საკასაციო საჩივარი ცნობილია დაუშვებლად
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საკასაციო საჩივრის დასაშვებობის
შემოწმების შესახებ
№750აპ-16 ქ. თბილისი
ჯ-ა ბ-ი, 750აპ-16 30 მაისი, 2017 წელი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
გიორგი შავლიაშვილი (თავმჯდომარე),ნინო გვენეტაძე, პაატა სილაგაძე
ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2016 წლის 18 ოქტომბრის განაჩენზე მსჯავრდებულ ბ. ჯ-ას ინტერესების დამცველის, ადვოკატ ს. ჯ-ას საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და
გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:
1. ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 2016 წლის 5 აპრილის განაჩენით ბ. ჯ-ას, – დაბადებულის– ქმედება საქართველოს სსკ-ის 210-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტიდან გადაკვალიფიცირდა 210-ე მუხლის 1-ლ ნაწილზე და განესაზღვრა ჯარიმა – 6000 ლარი. გაუქმდა მის მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით შეფარდებული გირაო.
2. განაჩენით დადგენილად იქნა მიჩნეული, რომ ბ. ჯ-ამ ჩაიდინა ყალბი საგადასახადო დოკუმენტის შეძენა გამოყენების მიზნით და ყალბი საგადასახადო დოკუმენტის გამოყენება, რაც გამოიხატა შემდეგში:
· ბ. ჯ-ამ 2013 წლის 26 ოქტომბერს, გამოყენების მიზნით, თ-ში შეიძინა ყალბი №- სასაქონლო ზედნადები, რომელშიც შეტანილი იყო ყალბი მონაცემი 30 კუბური მეტრი დახერხილი ხის მასალის რეალიზაციის შესახებ, ასევე – ტრანსპორტირების განმახორციელებელი პირის, სატრანსპორტო საშუალების, ტრანსპორტირების დაწყებისა და დასრულების დროის, ადგილისა და თარიღის შესახებ; მანვე ამავე სასაქონლო ზედნადების საფუძველზე 2013 წლის 27 ოქტომბერს, გამოყენების მიზნით, შეიძინა ყალბი №ეა– საგადასახადო ანგარიშფაქტურა. დასახელებული დოკუმენტები ბ. ჯ-ამ გამოიყენა სამეწარმეო საქმიანობის კანონიერ ჩარჩოში მოსაქცევად, შპს „-ის“ სახელით შემოსავლების სამსახურში საგადასახადო დეკლარაციის წარდგენისათვის.
3. აღნიშნული განაჩენი ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2016 წლის 18 ოქტომბრის განაჩენით დარჩა უცვლელად.
4. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის განაჩენი საკასაციო წესით გაასაჩივრა დაცვის მხარემ.
5. წარმოდგენილი საკასაციო საჩივრით დაცვის მხარე ითხოვს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2016 წლის 18 ოქტომბრის განაჩენის გაუქმებას და ბ. ჯა-ას გამართლებას შემდეგი მოტივებით: სასამართლომ დაუსაბუთებლად უგულებელყო დაცვის მოწმეთა ჩვენებებსა და სხვა მტკიცებულებებში ასახული ბ. ჯ-ას უდანაშაულობის დამადასტურებელი გარემოებები; კრიტიკული და ობიექტური შეფასების გარეშე გაიზიარა ბრალდების მხარის მოწმეების ურთიერთსაწინააღმდეგო და ურთიერთგამომრიცხავი ჩვენებები და წერილობითი მტკიცებულებები; დაეყრდნო იმ მტკიცებულებებს, რომლებიც ბრალდების მხარეს პირველი ინსტანციის სასამართლოში არ გამოუკვლევია და რომლებიც კანონის შესაბამისად არ გაუცვლია დაცვის მხარისთვის; დააკანონა ქვემდებარეობის დარღვევით გამოძიებული და არაქვემდებარე ზუგდიდის რაიონული სასამართლოს მიერ გამოტანილი უკანონო განაჩენი.
6. საკასაციო პალატამ შეისწავლა საკასაციო საჩივარი და მივიდა დასკვნამდე, რომ იგი არ აკმაყოფილებს საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს, რის გამოც არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად, კერძოდ: საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილი ამომწურავად იძლევა იმ საფუძველთა ჩამონათვალს, რომელთა არსებობის შემთხვევაში საკასაციო საჩივარი დასაშვებად ჩაითვლება, ასეთებია:
ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებასა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას;
ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია;
გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება;
დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;
ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე;
ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს;
ზ) კასატორი არასრულწლოვანი მსჯავრდებულია.
8. საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ მოცემულ სისხლის სამართლის საქმეში არ მოიპოვება არც ერთი ზემოაღნიშნული საფუძველი, ვინაიდან წარმოდგენილი საჩივრისა და საქმის შესწავლის შედეგად არ გამოვლინდა გარემოება, რის გამოც მოცემულ საქმეს არსებითი მნიშვნელობა ექნებოდა სამართლის განვითარების ან მსგავს საქმეებზე ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის. ამასთან, სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება არ ეწინააღმდეგება უზენაესი სასამართლოს პრაქტიკას (მაგალითისთვის იხ. №240აპ-11) და არც საკასაციო პალატის მიერაა სავარაუდო მოცემულ საქმეზე დადგენილი პრაქტიკისგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ საკასაციო საჩივარი შეტანილია იმავე მოტივებით, რითაც მხარემ მიმართა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს, რომელმაც დეტალურად და ამომწურავად გასცა პასუხი საჩივარს. აღნიშნულ გადაწყვეტილებას უზენაესი სასამართლოს საკასაციო პალატა სრულად ეთანხმება.
9. რაც შეეხება კასატორის მითითებას, რომ ბ. ჯ-ას საქმის გამოძიებისა და სასამართლოში განხილვის დროს დაირღვა ქვემდებარეობის პრინციპი, საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ საქართველოს სსსკ-ის 33-ე მუხლის მე-6 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, პროკურორი უფლებამოსილია: „საგამოძიებო ქვემდებარეობის მოთხოვნათა დაცვით სისხლის სამართლის საქმის გამოძიება დაავალოს ამა თუ იმ სამართალდამცავ ორგანოს ან გამომძიებელს...; საქართველოს მთავარ პროკურორს ან მის მიერ უფლებამოსილ პირს უფლება აქვს, საგამოძიებო ქვემდებარეობის მიუხედავად, ერთი საგამოძიებო ორგანოდან ამოიღოს საქმე და გამოსაძიებლად გადასცეს სხვა საგამოძიებო ორგანოს“. მოცემული საქმის მასალებში (ტ. 1-ლი, ს.ფ. 1გ–1დ) მოთავსებულია საქართველოს მთავარი პროკურორის პირველი მოადგილის – ირაკლი შოთაძის 2014 წლის 10 დეკემბრის დადგენილება სისხლის სამართლის №- საქმის შემდგომი გამოძიების ჩატარების მიზნით საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის საგამოძიებო დეპარტამენტის სამეგრელო-ზემო სვანეთის სამმართველოსათვის გადაცემის შესახებ. გარდა ამისა, საქართველოს სსსკ-ის 21-ე მუხლის 1-ლი ნაწილის შესაბამისად, „სისხლის სამართლის საქმე სასამართლოში განიხილება იმ ადგილის მიხედვით, სადაც ბრალდებული პირველად წარედგინა სასამართლოს“. ვინაიდან ბრალდებული ბ. ჯ-ა პირველად წარადგინეს ზუგდიდის რაიონულ სასამართლოში, ამიტომ საქმე არსებითად განიხილა იმავე სასამართლომ.
10. ამდენად, სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის მნიშვნელოვანი სამართლებრივი და საპროცესო დარღვევებით განხილვის ფაქტი წარმოდგენილი სისხლის სამართლის საქმის მასალებიდან არ გამომდინარეობს და რადგან მოცემულ შემთხვევაში არ იკვეთება საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 და მე-31 ნაწილებით გათვალისწინებული სხვა მოთხოვნებიც, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი.
11. საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33, მე-4 ნაწილების შესაბამისად, საკასაციო პალატამ
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. მსჯავრდებულ ბ. ჯ-ას ინტერესების დამცველის, ადვოკატ ს. ჯ-ას საკასაციო საჩივარი არ იქნეს დაშვებული განსახილველად.
2. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე გ. შავლიაშვილი
მოსამართლეები: ნ. გვენეტაძე
პ. სილაგაძე