განაჩენი შეიცვალა

სისხლის სამართლის 01.09.2017
საქმის ნომერი
2კ-375აპ.-17
დავის ტიპი
საკასაციო საჩივარი
თარიღი
01.09.2017

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე №375აპ-17 თბილისი

ზ-ი ბ, 375აპ-17 1 სექტემბერი, 2017 წელი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს

სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

პაატა სილაგაძე (თავმჯდომარე)

ნინო გვენეტაძე, გიორგი შავლიაშვილი

სხდომის მდივან - კონსტანტინე თოდრიას,პროკურორ - ელისო ტურაშვილის,ადვოკატ - გ. ტ-ს,მსჯავრდებულ - ბ. ზ-ს

მონაწილეობით განიხილა მსჯავრდებულ ბ. ზ-ს ადვოკატ გ. ტ-ს საკასაციო საჩივარი თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2017 წლის 15 მაისის განაჩენზე.

აღწერილობითი ნაწილი:

1. თელავის რაიონული სასამართლოს 2017 წლის 27 მარტის განაჩენით ბ. ზ-ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მე-2 ნაწილით და მიესაჯა 2 წლით თავისუფლების აღკვეთა. მასვე ამავე კოდექსის 43-ე მუხლის საფუძველზე 1 წლით ჩამოერთვა სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება. სისხლის სამართლის კოდექსის 67-ე და 59-ე მუხლების საფუძველზე ბოლო განაჩენით დანიშნულმა სასჯელმა შთანთქა 2014 წლის 6 აგვისტოს განაჩენით დადგენილი სასჯელის მოუხდელი ნაწილი - 2 წლით თავისუფლების აღკვეთა და საბოლოოდ, განაჩენთა ერთობლიობით, ბ. ზ-ს განესაზღვრა 2 წლით თავისუფლების აღკვეთა, რომლის ათვლა დაეწყო განაჩენის გამოტანის დღიდან - 2017 წლის 27 მარტიდან. მასვე სისხლის სამართლის კოდექსის 43-ე მუხლის საფუძველზე 1 წლით ჩამოერთვა სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება.

2. განაჩენის მიხედვით, ბ. ზ-ს მსჯავრი დაედო შემდეგი დანაშაულებრივი ქმედების ჩადენაში:

· ავტომობილის მოძრაობის უსაფრთხოების წესის დარღვევა იმის მიერ, ვინც ამ სატრანსპორტო საშუალებას მართავს, რამაც გამოიწვია ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე დაზიანება, ჩადენილი მთვრალ მდგომარეობაში, რაც გამოიხატა შემდეგში: 2016 წლის 13 მარტს, დაახლოებით 15:00 საათზე, თ-ი-ბ-ე-ლ-ს საავტომობილო გზაზე, ჩ-ნ თ-ს მიმართულებით გადაადგილებისას ბ. ზ-ი „ფოლკსვაგენ გოლფის“ მარკის ავტომობილს მართავდა მთვრალი. ს-ს რაიონის სოფელ ბ-ს მიმდებარე ტერიტორიაზე მოძრაობისას ბ. ზ-ა ვერ უზრუნველყო ავტომანქანის უსაფრთხო მართვა, დაარღვია „საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის 34-ე მუხლის მე-3 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტის მოთხოვნები, კერძოდ: ვერ დაიმორჩილა საჭე და მის წინ იმავე მიმართულებით მოძრავ „მიცუბიში კოლტის“ მარკის ავტომობილს გადასწრებისას შეეჯახა მარცხენა გვერდითა ნაწილში. შეჯახების შემდეგ „მიცუბიში კოლტის“ მარკის ავტომობილი, რომელსაც მართავდა ნ. შ-ი, გადავიდა გზის სავალი ნაწილიდან და შეეჯახა ხეს, რის შედეგადაც „მიცუბიში კოლტის“ მგზავრმა ა. ნ-ა მიიღო ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე დაზიანება.

3. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2017 წლის 15 მაისის განაჩენით თელავის რაიონული სასამართლოს 2017 წლის 27 მარტის განაჩენი დარჩა უცვლელად.

4. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2017 წლის 15 მაისის განაჩენი საკასაციო წესით გაასაჩივრა მსჯავრდებულ ბ. ზ-ს ადვოკატმა გ. ტ-ა, რომელმაც მოითხოვა მსჯავრდებულ ბ. ზ-ს მიმართ არასაპატიმრო სასჯელის გამოყენება.

5. 2017 წლის 17 აგვისტოს საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატას საქმის არსებითი განხილვის გარეშე განაჩენის გამოტანის შუამდგომლობით მომართა კ-ს საოლქო პროკურატურის განყოფილების პროკურორმა ელისო ტურაშვილმა, რომელმაც მოითხოვა მასა და მსჯავრდებულ ბ. ზ-ს შორის 2017 წლის 15 აგვისტოს დადებული საპროცესო შეთანხმების დამტკიცება შემდეგი პირობით: ბ. ზ-ი ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მე-2 ნაწილით და მიესაჯოს 2 წლით თავისუფლების აღკვეთა. მასვე ამავე კოდექსის 43-ე მუხლის საფუძველზე 1 წლით ჩამოერთვას სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება; სისხლის სამართლის კოდექსის 67-ე მუხლის მე-4 ნაწილის შესაბამისად, გაუქმდეს გურჯაანის რაიონული სასამართლოს 2014 წლის 6 აგვისტოს განაჩენით ბ. ზ-ს მიმართ დადგენილი სასჯელი - 2 წლით თავისუფლების აღკვეთა, რაც პირობითად ჰქონდა ჩათვლილი 3 წლის გამოსაცდელი ვადით; სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, ბოლო განაჩენით დანიშნულმა სასჯელმა შთანთქას 2014 წლის 6 აგვისტოს განაჩენით დადგენილი სასჯელის მოუხდელი ნაწილი - 2 (ორი) წლით თავისუფლების აღკვეთა და საბოლოოდ, განაჩენთა ერთობლიობით, ბ. ზ-ს განესაზღვროს 2 (ორი) წლით თავისუფლების აღკვეთა, საიდანაც სისხლის სამართლის კოდექსის 50-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე 1 წელი განესაზღვროს სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მოსახდელად, ხოლო 1 წელი - ამავე კოდექსის 63-64-ე მუხლების თანახმად, ჩაეთვალოს პირობით, იმავე გამოსაცდელი ვადით. მასვე სისხლის სამართლის კოდექსის 43-ე მუხლის საფუძველზე 1 წლით ჩამოერთვას სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება.

6. საქმის არსებითი განხილვის გარეშე განაჩენის გამოტანის შესახებ შუამდგომლობისა და საპროცესო შეთანხმების დადების თაობაზე ოქმის თანახმად, კ-ს საოლქო პროკურატურის განყოფილების პროკურორმა ელისო ტურაშვილმა მხედველობაში მიიღო: ჩადენილი დანაშაულის ხასიათი და სიმძიმე, მსჯავრდებულის პიროვნული მახასიათებლები, ასევე ის გარემოებები, რომ მსჯავრდებულმა ბ. ზ-ა აღიარა და მოინანია ჩადენილი დანაშაულებრივი ქმედება, სადავოდ არ გაუხდია ბრალდების მხარის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები, ითანამშრომლა გამოძიებასთან, ნებაყოფლობით მიმართა პროკურატურას განცხადებით და თანხმობა განაცხადა ბრალის აღიარებით, სასჯელზე შეთანხმებით საპროცესო შეთანხმების გაფორმებაზე, რის შემდეგაც, საჯარო ინტერესის გათვალისწინებით, საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 209-211-ე მუხლების მოთხოვნათა შესაბამისად, 2017 წლის 15 აგვისტოს მასა და მსჯავრდებულ ბ. ზ-ს შორის წერილობით გაფორმდა ოქმი საპროცესო შეთანხმების დადების თაობაზე. საპროცესო შეთანხმება კანონით დადგენილი წესით წინასწარ შეთანხმდა ზემდგომ პროკურორთან.

7. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2017 წლის 31 აგვისტოს განჩინებით მსჯავრდებულ ბ. ზ-ს ადვოკატ გ. ტ-ს საკასაციო საჩივარი დაშვებულ იქნა განსახილველად და დაინიშნა საქმის ზეპირი მოსმენით განხილვა.

8. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2017 წლის პირველი სექტემბრის სასამართლო სხდომაზე საპროცესო შეთანხმების დამტკიცებას მხარი დაუჭირეს პროცესში მონაწილე პროკურორმა ელისო ტურაშვილმა, მსჯავრდებულმა ბ. ზ-ა და მისმა ადვოკატმა გ. ტ-ა.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

1. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შეისწავლა საქმის მასალები, წარმოდგენილი შუამდგომლობა და მიაჩნია, რომ სახელმწიფო ბრალმდებლის - კ-ს საოლქო პროკურატურის განყოფილების პროკურორ ელისო ტურაშვილის შუამდგომლობა უნდა დაკმაყოფილდეს და დამტკიცდეს მასა და მსჯავრდებულ ბ. ზ-ს შორის დადებული საპროცესო შეთანხმება, ხოლო თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2017 წლის 15 მაისის განაჩენში უნდა შევიდეს ცვლილება შემდეგ გარემოებათა გამო:

2. სასამართლომ საქმის მასალების საფუძველზე კანონის მოთხოვნათა დაცვით განიხილა შუამდგომლობის დასაბუთებულობა და აღნიშნავს, რომ საქმეზე წარმოდგენილ მტკიცებულებათა ერთობლიობით: შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმით, სქემითა და ფოტოილუსტრაციებით, მოწმეების - ვ. ნ-ს, ს. ბ-ს, რ. ს-ს, ნ. შ-ს, დაზარალებულ ა. ნ-ა და თავად ბ. ზ-ს ჩვენებებით, დაზარალებულ ა. ნ-ს სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნით, ბ. ზ-ს სისხლის ნიმუშის აღების ოქმით, სისხლის ქიმიურ-ტოქსიკოლოგიური ექსპერტიზის დასკვნით, სატრანსპორტო ტექნიკური და ტრასოლოგიური ექსპერტიზის დასკვნებითა და საქმეში არსებული სხვა მტკიცებულებებით დასტურდება ბ. ზ-ს მიერ მისთვის ბრალად შერაცხული მართლსაწინააღმდეგო ქმედების ჩადენა.

3. საკასაციო პალატა დარწმუნდა, რომ საპროცესო შეთანხმების დადებისას მსჯავრდებულ ბ. ზ-ს მიმართ არ განხორციელებულა ძალადობა, დაშინება, მოტყუება, მუქარა ან რაიმე უკანონო დაპირება; ამასთან, მას არ შეზღუდვია უფლება, მიეღო იურიდიული დახმარება. საკასაციო პალატის სხდომაზე გამოკვლეულ იქნა, რომ მსჯავრდებული სრულად აცნობიერებს საპროცესო შეთანხმებასთან დაკავშირებულ, კანონით გათვალისწინებულ ყველა მოთხოვნას, აღიარებს ბრალს და ეთანხმება პროკურორს სასჯელის ზომაზე. მსჯავრდებული ბ. ზ-ი ასევე აცნობიერებს, რომ სასამართლო უფლებამოსილია, არ მიიღოს მხედველობაში შეთანხმების საფუძველზე პროკურორის მიერ წარმოდგენილი შუამდგომლობა.

4. მსჯავრდებულისთვის ცნობილია საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 212-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ი“ ქვეპუნქტით განსაზღვრული მისი უფლებები; მისთვის ასევე ცნობილია, რომ საპროცესო შეთანხმება მას არ ათავისუფლებს სამოქალაქო პასუხისმგებლობისაგან.

5. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ მოთხოვნილი სასჯელი კანონიერი და სამართლიანია, რის გამოც არსებობს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 213-ე მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილებით განსაზღვრული, შუამდგომლობის დაკმაყოფილების სამართლებრივი და ფაქტობრივი საფუძვლები.

6. ამდენად, კ-ს საოლქო პროკურატურის განყოფილების პროკურორ ელისო ტურაშვილის შუამდგომლობა მასა და მსჯავრდებულ ბ. ზ-ს შორის დადებული საპროცესო შეთანხმების დამტკიცების თაობაზე საფუძვლიანია და უნდა დაკმაყოფილდეს.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 307-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით, 209-215-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. დაკმაყოფილდეს სახელმწიფო ბრალმდებლის - კ-ს საოლქო პროკურატურის განყოფილების პროკურორ ელისო ტურაშვილის შუამდგომლობა.

2. დამტკიცდეს კ-ს საოლქო პროკურატურის განყოფილების პროკურორ ელისო ტურაშვილსა და მსჯავრდებულ ბ. ზ-ს შორის დადებული საპროცესო შეთანხმება.

3. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2017 წლის 15 მაისის განაჩენში შევიდეს შემდეგი ცვლილება:

· ბ. ზ-ი ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მე-2 ნაწილით და მიესაჯოს 2 (ორი) წლით თავისუფლების აღკვეთა, ხოლო 1 (ერთი) წლით ჩამოერთვას სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება;

· საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 67-ე მუხლის მე-4 ნაწილის საფუძველზე გაუქმდეს გურჯაანის რაიონული სასამართლოს 2014 წლის 6 აგვისტოს განაჩენით ბ. ზ-ს მიმართ დადგენილი სასჯელი - 2 (ორი) წლით თავისუფლების აღკვეთა, რაც პირობითად ჰქონდა ჩათვლილი 3 (სამი) წლის გამოსაცდელი ვადით; სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად, ბოლო განაჩენით დანიშნულმა სასჯელმა შთანთქას წინა - გურჯაანის რაიონული სასამართლოს 2014 წლის 6 აგვისტოს განაჩენით დადგენილი სასჯელის მოუხდელი ნაწილი - 2 (ორი) წლით თავისუფლების აღკვეთა და საბოლოოდ ბ. ზ-ს განესაზღვროს 2 (ორი) წლით თავისუფლების აღკვეთა, საიდანაც სისხლის სამართლის კოდექსის 50-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე 1 (ერთი) წელი განესაზღვროს სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მოსახდელად, ხოლო 1 (ერთი) წელი - ამავე კოდექსის 63-64-ე მუხლების თანახმად, ჩაეთვალოს პირობით, 1 (ერთი) წლის გამოსაცდელი ვადით. მასვე 1 (ერთი) წლით ჩამოერთვას სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება;

· ბ. ზ-ს თავისუფლების აღკვეთის სახით დანიშნული სასჯელის ვადის ათვლა დაეწყოს 2017 წლის 27 მარტიდან;

· გამოსაცდელი ვადის პერიოდში მსჯავრდებულ ბ. ზ-ს ყოფაქცევაზე კონტროლი განახორცილოს პრობაციის ბიურომ მისი საცხოვრებელი ადგილის მიხედვით;

· მსჯავრდებულ ბ. ზ-ს დაევალოს, პრობაციის ბიუროს ნებართვის გარეშე არ შეიცვალოს მუდმივი საცხოვრებელი ადგილი.

4. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2017 წლის 15 მაისის განაჩენი დანარჩენ ნაწილში დარჩეს უცვლელად.

5. განაჩენი საბოლოოა და არ საჩივრდება, გარდა კანონით გათვალისწინებული შემთხვევისა.

თავმჯდომარე პ. სილაგაძე

მოსამართლეები: ნ. გვენეტაძე

გ. შავლიაშვილი