დატოვებულია უცვლელად

სისხლის სამართლის 02.12.2016
საქმის ნომერი
133აგ.-2016
დავის ტიპი
საზედამხედველო
თარიღი
02.12.2016

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე №133აგ-16 2 დეკემბერი, 2016 წელი

ტ. ზ., 133აგ-16 ქ. თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

გიორგი შავლიაშვილი (თავმჯდომარე),ნინო გვენეტაძე, პაატა სილაგაძე

ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა მსჯავრდებულ ზ. ტ-ის ადვოკატების - ი. ბ-სა და ც. ჯ-ის საკასაციო საჩივარი ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2016 წლის 23 მაისის განჩინებაზე.

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

1. გორის რაიონული სასამართლოს 2010 წლის 9 თებერვლის განაჩენით ზ. ტ-ს წარდგენილი ბრალდებიდან ამოერიცხა საქართველოს სსკ–ის 179–ე მუხლის მე–2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით (2006 წლის 31 მაისამდე მოქმედი რედაქცია) წარდგენილი ბრალდება. ზ. ტ. ცნობილ იქნა დამნაშავედ სსკ–ის 144–ე მუხლის მე–2 ნაწილის „ა“, „გ“, „ი“ ქვეპუნქტებით (2006 წლის 31 მაისამდე მოქმედი რედაქცია) და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა 8 წლით თავისუფლების აღკვეთა.

2. 2016 წლის 10 მაისს თბილისის სააპელაციო სასამართლოს შუამდგომლობით მიმართეს მსჯავრდებულ ზ. ტ-ის ინტერესების დამცველმა ადვოკატებმა, რომლებმაც ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო ითხოვეს გორის რაიონული სასამართლოს 2010 წლის 9 თებერვლის განაჩენის გადასინჯვა და ზ. ტ-ის მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნის შეწყვეტა შემდეგ გარემოებათა გამო: შუამდგომლობაში მითითებულია თბილისის საოლქო სასამართლოს 2007 წლის 13 თებერვლის (გ. ე-ს მიმართ), გორის რაიონული სასამართლოს 2007 წლის 10 ივლისის (მ. ბ-სა და პ. დ-ის მიმართ) და გორის რაიონული სასამართლოს 2009 წლის 9 თებერვლის (ზ. ტ-ის მიმართ) განაჩენებზე. შუამდგომლობის ავტორები აღნიშნავენ, რომ ხსენებული განაჩენებით დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები ერთმანეთს ეწინააღმდეგება. არც ერთ განაჩენში არ არის დასაბუთებული, თუ რა საფუძვლით მიიჩნია სასამართლომ პრეიუდიციულ ფაქტად ესა თუ ის ფაქტობრივი გარემოება და რა მიზეზით უარყო ამავე განაჩენით დადგენილი სხვა ფაქტობრივი გარემოებები; სისხლის სამართლის საქმეში დაზარალებულების - ლ. ე-სა და ე. ი-ს მხრიდან ზ. ტ-ის მიმართ არანაირი პრეტენზია არ არსებობდა; მიუხედავად იმისა, რომ სასამართლომ განაჩენის გამოტანისას იხელმძღვანელა 2006 წლის 31 მაისამდე მოქმედი სისხლის სამართლის კოდექსით, არ არის დასაბუთებული, თუ რატომ თქვა სასამართლომ უარი სსკ–ის 144–ე მუხლის შენიშვნის გამოყენებაზე, რომლის საფუძველზეც ზ. ტ. უნდა გათავისუფლებულიყო სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისაგან.

3. თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2016 წლის 23 მაისის განჩინებით მსჯავრდებულ ზ. ტ-ის ინტერესების დამცველი ადვოკატების შუამდგომლობა დაუშვებლად იქნა ცნობილი.

4. კასატორები, მსჯავრდებულ ზ. ტ-ის ადვოკატები - ი. ბ. და ც. ჯ. საკასაციო საჩივრით ითხოვენ თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2016 წლის 23 მაისის განჩინების გაუქმებასა და შუამდგომლობის განსახილველად დაშვებას შუამდგომლობაში მითითებული მოტივებით.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საქართველოს სსსკ-ის 313-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, საკასაციო პალატამ შეამოწმა საქმის მასალები, გააანალიზა საკასაციო საჩივრის საფუძვლიანობა და მივიდა დასკვნამდე, რომ იგი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს სსსკ-ის 310-ე მუხლში მითითებულია ის საფუძვლები, რომელთა შემთხვევაშიც შესაძლებელია ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო განაჩენის გადასინჯვა, კერძოდ:

განაჩენი ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო გადაისინჯება, თუ:

ა) სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული განაჩენით დადგენილია, რომ ყალბია მტკიცებულება, რომელიც საფუძვლად დაედო გადასასინჯ განაჩენს;

ბ) არსებობს გარემოება, რომელიც მოწმობს სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული განაჩენის დამდგენი სასამართლოს უკანონო შემადგენლობას ან იმ მტკიცებულების დაუშვებლობას, რომელიც საფუძვლად დაედო გადასასინჯ განაჩენს;

გ) სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული განაჩენით დადგენილია, რომ მოსამართლემ, პროკურორმა, გამომძიებელმა, ნაფიცმა მსაჯულმა ან ნაფიცი მსაჯულის მიმართ სხვა პირმა ამ საქმესთან დაკავშირებით ჩაიდინა დანაშაული;

დ) არსებობს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება, რომელმაც არაკონსტიტუციურად ცნო ამ საქმეში გამოყენებული სისხლის სამართლის კანონი;

ე) არსებობს ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილება (განჩინება), რომელმაც დაადგინა ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის ევროპული კონვენციის ან მისი ოქმების დარღვევა ამ საქმესთან დაკავშირებით, და გადასასინჯი განაჩენი ამ დარღვევას ეფუძნება;

ე1) არსებობს გაერთიანებული ერების ორგანიზაციის ადამიანის უფლებათა კომიტეტის, ქალთა წინააღმდეგ დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრის კომიტეტის, წამების წინააღმდეგ კომიტეტის ან რასობრივი დისკრიმინაციის აღმოფხვრის კომიტეტის (შემდგომ − კომიტეტი) გადაწყვეტილება, რომლითაც ამ საქმესთან დაკავშირებით დადგენილ იქნა კომიტეტის დამაარსებელი კონვენციის დარღვევა, და გადასასინჯი განაჩენი ამ დარღვევას ეფუძნება;

ვ) ახალი კანონი აუქმებს ან ამსუბუქებს სისხლისსამართლებრივ პასუხისმგებლობას იმ ქმედებისათვის, რომლის ჩადენისთვისაც პირს გადასასინჯი განაჩენით მსჯავრი დაედო;

ზ) წარდგენილია ახალი ფაქტი ან მტკიცებულება, რომელიც გადასასინჯი განაჩენის გამოტანის დროს არ იყო ცნობილი და თავისთავად თუ სხვა დადგენილ გარემოებასთან ერთად ამტკიცებს მსჯავრდებულის უდანაშაულობას ან მის მიერ იმ დანაშაულზე უფრო მსუბუქი ან უფრო მძიმე დანაშაულის ჩადენას, რომლისთვისაც მას მსჯავრი დაედო, აგრეთვე ამტკიცებს გამართლებულის ბრალეულობას ან დანაშაულის იმ პირის მიერ ჩადენას, რომლის მიმართაც სისხლისსამართლებრივი დევნა შეწყვეტილი იყო;

ზ 1) წარდგენილია პროკურორის დადგენილება მსჯავრდებულის მიმართ სისხლის სამართლის საქმის წარმოების პროცესში მისი უფლების არსებითი დარღვევის შესახებ, რომელიც გადასასინჯი განაჩენის გამოტანის დროს ცნობილი არ იყო და თავისთავად ან/და სხვა დადგენილ გარემოებასთან ერთად ამტკიცებს მსჯავრდებულის უდანაშაულობას ან მის მიერ იმ დანაშაულზე უფრო მსუბუქი დანაშაულის ჩადენას, რომლისთვისაც მას მსჯავრი დაედო;

თ) არსებობს სააპელაციო სასამართლოს განჩინება, რომელმაც უკანონოდ ცნო ის ფარული საგამოძიებო მოქმედება, რომლის შედეგად მოპოვებული მტკიცებულება საფუძვლად დაედო განაჩენს.

პალატა სრულად იზიარებს სააპელაციო სასამართლოს მოტივებს შუამდგომლობასთან დაკავშირებით და მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ საქმეში არსებული მასალების ერთობლივი ანალიზის საფუძველზე სწორი სამართლებრივი შეფასება მისცა საქმის გარემოებებს.

საჩივრის მოტივებიდან გამომდინარე, კასატორები ითხოვენ საქმეში არსებული მტკიცებულებების ხელახლა შეფასებას, ასევე - მსჯელობას იმ საკითხზე, თუ რატომ არ გამოიყენა სასამართლომ სსკ-ის 144-ე მუხლის შენიშვნა, რისი სამართლებრივი საფუძველიც მოცემულ შემთხვევაში არ არსებობს, ვინაიდან არ შეესაბამება საქართველოს სსსკ-ის 310-ე მუხლით გათვალისწინებულ არც ერთ საფუძველს. კასატორები ვერც შუამდგომლობასა და ვერც საკასაციო საჩივარში ვერ უთითებენ, თუ რა ახალი გარემოება გამოვლინდა, რაც შეიძლება განაჩენის გადასინჯვის კანონისმიერი საფუძველი გამხდარიყო.

ამდენად, თბილისის სააპელაციო სასამართლოს განჩინება მსჯავრდებულ ზ. ტ-ის ადვოკატების - ი. ბ-სა და ც. ჯ-ის შუამდგომლობის დაუშვებლად ცნობის თაობაზე კანონიერია, მისი გაუქმების ან შეცვლის სამართლებრივი საფუძველი არ არსებობს, რის გამოც იგი უნდა დარჩეს უცვლელად.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 313-ე მუხლის მე-3 ნაწილით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

მსჯავრდებულ ზ. ტ-ის ადვოკატების - ი. ბ-სა და ც. ჯ-ის საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2016 წლის 23 მაისის განჩინება მსჯავრდებულ ზ. ტ-ის ადვოკატების - ი. ბ-სა და ც. ჯ-ის შუამდგომლობის დაუშვებლად ცნობის შესახებ დარჩეს უცვლელად.

საკასაციო პალატის განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე გ. შავლიაშვილი

მოსამართლეები: ნ. გვენეტაძე

პ. სილაგაძე