საკასაციო საჩივარი ცნობილია დაუშვებლად

სისხლის სამართლის 11.07.2017
საქმის ნომერი
2კ-113აპ.-17
დავის ტიპი
საკასაციო საჩივარი
თარიღი
11.07.2017

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საკასაციო საჩივრის დასაშვებობის

შემოწმების შესახებ

№113აპ-17 ქ. თბილისი ქ. თბილისი

ჩ-ი ლ, 113აპ-17 11 ივლისი, 2017 წელი 11 ივლისი, 2017 წელი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

გიორგი შავლიაშვილი (თავმჯდომარე),ნინო გვენეტაძე, პაატა სილაგაძე

ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2017 წლის 10 იანვრის განაჩენზე მსჯავრდებულ ლ. ჩ-ის ინტერესების დამცველის, ადვოკატ შ. ხ-ის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და

გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:

1. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2016 წლის 7 აპრილის განაჩენით ლ. ჩ-ი, ნასამართლობის არმქონე, – ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით (2006 წლის 25 ივლისის რედაქცია) და მიესაჯა თავისუფლების აღკვეთა 8 წლით, რომელიც მოსახდელად განესაზღვრა შპს „აკად. ბ. ნანეიშვილის სახ. ფსიქიკური ჯანმრთელობის ეროვნულ ცენტრში“ (ხონი-ქუტირი) გამოჯანმრთელებამდე, რის შემდეგაც სასჯელის მოხდა უნდა გაგრძელდეს საერთო წესით. ”ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ” საქართველოს კანონის თანახმად, ლ. ჩ-ს 5 (ხუთი) წლით ჩამოერთვა: სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება, საადვოკატო საქმიანობის უფლება, პედაგოგიური და საგანმანათლებლო დაწესებულებაში საქმიანობის უფლება, სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველობის სახაზინო (საბიუჯეტო) დაწესებულებებში - საჯარო ხელისუფლების ორგანოებში საქმიანობის უფლება, პასიური საარჩევნო უფლება და იარაღის დამზადების, შეძენის, შენახვისა და ტარების უფლებები; ხოლო 10 წლით - საექიმო ან/და ფარმაცევტული საქმიანობის უფლება, აგრეთვე აფთიაქის დაფუძნების, ხელმძღვანელობისა და წარმომადგენლობის უფლებები. ლ. ჩ-ის სასჯელის მოხდის ათვლა დაეწყო დაკავების მომენტიდან - 2015 წლის 11 ივლისიდან.

2. აღნიშნული განაჩენი თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2017 წლის 10 იანვრის განაჩენით დარჩა უცვლელად.

3. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ დადგენილად მიიჩნია შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები:

ლ. ჩ-მა უკანონოდ შეიძინა ნარკოტიკული საშუალება - 4.1214 გრამი „ჰეროინის“ შემცველი ნივთიერება ფხვნილის სახით და ნარკოტიკული საშუალება - 2.7 გრამი „ტრამადოლის“ შემცველი 18 აბი, რომლებიც შეფუთა პოლიეთილენის ნაჭრებში და უკანა ტანიდან მოითავსა სწორ ნაწლავში. 2015 წლის 11 ივლისს თ-ში, კ-ის ქ. N..-ში მდებარე შპს -ის“ ადმინისტრაციულ შენობაში, შსს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა ლ. ჩ-სგან ამოიღეს ნარკოტიკული საშუალება - 4.1214 გრამი „ჰეროინის“ შემცველი ნივთიერება ფხვნილის სახით და ნარკოტიკული საშუალება - 2.7 გრამი „ტრამადოლის“ შემცველი 18 აბი.

4. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის განაჩენი საკასაციო წესით გაასაჩივრა დაცვის მხარემ.

5. წარმოდგენილი საკასაციო საჩივრით დაცვის მხარე ითხოვს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2017 წლის 10 იანვრის განაჩენის გაუქმებასა და ლ. ჩა-ის გამართლებას იმ მოტივით, რომ სააპელაციო სასამართლომ ყოველგვარი ეჭვი არ განმარტა ბრალდებულის სასარგებლოდ. მან გაიზიარა ბრალდების და არა - მართლმსაჯულებისათვის „სასარგებლო“ მტკიცებულებები, რითაც ფაქტობრივად უარი თქვა მართლმსაჯულების განხორციელებაზე. კასატორის პოზიციით, ლ. ჩ-ის განაჩენი უნდა გაუქმდეს და შეწყდეს მის მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნა, ვინაიდან სასამართლო სხდომაზე მხარეები შეთანხდნენ, რომ ყველა მტკიცებულება, გარდა ექსპერტიზის N.. და N.. დასკვნისა, იქნებოდა სადავო. ამდენად, დაცვის მხარე აღარ ეხება ლ. ჩ-ის საქმის იმ ნაწილს, რომელიც ნარკოტიკულ დანაშაულთან არის დაკავშირებული. დაცვის მხარის ექსპერტიზის დასკვნის წარდგენის შემდეგ, ბრალდების მხარემ დანიშნა განმეორებითი სტაციონარული სასამართლო-ფსიქიატრიული ექსპერტიზა. თ. ხ-ამ სასამართლო სხდომაზე კატეგორიულად დაადასტურა მის მიერ შედგენილი დასკვნა და განმარტა, რომ ვინაიდან საქმე ნარკოდანაშაულს ეხებოდა, ამიტომ საქმის მასალების გაცნობა შედეგზე გავლენას ვერ იქონიებდა. ამასთან, დანაშაულის ჩადენის დროს ლ. -ი შეურაცხადად მან იმ მოტივით ჩათვალა, რომ დაავადება, რომელიც მას აქვს, არ ყალიბდება რამდენიმე თვეში და ეს რამდენიმე წლის პროცესია. ამ დაავადებას შეიძლება წლების განმავლობაში არ ჰქონდეს გამოვლინება, მაგრამ უცებ გამოვლინდეს. ექსპერტმა ნ. დ-მა განაცხადა, რომ სტაციონარში ექსპერტიზა უნდა ტარდებოდეს მინიმუმ ათი დღე მაინც, სამ-ოთხ დღეში გაცემული დასკვნა კი იმავე „წონისაა,“ რაც ამბულატორიული. სამხარაულის ექსპერტიზის ბიუროს ექსპერტებმა - ხ. ჭ-ემ, ვ. ჟ-მა და დ. მ-ემ განმარტეს, რომ მათ არ შეეძლოთ მოცემული დაავადების საწყისის დასახელება. ხსენებული დაავადება შეიძლება პირველივე დღეს დასწყებოდა პატიმარს. მათი განმარტებით, პატიმართან კონტაქტი ვერ მყარდებოდა და 7 მარტს მუშაობა მხოლოდ 10 წუთს გაგრძელდა. დ. მ-ის განმარტებით, ისინი 5 დღე აკვირდებოდნენ პატიმარს და შეისწავლეს საქმეც.

6. კასატორის მითითებით, ბრალდების მხარის წარდგენილ დასკვნაში აღნიშნული არ არის ის მეთოდიკა, რომელიც მისი შედგენის დროს გამოიყენეს. საქართველოს სსსკ-ის 181-ე მუხლის თანახმად, ლ. ჩ-ი სამედიცინო დაწესებულებაში მოთავსდა 20 დღით, მაგრამ კომისია მხოლოდ ათი წუთი შედგა, შემდეგ კი საერთოდ შეწყდა. ამდენად, აღნიშნული ექსპერტიზის დასკვნა არსებითი დარღვევით მოპოვებული და დაუშვებელი მტკიცებულებაა. კასატორის პოზიციით, ორი ურთიერთსაპირისპირო დასკვნიდან უპირატესობა დაცვის მხარის მტკიცებულებას უნდა მიენიჭოს და ყოველგვარი ეჭვი მსჯავრდებულის სასარგებლოდ უნდა გადაწყდეს. სასამართლოს, საქართველოს სსსკ-ის 191-ე მუხლიდან გამომდინარე, დევნა უნდა შეეწყვიტა და განესაზღვრა იძულებითი ფსიქიატრიული მკურნალობის ვადა. დაცვის მხარის პოზიციით, ლ. ჩ-ს დაერღვა დასაბუთებული სასამართლო განაჩენის მიღების უფლება და მხარეთა თანასწორობისა და შეჯიბრებითობის პრინციპი, ვინაიდან სააპელაციო სასამართლომ განაჩენი ააგო ბრალდების მხარის მიერ წარდგენილ დასკვნაზე. მაშასადამე, დარღვეულია ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის მოთხოვნები.

7. საკასაციო პალატამ შეისწავლა საკასაციო საჩივარი და მივიდა დასკვნამდე, რომ იგი არ აკმაყოფილებს საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს, რის გამოც არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად, კერძოდ: საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილი ამომწურავად იძლევა იმ საფუძველთა ჩამონათვალს, რომელთა არსებობის შემთხვევაში საკასაციო საჩივარი დასაშვებად ჩაითვლება, ასეთებია:

ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებასა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას;

ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია;

გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება;

დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;

ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე;

ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს;

ზ) კასატორი არასრულწლოვანი მსჯავრდებულია.

8. საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ მოცემულ სისხლის სამართლის საქმეში არ მოიპოვება არც ერთი ზემოაღნიშნული საფუძველი, ვინაიდან წარმოდგენილი საჩივრისა და საქმის შესწავლის შედეგად არ არსებობს გარემოება, რის გამოც მოცემულ საქმეს არსებითი მნიშვნელობა ექნებოდა სამართლის განვითარების ან მსგავს საქმეებზე ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის. საკასაციო საჩივარში დაცვის მხარე აღნიშნავს, რომ სასამართლომ დაუსაბუთებლად მიანიჭა ბრალდების მხარის ექსპერტიზის დასკვნას უპირატესობა, რითაც დაარღვია მხარეთა შეჯიბრებითობის პრინციპი. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებაში აღინიშნა ის ძირითადი მოტივები, რის გამოც ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილ ექსპერტიზას მიანიჭა უპირატესობა და ამავდროულად, გადაწყვეტილებაში მიეთითა, თუ რატომ არ შეეძლო სააპელაციო პალატას დაცვის მხარის ექსპერტიზის დასკვნის გაზიარება.

9. საკასაციო პალატა ვერ დაეთანხმება დაცვის მხარეს ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის დარღვევასთან მიმართებით და აღნიშნავს, რომ სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციასა და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს, რომლის თანახმადაც, ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის 1-ლი ნაწილი, მართალია, მოითხოვს მიღებული გადაწყვეტილების დასაბუთებას, მაგრამ აღნიშნული მოთხოვნა არ შეიძლება გაგებულ იქნეს მხარეების მიერ წამოჭრილ ყოველ არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემის მავალდებულებლად,[1] კერძოდ: ევროპული სასამართლოს პოზიციით, ეროვნულმა სასამართლომ უნდა დაასაბუთოს ის არსებითი სახის გარემოებები, რომელთა გამოყენებითაც მან კონკრეტული გადაწყვეტილება მიიღო.[2] განსახილველ შემთხვევაში, როგორც აღინიშნა, პირველი ინსტანციისა და სააპელაციო სასამართლოებმა დაასაბუთეს (მათ შორის ყურადღება გაამახვილეს საქმის სრული მასალების გაცნობასა და ბრალდებულზე დაკვირვების დროის მოცულობაზე), თუ რატომ მიანიჭეს უპირატესობა ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილ ექსპერტიზის დასკვნას. რაც შეეხება თანასწორობისა და შეჯიბრებითობის პრინციპის დარღვევას, ევროპულმა სასამართლომ მის ერთ-ერთ გადაწყვეტილებაში განმარტა, რომ შეჯიბრებითობის პრინციპი გულისხმობს მხარეთა შესაძლებლობას, იცნობდნენ საქმეს და ყველა მტკიცებულებასთან მიმართებით ჰქონდეთ კომენტარის გაკეთების საშუალება.[3] სხვა საქმეში ევროპულმა სასამართლომ განმარტა, რომ დასახელებული პრინციპი მოიცავს ორივე მხარისათვის მტკიცებულებათა წარდგენის შესაძლებლობის მინიჭებას ისეთ პირობებში, რომ არც ერთ მათგანს არ მიენიჭოს აშკარა უპირატესობა.[4] ამდენად, განსახილველ შემთხვევაში დაცვის მხარეს არ შეზღუდვია როგორც მტკიცებულებათა წარდგენის, ისე საქმესთან დაკავშირებულ ყოველ მნიშვნელოვან დეტალზე საკუთარი მოსაზრების დაფიქსირების საშუალება და მისი პოზიციები აგრეთვე აისახა სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებაში. რაც შეეხება აშკარა უპირატესობის მინიჭებას, საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ სააპელაციო სასამართლომ გადაწყვეტილების მიღების დროს იხელმძღვანელა მხოლოდ და მხოლოდ საქმეში არსებული ყოველი ფაქტობრივი გარემოებისა და მტკიცებულებების ანალიზით.

10. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის მნიშვნელოვანი სამართლებრივი და საპროცესო დარღვევებით განხილვის ფაქტი (რასაც შეეძლო, არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე) წარმოდგენილი სისხლის სამართლის საქმის მასალებიდან არ გამომდინარეობს და ვინაიდან არ იკვეთება საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 და მე-31 ნაწილებით გათვალისწინებული სხვა მოთხოვნებიც, საკასაციო საჩივარი დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი.

11. საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33, მე-4 ნაწილების შესაბამისად, საკასაციო პალატამ

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. მსჯავრდებულ ლ. ჩ-ის ინტერესების დამცველის, ადვოკატ შ. ხ-ის საკასაციო საჩივარი არ იქნეს დაშვებული განსახილველად.

2. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე გ. შავლიაშვილი გ. შავლიაშვილი

მოსამართლეები: ნ. გვენეტაძე ნ. გვენეტაძე

პ. სილაგაძე

[1] იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება საქმეზე „სუომინენი ფინეთის წინააღმდეგ“ (Suominen v. Finland), N37801/97, 01/07/2003, §34.

[2] იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება საქმეზე „გეორგიადისი საბერძნეთის წინააღმდეგ“ (Georgiadis v. Greece), N21522/93, 29/05/1997, §43.

[3] იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება საქმეზე „ბელზიუკი პოლონეთის წინააღმდეგ“ (Belziuk v. Poland), N45/1997/829/1035, 25/03/1998, §37.

[4] იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება საქმეზე „დამბო ბიჰიერი ბ.ვ. ნიდერლანდების წინააღმდეგ“ (Dombo Beheer B.V. v. the Netherlands), N14448/88, 27/10/1993, §33.