განაჩენი გაუქმდა და საქმე გადაეცა სასამართლოს ხელახლა განსახილველად
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე №125აგ-16 14 ნოემბერი, 2016 წელი
დ-ი დ. 125აგ-16 ქ. თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
პაატა სილაგაძე (თავმჯდომარე),ნინო გვენეტაძე, გიორგი შავლიაშვილი
ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა მსჯავრდებულ დ. დ-ს ინტერესების დამცველის, ადვოკატ თ. მ-ს საკასაციო საჩივარი ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2016 წლის 4 მაისის განჩინებაზე.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
1. ბოლნისის რაიონული სასამართლოს 2015 წლის 2 ოქტომბრის განაჩენით მარნეულის რაიონული პროკურატურის პროკურორ სოფიკო ფცქიალაძესა და ბრალდებულ დ. დ-ს შორის დადებული საპროცესო შეთანხმება დამტკიცდა. დ. დ-ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ–ის 273–ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა 1 წლით თავისუფლების აღკვეთა, რაც სსკ–ის 63–ე მუხლის საფუძველზე ჩაეთვალა პირობით, ხოლო სსკ–ის 64–ე მუხლის საფუძველზე გამოსაცდელ ვადად დაუდგინდა 1 წელი. საქართველოს სსკ–ის 44–ე მუხლის შესაბამისად, დ. დ-ს დამატებითი სასჯელის სახით დაეკისრა - საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა 120 საათით. მასვე, „ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, 3 წლით ჩამოერთვა სატრანსპორტო საშუალების მართვის, საექიმო ან/და ფარმაცევტული საქმიანობის, აგრეთვე აფთიაქის დაფუძნების, ხელმძღვანელობისა და წარმომადგენლობის, საადვოკატო საქმიანობის, პედაგოგიური და საგანმანათლებლო დაწესებულებაში საქმიანობის, სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველობის სახაზინო (საბიუჯეტო) დაწესებულებებში – საჯარო ხელისუფლების ორგანოებში საქმიანობის უფლებები პასიური საარჩევნო, იარაღის დამზადების, შეძენის, შენახვისა და ტარების უფლებები.
2. 2016 წლის 21 აპრილს თბილისის სააპელაციო სასამართლოს შუამდგომლობით მიმართა მსჯავრდებულ დ. დ-ს ინტერესების დამცველმა ადვოკატმა, რომელმაც საქართველოს სსსკ–ის 310–ე მუხლის „დ“ ქვეპუნქტის საფუძველზე, ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 24 ოქტომბრის გადაწყვეტილებიდან გამომდინარე, მოითხოვა განაჩენის გადასინჯვა და დანიშნული სასჯელისგან მსჯავრდებულის გათავისუფლება.
3. თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2016 წლის 4 მაისის განჩინებით მსჯავრდებულ დ. დ-ს ინტერესების დამცველი ადვოკატის შუამდგომლობა დაუშვებლად იქნა ცნობილი.
4. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმის 2016 წლის 29 სექტემბრის განჩინებით საქართველოს კონსტიტუციის მე-17 მუხლის მე-2 პუნქტთან მიმართებით ძალადაკარგულად იქნა ცნობილი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 273-ე მუხლის ის ნორმატიული შინაარსი, რომელიც ითვალისწინებს სისხლისსამართლებრივი სასჯელის სახით თავისუფლების აღკვეთის გამოყენების შესაძლებლობას „ნარკოტიკული საშუალებების, ფსიქოტროპული ნივთიერებების, პრეკურსორებისა და ნარკოლოგიური დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონის დანართი №2-ის 92-ე ჰორიზონტალურ გრაფაში განსაზღვრული ნარკოტიკული საშუალება „მარიხუანის“ მოხმარებისთვის.
5. მსჯავრდებულ დ. დ-ს ინტერესების დამცველმა, ადვოკატმა თ. მ-მ საკასაციო საჩივრით მომართა საქართველოს უზენაეს სასამართლოს და ითხოვა ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2016 წლის 4 მაისის განჩინების გაუქმება და სააპელაციო სასამართლოსათვის იმის მითითება, რომ მან განსახილველად დაუშვას ზემოაღნიშნული შუამდგომლობა მსჯავრდებულის სასჯელისაგან გათავისუფლების მიზნით.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
1. საქართველოს სსსკ-ის 313-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, საკასაციო პალატამ შეამოწმა საქმის მასალები, გააანალიზა საკასაციო საჩივრის საფუძვლიანობა და მივიდა დასკვნამდე, რომ იგი უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
2. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ საქართველოს უზენაესი სასამართლოს წარდგინების საფუძველზე საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ 2016 წლის 29 სექტემბრის განჩინებით საქართველოს კონსტიტუციის მე-17 მუხლის მე-2 პუნქტთან მიმართებით ძალადაკარგულად ცნო საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 273-ე მუხლის ის ნორმატიული შინაარსი, რომელიც ითვალისწინებს სისხლისსამართლებრივი სასჯელის სახით თავისუფლების აღკვეთის გამოყენების შესაძლებლობას „ნარკოტიკული საშუალებების, ფსიქოტროპული ნივთიერებების, პრეკურსორებისა და ნარკოლოგიური დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონის დანართი №2-ის 92-ე ჰორიზონტალურ გრაფაში განსაზღვრული ნარკოტიკული საშუალება „მარიხუანის“ მოხმარებისთვის.
3. საქმის მასალებით ირკვევა, რომ ბოლნისის რაიონული სასამართლოს 2015 წლის 2 ოქტომბრის განაჩენით დ. დ-ს მსჯავრი დაედო ექიმის დანიშნულების გარეშე ნარკოტიკული საშუალება „მარიხუანის“ უკანონო მოხმარებაში, ჩადენილი ასეთი ქმედებისათვის ადმინისტრაციულსახდელშეფარდებული პირის მიერ.
4. პალატას მიაჩნია, რომ საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს ზემოაღნიშნული გადაწყვეტილება წარმოადგენს საქართველოს სსსკ-ის 310-ე მუხლის ,,დ“ ქვეპუნქტით (არსებობს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება, რომელმაც არაკონსტიტუციურად ცნო ამ საქმეში გამოყენებული სისხლის სამართლის კანონი) გათვალისწინებულ, კანონიერ ძალაში შესული განაჩენის გადასინჯვის საფუძველს, რის გამოც უნდა გაუქმდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2016 წლის 4 მაისის განჩინება მსჯავრდებულ დ. დ-ს ინტერესების დამცველი ადვოკატის შუამდგომლობის დაუშვებლად ცნობის შესახებ და წარმოება უნდა დაუბრუნდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს შუამდგომლობის განსახილველად დაშვების მიზნით.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 313-ე მუხლის მე-3 ნაწილით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. გაუქმდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2016 წლის 4 მაისის განჩინება მსჯავრდებულ დ. დ-ს მიმართ.
2. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე პ. სილაგაძე
მოსამართლეები: ნ. გვენეტაძე
გ. შავლიაშვილი