საზედამხედველო

სისხლის სამართლის 25.10.2016
საქმის ნომერი
119აგ.-2016
დავის ტიპი
საზედამხედველო
თარიღი
25.10.2016

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე №119აგ-16 25 ოქტომბერი , 2016 წელი

გ. ნ., 119აგ-16 ქ. თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

გიორგი შავლიაშვილი (თავმჯდომარე),ნინო გვენეტაძე, პაატა სილაგაძე

ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა მსჯავრდებულ ნ. გ-სა და მისი ინტერესების დამცველის, ადვოკატ ს. ო-ას საკასაციო საჩივარი ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2016 წლის 27 აპრილის განჩინებაზე.

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

1. რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2014 წლის 15 ნოემბრის განაჩენით დამტკიცდა პროკურორ თ. კ-სა და ბრალდებულ ნ. გ-ს შორის დადებული საპროცესო შეთანხმება, რომლის თანახმად, ნ. გ. ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 273-ე მუხლით და მიესაჯა 6 თვით თავისუფლების აღკვეთა, რაც ჩაეთვალა პირობით, 1 წლის გამოსაცდელი ვადით; მასვე დამატებით სასჯელად განესაზღვრა საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა 100 საათის ვადით და 3 წლით ჩამოერთვა „ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონში ჩამოთვლილი უფლებები.

2. 2016 წლის 21 აპრილს მსჯავრდებულმა ნ. გ-მა და მისმა ადვოკატმა ს. ო-ამ შუამდგომლობით მიმართეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო, კერძოდ – საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 24 ოქტომბრის გადაწყვეტილების საფუძველზე – ნ. გ-ის მიმართ დადგენილი განაჩენის გადასინჯვის შესახებ.

3. თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2016 წლის 27 აპრილის განჩინებით მსჯავრდებულისა და მისი ადვოკატის შუამდგომლობა დაუშვებლად იქნა ცნობილი.

4. მსჯავრდებულმა ნ. გ-მა და მისმა ინტერესების დამცველმა, ადვოკატმა ს. ო-ამ საკასაციო საჩივრით ითხოვეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2016 წლის 27 აპრილის განჩინების გაუქმება, შუამდგომლობის განხილვა და ნ. გ-ის მიმართ დადგენილი განაჩენის საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 24 ოქტომბრის გადაწყვეტილებასთან შესაბამისობაში მოყვანა, რათა თავიდან იქნეს აცილებული განაჩენთა ერთობლიობით ნ. გ-ის მიმართ თავისუფლების აღკვეთის გამოყენება.

5. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2016 წლის 8 სექტემბრის განჩინებით შეჩერდა საქმისწარმოება მსჯავრდებულ ნ. გ-სა და მისი ინტერესების დამცველის, ადვოკატ ს. ო-ას საკასაციო საჩივრის განხილვასთან დაკავშირებით და წარდგინებით მიემართა საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 273-ე მუხლის იმ ნორმატიული შინაარსის, რომელიც ითვალისწინებს სისხლისსამართლებრივი სასჯელის სახით თავისუფლების აღკვეთის გამოყენების შესაძლებლობას ნარკოტიკული საშუალება „მარიხუანის“ მოხმარებისთვის, საქართველოს კონსტიტუციის მე-17 მუხლის მე-2 პუნქტთან შესაბამისობის დადგენის თაობაზე.

6. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმის 2016 წლის 20 ოქტომბრის განჩინებით შეწყდა საქმე საქართველოს უზენაესი სასამართლოს კონსტიტუციურ წარდგინებაზე მსჯავრდებულ ნ. გ-ის საქმესთან დაკავშირებით იმ მოტივით, რომ საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმის 2016 წლის 29 სექტემბრის განჩინებით საქართველოს კონსტიტუციის მე-17 მუხლის მე-2 პუნქტთან მიმართებით ძალადაკარგულად იქნა ცნობილი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 273-ე მუხლის ის ნორმატიული შინაარსი, რომელიც ითვალისწინებს სისხლისსამართლებრივი სასჯელის სახით თავისუფლების აღკვეთის გამოყენების შესაძლებლობას „ნარკოტიკული საშუალებების, ფსიქოტროპული ნივთიერებების, პრეკურსორებისა და ნარკოლოგიური დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონის დანართი №2-ის 92-ე ჰორიზონტალურ გრაფაში განსაზღვრული ნარკოტიკული საშუალება მარიხუანის მოხმარებისთვის.

7. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2016 წლის 24 ოქტომბრის განჩინებით განახლდა საქმისწარმოება მსჯავრდებულ ნ. გ-სა და მისი ინტერესების დამცველის, ადვოკატ ს. ო-ას საკასაციო საჩივრის განხილვასთან დაკავშირებით.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

1. საქართველოს სსსკ-ის 313-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, საკასაციო პალატამ შეამოწმა საქმის მასალები, გააანალიზა საკასაციო საჩივრის საფუძვლიანობა და მივიდა დასკვნამდე, რომ იგი უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

2. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ საქართველოს უზენაესი სასამართლოს წარდგინების საფუძველზე საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ 2016 წლის 29 სექტემბრის განჩინებით საქართველოს კონსტიტუციის მე-17 მუხლის მე-2 პუნქტთან მიმართებით ძალადაკარგულად ცნო საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 273-ე მუხლის ის ნორმატიული შინაარსი, რომელიც ითვალისწინებს სისხლისსამართლებრივი სასჯელის სახით თავისუფლების აღკვეთის გამოყენების შესაძლებლობას „ნარკოტიკული საშუალებების, ფსიქოტროპული ნივთიერებების, პრეკურსორებისა და ნარკოლოგიური დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონის დანართი №2-ის 92-ე ჰორიზონტალურ გრაფაში განსაზღვრული ნარკოტიკული საშუალება მარიხუანის მოხმარებისთვის.

3. პალატას მიაჩნია, რომ საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს ზემოაღნიშნული გადაწყვეტილება წარმოადგენს საქართველოს სსსკ-ის 310-ე მუხლის ,,დ“ ქვეპუნქტით (არსებობს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება, რომელმაც არაკონსტიტუციურად ცნო ამ საქმეში გამოყენებული სისხლის სამართლის კანონი) გათვალისწინებულ კანონიერ ძალაში შესული განაჩენის გადასინჯვის საფუძველს, რის გამოც უნდა გაუქმდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2016 წლის 27 აპრილის განჩინება მსჯავრდებულ ნ. გ-სა და მისი ინტერესების დამცველის, ადვოკატ ს. ო-ას შუამდგომლობის დაუშვებლად ცნობის შესახებ და წარმოება უნდა დაუბრუნდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს შუამდგომლობის განსახილველად დაშვების მიზნით.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 313-ე მუხლის მე-3 ნაწილით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. გაუქმდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2016 წლის 27 აპრილის განჩინება მსჯავრდებულ ნ. გ-ის მიმართ.

2. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე გ. შავლიაშვილი

მოსამართლეები: ნ. გვენეტაძე

პ. სილაგაძე