დატოვებულია უცვლელად
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე №168აგ-16 6 მარტი, 2017 წელი
გ-ა გ, 168აგ-16 ქ. თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
გიორგი შავლიაშვილი (თავმჯდომარე),ნინო გვენეტაძე, პაატა სილაგაძე
ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა მსჯავრდებულ გ. გ-სა და მისი ინტერესების დამცველის, ადვოკატ გ. დ-ას საკასაციო საჩივარი ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2016 წლის 18 ივლისის განაჩენზე.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
1. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2011 წლის 28 ივლისის განაჩენით გ. გ-ა ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ–ის 179–ე მუხლის მე–4 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით, სსკ–ის 143–ე მუხლის მე–4 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა: სსკ–ის 179–ე მუხლის მე–4 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით – თავისუფლების აღკვეთა 12 წლით, სსკ–ის 143–ე მუხლის მე–4 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით – თავისუფლების აღკვეთა 8 წლით; სსკ-ის 59–ე მუხლის 11-ლი ნაწილის შესაბამისად, სსკ–ის 179–ე მუხლის მე–4 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით შეფარდებულ სასჯელს – 12 წლით თავისუფლების აღკვეთას -ნაწილობრივ დაემატა სსკ–ის 143–ე მუხლის მე–4 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით შეფარდებული სასჯელიდან – 4 წელი და დანაშაულთა ერთობლიობით გ. გ-ას საბოლოოდ მიესაჯა თავისუფლების აღკვეთა 16 წლით, რომლის მოხდა დაეწყო 2011 წლის 9 მარტიდან.
2. გ. გ-ას მსჯავრი დაედო იმაში, რომ ჩაიდინა ყაჩაღობა, ე.ი. თავდასხმა სხვისი მოძრავი ნივთის მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, სიცოცხლისა და ჯანმრთელობისათვის საშიში ძალადობის გამოყენების მუქარით, ბინაში უკანონო შეღწევით, დიდი ოდენობით ნივთის დაუფლების მიზნით, ორგანიზებული ჯგუფის მიერ და თავისუფლების უკანონო აღკვეთა სხვა დანაშაულის ჩადენის გაადვილების მიზნით, ორგანიზებული ჯგუფის მიერ, რაც გამოიხატა შემდეგში:
· მ. ნ-ემ, გ. გ-ამ, ზ. ჯ-ემ და ზ. ა-ემ შეიტყვეს, რომ ვალუტის გადამცვლელი პუნქტის მეპატრონე გ. კ-ეს შესაძლოა, ჰქონოდა 500 000 აშშ დოლარი და განიზრახეს მის ოჯახზე ყაჩაღური თავდასხმის მოწყობა ხსენებული თანხის გატაცების მიზნით. 2010 წლის აგვისტოში ისინი შეკავშირდნენ, გაინაწილეს როლები და დროის განსაზღვრულ პერიოდში ამ მიზნით ჩამოაყალიბეს სტრუქტურული ფორმის მქონე ორგანიზებული ჯგუფი, წინასწარ შეისწავლეს გ. კ-ის მოძრაობის მარშრუტი და გადაწყვიტეს ყაჩაღური თავდასხმის განხორციელება 2010 წლის 15 ოქტომბერს, ღამის საათებში. აღნიშნულ დღეს, დაახლოებით 2 საათზე, როდესაც გ. კ-ე სახლში ბრუნდებოდა მცხეთობა–სვეტიცხოვლობის აღსანიშნავი წვეულებიდან, ცეცხლსასროლი იარაღებითა და დანით შეიარაღებული მ. ნ-ე, ზ. ჯ-ე და ზ. ა-ე დახვდნენ მას საცხოვრებელი სახლის სადარბაზოსთან, ჯიბიდან ამოუღეს 1000 ლარი, დაუწყეს ცემა, სიცოცხლის მოსპობის მუქარით შეიყვანეს ბინაში (-სი, ვ-ას გ-ის №..ბ, ბინა №..–ში), სადაც თავდამსხმელებმა გ. კ-ის მეუღლეს თ. ი-ს პლასტმასის ღვედით შეუკრეს ხელ–ფეხი, რითაც მოუსპეს თავისუფალი გადაადგილების საშუალება. ამის შემდეგ მ. ნ-ემ გააცხელა უთო და თ. ი-სა და გ. კ-ეს სხეულის დაზიანების მუქარით მოსთხოვა ფული და ძვირფასეულობა. შეშინებულმა თ. ი-მა და გ. კ-ემ მოთხოვნა მაშინვე შეასრულეს და თავდამსხმელებს გადასცეს დაახლოებით 44600 ლარის ღირებულების ოქროსა და ბრილიანტის ნაკეთობები, 1650 ევრო, 5000 აშშ დოლარი, 1000 ლარი და „სამსუნგისა“ და „ელ–ჯის“ ფირმის ორი მობილური ტელეფონი.
· ორგანიზებული ჯგუფის წევრები არ დაკმაყოფილდნენ მიღებული ქონებით და გ. კ-ე აიძულეს, ვალუტის გადამცვლელი პუნქტიდან გამოეტანა ფული. ამის შემდეგ ზ. ჯ-ემ და ზ. ა-ემ გ. კ-ე წაიყვანეს -ის ქ. №..–ში მდებარე ვალუტის გადამცვლელ პუნქტში, ხოლო თ. ი-თან დატოვეს მ. ნ-ე, რომელმაც მაშინვე გამოიძახა გ. გ-ა და მასთან ერთად გააგრძელა თ. ი-ის მეთვალყურეობა.
· მას შემდეგ, რაც გ. კ-ემ ვალუტის გადამცვლელი პუნქტიდან აღებული 45500 ლარი და 7290 აშშ დოლარი გადასცა ზ. ჯ-ესა და ზ. ა-ეს, ეს უკანასკნელები დაუკავშირდნენ გ. გ-ასა და მ. ნ-ეს და უთხრეს, რომ წამოსულიყვნენ ბინიდან. გარკვეული დროის გასვლის შემდეგ გ. გ-ა, მ. ნ-ე, ზ. ჯ-ე და ზ. ა-ე ერთმანეთს შეხვდნენ ც. დ-ის ქუჩაზე მდებარე ე.წ. ,,პ-ში“, სადაც მართლსაწინააღმდეგოდ დაუფლებული ქონება ურთიერთშორის გაინაწილეს.
3. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2012 წლის 1 თებერვლის განაჩენით არ დაკმაყოფილდა მსჯავრდებულ გ. გ-ას სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა და თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2011 წლის 28 ივლისის განაჩენი დარჩა უცვლელად.
4. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2012 წლის 4 ივნისის განჩინებით მსჯავრდებულ გ. გ-ას საკასაციო საჩივარი არ იქნა დაშვებული განსახილველად.
5. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2013 წლის 4 თებერვლის განჩინებით „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2012 წლის 28 დეკემბრის კანონის მე–16 მუხლის თანახმად, მსჯავრდებულ გ. გ-ას სსკ–ის 179–ე მუხლის მე–4 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით დანიშნული სასჯელი – 12 წლით თავისუფლების აღკვეთა - შეუმცირდა ერთი მეოთხედით – 9 წლით თავისუფლების აღკვეთამდე; სსკ–ის 143–ე მუხლის მე–4 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტითა და სსკ–ის 59–ე მუხლის 11-ლი ნაწილით დანიშნული სასჯელი – 4 წლით თავისუფლების აღკვეთა - შეუმცირდა ერთი მეოთხედით – 3 წლით თავისუფლების აღკვეთამდე და საქართველოს სსკ–ის 59–ე მუხლის გამოყენებით საბოლოოდ განესაზღვრა 12 წლით თავისუფლების აღკვეთა.
6. 2015 წლის 22 სექტემბერს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატას შუამდგომლობით მიმართა მსჯავრდებულმა გ. გ-ამ, რომელმაც მოითხოვა მის მიმართ თბილისის საქალაქო სასამართლოს 2011 წლის 28 ივლისისა და თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2012 წლის 1 თებერვლის განაჩენების გადახედვა საქართველოს სსკ–ის 310–ე მუხლის „ბ“ და „დ“ ქვეპუნქტების საფუძველზე, შემდეგ გარემოებათა გამო:
7. შუამდგომლობის ავტორი უთითებდა, რომ საქმეში არ არსებობს ყაჩაღობის ფაქტის დამადასტურებელი პირდაპირი მტკიცებულებები, ხოლო სასამართლო გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანის დროს დაეყრდნო მხოლოდ სამ მტკიცებულებას: ზ. ა-ის, დაზარალებულ თ. ი-ის ჩვენებებსა და ამოცნობის ოქმს, რაც, მისივე განმარტებით, მოპოვებულია კანონდარღვევით. რაც შეეხება საქმეში არსებულ ზ. ა-ის, გ. მ-ის, გ. ქ-ის, ა. ქ-ის, გ. ფ-ას, ა. ზ-ისა და დ. ლ-ის ჩვენებებს, მსჯავრდებულის განმარტებით, ისინი წარმოადგენს ირიბ ჩვენებებს; შუამდგომლობის ავტორი ასევე მიუთითებს, რომ თ. ი-ისა და გ. კ-ის ჩვენებებიც მიეკუთვნება ირიბ ჩვენებებს, რადგან ისინი ეწინააღმდეგება საქმეში არსებულ სხვა მტკიცებულებებს, რაც მათ უტყუარობაში ეჭვის შეტანის საფუძველია; მსჯავრდებულმა წარმოადგინა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2013 წლის 14 მარტის გადაწყვეტილება, რომელიც, შუამდგომლობის ავტორის განმარტებით, ადასტურებს მის უდანაშაულობას.
8. თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2015 წლის 6 ოქტომბრის განჩინებით მსჯავრდებულ გ. გ-ას შუამდგომლობა დაუშვებლად იქნა ცნობილი.
9. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2016 წლის 25 აპრილის განჩინებით გაუქმდა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2015 წლის 6 ოქტომბრის განჩინება მსჯავრდებულ გ. გ-ას შუამდგომლობის დაუშვებლად ცნობის შესახებ და წარმოება დაუბრუნდა თბილისის სააპელაციო სასამართლოს.
10. თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2016 წლის 18 ივლისის განაჩენით შუამდგომლობა არ დაკმაყოფილდა და თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2012 წლის 1 თებერვლის განაჩენი დარჩა უცვლელად.
11. კასატორები – მსჯავრდებული გ. გ-ა და მისი ინტერესების დამცველი, ადვოკატი გ. დ-ა საკასაციო საჩივრით ითხოვენ თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2016 წლის 18 ივლისის განაჩენის გაუქმებასა და მსჯავრდებულ გ. გ-ას მიმართ გამამართლებელი განაჩენის დადგენას.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
1. საკასაციო პალატამ შეისწავლა საქმის მასალები, საქართველოს სსსკ-ის 314–ე მუხლის მოთხოვნათა ფარგლებში შეამოწმა საკასაციო საჩივრის საფუძვლიანობა და მივიდა დასკვნამდე, რომ მსჯავრდებულ გ. გ-ასა და მისი ინტერესების დამცველის, ადვოკატ გ. დ-ას საკასაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს და გასაჩივრებული განაჩენი უნდა დარჩეს უცვლელად შემდეგ გარემოებათა გამო:
2. პალატა სრულად იზიარებს სააპელაციო სასამართლოს არგუმენტებს შუამდგომლობასთან დაკავშირებით და მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ საქმეში არსებული მასალების ერთობლივი ანალიზის საფუძველზე სწორი სამართლებრივი შეფასება მისცა საქმის გარემოებებს.
3. საქართველოს სსსკ–ის 310–ე მუხლის „დ“ ქვეპუნქტის თანახმად, ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო განაჩენი გადაისინჯება, თუ არსებობს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება, რომელმაც არაკონსტიტუციურად ცნო ამ საქმეში გამოყენებული სისხლის სამართლის კანონი. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 22 იანვრის გადაწყვეტილებით არაკონსტიტუციურად იქნა ცნობილი საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის იმ ნორმების ნორმატიული შინაარსი, რომელიც ირიბი ჩვენების საფუძველზე გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანის შესაძლებლობას იძლევა. საკასაციო პალატა არ იზიარებს კასატორთა პოზიციას, რომ მის მიმართ დადგენილი გამამტყუნებელი განაჩენი ეფუძნება ირიბ ჩვენებებს და მიუთითებს, რომ გ. გ-ას მიმართ დადგენილი განაჩენი ემყარება პირდაპირი ხასიათის უტყუარ მტკიცებულებებს, კერძოდ: დაზარალებულების - გ. კ-ისა და თ. ი-ის ჩვენებებს, ამოცნობის ოქმსა და მოწმე ზ. ა-ის ჩვენებას, რომლებიც საქმეში არსებულ სხვა მტკიცებულებებთან ერთად საკმარისია გ. გ-ას მიმართ გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით გამამტყუნებელი განაჩენის დასადგენად.
4. რაც შეეხება კასატორების მითითებას მოწმეთა ჩვენებების არადამაჯერებლობაზე, საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ მათ სამართლებრივი შეფასება მიეცა საქმის არსებითი განხილვისას სამივე ინსტანციის სასამართლოში, ხოლო მათი ხელახლა შეფასების სამართლებრივი საფუძველი მოცემულ შემთხვევაში საკასაციო პალატას არ გააჩნია.
5. ამდენად, გასაჩივრებული გადაწყვეტილების შეცვლის სამართლებრივი საფუძველი არ არსებობს, რის გამოც იგი უნდა დარჩეს უცვლელად.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 307-ე მუხლის 1-ლი ნაწილის ,,დ“ ქვეპუნქტით, 314-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. მსჯავრდებულ გ. გ-ასა და მისი ინტერესების დამცველის, ადვოკატ გ. დ-ას საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.
2. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2016 წლის 18 ივლისის განაჩენი დარჩეს უცვლელად.
3. განაჩენი საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე გ. შავლიაშვილი
მოსამართლეები: ნ. გვენეტაძე
პ. სილაგაძე