შეიცვალა კვალიფიკაცია და სასჯელი დამძიმებისაკენ
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე №456აპ-16. ქ. თბილისი
ჩ-ა გ–456აპ-16 9 იანვარი, 2017 წელი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
გიორგი შავლიაშვილი (თავმჯდომარე),ნინო გვენეტაძე, პაატა სილაგაძე
სხდომის მდივან – გიორგი შალამბერიძის
პროკურორ _ მაია ჯაბუას
მსჯავრდებულ _ გ. ჩ-ას
მონაწილეობით განიხილა ზუგდიდის რაიონული პროკურატურის პროკურორ მაია ჯაბუას საკასაციო საჩივარი ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2016 წლის 17 ივნისის განაჩენზე.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
1. დადგენილებით პირის ბრალდების შესახებ გ. ჩ-ას, ნასამართლევს, _ ბრალი დაედო საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით, 1261-ე მუხლის 1-ლი ნაწილითა და 373-ე მუხლის 1-ლი ნაწილით იმაში, რომ ჩაიდინა დანაშაულის შესახებ ცრუ დასმენა, ოჯახში ძალადობა, ე.ი. ოჯახის ერთი წევრის მიერ მეორის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი, რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სსკ-ის 117-ე, 118–ე და 120-ე მუხლებით გათვალისწინებული შედეგი (2 ეპიზოდი) და რაც გამოიხატა შემდეგში:
· 2016 წლის 14 მარტს, დაახლოებით 22.51 საათზე, გ. ჩ-ა თავის საცხოვრებელ სახლში, ზ-ის რაიონის სოფელ ჭ-ში, დაუკავშირდა 112-ის ოპერატორს და განზრახ გადასცა ცრუ შეტყობინება ქურდობის შესახებ, თითქოსდა მას მოჰპარეს 200 კგ თხილი.
· 2016 წლის 17 მარტს ზ-ის რაიონის სოფელ ჭ-ში გ. ჩ-ამ ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე რამდენჯერმე დაარტყა ხელი სხეულის სხვადასხვა ადგილას ოჯახის წევრებს: დედას – ი. ბ-ას და დას – ც. ხ-ას, რის გამოც მათ განიცადეს ფიზიკური ტკივილი.
· 2016 წლის 24 მარტს ზ-ის რაიონის სოფელ ჭ-ში გ. ჩ-ამ ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე ოჯახის წევრს – ი. ბ-ას მოქაჩა თმა და წიხლი ჩაარტყა ფეხში, რა დროსაც მან განიცადა ფიზიკური ტკივილი.
2. ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 2016 წლის 19 აპრილის განაჩენით გ. ჩ-ას ქმედება საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილიდან (2016 წლის 16 მარტის ეპიზოდი) გადაკვალიფიცირდა ამავე მუხლის 1-ლ ნაწილზე და მიესაჯა 1 წლით თავისუფლების აღკვეთა; მასვე სსკ-ის 1261-ე მუხლის 1-ლი ნაწილითა (2016 წლის 24 მარტის ეპიზოდი) და 373-ე მუხლის 1-ლი ნაწილით განესაზღვრა 1-1 წლით თავისუფლების აღკვეთა. შთანთქმის პრინციპის გამოყენებით, დანაშაულთა ერთობლიობით გ. ჩ-ას საბოლოოდ მიესაჯა თავისუფლების აღკვეთა 1 წლით, რომლის მოხდა დაეწყო 2016 წლის 25 მარტიდან.
განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა პროკურორმა მაია ჯაბუამ. მან ითხოვა ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 2016 წლის 19 აპრილის განაჩენის გაუქმება, გ. ჩ-ას დამნაშავედ ცნობა საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით და სსკ-ის 58-ე მუხლის 1-ლი ნაწილის საფუძველზე სასჯელის ზომად 2 წლით თავისუფლების აღკვეთის განსაზღვრა.
3. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2016 წლის 17 ივნისის განაჩენით ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 2016 წლის 19 აპრილის განაჩენი შეიცვალა: გ. ჩ-ას ქმედება საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილიდან (2016 წლის 17 მარტის ეპიზოდი) გადაკვალიფიცირდა ამავე მუხლის 1-ლ ნაწილზე და მიესაჯა 1 წლით თავისუფლების აღკვეთა; მასვე სსკ-ის 1261-ე მუხლის 1-ლი ნაწილითა (2016 წლის 24 მარტის ეპიზოდი) და 373-ე მუხლის 1-ლი ნაწილით განესაზღვრა 1-1 წლით თავისუფლების აღკვეთა. შთანთქმის პრინციპის გამოყენებით, დანაშაულთა ერთობლიობით გ. ჩ-ას საბოლოოდ მიესაჯა 1 წლით თავისუფლების აღკვეთა, რომლის მოხდა დაეწყო 2016 წლის 25 მარტიდან.
4. კასატორი – ზუგდიდის რაიონული პროკურატურის პროკურორი მაია ჯაბუა საკასაციო საჩივარში აღნიშნავს, რომ გ. ჩ-ა არის 6-ჯერ ნასამართლევი განზრახი დანაშაულის ჩადენისათვის, ამიტომ საქართველოს სსკ-ის 58-ე მუხლის 1-ლი ნაწილით, დანაშაულის რეციდივის დროს ვადიანი თავისუფლების აღკვეთის დანიშვნისას მოსახდელი სასჯელის ვადა, სულ მცირე, 1 წლით უნდა აღემატებოდეს ჩადენილი დანაშაულისათვის ამ კოდექსის შესაბამისი მუხლით ან მუხლის ნაწილით გათვალისწინებული სასჯელის მინიმალურ ვადას. სასამართლოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილით გ. ჩ-ასათვის უნდა განესაზღვრა 2 წლით თავისუფლების აღკვეთა. გარდა ამისა, სასამართლომ არასწორად გადააკვალიფიცირა მსჯავრდებულის ქმედება საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილიდან იმავე მუხლის 1-ლ ნაწილზე, რადგან ბრალის დისპოზიციაში, სადაც არ წერია „ორი ან მეტი პირი“, არ იყო კვალიფიკაციის შეცვლის საფუძველი.
5. აღნიშნულიდან გამომდინარე, პროკურორი მაია ჯაბუა ითხოვს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2016 წლის 17 ივნისის განაჩენის გაუქმებას, გ. ჩ-ას დამნაშავედ ცნობას საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით და სსკ-ის 58-ე მუხლის 1-ლი ნაწილის მოთხოვნათა დაცვით მისთვის 2 წლით თავისუფლების აღკვეთის განსაზღვრას.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
1. საკასაციო პალატამ შეისწავლა გ. ჩ-ას ბრალდების საქმის მასალები, შეამოწმა პროკურორის საკასაციო საჩივრის საფუძვლიანობა და მიიჩნია, რომ აღნიშნული საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს, ხოლო გასაჩივრებული განაჩენი უნდა შეიცვალოს მსჯავრდებულის საუარესოდ შემდეგ გარემოებათა გამო:
2. საქმის მასალების შესწავლის შედეგად ირკვევა, რომ მსჯავრდებულ გ. ჩ-ას ნამდვილად აქვს ბრალეულად ჩადენილი სისხლის სამართლის კანონით გათვალისწინებული ის მართლსაწინააღმდეგო ქმედებები, რომლებშიც მას ჯერ კიდევ საქმის წინასწარი გამოძიების სტადიაზე ბრალდების სახით წარედგინა. მის მიერ აღნიშნული ქმედებების ჩადენა დადასტურებულია საქმეში არსებული უტყუარი მტკიცებულებების ერთობლიობით, რომელიც მოპოვებულია კანონიერი გზით. აღსანიშნავია ის გარემოებაც, რომ თვით მსჯავრდებულ გ. ჩ-ას საქმის წარმოების არც ერთ ეტაპზე არ უარუყვია მის მიერ მისთვის ბრალად შერაცხული ქმედებების ჩადენა.
3. 2016 წლის 26 მარტის დადგენილებით პირის ბრალდების შესახებ გ. ჩ-ას ბრალად წარედგინა დანაშაულის შემდეგი სამი ეპიზოდი შესაბამისი კვალიფიკაციით: 2016 წლის 14 მარტს, დაახლოებით 22:51 საათზე, ზ-ის რაიონის სოფელ ჭ-ში, თავის საცხოვრებელ სახლში ყოფნისას, გ. ჩ-ა ტელეფონით დაუკავშირდა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საჯარო სამართლის იურიდიული პირის – „112“–ის ადმინისტრაციის ოპერატორს და განზრახ გააკეთა ცრუ შეტყობინება ქურდობის შესახებ, რომ თითქოსდა მას მოჰპარეს 200 კგ თხილი, რითაც ჩაიდინა დანაშაული, გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 373–ე მუხლის პირველი ნაწილით; გარდა ამისა, გ. ჩ-ას ბრალად წარედგინა, რომ მან 2016 წლის 17 მარტს ზ-ის რაიონის სოფელ ჭ-ში ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, ოჯახის წევრებს, დედას – ი. ბ-ას და დას – ც. ხ-ას რამდენჯერმე დაარტყა ხელი სხეულის სხვადასხვა ადგილას, რის შედეგადაც მათ განიცადეს ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სსკ–ის 117–ე, 118–ე და 120–ე მუხლებით გათვალისწინებული შედეგი, ესე იგი, ჩაიდინა დანაშაული, გათვალისწინებული საქართველოს სსკ–ის 1261-ე მუხლის მე–2 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით; მანვე 2016 წლის 24 მარტს იმავე მისამართზე ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, ოჯახის წევრს, დედას – ი. ბ-ას მოქაჩა თმაზე და წიხლი ჩაარტყა ფეხზე, რის გამოც მან განიცადა ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სსკ–ის 117–ე, 118–ე და 120–ე მუხლებით გათვალისწინებული შედეგები, ამით ჩაიდინა დანაშაული, გათვალისწინებული საქართველოს სსკ–ის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით.
4. გ. ჩ-ას ბრალდების საქმის განხილვის შემდეგ, ზუგდიდის რაიონულმა სასამართლომ და ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ თავიანთ განაჩენებში შეცვალეს მის მიერ ჩადენილი ქმედების კვალიფიკაცია ბრალის ერთ ეპიზოდში, კერძოდ, მხედველობაშია ბრალდებულის მიერ თავისი ოჯახის ორი წევრის – დედისა და დის მიმართ 2016 წლის 17 მარტს ჩადენილი ძალადობა. იმის გამო, რომ პირის ბრალდების შესახებ დადგენილებაში აღნიშნულ ეპიზოდთან დაკავშირებით არ იყო მითითებული ბრალდებულის მიერ ამ ქმედების ორი პირის მიმართ ჩადენის შესახებ, სასამართლოებმა მიიჩნიეს: ხსენებული საბრალდებო დოკუმენტით გ. ჩ-ას ფაქტობრივად ბრალი არ ჰქონდა წარდგენილი ოჯახში ძალადობის მაკვალიფიცირებელ გარემოებაში ანუ ორი პირის მიმართ ჩადენაში და, აქედან გამომდინარე, ამ ეპიზოდში გ. ჩ-ას მიერ ჩადენილი ქმედება საქართველოს სსკ–ის 1261-ე მუხლის მე–2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტიდან გადააკვალიფიცირეს იმავე მუხლის პირველ ნაწილზე, რომლის საფუძველზეც განესაზღვრა მას სასჯელის ზომა.
5. სააპელაციო სასამართლოს დასკვნა დაფუძნებულია შემდეგ მსჯელობაზე: პირის ბრალდების შესახებ დადგენილებაში 2016 წლის 17 მარტის ეპიზოდთან დაკავშირებით, ბრალდების მხარემ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებად მიიჩნია, რომ გ. ჩ-ამ თავისი ქმედება (ოჯახში ძალადობა) ჩაიდინა ორი პირის, დედის – ი. ბ-ასა და დის – ც. ხ-ას მიმართ, ხოლო ბრალდების ფორმულირებაში ანუ ჩადენილი ქმედების სამართლებრივ შეფასებაში არ მიუთითა აღნიშნულ მაკვალიფიცირებელ გარემოებაზე და მხოლოდ ამ ქმედების კვალიფიკაციაზე – საქართველოს სსკ–ის 1261-ე მუხლის მე–2 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტზე მითითებით დაკმაყოფილდა. მოსამართლის აზრით, ვინაიდან სისხლისსამართლებრივ დევნას ახორციელებს მხოლოდ პროკურორი, ხოლო სასამართლო უფლებამოსილია, მხოლოდ მართლმსაჯულება განახორციელოს, სასამართლოს არ შეუძლია პირის მიერ ჩადენილი ქმედების სამართლებრივი შეფასებისას გასცდეს მისთვის ბრალად შერაცხული ფაქტობრივი გარემოებების ფარგლებს. შესაბამისად, დაუშვებელია იმაზე უფრო მძიმე კვალიფიკაციით პირის მსჯავრდება, ვიდრე მას ბრალად ჰქონდა წარდგენილი, თუნდაც აშკარა იყოს მისი ჩადენა. ამიტომ აღნიშნულ ეპიზოდში გ. ჩ-ას მიერ ჩადენილი ქმედება უნდა დაკვალიფიცირდეს საქართველოს სსკ–ის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით, ისე, როგორც ბრალდების დადგენილებაში ინკრიმინირებული ქმედების სამართლებრივი შეფასებაა მოცემული. სააპელაციო სასამართლო დასაბუთებისას იშველიებს საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 169–ე მუხლის მე–3 ნაწილის „ბ“ და „დ“ ქვეპუნქტებით განსაზღვრულ მოთხოვნებს პირის ბრალდების შესახებ დადგენილების შინაარსთან დაკავშირებით, რომლებიც, მოსამართლის აზრით, ბრალდების მხარემ დაარღვია.
6. საკასაციო პალატა ვერ დაეთანხმება გასაჩივრებულ განაჩენში წარმოდგენილ ასეთ პოზიციას და მის დასაბუთებას, კერძოდ: საქართველოს სსსკ–ის 169–ე მუხლის მე–3 ნაწილის „ბ“ და „დ“ ქვეპუნქტებში, რომლებიც განსაზღვრავენ პირის ბრალდების შესახებ დადგენილების სავალდებულო რეკვიზიტებს, არ არის მითითებული ბრალდების ამ დოკუმენტში სამართლებრივი შეფასების სახით შესაბამის სისხლისსამართლებრივ ნორმაში მოცემული დისპოზიციის შინაარსის გადმოცემის ვალდებულებაზე და ამ უკანასკნელზე, როგორც სავალდებულო რეკვიზიტზე. ამ საპროცესო ნორმის „ბ“ ქვეპუნქტში აღნიშნულია, რომ ხსენებულ დადგენილებაში მითითებული უნდა იყოს ბრალდების ფორმულირება – ინკრიმინირებული ქმედების აღწერა, მისი ჩადენის ადგილი, დრო, ხერხი, საშუალება და იარაღი, აგრეთვე, ამ ქმედებით გამოწვეული შედეგი. რაც შეეხება იმავე საპროცესო ნორმის „დ“ ქვეპუნქტს, მასში ნათქვამია, რომ პირის ბრალდების შესახებ დადგენილებაში მითითებული უნდა იყოს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის მუხლი, ნაწილი და ქვეპუნქტი, რომლებითაც გათვალისწინებულია ჩადენილი დანაშაული. ამ მიმართებით რაიმე სხვა მოთხოვნას სსსკ–ის 169–ე მუხლის მე–3 ნაწილი ბრალდების მხარეს არ უყენებს.
7. საკასაციო პალატის აზრით, საპროცესო კანონით დადგენილი ყველა სავალდებულო მოთხოვნა ბრალდების მხარეს შესრულებული აქვს. მართალია, უმრავლეს შემთხვევაში, როგორც პირის ბრალდების შესახებ დადგენილებებში, ასევე მათ შესაბამისად გამოტანილ გამამტყუნებელ განაჩენებში, გარდა ზემოაღნიშნული რეკვიზიტებისა, მითითებულია ასევე შესაბამისი სისხლისსამართლებრივი ნორმის დისპოზიციაზეც, მაგრამ ასეთი მითითება მხოლოდ საგამოძიებო და სასამართლო პრაქტიკითაა დამკვიდრებული, თუმცა ის არც ამჟამად წარმოადგენს და არც წინათ წარმოადგენდა საპროცესო კანონმდებლობით გათვალისწინებულ სავალდებულო მოთხოვნას. რა თქმა უნდა, როდესაც ფაქტობრივი გარემოებების აღწერასა და ქმედების კვალიფიკაციასთან ერთად საბრალდებო დოკუმენტსა თუ გამამტყუნებელ განაჩენში შესაბამისი სისხლისსამართლებრივი ნორმის დისპოზიციის შინაარსიცაა წარმოდგენილი, ეს უფრო მეტ სისრულესა და სრულყოფილებას ანიჭებს პირის მიმართ წარდგენილ ან შერაცხულ ბრალს, მაგრამ მისი არარსებობა არ შეიძლება გახდეს ბრალისა და დანაშაულის კვალიფიკაციის შეცვლის საფუძველი, ამიტომ სასამართლოს მიერ 2016 წლის 17 მარტის ეპიზოდში მსჯავრდებულ გ. ჩ-ას მიერ ჩადენილი ქმედების საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მე–2 ნაწილის „ბ“ ქევპუნქტიდან ამავე მუხლის პირველ ნაწილზე გადაკვალიფიცირება არ გამომდინარეობს კანონმდებლობის მოთხოვნებიდან.
8. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ პროკურორის საკასაციო საჩივრის მოთხოვნა უნდა დაკმაყოფილდეს და ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2016 წლის 17 ივნისის განაჩენში უნდა შევიდეს ცვლილება, კერძოდ: მსჯავრდებულ გ. ჩ-ას მიერ ჩადენილი ქმედება საქართველოს სსკ–ის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილიდან უნდა გადაკვალიფიცირდეს იმავე მუხლის მე–2 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტზე და ის უნდა შეფასდეს, როგორც ოჯახში ძალადობა მაკვალიფიცირებელ გარემოებაში – ოჯახის ერთი წევრის მიერ მეორის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სსკ–ის 117–ე, 118–ე და 120–ე მუხლებით გათვალისწინებული შედეგი, ჩადენილი ორი პირის მიმართ. ამ დანაშაულისათვის სააპელაციო სასამართლოს განაჩენში მითითებული გარემოებების, აგრეთვე ჩადენილი ქმედებისა და მისი ჩამდენის პიროვნების მახასიათებელი გარემოებების გათვალისწინებითა და საქართველოს სსკ–ის 58–ე მუხლის პირველი ნაწილით დადგენილი სასჯელის დანიშვნის წესის შესაბამისად, მსჯავრდებულ გ. ჩ-ას სასჯელის ზომად უნდა განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 2 წლის ვადით. სხვა ნაწილში გასაჩივრებული განაჩენი უნდა დარჩეს უცვლელად.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 301-ე მუხლით, 307-ე მუხლის 1-ლი ნაწილის ,,გ“ ქვეპუნქტით, მე-3 ნაწილით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. ზუგდიდის რაიონული პროკურატურის პროკურორ მაია ჯაბუას საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს.
2. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2016 წლის 17 ივნისის განაჩენში შევიდეს ცვლილება:
3. გ. ჩ-ას ქმედება საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის 1-ლი ნაწილიდან (2016 წლის 17 მარტის ეპიზოდი) გადაკვალიფიცირდეს ამავე მუხლის მე-2 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტზე და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს 2 (ორი) წლით თავისუფლების აღკვეთა.
4. საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით დანიშნულმა სასჯელმა შთანთქას სსკ-ის 1261-ე მუხლის 1-ლი ნაწილითა და 373-ე მუხლის 1-ლი ნაწილით დანიშნული სასჯელები და გ. ჩ-ას საბოლოოდ განესაზღვროს 2 (ორი) წლით თავისუფლების აღკვეთა.
5. განაჩენი დანარჩენ ნაწილში დარჩეს უცვლელად.
6. განაჩენი საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე გ. შავლიაშვილი
მოსამართლეები: ნ. გვენეტაძე
პ. სილაგაძე