დატოვებულია უცვლელად

სისხლის სამართლის 23.09.2016
საქმის ნომერი
91აგ.-2016
დავის ტიპი
საზედამხედველო
თარიღი
23.09.2016

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე №91აგ-16 თბილისი

ქ-ი ბ. 91აგ-16 23 სექტემბერი, 2016 წელი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს

სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

პაატა სილაგაძე (თავმჯდომარე),ნინო გვენეტაძე, გიორგი შავლიაშვილი

ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა მსჯავრდებულ ბ. ქ-ს ადვოკატ გ. ჭ-ს საკასაციო საჩივარი ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2016 წლის 18 მარტის განჩინებაზე.

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

1. თელავის რაიონული სასამართლოს 2007 წლის 18 მაისის განაჩენით ბ. ქ-ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 262-ე მუხლის „ა“ პუნქტით (2006 წლის 30 მაისამდე მოქმედი რედაქცია) და დაუსწრებლად მიესაჯა 3 წლით თავისუფლების აღკვეთა, რომლის ათვლა უნდა დაეწყოს დაკავების მომენტიდან.

2. „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2012 წლის 28 დეკემბრის კანონის საფუძველზე თელავის რაიონული სასამართლოს 2013 წლის 11 მარტის განჩინებით მსჯავრდებულ ბ. ქ-ს ¼-ით შეუმცირდა ამავე სასამართლოს 2007 წლის 18 მაისის განაჩენით დადგენილი სასჯელი და საბოლოოდ განესაზღვრა 2 წლითა და 3 თვით თავისუფლების აღკვეთა.

3. 2016 წლის 7 მარტს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატას ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო შუამდგომლობით მიმართა მსჯავრდებულ ბ. ქ-ს ადვოკატმა გ. ჭ-მ, რომელმაც მოითხოვა მსჯავრდებულ ბ. ქ-ს მიმართ „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2007 წლის 29 ნოემბრის კანონის გავრცელება.

4. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2016 წლის 18 მარტის განჩინებით მსჯავრდებულ ბ. ქ-ს ადვოკატ გ. ჭ-ს შუამდგომლობა ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო განაჩენის გადასინჯვის თაობაზე ცნობილ იქნა დაუშვებლად.

5. აღნიშნული განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა მსჯავრდებულ ბ. ქ-ს ადვოკატმა გ. ჭ-მ, რომელმაც მოითხოვა მისი გაუქმება, შუამდგომლობის დასაშვებად ცნობა და მსჯავრდებულ ბ. ქ-ს მიმართ „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2007 წლის 29 ნოემბრის კანონის გავრცელება.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

1. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შეამოწმა საქმის მასალები, გააანალიზა საკასაციო საჩივრის საფუძვლიანობა და მივიდა დასკვნამდე, რომ იგი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

2. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 310-ე მუხლში მითითებულია ის საფუძვლები, თუ რა შემთხვევაშია შესაძლებელი ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო განაჩენის გადასინჯვა, კერძოდ - განაჩენი ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო გადაისინჯება, თუ:

ა) სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული განაჩენით დადგენილია, რომ ყალბია მტკიცებულება, რომელიც საფუძვლად დაედო გადასასინჯ განაჩენს;

ბ) არსებობს გარემოება, რომელიც მოწმობს სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული განაჩენის დამდგენი სასამართლოს უკანონო შემადგენლობას ან იმ მტკიცებულების დაუშვებლობას, რომელიც საფუძვლად დაედო გადასასინჯ განაჩენს;

გ) სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული განაჩენით დადგენილია, რომ მოსამართლემ, პროკურორმა, გამომძიებელმა, ნაფიცმა მსაჯულმა ან ნაფიცი მსაჯულის მიმართ სხვა პირმა ამ საქმესთან დაკავშირებით ჩაიდინა დანაშაული;

დ) არსებობს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება, რომელმაც არაკონსტიტუციურად ცნო ამ საქმეში გამოყენებული სისხლის სამართლის კანონი;

ე) არსებობს ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილება (განჩინება), რომელმაც დაადგინა ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის ევროპული კონვენციის ან მისი ოქმების დარღვევა ამ საქმესთან დაკავშირებით და გადასასინჯი განაჩენი ამ დარღვევას ეფუძნება;

ე1) არსებობს გაერთიანებული ერების ორგანიზაციის ადამიანის უფლებათა კომიტეტის, ქალთა წინააღმდეგ დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრის კომიტეტის, წამების წინააღმდეგ კომიტეტის ან რასობრივი დისკრიმინაციის აღმოფხვრის კომიტეტის გადაწყვეტილება, რომლითაც ამ საქმესთან დაკავშირებით დადგენილ იქნა კომიტეტის დამაარსებელი კონვენციის დარღვევა, და გადასასინჯი განაჩენი ამ დარღვევას ეფუძნება;

ვ) ახალი კანონი აუქმებს ან ამსუბუქებს სისხლისსამართლებრივ პასუხისმგებლობას იმ ქმედებისათვის, რომლის ჩადენისთვისაც პირს გადასასინჯი განაჩენით მსჯავრი დაედო;

ზ) წარმოდგენილია ახალი ფაქტი ან მტკიცებულება, რომელიც გადასასინჯი განაჩენის გამოტანის დროს არ იყო ცნობილი და თავისთავად, თუ სხვა დადგენილ გარემოებასთან ერთად ამტკიცებს მსჯავრდებულის უდანაშაულობას ან მის მიერ იმ დანაშაულზე უფრო მსუბუქი ან უფრო მძიმე დანაშაულის ჩადენას, რომლისთვისაც მას მსჯავრი დაედო, აგრეთვე ამტკიცებს გამართლებულის ბრალეულობას ან დანაშაულის იმ პირის მიერ ჩადენას, რომლის მიმართაც სისხლისსამართლებრივი დევნა შეწყვეტილი იყო;

ზ1) წარდგენილია პროკურორის დადგენილება მსჯავრდებულის მიმართ სისხლის სამართლის საქმის წარმოების პროცესში მისი უფლების არსებითი დარღვევის შესახებ, რომელიც გადასასინჯი განაჩენის გამოტანის დროს ცნობილი არ იყო და თავისთავად ან/და სხვა დადგენილ გარემოებასთან ერთად ამტკიცებს მსჯავრდებულის უდანაშაულობას ან მის მიერ იმ დანაშაულზე უფრო მსუბუქი დანაშაულის ჩადენას, რომლისთვისაც მას მსჯავრი დაედო;

თ) არსებობს სააპელაციო სასამართლოს განჩინება, რომელმაც უკანონოდ ცნო ის ფარული საგამოძიებო მოქმედება, რომლის შედეგად მოპოვებული მტკიცებულება საფუძვლად დაედო განაჩენს.

3. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-20 მუხლის მე-6 ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატა ამავე კოდექსით გათვალისწინებულ შემთხვევებში და დადგენილი წესით იხილავს ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო განაჩენის გადასინჯვის შესახებ საჩივარს საქართველოს საერთო სასამართლოების მიერ გამოტანილ და კანონიერ ძალაში შესულ განაჩენსა და სხვა შემაჯამებელ სასამართლო გადაწყვეტილებაზე.

4. 2009 წლის 9 ოქტომბერს მიღებული საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის (ამჟამად მოქმედი რედაქცია) 329-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, ამ კოდექსის ამოქმედებამდე დაწყებულ სისხლისსამართლებრივი დევნის საქმეებზე სისხლის სამართლის პროცესი გრძელდება საქართველოს 1998 წლის 20 თებერვლის სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით დადგენილი წესით, გარდა ამავე კოდექსის 1681-ე და 1682-ე მუხლებით გათვალისწინებული განრიდების გამოყენების შემთხვევებისა.

5. საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ საქმის გარემოებები საქმეში არსებული მასალების ერთობლივი ანალიზის საფუძველზე სამართლებრივად სწორად შეაფასა, ხოლო მსჯავრდებულ ბ. ქ-ს ადვოკატ გ. ჭ-ს მიერ მითითებული გარემოებები არ წარმოადგენს საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით გათვალისწინებულ განაჩენის გადასინჯვის ახლად გამოვლენილ გარემოებას, ვინაიდან მოცემულ შემთხვევაში თელავის რაიონულმა სასამართლომ 2007 წლის 18 მაისის განაჩენი გ. ჭ-ს მიმართ გამოიტანა მის დაუსწრებლად, რომელიც სააპელაციო წესით არ გასაჩივრებულა და, შესაბამისად, ამ ეტაპზე საქმეზე სამართალწარმოება დასრულებული არ არის.

6. ამასთან, 1998 წლის 20 თებერვალს მიღებული საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის (მოცემულ საქმეზე დანაშაულის ჩადენის დროს მოქმედი რედაქცია) 519-ე მუხლის შესაბამისად, რაიონული (საქალაქო) სასამართლოს განაჩენი და სხვა გადაწყვეტილება თუ აპელანტის აზრით დაუსაბუთებელი ან უკანონოა, შეუძლია გაასაჩივროს სააპელაციო წესით, რომელსაც ამავე კოდექსის 46-ე მუხლის მე-4 და 521-ე მუხლის პირველი ნაწილების თანახმად, სააპელაციო წესით განიხილავს სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატა. ამავე კოდექსის 523-ე მუხლის პირველი ნაწილის საფუძველზე მხარეს სააპელაციო საჩივრის შეტანა შეუძლია განაჩენის გამოცხადებიდან 1 თვის ვადაში იმავე სასამართლოში, ხოლო ამავე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, მსჯავრდებულს, რომლის მიმართაც სასამართლომ გამამტყუნებელი განაჩენი გამოიტანა მის დაუსწრებლად, უფლება აქვს, განაჩენი გაასაჩივროს 1 თვის ვადაში - დაპატიმრებიდან, ან სათანადო ორგანოებში გამოცხადების მომენტიდან, ან პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენის გამოცხადებიდან, თუ მსჯავრდებული ითხოვს სააპელაციო საჩივრის განხილვას მისი მონაწილეობის გარეშე.

7. რაც შეეხება მსჯავრდებულ ბ. ქ-ს ადვოკატ გ. ჭ-ს მოთხოვნას მსჯავრდებულ ბ. ქ-ს მიმართ „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2007 წლის 29 ნოემბრის კანონის გამოყენების შესახებ, საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2007 წლის 29 ნოემბრის კანონის მე-7 მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, ამ კანონით გათვალისწინებული ამნისტიის გამოყენების თაობაზე გადაწყვეტილებას განსასჯელისა და იმ მსჯავრდებულის მიმართ, რომლის მიმართაც სამართალწარმოება არ დასრულებულა, იღებს შესაბამისი სასამართლო. ამავე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, ამ კანონით გათვალისწინებული ამნისტიის გამოყენების თაობაზე გადაწყვეტილებას იმ მსჯავრდებულთა მიმართ, რომელთა მიმართაც სამართალწარმოება დასრულებულია, იღებს თავდაპირველი გადაწყვეტილების გამომტანი შესაბამისი რაიონული (საქალაქო) სასამართლო, რომელსაც ამ კანონის ამოქმედებიდან ერთ კვირაში მსჯავრდებულის პირად საქმეს უგზავნის საქართველოს იუსტიციის სამინისტროს შესაბამისი დაწესებულება.

8. როგორც უკვე აღინიშნა, მსჯავრდებულ ბ. ქ-ს მიმართ პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენი სააპელაციო წესით არ გასაჩივრებულა და საქმეზე სამართალწარმოება დასრულებული არ არის. ამდენად, „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2007 წლის 29 ნოემბრის კანონის მე-7 მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე ამნისტიის გამოყენების თაობაზე გადაწყვეტილება მოცემულ შემთხვევაში მსჯავრდებულ ბ. ქ-ს მიმართ უნდა მიიღოს სააპელაციო სასამართლომ, პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენის სააპელაციო წესით გასაჩივრების შემთხვევაში, რის თაობაზეც კასატორმა მის მიერვე წარმოდგენილი თელავის რაიონული სასამართლოს წერილით (ს.ფ. 4) უკვე მიიღო განმარტება.

9. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება მსჯავრდებულ ბ. ქ-ს ადვოკატ გ. ჭ-ს შუამდგომლობის დაუშვებლად ცნობის თაობაზე კანონიერი და დასაბუთებულია, რომლის გაუქმების ან შეცვლის სამართლებრივი საფუძველი არ არსებობს, რის გამოც იგი უნდა დარჩეს უცვლელად.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 313-ე მუხლის მე-3 ნაწილით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. მსჯავრდებულ ბ. ქ-ს ადვოკატ გ. ჭ-ს საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2016 წლის 18 მარტის განჩინება მსჯავრდებულ ბ. ქ-ს ადვოკატ გ. ჭ-ს შუამდგომლობის დაუშვებლად ცნობის თაობაზე დარჩეს უცვლელად;

3. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე პ. სილაგაძე

მოსამართლეები: ნ. გვენეტაძე

გ. შავლიაშვილი