დატოვებულია უცვლელად

სისხლის სამართლის 28.12.2016
საქმის ნომერი
153აგ.-2016
დავის ტიპი
საზედამხედველო
თარიღი
28.12.2016

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე №153აგ-16 თბილისი

ნ-ი ზ. 153აგ-16 28 დეკემბერი, 2016 წელი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს

სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

პაატა სილაგაძე (თავმჯდომარე),ნინო გვენეტაძე, გიორგი შავლიაშვილი

ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა მსჯავრდებულ ზ. ნ-ს ადვოკატ გ. ნ-ს საკასაციო საჩივარი ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2016 წლის 27 ივნისის განჩინებაზე.

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

1. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 1999 წლის 14 დეკემბრის განაჩენით ზ. ნ-ი ცნობილ იქნა დამნაშავედ და მიესაჯა: საქართველოს 1960 წლის რედაქციის სისხლის სამართლის კოდექსის მე-17,104-ე მუხლის მე-2 და მე-4 პუნქტებით - 17 წლით, 228-ე მუხლის მე-2 ნაწილით - 4 წლით, 238-ე მუხლის 1-ლი ნაწილით (2 ეპიზოდი) - 2-2 წლით, ამავე მუხლის მე-2 ნაწილით (2 ეპიზოდი) - 3-3 წლით, მე-17,104-ე მუხლის მე-2, მე-4 და მე-9 პუნქტებით - 20 წლით, 228-ე მუხლის მე-2 ნაწილით - 5 წლით, 252-ე მუხლის მე-3 ნაწილით - 3 წლით, 135-ე მუხლითა და 214-ე მუხლით - 1-1 წლით, 213-ე მუხლის მე-2 ნაწილით - 2 წლით, 104-ე მუხლის მე-2, მე-6 და მე-9 პუნქტებით - უვადო თავისუფლების აღკვეთა, ხოლო 136-ე მუხლით - 1 წლით გამასწორებელი სამუშაოები; სასჯელთა შთანთქმის პრინციპით ზ. ნ-ს საბოლოოდ განესაზღვრა უვადო თავისუფლების აღკვეთა, რომლის ათვლა დაეწყო 1999 წლის 8 აპრილიდან.

2. აღნიშნული განაჩენი საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2000 წლის 1 მარტის განჩინებით დარჩა უცვლელად.

3. საქართველოს უზენაესი სასამართლოს საზედამხედველო პალატის 2001 წლის 17 იანვრის დადგენილებით საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2000 წლის 1 მარტის განჩინება შეიცვალა, კერძოდ: ზ. ნ-ს ქმედება საქართველოს 1960 წლის რედაქციის სისხლის სამართლის კოდექსის მე-17,104-ე მუხლის მე-2 და მე-4 პუნქტებიდან გადაკვალიფიცირდა სისხლის სამართლის კოდექსის მე-19,109-ე მუხლის „ა“, „კ“ პუნქტებზე და განესაზღვრა 15 წლით თავისუფლების აღკვეთა; სსკ-ის მე-17,104-ე მუხლის მე-2, მე-4 და მე-9 პუნქტები გადაკვალიფიცირდა სსკ-ის მე-19,109-ე მუხლის „ა“, „კ“, „ო“ პუნქტებზე და განესაზღვრა 15 წლით თავისუფლების აღკვეთა; ზ. ნ-თვის საქართველოს სსკ-ის 104-ე მუხლის მე-2, მე-6 და მე-9 პუნქტებით დანიშნული უვადო თავისუფლების აღკვეთა დარჩა უცვლელად.

4. „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2007 წლის 29 ნოემბრის კანონის საფუძველზე თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2007 წლის 18 დეკემბრის დადგენილებით ზ. ნ-ს გაუნახევრდა საქართველოს სსკ-ის 213-ე მუხლის მე-2 ნაწილითა და 214-ე მუხლით დანიშნული სასჯელები, ხოლო საბოლოო სასჯელის სახით დანიშნული უვადო თავისუფლების აღკვეთა დარჩა უცვლელად.

5. „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2012 წლის 28 დეკემბრის კანონის შესაბამისად, თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2013 წლის 20 თებერვლის განჩინებით მსჯავრდებული ზ. ნ-ი გათავისუფლდა საქართველოს სსკ-ის მე-17,104-ე მუხლის მე-2, მე-4 პუნქტებითა და მე-17,104-ე მუხლის მე-2, მე-4, მე-9 პუნქტებით დანიშნული სასჯელებისგან; მასვე ერთი მეოთხედით შეუმცირდა სხვა მუხლებით დანიშნული სასჯელები და საბოლოოდ განესაზღვრა უვადო თავისუფლების აღკვეთა.

6. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2013 წლის 22 მარტის განჩინებით თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2013 წლის 20 თებერვლის განჩინება დარჩა უცვლელად.

7. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2011 წლის 8 ივლისის განჩინებით მსჯავრდებულ ზ. ნ-ს შუამდგომლობა ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო საქართველოს უზენაესი სასამართლოს 1999 წლის 14 დეკემბრის განაჩენისა და იმავე სასამართლოს 2000 წლის 1 მარტის განჩინების გადასინჯვის თაობაზე დაუშვებლად იქნა ცნობილი.

8. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2011 წლის 16 სექტემბრის განჩინებით თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2011 წლის 8 ივლისის განჩინება დარჩა უცვლელად.

9. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2013 წლის 7 მაისის განჩინებით მსჯავრდებულ ზ. ნ-ს შუამდგომლობა ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო საქართველოს უზენაესი სასამართლოს 1999 წლის 14 დეკემბრის განაჩენისა და იმავე სასამართლოს 2000 წლის 1 მარტის განჩინების გადასინჯვის თაობაზე დაუშვებლად იქნა ცნობილი.

10. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2013 წლის 4 ოქტომბრის განჩინებით თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2013 წლის 7 მაისის განჩინება დარჩა უცვლელად.

11. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2013 წლის 26 აგვისტოს განაჩენით მსჯავრდებულ ზ. ნ-ს ადვოკატ გ. ნ-ს შუამდგომლობა არ დაკმაყოფილდა და საქართველოს უზენაესი სასამართლოს 1999 წლის 14 დეკემბრის განაჩენი, ასევე თბილისის საქალაქო სასამართლოს 2013 წლის 20 თებერვლის განჩინება დარჩა უცვლელად.

12. საქართველოს პრეზიდენტის 2013 წლის 29 ოქტომბრის განკარგულებით ზ. ნ-ი შეწყალებულ იქნა, ხოლო საპატიმრო სასჯელის შემდგომი მოხდისაგან განთავისუფლების თარიღად მიეთითა 2021 წლის 29 ოქტომბერი.

13. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2014 წლის 6 იანვრის განჩინებით მსჯავრდებულ ზ. ნ-ს ადვოკატ გ. ნ-ს შუამდგომლობა ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო განაჩენის გადასინჯვის თაობაზე დაუშვებლად იქნა ცნობილი.

14. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2014 წლის 21 ივლისის განჩინებით თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2014 წლის 6 იანვრის განჩინება დარჩა უცვლელად.

15. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2014 წლის 11 აგვისტოს განჩინებით მსჯავრდებულ ზ. ნ-ს ადვოკატ გ.ნ-ს შუამდგომლობა ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო განაჩენის გადასინჯვის თაობაზე დაუშვებლად იქნა ცნობილი.

16. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2014 წლის 26 ნოემბრის განჩინებით არ იქნა განხილული მსჯავრდებულ ზ. ნ-ს ადვოკატ გ. ნ-ს საკასაციო საჩივარი თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2014 წლის 11 აგვისტოს განჩინებაზე საჩივრის უკან გათხოვნის გამო.

17. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2015 წლის 1 ოქტომბრის განჩინებით ზ. ნ-ს ადვოკატ გ. ნ-ს შუამდგომლობა დაუშვებლად იქნა ცნობილი.

18. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2016 წლის 30 მარტის განჩინებით თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2015 წლის 1 ოქტომბრის განჩინება დარჩა უცვლელად.

19. 2016 წლის 13 ივნისს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატას ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო შუამდგომლობით მიმართა მსჯავრდებულ ზ. ნ-ს ადვოკატმა გ. ნ-მ და მოითხოვა მსჯავრდებულ ზ. ნ-ს მიმართ გამოტანილი განაჩენის გადასინჯვა.

20. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2016 წლის 27 ივნისის განჩინებით მსჯავრდებულ ზ. ნ-ს ადვოკატ გ. ნ-ს შუამდგომლობა ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო განაჩენის გადასინჯვის თაობაზე ცნობილ იქნა დაუშვებლად.

21. აღნიშნული განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა მსჯავრდებულ ზ. ნ-ს ადვოკატმა გ. ნ-მ, რომელმაც მოითხოვა მსჯავრდებულ ზ. ნ-ს მიმართ გამოტანილი განაჩენის გადასინჯვა და სასჯელის შემსუბუქება.

22. საქართველოს პრეზიდენტის 2016 წლის 27 დეკემბრის №….. განკარგულებით ზ. ნ-ი შეწყალებულ იქნა და გათავისუფლდა საპატიმრო სასჯელის შემდგომი მოხდისაგან.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

1. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შეამოწმა საქმის მასალები, გააანალიზა საკასაციო საჩივრის საფუძვლიანობა და მივიდა დასკვნამდე, რომ იგი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

2. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 310-ე მუხლში მითითებულია ის საფუძვლები, თუ რა შემთხვევაშია შესაძლებელი ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო განაჩენის გადასინჯვა, კერძოდ - განაჩენი ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო გადაისინჯება, თუ:

ა) სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული განაჩენით დადგენილია, რომ ყალბია მტკიცებულება, რომელიც საფუძვლად დაედო გადასასინჯ განაჩენს;

ბ) არსებობს გარემოება, რომელიც მოწმობს სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული განაჩენის დამდგენი სასამართლოს უკანონო შემადგენლობას ან იმ მტკიცებულების დაუშვებლობას, რომელიც საფუძვლად დაედო გადასასინჯ განაჩენს;

გ) სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული განაჩენით დადგენილია, რომ მოსამართლემ, პროკურორმა, გამომძიებელმა, ნაფიცმა მსაჯულმა ან ნაფიცი მსაჯულის მიმართ სხვა პირმა ამ საქმესთან დაკავშირებით ჩაიდინა დანაშაული;

დ) არსებობს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება, რომელმაც არაკონსტიტუციურად ცნო ამ საქმეში გამოყენებული სისხლის სამართლის კანონი;

ე) არსებობს ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილება (განჩინება), რომელმაც დაადგინა ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის ევროპული კონვენციის ან მისი ოქმების დარღვევა ამ საქმესთან დაკავშირებით და გადასასინჯი განაჩენი ამ დარღვევას ეფუძნება;

ე1) არსებობს გაერთიანებული ერების ორგანიზაციის ადამიანის უფლებათა კომიტეტის, ქალთა წინააღმდეგ დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრის კომიტეტის, წამების წინააღმდეგ კომიტეტის ან რასობრივი დისკრიმინაციის აღმოფხვრის კომიტეტის გადაწყვეტილება, რომლითაც ამ საქმესთან დაკავშირებით დადგენილ იქნა კომიტეტის დამაარსებელი კონვენციის დარღვევა, და გადასასინჯი განაჩენი ამ დარღვევას ეფუძნება;

ვ) ახალი კანონი აუქმებს ან ამსუბუქებს სისხლისსამართლებრივ პასუხისმგებლობას იმ ქმედებისათვის, რომლის ჩადენისთვისაც პირს გადასასინჯი განაჩენით მსჯავრი დაედო;

ზ) წარმოდგენილია ახალი ფაქტი ან მტკიცებულება, რომელიც გადასასინჯი განაჩენის გამოტანის დროს არ იყო ცნობილი და თავისთავად, თუ სხვა დადგენილ გარემოებასთან ერთად ამტკიცებს მსჯავრდებულის უდანაშაულობას ან მის მიერ იმ დანაშაულზე უფრო მსუბუქი ან უფრო მძიმე დანაშაულის ჩადენას, რომლისთვისაც მას მსჯავრი დაედო, აგრეთვე ამტკიცებს გამართლებულის ბრალეულობას ან დანაშაულის იმ პირის მიერ ჩადენას, რომლის მიმართაც სისხლისსამართლებრივი დევნა შეწყვეტილი იყო;

ზ1) წარდგენილია პროკურორის დადგენილება მსჯავრდებულის მიმართ სისხლის სამართლის საქმის წარმოების პროცესში მისი უფლების არსებითი დარღვევის შესახებ, რომელიც გადასასინჯი განაჩენის გამოტანის დროს ცნობილი არ იყო და თავისთავად ან/და სხვა დადგენილ გარემოებასთან ერთად ამტკიცებს მსჯავრდებულის უდანაშაულობას ან მის მიერ იმ დანაშაულზე უფრო მსუბუქი დანაშაულის ჩადენას, რომლისთვისაც მას მსჯავრი დაედო;

თ) არსებობს სააპელაციო სასამართლოს განჩინება, რომელმაც უკანონოდ ცნო ის ფარული საგამოძიებო მოქმედება, რომლის შედეგად მოპოვებული მტკიცებულება საფუძვლად დაედო განაჩენს.

3. საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ მოცემულ შემთხვევაში სააპელაციო სასამართლომ საქმის გარემოებები საქმეში არსებული მასალების ერთობლივი ანალიზის საფუძველზე სამართლებრივად სწორად შეაფასა, ხოლო მსჯავრდებულ ზ. ნ-ს ადვოკატ გ. ნ-ს მიერ მითითებული გარემოებები არ წარმოადგენს საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 310-ე მუხლით გათვალისწინებულ ახლად გამოვლენილ გარემოებას, რაც შეიძლება გახდეს კანონიერ ძალაში შესული განაჩენის გადასინჯვის საფუძველი.

4. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ მსჯავრდებულ ზ. ნ-ს ადვოკატ გ. ნ-ს საკასაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს, ხოლო სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება მისივე შუამდგომლობის დაუშვებლად ცნობის შესახებ კანონიერი და დასაბუთებულია, რომლის გაუქმების ან შეცვლის სამართლებრივი საფუძველი არ არსებობს, რის გამოც იგი უნდა დარჩეს უცვლელად.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 313-ე მუხლის მე-3 ნაწილით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. მსჯავრდებულ ზ. ნ-ს ადვოკატ გ. ნ-ს საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2016 წლის 27 ივნისის განჩინება მსჯავრდებულ ზ. ნ-ს ადვოკატ გ. ნ-ს შუამდგომლობის დაუშვებლად ცნობის შესახებ დარჩეს უცვლელად;

3. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე პ. სილაგაძე

მოსამართლეები: ნ. გვენეტაძე

გ. შავლიაშვილი