საზედამხედველო
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე №72აგ-16 25 ოქტომბერი, 2016 წელი
თ. ბ., 72აგ-16 ქ. თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
გიორგი შავლიაშვილი (თავმჯდომარე),ნინო გვენეტაძე, პაატა სილაგაძე
ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა მსჯავრდებულ ბ. თ-ის საკასაციო საჩივარი ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2016 წლის 10 თებერვლის განჩინებაზე.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
1. ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2014 წლის 14 იანვრის განაჩენით დამტკიცდა სტაჟიორ-პროკურორ ნ. კ-სა და ბრალდებულ ბ. თ-ეს შორის დადებული საპროცესო შეთანხმება ბრალზე, რომლის თანახმად, ბ. თ. ცნობილ იქნა დამნაშავედ და მიესაჯა: საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და „ე“ ქვეპუნქტებით, სსკ-ის 55-ე მუხლის გამოყენებით – 4 წლით, სსკ-ის 273-ე მუხლით (2 ეპიზოდი) – 1-1 წლით თავისუფლების აღკვეთა; დანაშაულთა ერთობლიობით, შთანთქმის პრინციპის გამოყენებით განესაზღვრა 4 წლით თავისუფლების აღკვეთა, რასაც დაემატა ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2013 წლის 15 მარტის განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილი – 1 წელი და ბ. თ-ეს განაჩენთა ერთობლიობით, საბოლოოდ მიესაჯა 5 წლით თავისუფლების აღკვეთა, რომლის მოხდა დაეწყო 2013 წლის 8 ოქტომბრიდან; მასვე დამატებით სასჯელად დაეკისრა ჯარიმა – 2000 ლარი და 5 წლით ჩამოერთვა „ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონში ჩამოთვლილი უფლებები.
2. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2015 წლის 16 ოქტომბრის განანჩენით ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2014 წლის 14 იანვრის განაჩენი შეიცვალა: ბ. თ-ის ქმედება საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და „ე“ ქვეპუნქტებიდან (2015 წლის 31 ივლისამდე მოქმედი რედაქცია) გადაკვალიფიცირდა ამჟამად მოქმედი რედაქციის სსკ-ის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ და „ე“ ქვეპუნქტებზე; განაჩენი დანარჩენ ნაწილში დარჩა უცვლელად.
3. 2016 წლის 1 თებერვალს მსჯავრდებულმა ბ. თ-ემ შუამდგომლობით მიმართა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო, კერძოდ – საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 24 ოქტომბრის გადაწყვეტილების საფუძველზე – მის მიმართ დადგენილი განაჩენის გადასინჯვის შესახებ.
4. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2016 წლის 10 თებერვლის განჩინებით მსჯავრდებულის შუამდგომლობა დაუშვებლად იქნა ცნობილი.
5. კასატორმა – მსჯავრდებულმა ბ. თ-ემ საკასაციო საჩივარში აღნიშნა, რომ საკონსტიტუციო სასამართლომ თავის გადაწყვეტილებაში მიუთითა, რომ პირადი მოხმარების მიზნით დიდი ოდენობით (70 გრამამდე) „მარიხუანის“ შეძენა-შენახვისათვის საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-2 ნაწილით (2015 წლის 31 ივლისამდე მოქმედი რედაქცია) განსაზღვრული სანქცია არის ჩადენილი ქმედებისათვის შეუსაბამოდ მძიმე, არაპროპორციული და, შესაბამისად, სასტიკ, პატივისა და ღირსების შემლახველ სასჯელს წარმოადგენს. საკონსტიტუციო სასამართლომ მოწვეული სპეციალისტების განმარტებების მოსმენის შემდეგ მიიჩნია, რომ 70 გრამამდე „გამომშრალი მარიხუანა“ არ წარმოადგენს იმდენად დიდ ოდენობას, რომ მისი შენახვის ფაქტი მიუთითებდეს გასაღების მიზნის არსებობაზე; საკონსტიტუციო სასამართლომ არაკონსტიტუციურად ცნო სადავო ნორმის ის ნორმატიული შინაარსი, რომელიც უშვებს პირადი მოხმარების მიზნით „მარიხუანის“ შეძენა-შენახვისათვის სასჯელის სახით თავისუფლების აღკვეთის გამოყენებას.
6. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, მსჯავრდებულმა ბ. თ-ემ ითხოვა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2016 წლის 10 თებერვლის განჩინების გაუქმება, შუამდგომლობის განხილვა, მის მიმართ დადგენილი განაჩენის გადახედვა და კანონით გათვალისწინებული შეღავათების გავრცელება.
7. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2016 წლის 28 ივლისის განჩინებით შეჩერდა საქმისწარმოება მსჯავრდებულ ბ. თ-ის საკასაციო საჩივრის განხილვასთან დაკავშირებით და წარდგინებით მიემართა საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 273-ე მუხლის იმ ნორმატიული შინაარსის, რომელიც ითვალისწინებს სისხლისსამართლებრივი სასჯელის სახით თავისუფლების აღკვეთის გამოყენების შესაძლებლობას ნარკოტიკული საშუალება „მარიხუანის“ მოხმარებისთვის, საქართველოს კონსტიტუციის მე-17 მუხლის მე-2 პუნქტთან შესაბამისობის დადგენის თაობაზე.
8. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმის 2016 წლის 20 ოქტომბრის განჩინებით შეწყდა საქმე საქართველოს უზენაესი სასამართლოს კონსტიტუციურ წარდგინებაზე მსჯავრდებულ ბ. თ-ის საქმესთან დაკავშირებით იმ მოტივით, რომ საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმის 2016 წლის 29 სექტემბრის განჩინებით საქართველოს კონსტიტუციის მე-17 მუხლის მე-2 პუნქტთან მიმართებით ძალადაკარგულად იქნა ცნობილი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 273-ე მუხლის ის ნორმატიული შინაარსი, რომელიც ითვალისწინებს სისხლისსამართლებრივი სასჯელის სახით თავისუფლების აღკვეთის გამოყენების შესაძლებლობას „ნარკოტიკული საშუალებების, ფსიქოტროპული ნივთიერებების, პრეკურსორებისა და ნარკოლოგიური დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონის დანართი №2-ის 92-ე ჰორიზონტალურ გრაფაში განსაზღვრული ნარკოტიკული საშუალება მარიხუანის მოხმარებისთვის.
9. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2016 წლის 24 ოქტომბრის განჩინებით განახლდა საქმისწარმოება მსჯავრდებულ ბ. თ-ის საკასაციო საჩივრის განხილვასთან დაკავშირებით.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
1. საქართველოს სსსკ-ის 313-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, საკასაციო პალატამ შეამოწმა საქმის მასალები, გააანალიზა საკასაციო საჩივრის საფუძვლიანობა და მივიდა დასკვნამდე, რომ იგი უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
2. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ საქართველოს უზენაესი სასამართლოს წარდგინების საფუძველზე საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ 2016 წლის 29 სექტემბრის განჩინებით საქართველოს კონსტიტუციის მე-17 მუხლის მე-2 პუნქტთან მიმართებით ძალადაკარგულად ცნო საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 273-ე მუხლის ის ნორმატიული შინაარსი, რომელიც ითვალისწინებს სისხლისსამართლებრივი სასჯელის სახით თავისუფლების აღკვეთის გამოყენების შესაძლებლობას „ნარკოტიკული საშუალებების, ფსიქოტროპული ნივთიერებების, პრეკურსორებისა და ნარკოლოგიური დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონის დანართი №2-ის 92-ე ჰორიზონტალურ გრაფაში განსაზღვრული ნარკოტიკული საშუალება მარიხუანის მოხმარებისთვის.
3. პალატას მიაჩნია, რომ საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს ზემოაღნიშნული გადაწყვეტილება წარმოადგენს საქართველოს სსსკ-ის 310-ე მუხლის ,,დ“ ქვეპუნქტით (არსებობს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება, რომელმაც არაკონსტიტუციურად ცნო ამ საქმეში გამოყენებული სისხლის სამართლის კანონი) გათვალისწინებულ კანონიერ ძალაში შესული განაჩენის გადასინჯვის საფუძველს, რის გამოც უნდა გაუქმდეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2016 წლის 10 თებერვლის განჩინება მსჯავრდებულ ბ. თ-ის შუამდგომლობის დაუშვებლად ცნობის შესახებ და წარმოება უნდა დაუბრუნდეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს შუამდგომლობის განსახილველად დაშვების მიზნით.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 313-ე მუხლის მე-3 ნაწილით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. გაუქმდეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2016 წლის 10 თებერვლის განჩინება მსჯავრდებულ ბ. თ-ის მიმართ.
2. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე გ. შავლიაშვილი
მოსამართლეები: ნ. გვენეტაძე
პ. სილაგაძე