დატოვებულია უცვლელად

სისხლის სამართლის 21.11.2016
საქმის ნომერი
35აგ.-2015
დავის ტიპი
საზედამხედველო
თარიღი
21.11.2016

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე №35აგ-15 21 ნოემბერი, 2016 წელი

ჩ. თ., 35აგ-15 ქ. თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

გიორგი შავლიაშვილი (თავმჯდომარე),ნინო გვენეტაძე, პაატა სილაგაძე

ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა მსჯავრდებულ თ. ჩ-სა და მისი ადვოკატების – ე. ლ-სა და ს. ბ-ს საკასაციო საჩივრები ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2015 წლის 8 აპრილის განჩინებაზე.

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

1. ზესტაფონის რაიონული სასამართლოს 2008 წლის 25 ივნისის განაჩენით თ. ჩ. ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 109-ე მუხლის 1-ლი ნაწილის „გ“, მე-2 ნაწილის „გ“ და მე-3 ნაწილის „ე“ ქვეპუნქტებით, მე-19,109-ე მუხლის 1-ლი ნაწილის „ა“, „გ“, მე-2 ნაწილის „გ“ და მე-3 ნაწილის „ა“, „ე“ ქვეპუნქტებით, 236-ე მუხლის 1-ლი და მე-2 ნაწილებით და განაჩენთა ერთობლიობით საბოლოოდ მიესაჯა 19 წლითა და 8 თვით თავისუფლების აღკვეთა.

2. აღნიშნული გადაწყვეტილება ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2009 წლის 9 ნოემბრის განაჩენით შეიცვალა: თ. ჩ. ცნობილ იქნა უდანაშაულოდ და გამართლდა საქართველოს სსკ-ის 109-ე მუხლის 1-ლი ნაწილის „გ“, მე-2 ნაწილის „გ“ და მე-3 ნაწილის „ე“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული ბრალდების ნაწილში (ზ. ს-ის ეპიზოდი); მისი ქმედება სსკ-ის მე-19,109-ე მუხლის 1-ლი ნაწილის „ა“, „გ“, მე-2 ნაწილის „გ“ და მე-3 ნაწილის „ა“, „ე“ ქვეპუნქტებიდან (1999 წლის 22 ივლისის რედაქცია) გადაკვალიფიცირდა სსკ-ის მე-19,104-ე მუხლის მე-2, მე-3, მე-4, მე-6 და მე-9 პუნქტებზე (1960 წლის რედაქცია) და ამ მუხლით განესაზღვრა 14 წლით თავისუფლების აღკვეთა, რასაც დაემატა საქართველოს სსრ უმაღლესი სასამართლოს 1987 წლის 24 აპრილის განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილი – 11 თვე, 8 დღე და განაჩენთა ერთობლიობით საბოლოოდ მიესაჯა 14 წლით, 11 თვითა და 8 დღით თავისუფლების აღკვეთა, რომლის მოხდა დაეწყო 2009 წლის 20 ივნისიდან; „ამნისტიის შესახებ“ 2007 წლის 5 დეკემბრის საქართველოს კანონის მე-4 მუხლისა და სსსკ-ის 28-ე მუხლის საფუძველზე თ. ჩ. გათავისუფლდა საქართველოს სსკ-ის 236-ე მუხლის 1-ლი და მე-2 ნაწილებით დანიშნული სასჯელების მოხდისაგან.

3. საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2010 წლის 29 აპრილის განჩინებით თ. ჩ-ეს საქართველოს სსკ-ის მე-19,104-ე მუხლის მე-2, მე-3, მე-4, მე-6 და მე-9 პუნქტებით (1960 წლის რედაქცია) მიესაჯა 11 წლითა და 3 თვით, ხოლო განაჩენთა ერთობლიობით – 12 წლით, 2 თვითა და 8 დღით თავისუფლების აღკვეთა, რომლის მოხდა დაეწყო 2009 წლის 20 ივნისიდან.

4. ზესტაფონის რაიონული სასამართლოს 2013 წლის 22 იანვრის განჩინებით თ. ჩ-ეს „ამნისტიის შესახებ“ 2012 წლის 28 დეკემბრის საქართველოს კანონის საფუძველზე ერთი მეოთხედით შეუმცირდა დანიშნული სასჯელი და საბოლოოდ მიესაჯა 9 წლით, 1 თვითა და 21 დღით თავისუფლების აღკვეთა.

5. აღნიშნული განჩინება ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2013 წლის 27 ივნისის განაჩენით დარჩა უცვლელად.

6. 2015 წლის 25 მარტს მსჯავრდებულმა თ. ჩ-ემ შუამდგომლობით მიმართა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო მის მიმართ დადგენილი განაჩენის გადასინჯვის შესახებ.

7. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2015 წლის 8 აპრილის განჩინებით მსჯავრდებულ თ. ჩ-ის შუამდგომლობა დაუშვებლად იქნა ცნობილი.

8. მსჯავრდებული თ. ჩ. და მისი ადვოკატები – ე. ლ. და ს. ბ. ითხოვენ ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2015 წლის 8 აპრილის განჩინების გაუქმებას, მსჯავრდებულ თ. ჩ-ის შუამდგომლობის განსახილველად დაშვებას, საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2010 წლის 29 აპრილის განჩინების გაუქმებასა და მის უდანაშაულოდ ცნობას იმ საფუძვლით, რომ განაჩენი თ. ჩ-ის მიმართ გამოტანილია მხოლოდ ირიბი და ურთიერთგამომრიცხავი ჩვენებების საფუძველზე და სხვა მტკიცებულება საქმეში არ მოიპოვება. ადვოკატები მიუთითებენ საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 22 იანვრის გადაწყვეტილებაზე, რომლითაც დაუშვებელი გახდა გამამტყუნებელი განაჩენის დაფუძნება ირიბ ჩვენებებზე.

9. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2015 წლის 28 ოქტომბრის განჩინებით შეჩერდა საქმისწარმოება მსჯავრდებულ თ. ჩ-სა და მისი ადვოკატების – ე. ლ-სა და ს. ბ-ს საკასაციო საჩივრების განხილვასთან დაკავშირებით და წარდგინებით მიემართა საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს საქართველოს 1998 წლის 20 თებერვლის სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-10 მუხლის მე-3 ნაწილის სიტყვების: ,,გამამტყუნებელი განაჩენი და ყველა სხვა საპროცესო გადაწყვეტილება უნდა ემყარებოდეს მხოლოდ უტყუარ მტკიცებულებებს“ საქართველოს კონსტიტუციის მე-40 მუხლის მე-3 პუნქტთან შესაბამისობის დადგენის თაობაზე იმ ნორმატიული შინაარსით, რომელიც იძლევა „ირიბი ჩვენების“ საფუძველზე გამამატყუნებელი განაჩენის გამოტანის შესაძლებლობას.

10. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმის 2016 წლის 29 სექტემბრის განჩინებით კონსტიტუციური წარდგინება არ იქნა მიღებული არსებითად განსახილველად იმ მოტივით, რომ მოცემული წარდგინებით, საკონსტიტუციო სასამართლოს შეფასებით, უზენაესი სასამართლო ითხოვდა, რომ საკონსტიტუციო სასამართლოს შეექმნა ფაქტობრივი საფუძვლები საქმისწარმოების განახლებისათვის, რაც საკონსტიტუციო სასამართლოს განმარტებით, სცილდება საკონსტიტუციო სასამართლოს კომპეტენციის კანონით განსაზღვრულ ფარგლებს.

11. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2016 წლის 18 ნოემბრის განჩინებით განახლდა საქმისწარმოება მსჯავრდებულ თ. ჩ-სა და მისი ადვოკატების – ე. ლ-სა და ს. ბ-ს საკასაციო საჩივრების განხილვასთან დაკავშირებით.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

1. საქართველოს სსსკ-ის 313-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, საკასაციო პალატამ შეამოწმა საქმის მასალები, გააანალიზა საკასაციო საჩივრის საფუძვლიანობა და მივიდა დასკვნამდე, რომ იგი არ უნდა დაკმაყოფილდეს, კერძოდ:

2. პალატა აღნიშნავს, რომ შუამდგომლობასა და საკასაციო საჩივარში მითითებული გარემოებები არ აკმაყოფილებს საქართველოს სსკ-ის 310-ე მუხლით გათვალისწინებულ არც ერთ საფუძველს, კერძოდ: მოცემულ შემთხვევაში კასატორი ითხოვს განაჩენის გადასინჯვას საქართველოს სსკ-ის 310-ე მუხლის ,,დ“ (არსებობს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება, რომელმაც არაკონსტიტუციურად ცნო ამ საქმეში გამოყენებული სისხლის სამართლის კანონი) ქვეპუნქტის შესაბამისად, რის საფუძვლადაც მიუთითებს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 22 იანვრის გადაწყვეტილებაზე, რომლითაც არაკონსტიტუციურად იქნა ცნობილი საქართველოს 2009 წლის 9 ოქტომბრის სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის იმ ნორმების ნორმატიული შინაარსი, რომლებიც ირიბი ჩვენების საფუძველზე გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანის შესაძლებლობას იძლეოდა.

3. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ საქართველოს სსკ-ის 310-ე მუხლის ,,დ“ ქვეპუნქტით მკაფიოდაა განსაზღვრული, რომ განაჩენის გადასინჯვის საფუძველს წარმოადგენს იმ კანონის არაკონსტიტუციურად ცნობა, რომელიც საფუძვლად დაედო გადასასინჯ განაჩენს. შესაბამისად, იმის გათვალისწინებით, რომ საქართველოს 2009 წლის 9 ოქტომბრის სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი არ უდევს საფუძვლად თ. ჩ-ს მიმართ დადგენილ გამამტყუნებელ განაჩენს, პალატა კანონისმიერადაა მოკლებული შესაძლებლობას, გადალახოს საპროცესო კოდექსით დადგენილი დასაშვებობის კრიტერიუმი.

4. ამასთან, საკასაციო პალატა ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ, მართალია, სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება კანონიერია მსჯავრდებულ თ. ჩ-ის შუამდგომლობის დაუშვებლად ცნობის თაობაზე, მაგრამ სააპელაციო პალატა არ იყო უფლებამოსილი შუამდგომლობის დასაშვებობის ეტაპზე ემსჯელა საქმეში არსებულ მტკიცებულებათა უტყუარობასა და საკმარისობაზე.

5. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს განჩინება მსჯავრდებულ თ. ჩ-ის შუამდგომლობის დაუშვებლად ცნობის თაობაზე კანონიერია, მისი გაუქმების ან შეცვლის სამართლებრივი საფუძველი არ არსებობს, რის გამოც იგი უნდა დარჩეს უცვლელად.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 313-ე მუხლის მე-3 ნაწილით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

მსჯავრდებულ თ. ჩ-სა და მისი ადვოკატების – ე. ლ-სა და ს. ბ-ს საკასაციო საჩივრები არ დაკმაყოფილდეს.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2015 წლის 8 აპრილის განჩინება მსჯავრდებულ თ. ჩ-ის შუამდგომლობის დაუშვებლად ცნობის შესახებ დარჩეს უცვლელად.

საკასაციო პალატის განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე გ. შავლიაშვილი

მოსამართლეები: ნ. გვენეტაძე

პ. სილაგაძე