო მას დანიშნულ სასჯელს შეუმცირებდა ერთი მეოთხედით და სასჯელის საბოლოო ზომად განუსაზღვრავდა 6 წლით თავისუფლების აღკვეთას.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, კასატორი ითხოვს თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2016 წლის 18 მარტის განჩინების გაუქმებას, შუამდგომლობის განხილვას და მის დაკმაყოფილებას.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საქართველოს სსსკ-ის 313-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, საკასაციო პალატამ შეამოწმა საქმის მასალები, გააანალიზა საკასაციო საჩივრის საფუძვლიანობა და მივიდა დასკვნამდე, რომ იგი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს სსსკ-ის 310-ე მუხლის „ვ“ ქვეპუნქტის თანახმად, განაჩენი ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო გადაისინჯება, თუ ახალი კანონი აუქმებს ან ამსუბუქებს სისხლისსამართლებრივ პასუხისმგებლობას იმ ქმედებისათვის, რომლის ჩადენისთვისაც პირს გადასასინჯი განაჩენით მსჯავრი დაედო.

არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსის მე–3 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის მიზნებისათვის არასრულწლოვნად ითვლება პირი, რომელსაც დანაშაულის ჩადენის მომენტისათვის შეუსრულდა 14 წელი, მაგრამ არ შესრულებია 18 წელი.

საქმის მასალებით ირკვევა, რომ მსჯავრდებული მ. გ. დაბადებულია 1992 წლის 20 ოქტომბერს, ხოლო დანაშაული ჩადენილი აქვს 2013 წლის 7 იანვარს, როდესაც ის იყო სრულწლოვანი – 20 წლის.

არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსის მე–2 მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, 18-დან 21 წლამდე ასაკის ბრალდებული პირების მიმართ ამ კოდექსის გამოყენების შესახებ მითითებულია მე-15 მუხლის პირველ ნაწილზე, ბრალდებულის მიერ უფასო იურიდიული დახმარების უფლებით სარგებლობაზე. რაც კონკრეტულ შემთხვევაში უნდა განიმარტოს, მსჯავრდებულ მ. გ-ის მიმართ საკასაციო წესით სამართლაწარმოების სტადიაზე, კასატორისთვის უფასო საადვოკატო მომსახურების უფლებად.

საკასაციო სასამართლოს მიერ მსჯავრდებულ მ. გ-ის საკასაციო საჩივარი ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო, თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2016 წლის 18 მარტის განჩინებაზე, იხილება ზეპირი მოსმენის გარეშე შესაბამისად მსჯავრდებულის უფლება საადვოკატო მომსახურებაზე რეალიზებას არ საჭიროებს. ამასთანავე, პალატა ყურადღებას მიაპყრობს იმ გარემოებაზეც, რომ მსჯავრდებულს არც შუამდგომლობაში და არც საკასაციო საჩივარში მოთხოვნა სამართალწარმოების პროცესში იურიდიული დახმარებით სარგებლობაზე დაფიქსირებული არ აქვს.

რაც შეეხება არასრულწოვნათა მართლმსაჯულების კოდექსის მე-2 მუხლის შესაბამისად, მსჯავრდებულ მ. გ-ის მიმართ არასრულწოვნათა მართლმსაჯულების კოდექსის 38-ე-48-ე მუხლებით დადგენილი ნორმებით გათვალისწინებული განრიდების გამოყენების შესაძლებლობას, ვერ დაკმაყოფილდება, ვინაიდან სამართალწარმოების პროცესის დასრულების შემდეგ, განრიდების გამოყენების მოთხოვნა მოკლებულია სამართლებრივ საფუძველს.

ამდენად, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ არასრულწოვნათა მართლმსაჯულების კოდექსი არ ეხება მსჯავრდებულ მ. გ-ის სისხლისსამართლებრივ პასუხისმგებლობას და არ აუმჯობესებს მის სამართლებრივ მდგომარეობას, რის გამოც თბილისის სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება მსჯავრდებულ მ. გ-ის შუამდგომლობის დაუშვებლად ცნობის თაობაზე კანონიერი და დასაბუთებულია, მისი გაუქმების ან შეცვლის სამართლებრივი საფუძველი არ არსებობს და იგი უნდა დარჩეს უცვლელად.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 313-ე მუხლის მე-3 ნაწილით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

მსჯავრდებულ მ. გ-ის საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2016 წლის 18 მარტის განჩინება მსჯავრდებულ მ. გ-ის შუამდგომლობის დაუშვებლად ცნობის შესახებ დარჩეს უცვლელად.

განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე გ. შავლიაშვილი

მოსამართლეები: ნ. გვენეტაძე

პ. სილაგაძე