დატოვებულია უცვლელად
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე №52აგ-17 თბილისი
ა-ა ვ, 52აგ-17 29 სექტემბერი, 2017 წელი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს
სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
პაატა სილაგაძე (თავმჯდომარე),ნინო გვენეტაძე, გიორგი შავლიაშვილი
ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა მსჯავრდებულ ვ. ა-ს ადვოკატ ზ. ბ-ს საკასაციო საჩივარი ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2017 წლის 24 აპრილის განჩინებაზე.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
1. სენაკის რაიონული სასამართლოს 2012 წლის 21 მარტის განაჩენით ვ. ა-ა დაუსწრებლად იქნა ცნობილი დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“, „ბ“ ქვეპუნქტებით და მიესაჯა 7 წლით თავისუფლების აღკვეთა, რომლის ათვლა უნდა დაეწყოს დაპატიმრების მომენტიდან. მასვე სისხლის სამართლის კოდექსის 42-ე მუხლის საფუძველზე დამატებითი სასჯელის სახით დაეკისრა ჯარიმა - 3500 ლარი.
2. ამავე განაჩენით მსჯავრდებულია კ. კ-ა.
3. „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2012 წლის 28 დეკემბრის კანონის საფუძველზე სენაკის რაიონული სასამართლოს 2013 წლის 10 მაისის განჩინებით მსჯავრდებულ ვ. ა-ს ¼-ით შეუმცირდა ამავე სასამართლოს 2012 წლის 21 მარტის განაჩენით სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“, „ბ“ ქვეპუნქტებით დადგენილი სასჯელი - 7 წლით თავისუფლების აღკვეთა და განესაზღვრა 5 წლითა და 3 თვით თავისუფლების აღკვეთა. სენაკის რაიონული სასამართლოს 2012 წლის 21 მარტის განაჩენი დანარჩენ ნაწილში დარჩა უცვლელად.
4. 2017 წლის 11 აპრილს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატას ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო შუამდგომლობით მიმართა მსჯავრდებულ ვ. ა-ს ადვოკატმა ზ. ბ-მ, რომელმაც მოითხოვა მსჯავრდებულის მიმართ გამოტანილი განაჩენის გადასინჯვა „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2012 წლის 28 დეკემბრის კანონის საფუძველზე და მისი სასჯელისგან სრულად გათავისუფლება.
5. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2017 წლის 24 აპრილის განჩინებით მსჯავრდებულ ვ. ა-ს ადვოკატ ზ. ბ-ს შუამდგომლობა ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო განაჩენის გადასინჯვის შესახებ ცნობილ იქნა დაუშვებლად.
6. აღნიშნული განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა მსჯავრდებულ ვ. ა-ს ადვოკატმა ზ. ბ-მ, რომელმაც მოითხოვა გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2012 წლის 28 დეკემბრის კანონის საფუძველზე მსჯავრდებულის სასჯელისგან გათავისუფლება.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
1. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შეამოწმა საქმის მასალები, გააანალიზა საკასაციო საჩივრის საფუძვლიანობა და დაასკვნა, რომ იგი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
2. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 310-ე მუხლში მითითებულია ის საფუძვლები, თუ რა შემთხვევაშია შესაძლებელი ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო განაჩენის გადასინჯვა, კერძოდ - განაჩენი ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო გადაისინჯება, თუ:
ა) სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული განაჩენით დადგენილია, რომ ყალბია მტკიცებულება, რომელიც საფუძვლად დაედო გადასასინჯ განაჩენს;
ბ) არსებობს გარემოება, რომელიც მოწმობს სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული განაჩენის დამდგენი სასამართლოს უკანონო შემადგენლობას ან იმ მტკიცებულების დაუშვებლობას, რომელიც საფუძვლად დაედო გადასასინჯ განაჩენს;
გ) სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული განაჩენით დადგენილია, რომ მოსამართლემ, პროკურორმა, გამომძიებელმა, ნაფიცმა მსაჯულმა ან ნაფიცი მსაჯულის მიმართ სხვა პირმა ამ საქმესთან დაკავშირებით ჩაიდინა დანაშაული;
დ) არსებობს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება, რომელმაც არაკონსტიტუციურად ცნო ამ საქმეში გამოყენებული სისხლის სამართლის კანონი;
ე) არსებობს ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილება (განჩინება), რომელმაც დაადგინა ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის ევროპული კონვენციის ან მისი ოქმების დარღვევა ამ საქმესთან დაკავშირებით და გადასასინჯი განაჩენი ამ დარღვევას ეფუძნება;
ე1) არსებობს გაერთიანებული ერების ორგანიზაციის ადამიანის უფლებათა კომიტეტის, ქალთა წინააღმდეგ დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრის კომიტეტის, წამების წინააღმდეგ კომიტეტის ან რასობრივი დისკრიმინაციის აღმოფხვრის კომიტეტის გადაწყვეტილება, რომლითაც ამ საქმესთან დაკავშირებით დადგენილ იქნა კომიტეტის დამაარსებელი კონვენციის დარღვევა, და გადასასინჯი განაჩენი ამ დარღვევას ეფუძნება;
ვ) ახალი კანონი აუქმებს ან ამსუბუქებს სისხლისსამართლებრივ პასუხისმგებლობას იმ ქმედებისათვის, რომლის ჩადენისთვისაც პირს გადასასინჯი განაჩენით მსჯავრი დაედო;
ზ) წარმოდგენილია ახალი ფაქტი ან მტკიცებულება, რომელიც გადასასინჯი განაჩენის გამოტანის დროს არ იყო ცნობილი და თავისთავად, თუ სხვა დადგენილ გარემოებასთან ერთად ამტკიცებს მსჯავრდებულის უდანაშაულობას ან მის მიერ იმ დანაშაულზე უფრო მსუბუქი ან უფრო მძიმე დანაშაულის ჩადენას, რომლისთვისაც მას მსჯავრი დაედო, აგრეთვე ამტკიცებს გამართლებულის ბრალეულობას ან დანაშაულის იმ პირის მიერ ჩადენას, რომლის მიმართაც სისხლისსამართლებრივი დევნა შეწყვეტილი იყო;
ზ1) წარდგენილია პროკურორის დადგენილება მსჯავრდებულის მიმართ სისხლის სამართლის საქმის წარმოების პროცესში მისი უფლების არსებითი დარღვევის შესახებ, რომელიც გადასასინჯი განაჩენის გამოტანის დროს ცნობილი არ იყო და თავისთავად ან/და სხვა დადგენილ გარემოებასთან ერთად ამტკიცებს მსჯავრდებულის უდანაშაულობას ან მის მიერ იმ დანაშაულზე უფრო მსუბუქი დანაშაულის ჩადენას, რომლისთვისაც მას მსჯავრი დაედო;
თ) არსებობს სააპელაციო სასამართლოს განჩინება, რომელმაც უკანონოდ ცნო ის ფარული საგამოძიებო მოქმედება, რომლის შედეგად მოპოვებული მტკიცებულება საფუძვლად დაედო განაჩენს.
3. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-20 მუხლის მე-6 ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატა ამავე კოდექსით გათვალისწინებულ შემთხვევებში და დადგენილი წესით იხილავს ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო განაჩენის გადასინჯვის შესახებ საჩივარს საქართველოს საერთო სასამართლოების მიერ გამოტანილ და კანონიერ ძალაში შესულ განაჩენსა და სხვა შემაჯამებელ სასამართლო გადაწყვეტილებაზე.
4. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 292-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენი, რომელიც აპელანტს უკანონოდ ან/და დაუსაბუთებლად მიაჩნია, შეუძლია, გაასაჩივროს სააპელაციო წესით. ამავე კოდექსის მე-20 მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, რაიონული (საქალაქო) სასამართლოს ან მაგისტრატი მოსამართლის განაჩენსა და სხვა შემაჯამებელ სასამართლო გადაწყვეტილებაზე შეტანილ სააპელაციო საჩივარს განიხილავს სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატა. ამავე კოდექსის 293-ე მუხლის პირველი ნაწილის საფუძველზე სააპელაციო საჩივარი შეიტანება განაჩენის გამომტან სასამართლოში მისი გამოცხადებიდან 1 თვის ვადაში, ხოლო 292-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, მსჯავრდებულს, რომლის მიმართაც სასამართლომ გამამტყუნებელი განაჩენი გამოიტანა მის დაუსწრებლად, უფლება აქვს, განაჩენი გაასაჩივროს 1 თვის ვადაში - დაპატიმრებიდან, ან სათანადო ორგანოებში გამოცხადების მომენტიდან, ან პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენის გამოცხადებიდან, თუ მსჯავრდებული ითხოვს სააპელაციო საჩივრის განხილვას მისი მონაწილეობის გარეშე.
5. ამასთან, პალატა აღნიშნავს, რომ, მართალია, განაჩენი სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 279-ე მუხლის შესაბამისად, კანონიერ ძალაში შედის გამოცხადებისთანავე, მაგრამ ამავე კოდექსის მე-20 მუხლის მე-6 ნაწილის მოთხოვნიდან გამომდინარე, ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო გადასინჯვას ექვემდებარება საერთო სასამართლოების მიერ გამოტანილი მხოლოდ ისეთი განაჩენი, რომელიც ერთდროულად არის კანონიერ ძალაში შესულიც და შემაჯამებელიც (საბოლოო - რომელიც აღარ საჩივრდება), ხოლო იმის გათვალისწინებით, რომ სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 292-ე მუხლის მე-3 ნაწილით დადგენილია მსჯავრდებულის მიერ მის დაუსწრებლად მიღებული გამამტყუნებელი განაჩენის სააპელაციო წესით გასაჩივრების შესაძლებლობა, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ თუ საქმეზე მსჯავრდებულის დაუსწრებლად არის გამოტანილი გამამტყუნებელი განაჩენი, რომელიც არ გასაჩივრებულა სააპელაციო წესით და არ ამოწურულა ასეთი სახით გასაჩივრების კანონით განსაზღვრული შესაძლებლობა, საქმეზე სამართალწარმოება დასრულებული არ არის და ასეთი განაჩენი არ წარმოადგენს შემაჯამებელ გადაწყვეტილებას; შესაბამისად, დაუშვებელია ისეთი განაჩენის ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო გადასინჯვა, რომელიც კანონიერ ძალაშია შესული, მაგრამ არ არის შემაჯამებელი (საბოლოო) და შესაძლებელია მისი გასაჩივრება ზემდგომი ინსტანციის სასამართლოში.
6. აქედან გამომდინარე, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ საქმის გარემოებები საქმეში არსებული მასალების ერთობლივი ანალიზის საფუძველზე სამართლებრივად სწორად შეაფასა, ხოლო მსჯავრდებულ ვ. ა-ს ადვოკატ ზ. ბ-ს მიერ მითითებული გარემოებები არ წარმოადგენს საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით გათვალისწინებულ განაჩენის გადასინჯვის ახლად გამოვლენილ გარემოებას, ვინაიდან მოცემულ შემთხვევაში სენაკის რაიონულმა სასამართლომ 2012 წლის 21 მარტის განაჩენი ვ. ა-ს მიმართ გამოიტანა მის დაუსწრებლად, რომელიც სააპელაციო წესით არ გასაჩივრებულა და, შესაბამისად, ამ ეტაპზე საქმეზე სამართალწარმოება დასრულებული არ არის.
7. რაც შეეხება მსჯავრდებულ ვ. ა-ს ადვოკატ ზ. ბ-ს მითითებას მსჯავრდებულის მიმართ „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2012 წლის 28 დეკემბრის კანონის გავრცელების შესახებ, საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ არც აღნიშნული წარმოადგენს საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით გათვალისწინებულ ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო განაჩენის გადასინჯვისთვის შუამდგომლობის დასაშვებად ცნობის საფუძველს. ამასთან, „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2012 წლის 28 დეკემბრის კანონის 23-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, ამ კანონის პირველი - 21-ე მუხლებით გათვალისწინებული ამნისტიის გავრცელების თაობაზე გადაწყვეტილებას საქმის სასამართლო განხილვის სტადიაზე იღებს შესაბამისი სასამართლო, და ვინაიდან, როგორც ზემოთ უკვე აღინიშნა, მოცემულ საქმეზე სამართალწარმოება დასრულებული არ არის, განაჩენის სააპელაციო წესით გასაჩივრების შემთხვევაში, მსჯავრდებულ ვ. ა-ს მიმართ ამნისტიის გავრცელებაზე უფლებამოსილია, იმსჯელოს შესაბამისმა სააპელაციო სასამართლომ საქმის არსებითი განხილვის ეტაპზე.
8. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ მსჯავრდებულ ვ. ა-ს ადვოკატ ზ. ბ-ს საკასაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს, ხოლო სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება მისივე შუამდგომლობის დაუშვებლად ცნობის შესახებ კანონიერი და დასაბუთებულია, რომლის გაუქმების ან შეცვლის სამართლებრივი საფუძველი არ არსებობს, რის გამოც იგი უნდა დარჩეს უცვლელად.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 313-ე მუხლის მე-3 ნაწილით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. მსჯავრდებულ ვ. ა-ს ადვოკატ ზ. ბ-ს საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2017 წლის 24 აპრილის განჩინება მსჯავრდებულ ვ. ა-ს ადვოკატ ზ. ბ-ს შუამდგომლობის დაუშვებლად ცნობის შესახებ დარჩეს უცვლელად;
3. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე პ. სილაგაძე
მოსამართლეები: ნ. გვენეტაძე
გ. შავლიაშვილი