განაჩენი გაუქმდა და საქმე გადაეცა სასამართლოს ხელახლა განსახილველად
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე №9აგ-17 თბილისი
ს-ი დ, 9აგ-17 4 ივლისი, 2017 წელი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს
სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
პაატა სილაგაძე (თავმჯდომარე),ნინო გვენეტაძე, ბესარიონ ალავიძე
ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა რუსთავის რაიონული პროკურატურის პროკურორ დავით მუხიაშვილის საკასაციო საჩივარი ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2016 წლის 6 დეკემბრის განაჩენზე.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
1. რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2010 წლის 19 აგვისტოს განაჩენით დ. ს-ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით და მიესაჯა 6 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა, რომლის ათვლა დაეწყო 2010 წლის 7 ივნისიდან. მასვე სასჯელის ვადაში ჩაეთვალა პატიმრობაში ყოფნის დრო. დ. ს-ს სისხლის სამართლის კოდექსის 41-42-ე მუხლების საფუძველზე დამატებითი სასჯელის სახით დაეკისრა ჯარიმა - 3500 ლარი.
2. ამავე განაჩენით მსჯავრდებულია მ. ხ-ი.
3. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2010 წლის 20 დეკემბრის განაჩენით რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2010 წლის 19 აგვისტოს განაჩენი დარჩა უცვლელად.
4. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2011 წლის 29 აპრილის განჩინებით დაუშვებლად იქნა ცნობილი მსჯავრდებულ დ. ს-ს საკასაციო საჩივარი თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2010 წლის 20 დეკემბრის განაჩენზე.
5. 2015 წლის 20 მაისს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატას ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო შუამდგომლობით მიმართა მსჯავრდებულმა დ. ს-ა, რომელმაც მოითხოვა მის მიმართ გამოტანილი განაჩენის გადასინჯვა და გამართლება საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 310-ე მუხლის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტების საფუძველზე.
6. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2016 წლის 6 დეკემბრის განაჩენით მსჯავრდებულ დ. ს-ს შუამდგომლობა დაკმაყოფილდა, კერძოდ: თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2010 წლის 20 დეკემბრის განაჩენი დ. ს-ს მიმართ გაუქმდა და დ. ს-ი და მ. ხ-ი გამართლდნენ სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 180-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით წარდგენილ ბრალდებაში.
7. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2016 წლის 6 დეკემბრის განაჩენი საკასაციო წესით გაასაჩივრა რუსთავის რაიონული პროკურატურის პროკურორმა დავით მუხიაშვილმა, რომელმაც მოითხოვა გასაჩივრებული განაჩენის გაუქმება და დ. ს-ა და მ. ხ-ს მიმართ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანა.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
1. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შეამოწმა საქმის მასალები და დაასკვნა, რომ გასაჩივრებული განაჩენი უნდა გაუქმდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
2. საქართველოს მოქმედი სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის (2009 წლის 9 ოქტომბრის კანონი) მე-2 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სისხლის სამართლის პროცესში გამოიყენება ის საპროცესო ნორმა, რომელიც მოქმედებს გამოძიებისა და სასამართლო განხილვის დროს. ანალოგიური დათქმაა ძველ - საქართველოს 1998 წლის 20 თებერვლის სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსშიც, კერძოდ: ამ კოდექსის მე-3 მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, სისხლის სამართლის პროცესში გამოიყენება სისხლის სამართლის საპროცესო კანონი, რომელიც მოქმედებს წინასწარი გამოძიებისა და სასამართლო განხილვის დროს. ასევე, ამჟამად მოქმედი სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 329-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, ამ კოდექსის ამოქმედებამდე დაწყებულ სისხლისსამართლებრივი დევნის საქმეებზე სისხლის სამართლის პროცესი გრძელდება საქართველოს 1998 წლის 20 თებერვლის სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით დადგენილი წესით.
3. აქედან გამომდინარე, საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო განაჩენის გადასინჯვის თაობაზე შუამდგომლობის დასაშვებობის საკითხზე სასამართლომ უნდა იმსჯელოს მოქმედი - 2009 წლის 9 ოქტომბრის სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის შესაბამისი ნორმების მიხედვით, ხოლო დასაშვებობის ეტაპის გადალახვის შემთხვევაში საქმის განხილვა უნდა წარიმართოს იმ კოდექსით, რომლითაც კონკრეტული მსჯავრდებულის საქმეზე მიმდინარეობდა წარმოება და მიღებულ იქნა გასაჩივრებული განაჩენი.
4. ამდენად, საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ, ვინაიდან მოცემულ შემთხვევაში მსჯავრდებულ დ. ს-ს მიმართ სისხლის სამართლის საქმის გამოძიება და სასამართლო განხილვა წარმართულია ძველი - საქართველოს 1998 წლის 20 თებერვლის სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის შესაბამისად, სააპელაციო სასამართლოს საქმე უნდა განეხილა და განაჩენი გამოეტანა ამ კოდექსით დადგენილი წესით (იხ. საქართველოს უზენაესი სასამართლოს პრაქტიკა, კერძოდ, საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2017 წლის 18 მაისის №222აგ-16 განჩინება; 2016 წლის 2 ნოემბრის №113აგ-16 განჩინება), ხოლო იმის გათვალისწინებით, რომ თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ 2016 წლის 6 დეკემბრის განაჩენი გამოიტანა ამჟამად მოქმედი - 2009 წლის 9 ოქტომბრის სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მიხედვით, ეს გარემოება, საქართველოს 1998 წლის 20 თებერვლის სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 562-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტისა და ამავე კოდექსის 563-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, წარმოადგენს გასაჩივრებული განაჩენის გაუქმების საფუძველს.
5. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ საქართველოს 1998 წლის 20 თებერვლის სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 562-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტისა და ამავე კოდექსის 563-ე, 570-ე მუხლების პირველი ნაწილების შესაბამისად, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2016 წლის 6 დეკემბრის განაჩენი მსჯავრდებულ დ. ს-ს შუამდგომლობის დაკმაყოფილების შესახებ უნდა გაუქმდეს და სისხლის სამართლის საქმე დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს ხელახალი განხილვისათვის. ამასთან, სააპელაციო სასამართლოში საქმეზე არსებული მტკიცებულებების გამოკვლევა უნდა წარიმართოს და სასამართლომ განაჩენი უნდა გამოიტანოს საქართველოს 1998 წლის 20 თებერვლის სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით დადგენილი წესით.
6. გარდა ამისა, საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ ზემოაღნიშნული ფაქტორების გათვალისწინებით, იგი არ არის უფლებამოსილი, შეაფასოს საქმეში არსებული მტკიცებულებები და იმსჯელოს საკასაციო საჩივარში მითითებულ ფაქტობრივ გარემოებებზე.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 314-ე, 329-ე მუხლებით (ამჟამად მოქმედი რედაქცია), საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 561-ე მუხლის პირველი ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით, 568-ე მუხლით, 570-ე მუხლის პირველი ნაწილით (1998 წლის 20 თებერვლის რედაქცია) და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. გაუქმდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2016 წლის 6 დეკემბრის განაჩენი მსჯავრდებულ დ. ს-ს შუამდგომლობის დაკმაყოფილების შესახებ;
2. მსჯავრდებულ დ. ს-ს საქმე დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს ხელახალი განხილვისათვის;
3. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე პ. სილაგაძე
მოსამართლეები: ნ. გვენეტაძე
ბ. ალავიძე