საკასაციო საჩივარი ცნობილია დაუშვებლად

სისხლის სამართლის 27.06.2017
საქმის ნომერი
2კ-174აპ.-17
დავის ტიპი
საკასაციო საჩივარი
თარიღი
27.06.2017

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საკასაციო საჩივრის დასაშვებობის

შემოწმების შესახებ

საქმე №174აპ-17 ქ. თბილისი

კ-ე გ., 174აპ-17 27 ივნისი, 2017 წელი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

პაატა სილაგაძე (თავმჯდომარე),ნინო გვენეტაძე, გიორგი შავლიაშვილი

ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2017 წლის 13 თებერვლის განაჩენზე სამტრედიის რაიონული პროკურატურის პროკურორ გივი გოცაძის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და

გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:

1. ბრალდების შესახებ დადგენილების თანახმად:

ლ. კ-სა და ზ. გ-ს ბრალი დაედოთ ქურდობის მცდელობაში, ე.ი. სხვისი მოძრავი ნივთის მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით ფარული დაუფლების მცდელობაში, ჩადენილი წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, საცავში უკანონო შეღწევით, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია, დანაშაული, გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 19, 177–ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“, „ბ“ და მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტებით;

გ. კ-ს ბრალი დაედო ქურდობის მცდელობაში, ე.ი. სხვისი მოძრავი ნივთის მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით ფარული დაუფლების მცდელობაში, ჩადენილი წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, საცავში უკანონო შეღწევით, არაერთგზის, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია, დანაშაული, გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 19, 177–ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“, „ბ“ და მე-3 ნაწილის „ა“, „ბ“ ქვეპუნქტებით.

ლ. კ-ს, ზ. გ-სა და გ. კ-თვის ბრალად შერაცხული ქმედებები გამოიხატა შემდეგში:

2016 წლის 25 მაისს, დაახლოებით 4:00 საათზე, არასრულწლოვანი ლ. კ-ე, ზ. გ-ე და გ. კ-ე წინასწარი შეთანხმებით შეეცადნენ ….., ….. ქუჩის №…..-ში არსებულ შპს „…..“ კუთვნილი სწრაფი ჩარიცხვის №….. აპარატიდან ფარულად დაუფლებოდნენ - 985,50 ლარს, რა დროსაც ისინი ამხილეს ….. შს რაიონული სამმართველოს მუშაკებმა.

2. პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება:

სამტრედიის რაიონული სასამართლოს 2016 წლის 11 ნოემბრის განაჩენით:

გ. კ-ე, - დაბადებული 19.. წელს, ნასამართლევი, - ცნობილ იქნა უდანაშაულოდ და გამართლდა საქართველოს სსკ-ის 19, 177–ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“, „ბ“ და მე-3 ნაწილის „ა“, „ბ“ ქვეპუნქტებით წარდგენილ ბრალდებაში;

ლ. კ-ე, - დაბადებული 19.. წელს, ნასამართლობის არმქონე, - ცნობილ იქნა უდანაშაულოდ და გამართლდა საქართველოს სსკ-ის 19, 177–ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“, „ბ“ და მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტებით წარდგენილ ბრალდებაში;

ზ. გ-ე, - დაბადებული 19.. წელს, ნასამართლობის არმქონე, - ცნობილ იქნა უდანაშაულოდ და გამართლდა საქართველოს სსკ-ის 19, 177–ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“, „ბ“ და მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტებით წარდგენილ ბრალდებაში.

გაუქმდა გ. კ-ს მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება -პატიმრობა და იგი დაუყოვნებლივ გათავისუფლდა სასამართლო სხდომის დარბაზიდან.

გაუქმდა არასრულწლოვან ლ. კ-ს მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება - მშობლის მეთვალყურეობაში გადაცემა.

გაუქმდა ზ. გ-ს მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება - გირაო და გირაოს უზრუნველყოფის მიზნით, დ. შ-ს (პ/ნ …..) საკუთრებაში არსებულ, ქ. ….., ….. ქ. №…..-ში მდებარე უძრავი ქონების (ზონა …., სექტორი ….., კვარტალი ….., ნაკვეთი …..ს/კ №…..) – 3 000 (სამი ათასი) ლარის ეკვივალენტურ ნაწილს განაჩენის აღსრულებიდან ერთი თვის ვადაში უნდა მოეხსნას სამტრედიის რაიონული სასამართლოს 2016 წლის 31 მაისის განჩინებით დადებული ყადაღა.

3. აპელანტის მოთხოვნა:

განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა სამტრედიის რაიონული პროკურატურის პროკურორმა გივი გოცაძემ. აპელანტმა ითხოვა სამტრედიის რაიონული სასამართლოს 2016 წლის 11 ნოემბრის გამამართლებელი განაჩენის გაუქმება და გამართლებულების დამნაშავედ ცნობა წარდგენილ ბრალდებებში შემდეგ გარემოებათა გამო: გამამართლებელი განაჩენი არის უკანონო და დაუსაბუთებელი, სასამართლომ განაჩენის გამოტანისას სწორად არ შეაფასა საქმეში არსებული მტკიცებულებები; სასამართლოში დაიკითხნენ დაზარალებული ორგანიზაციის წარმომადგენელი და ასევე - ფაქტის უშუალო შემსწრე პირები, პოლიციის თანამშრომლები - ი. ტ-ე, მ. ნ-ე, შ. გ-ა და სხვა მოწმეები, გამოკვლეულ იქნა ბრალდების მხარის წერილობითი მტკიცებულებები, რისი ობიექტური შეფასების შედეგად ლ. კ-ს, ზ. გ-სა და გ. კ-ს მიმართ უნდა დამდგარიყო მხოლოდ გამამტყუნებელი განაჩენი; ლ. კ-ს, ზ. გ-სა და გ. კ-ს სასარგებლოდ აშკარა მიკერძოების დასაფარად განაჩენი საქართველოს კონსტიტუციისა და სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მოკლე ამონარიდს წარმოადგენს და არანაირი შეხება არ აქვს საქმის მასალებთან; გამართლებულების დაკავებასა და შემთხვევის ადგილის დათვალიერებაში მონაწილე პირების, ასევე ექსპერტის ჩვენებებში არის მხოლოდ უმნიშვნელო და არაარსებითი განსხვავებები. ამასთან, სასამართლომ ასევე არ გაითვალისწინა, რომ, მისი აზრით, ვითომდა „არსებითი განსხვავებები’’ ამ ჩვენებებს შორის გამოიწვია ბრალდებულთა არასტანდარტულ ვითარებაში დაკავებისას წარმოქმნილმა ობიექტურმა გარემოებებმა, რაც ვერ აქარწყლებს მათ ბრალეულობას; ბრალდების მხარისთვის გაუგებარია, შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმი რატომ არის კანონის არსებითი დარღვევით შედგენილი, მაშინ, როდესაც დაცულია სსსკ-ის 126-ე მუხლით გათვალისწინებული ყველა მოთხოვნა.

4. გასაჩივრებული განაჩენის სარეზოლუციო ნაწილი:

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2017 წლის 13 თებერვლის განაჩენით სამტრედიის რაიონული სასამართლოს 2016 წლის 11 ნოემბრის განაჩენი დარჩა უცვლელად.

5. გასაჩივრებული განაჩენის ფაქტობრივი და სამართლებრივი დასაბუთება:

სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ სახელმწიფო ბრალმდებლის არგუმენტები არსებითად ეწინააღმდეგება პირველი ინსტანციის სასამართლო სხდომაზე გამოკვლეულ მტკიცებულებებს, რაც საბოლოოდ საფუძველად დაედო გამამართლებელი განაჩენის გამოტანას.

სააპელაციო სასამართლომ განსაკუთრებული ყურადღება გაამახვილა შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმსა და ბიოლოგიური (გენეტიკური) ექსპერტიზის დასკვნაზე, რომლითაც დადგენილია, რომ ექსპერტიზაზე გაგზავნილ სიგარეტის ნამწვზე აღმოჩნდა გ. კ-ს ბიოლოგიური მასალის - დნმ-ის კვალი, რაც, ბრალდების მხარის მოსაზრებით, უტყუარად ადასტურებს იმ ფაქტს, რომ გ. კ-ე მონაწილეობდა ქურდობის მცდელობაში და შემთხვევის ადგილზე ნამდვილად იმყოფებოდა.

აღნიშნულთან დაკავშირებით, სასამართლომ მიუთითა შემდეგი:

შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმით დგინდება, რომ აპარატთან აგდია სიგარეტ „კენტის“ ნამწვი. ამავე ოქმზე თანდართული ფოტოცხრილით, კერძოდ №….. ფოტოზე ღია ფერის სიგარეტის ნამწვი კარგად ჩანს აპარატის კარს შიგნით, რკინის კონსტრუქციის ქვედა მხარეზე. მოწმის სახით დაკითხული ექსპერტის - გ. ჟ-ს ჩვენებით კი: „აპარატის წინ, დაახლოებით ერთ მეტრის დაშორებით, საფეხურთან, აღმოაჩინეს და ამოიღეს სიგარეტის ნამწვი. ადგილზე სიგარეტის ბევრი ნამწვი იყო, თუმცა არ ახსოვს, რამდენი ამოიღო. ეს ნამწვი შეარჩია იმიტომ, რომ არ იყო დაცვარული, ახალი იყო“. მოწმის სახით დაკითხულ ინსპექტორ-გამომძიებელ ი. ტ-ს ჩვენებით კი შემთხვევის ადგილზე მხოლოდ ერთი სიგარეტის ნამწვი იყო. გამომძიებელმა ზ. თ-მ, ისევე როგორც გ. ჟ-მ, სასამართლოს განუმარტა, რომ შემთხვევის ადგილას დაყრილი სხვა ბევრი ნამწვიდან აარჩიეს შედარებით უფრო მშრალი და ახალი. სასამართლომ აღნიშნა, რომ სიგარეტის ნამწვის ვიზუალსა და ნიშან-თვისებებზე სხვადასხვა ინფორმაციაა გადმოცემული. მოწმეების - ზ. თ-ს, ი. ტ-ს ჩვენებები და პირველი ინსტანციის სასამართლოს სხდომაზე ნივთმტკიცების სახით გამოკვლეული სიგარეტის ნარჩენის ნიშან-თვისებები, მოწევის კვალის ხარისხის გათვალისწინებით, სრულიად განსხვავდება ერთმანეთისაგან.

გადმოცემული ფაქტობრივი გარემოებებით გაურკვეველია, არის თუ არა ექსპერტიზაზე გაგზავნილი სიგარეტის ნამწვი სწორედ შემთხვევის ადგილიდან ამოღებული. თუ ნამწვი აპარატიდან ერთი მეტრის დაშორებით ამოიღეს, მაშინ ფაქტია, რომ ფოტოზე აღბეჭდილი სიგარეტის ნამწვი არაა ის, რომელიც დაილუქა და ექსპერტიზაზე გაიგზავნა. ამიტომ გაურკვევლობას იწვევს ის გარემოებაც, რომ როცა შემთხვევის ადგილზე დაზიანებული აპარატის კონსტრუქციის შიდა პერიმეტრზე აგდია სიგარეტის ნამწვი, რატომ ამოიღეს ნივთმტკიცება უფრო მოშორებით, სხვა მრავალ ნამწვს შორის.

სააპელაციო სასამართლომ განმარტა, რომ ბიოლოგიური ექსპერტიზით დადგენილი ფაქტი უცილობლად იქნებოდა კ-ს დანაშაულებრივ ქმედებაში მონაწილეობის დამადასტურებელი უტყუარი და ერთ-ერთი პირდაპირი მტკიცებულება, რომ არა ზემოაღნიშნული ის შეუსაბამო და გაურკვეველი ფაქტობრივი გარემოებები, რომლებიც კითხვის ნიშნებს სვამს და ამ კითხვების გამაქარწყლებელი პასუხები არ არსებობს.

გარდა ამისა, დადგენილია ასევე, რომ შემთხვევის ადგილის დათვალიერებისას გამომძიებელმა ამოიღო ერთი წყვილი თეთრ-მოწითალო ფერის ხელთათმანი, მაგრამ ექსპერტიზის ჩატარებისას იმავე ნომრით დალუქულ პაკეტში აღმოჩნდა თეთრი ხელთათმანები, კიდეებზე მონაცისფრო ზოლებით, რომლის ნაწილიც დაფარულია ნარინჯისფერი პოლიმერისმაგვარი მასალით. ამ შემთხვევაშიც აშკარა შეუსაბამობაა შემთხვევის ადგილის დათვალიერებისას ამოღებულ ნივთმტკიცების აღწერილობასა და ექსპერტების მიერ გაკეთებულ აღწერილობას შორის.

ამასთან, შემთხვევის ადგილის დათვალიერებაში მონაწილე პირების ჩვენებები წინააღმდეგობრივია და ფაქტობრივ გარემოებებს სხვადასხვაგვარად გადმოსცემენ. ზ. თ-ს, გ. ჟ-სა და ი. ტ-ს ჩვენებებით შემთხვევის ადგილის დაცვის საკითხი საგამოძიებო მოქმედებების ჩატარებამდე სრულიად გაურკვეველია. ი. ტ-ს განმარტებით, მას არ მიუღია შემთხვევის ადგილის დაცვის დავალება. იქ გამომძიებელ თ-სა და ექსპერტ ჟ-თან ერთად მივიდა, ხოლო გამომძიებლის განმარტებით, დაკავებულების პოლიციის შენობაში მიყვანისთანავე, ხელმძღვანელობის დავალებით, ი. ტ-ე წავიდა შემთხვევის ადგილის დასაცავად. მისივე ჩვენებით, მას და გ. ჟ-ს ი. ტ-ე შემთხვევის ადგილზე დახვდათ, ხოლო ჟ-ს ჩვენებით კი მას ი. ტ-ე და ზ. თ-ე დახვდნენ შემთხვევის ადგილზე.

სააპელაციო პალატამ აღნიშნა, რომ განსახილველ შემთხვევაში, მართალია, ბიოლოგიური ექსპერტიზის ჩატარების (მსვლელობის) კანონიერება საეჭვოდ არ მიუჩნევია, მაგრამ სიგარეტის ნამწვი, რომელზეც ჩატარდა ექსპერტიზა, ეჭვგარეშედ მოპოვებული, შენახული და გაიგივებული არაა და, შესაბამისად, უტყუარობის უმაღლესი ხარისხით არ ხასიათდება.

სააპელაციო პალატამ ყურადღება ასევე გაამახვილა მოწმეების - ი. ტ-ს, მ. ნ-სა და შ.გ-ს ჩვენებების იმ ნაწილზე, რომელშიც აღწერენ - ლ. კ-ს, გ. კ-სა და ზ. გ-ს დანახვისა და დაკავების მომენტს, რომ თითქოსდა დაინახეს, თუ როგორ აღებდნენ ისინი ძალაყინის გამოყენებით აპარატის კარს, როგორ დაყარეს ჩანთა და ძალაყინი, ერთ-ერთმა მათგანმა როგორ მოიხსნა ხელთათმანები და როგორ გაიქცნენ შემთხვევის ადგილიდან, მაგრამ არაფერს ამბობენ იმის შესახებ, კონკრეტულად რომელი პირი აღებდა აპარატის კარს, რომელმა მათგანმა დაყარა ხელთათმანები, დააგდო ძალაყინი, ან ვის დაუვარდა ჩანთა. ბრალდების მხარის მოწმეთა ჩვენებები სრულად თანხვდენილია და ზედმიწვენით ზუსტად ერთნაირად გადმოსცემენ მხოლოდ ბრალდებულების დაკავების ეპიზოდთან დაკავშირებულ დეტალებს, მაგრამ მათი ჩვენებები სხვა ნაწილში რადიკალურად განსხვავდება ერთმანეთისაგან და არსებითად ურთიერთსაწინააღმდეგოა. დადგენილია ისიც, რომ ხელთათმანზე, ძალაყინსა და ჩანთაზე დაკავებული პირების არანაირი კვალი არ აღმოჩნდა. ასევე დადგენილია, რომ ძალაყინზე არსებულ თეთრი საღებავის კვალსა და სწრაფი ჩარიცხვის აპარატის მოთეთრო, ერთფენოვან საღებავის ნიმუშს გააჩნიათ ერთნაირი ფერი, მორფოლოგია და მოლეკულური შემადგენლობა, თუმცა ის ფაქტი, რომ ძალაყინს კონკრეტულად რომელი ბრალდებული პირი იყენებდა და, საერთოდ, იყენებდა თუ არა რომელიმე მათგანი აპარატის კარის გასატეხად, ერთმნიშვნელოვნად და უტყუარად არ დგინდება.

6. კასატორის მოთხოვნა:

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2017 წლის 13 თებერვლის განაჩენი საკასაციო წესით გაასაჩივრა სამტრედიის რაიონული პროკურატურის პროკურორმა გივი გოცაძემ. კასატორი ითხოვს გამამართლებელი განაჩენის გაუქმებასა და გამართლებულების დამნაშავედ ცნობას წარდგენილ ბრალდებებში იმავე საფუძვლებით, რაზეც მითითებული ჰქონდა სააპელაციო საჩივარში.

7. საკასაციო პალატამ შეისწავლა საქმის მასალები, საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, შეამოწმა საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და მიიჩნია, რომ იგი დაუშვებელია შემდეგ გარემოებათა გამო:

8. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილი ამომწურავად იძლევა იმ საფუძველთა ჩამონათვალს, რომელთა არსებობის შემთხვევაში საკასაციო საჩივარი დასაშვებად ჩაითვლება, ასეთებია:

ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებასა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას;

ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია;

გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება;

დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;

ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე;

ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს;

ზ) კასატორი არასრულწლოვანი მსჯავრდებულია.

9. საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ მოცემულ სისხლის სამართლის საქმეში არ მოიპოვება არც ერთი ზემოაღნიშნული საფუძველი.

10. პალატა აღნიშნავს, რომ კასატორი ვერ ასაბუთებს, თუ რაში მდგომარეობს საქმის განხილვისას სააპელაციო სასამართლოს მიერ დაშვებული მნიშვნელოვანი სამართლებრივი ან საპროცესო დარღვევები, რასაც შეეძლო, არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე, რაც ასევე არ დასტურდება საქმის გულდასმით შესწავლის შედეგად.

11. საკასაციო პალატა სრულად იზიარებს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის განაჩენის მოტივაციას ლ. კ-ს, ზ. გ-სა და გ. კ-ს უდანაშაულოდ ცნობასთან დაკავშირებით და აღნიშნავს, რომ განსახილველ სისხლის სამართლის საქმეში არ მოიპოვება ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით დაადასტურებდა ლ. კ-სა და ზ. გ-ს მიერ საქართველოს სსკ-ის 19, 177–ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“, „ბ“ და მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტებით, ხოლო გ. კ-ს მიერ, საქართველოს სსკ-ის 19, 177–ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“, „ბ“ და მე-3 ნაწილის „ა“, „ბ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენას. საკასაციო პალატამ თავის არაერთ განაჩენში პირის გამართლებას საფუძვლად დაუდო ის გარემოება, რომ ბრალდების მხარეს საქმეზე არ ჰქონდა წარმოდგენილი ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობა პირის მსჯავრდებისათვის (მაგალითისათვის იხ. უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილებები საქმეებზე - №448აპ-14, № 480აპ-16). საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ მოცემულ შემთხვევაშიც კასატორი - სახელმწიფო ბრალმდებელი თავის საჩივარში ვერ უთითებს განაჩენის ისეთ დებულებებზე, რაც გახდებოდა საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობისა და განხილვის საფუძველი.

12. ასევე, არ არსებობს გარემოება, რომლის გამოც საქმეს ექნებოდა არსებითი მნიშვნელობა სამართლის განვითარების ან მსგავს საქმეებზე ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის, რადგან საკასაციო სასამართლოს, მსგავს საქმეებზე მიღებულ გამამართლებელ განაჩენებში მითითებული განმარტებებისა და დასკვნების მხედველობაში მიღებით, მიაჩნია, რომ მოცემულ საქმეს არ გააჩნია არსებითი მნიშვნელობა სამართლის განვითარების ან ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის.

13. ამრიგად, მითითებული გარემოებებიდან გამომდინარე, საკასაციო საჩივარი დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი.

14. საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-32, მე-33, მე-4 ნაწილებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. სამტრედიის რაიონული პროკურატურის პროკურორ გივი გოცაძის საკასაციო საჩივარი არ იქნეს დაშვებული განსახილველად.

2. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე პ. სილაგაძე

მოსამართლეები: ნ. გვენეტაძე

გ. შავლიაშვილი