საკასაციო საჩივარი ცნობილია დაუშვებლად

სისხლის სამართლის 16.10.2017
საქმის ნომერი
2კ-285აპ.-17
დავის ტიპი
საკასაციო საჩივარი
თარიღი
16.10.2017

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საკასაციო საჩივრის დასაშვებობის

შემოწმების შესახებ

საქმე №285აპ-17 ქ. თბილისი

ჭ-ი შ, 285აპ-17 16 ოქტომბერი, 2017 წელი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

პაატა სილაგაძე (თავმჯდომარე),ნინო გვენეტაძე, გიორგი შავლიაშვილი

ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2017 წლის 23 მარტის განაჩენზე მსჯავრდებულების - შ. ჭ-ა და კ. მ-ს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და

გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:

1. პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენის სარეზოლუციო ნაწილი:

გურჯაანის რაიონული სასამართლოს 2016 წლის 8 ნოემბრის განაჩენით:

კ. მ-ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 353-ე მუხლის მე-2 ნაწილით და მიესაჯა 5 წლით თავისუფლების აღკვეთა. საქართველოს სსკ-ის 67-ე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად, გაუქმდა თბილისის საქალაქო სასამართლოს 2014 წლის 21 თებერვლის განაჩენით საქართველოს სსკ-ის 117-ე მუხლის 1-ლი ნაწილით დანიშნული პირობითი მსჯავრი.

საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, განაჩენთა ერთობლიობით, ბოლო განაჩენით დანიშნულმა სასჯელმა შთანთქა წინა განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილი - 1 წლით თავისუფლების აღკვეთა და საბოლოოდ კ. მ-ს სასჯელის ზომად განესაზღვრა 5 წლით თავისუფლების აღკვეთა. მას სასჯელის მოხდა დაეწყო 2016 წლის 12 თებერვლიდან.

შ. ჭ-ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 353-ე მუხლის მე-2 ნაწილით და მიესაჯა 5 წლით თავისუფლების აღკვეთა. საქართველოს სსკ-ის 67-ე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად, გაუქმდა გურჯაანის რაიონული სასამართლოს 2014 წლის 25 თებერვლის განაჩენით საქართველოს სსკ-ის 143-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“, „დ“ ქვეპუნქტებით დანიშნული პირობითი მსჯავრი და საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, განაჩენთა ერთობლიობით, ბოლო განაჩენით დანიშნულმა სასჯელმა შთანთქა წინა განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილი - 3 წელი და 9 თვე და შ. ჭ-ს საბოლოოდ სასჯელის ზომად განესაზღვრა 5 წლით თავისუფლების აღკვეთა. მას სასჯელის მოხდა დაეწყო 2016 წლის 12 თებერვლიდან.

განაჩენით მსჯავრდებულების - შ. ჭ-ა და კ. მ-ს მიერ ჩადენილი დანაშაული გამოიხატა შემდეგში: 2016 წლის 12 თებერვალს, დაახლოებით 01:50 საათზე, შ. ჭ-ა და კ. მ-ა ჯგუფურად ქ. გ-ი, ა-ს ქუჩაზე, შს გურჯაანის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებს - ლ. ა-ს, ზ. ს-ა და ნ. შ-ს, ადმინისტრაციული საქმის წარმოების პროცესში პოლიციის მუშაკების საქმიანობის შეწყვეტის მიზნით, ძალადობით გაუწიეს წინააღმდეგობა, მიაყენეს ფიზიკური შეურაცხყოფა და ჩამოახიეს სამსახურებრივი უნიფორმა.

2. აპელანტის მოთხოვნა:

აღნიშნული განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრეს გურჯაანის რაიონული პროკურატურის პროკურორმა თინათინ ზუბიაშვილმა, მსჯავრდებულებმა - შ. ჭ-ა, კ. მ-ა და მათმა ინტერესების დამცველმა ადვოკატმა.

პროკურორი სააპელაციო საჩივრით ითხოვდა განაჩენში ცვლილების შეტანასა და მსჯავრდებულების მიმართ უფრო მკაცრი სასჯელების განსაზღვრას, ხოლო დაცვის მხარე - განაჩენის გაუქმებასა და გამამართლებელი განაჩენის დადგენას.

3. გასაჩივრებული განაჩენის სარეზოლუციო ნაწილი:

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2017 წლის 23 მარტის განაჩენით გურჯაანის რაიონული სასამართლოს 2016 წლის 8 ნოემბრის განაჩენი დარჩა უცვლელად.

4. გასაჩივრებული განაჩენის ფაქტობრივი და სამართლებრივი დასაბუთება:

სააპელაციო პალატამ აღნიშნა, რომ საქმეში არსებული მტკიცებულებების საფუძველზე არ გააჩნია საფუძველი, საეჭვოდ მიიჩნიოს 1-ლი ინსტანციის სასამართლო სხდომაზე დაკითხული ბრალდების მხარის მოწმეებისა და დაზარალებულების თანმიმდევრული და სარწმუნო ჩვენებები და საგამოძიებო მოქმედების ოქმები, რომელთა თანახმად დგინდება, რომ შ. ჭ-ა და კ. მ-ა პოლიციის მუშაკებს გაუწიეს წინააღმდეგობა საზოგადოებრივი წესრიგის დაცვისათვის ხელის შეშლის, მისი საქმიანობის შეწყვეტის ან შეცვლის მიზნით, ჩადენილი ძალადობით, ჯგუფურად, კერძოდ:

დაზარალებულ ლ. ა-ს ჩვენებით დადასტურდა, რომ 2016 წლის 12 თებერვალს შ. ჭ-ა და კ. მ-ა ადმინისტრაციული საქმის წარმოების პროცესში მიაყენეს სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა. ხელ-ფეხის ქნევის გარდა, აგინებდნენ და ჯაჯგურის შედეგად დაახიეს ფორმის მაისური. ნ. შ-ს განმარტებით, კ. მ-ი არ დაემორჩილა მითითებას და გააგრძელა შეურაცხყოფის მიყენება. ამ დროს შ. ჭ-ც დაიწყო სიტყვიერი შეურაცხყოფის მიყენება, პოლიციელებს არ მისცა კ. მ-ს დაკავების საშუალება. ჩხუბის დროს მას ხელი დაარტყეს, რის შედეგადაც მიიღო ხელის და ორივე მხრის დაზიანება, ასევე დაუხიეს სამსახურებრივი მაისური. დაზარალებულმა ზ. ს-ა დაადასტურა, რომ მას შემდეგ, რაც მიიღეს კ. მ-ს ადმინისტრაციული წესით დაკავების გადაწყვეტილება, სიტყვიერი შეურცხყოფიდან დაიწყო ფიზიკური შეურაცხყოფა, პირველად თავში გაარტყა ხელი, ასევე არაერთხელ დაარტყა კისრისა და ხელის არეში. შ. ჭ-ა, როგორც კი დაინახა, რომ კ. მ-ს აკავებდნენ, მაშინვე ჩაერია და არც გაჩერებულა. მოწმე ა. შ-ს ჩვენებით, მას შემდეგ, რაც ზ. ს-ა დახმარება ითხოვა გ-ი, ა-ს ქუჩაზე, ადგილზე მისვლისას, ვინაიდან ქუჩა იყო განათებული და ასევე ჩართული ჰქონდათ გარე განათების ფარები, კარგად დაინახეს ორი პირი კ. მ-ი და შ. ჭ-ი, რომლებიც პოლიციის თანამშრომლებს ეჩხუბებოდნენ და ხელ-ფეხს იქნევდნენ. ადგილზე იმყოფებოდნენ ზ. ს-ი, ლ. ა-ი და ნ. შ-ი. ვიზუალურად ნ-ს და ზ-ს აღენიშნებოდათ დაზიანებები ხელის და კისრის არეში, ასევე, სამივეს დახეული ჰქონდა პოლიციის ფორმა. მოწმე ი. მ-ს ჩვენებით დადგინდა, რომ ადგილზე მისულებს დახვდათ ლ. ა-ი, ნ. შ-ი, ზ. ს-ი და ორი პირი, იყო არეულობა. როგორც ახსოვს, ერთი მსჯავრდებული უკვე დაკავებული იყო და მანქანაში ჰყავდათ მოთავსებული, ხოლო მეორე მალევე დააკავეს და ორივე პოლიციაში გადაიყვანეს. ლ-ს და ზ-ს კისრის არეში ჰქონდათ ხელი დარტყმული და მაისურები - შესაკრავის ქვემოთ დახეული. მოწმე რ. ქ-ს განმარტებით, ა-ს ქუჩაზე, სანამ მანქანა გააჩერეს, ხედავდნენ ჭ-ი და მ-ი პოლიციელებს როგორ უყვიროდნენ, ლანძღავდნენ, აგინებდნენ და ფიზიკურად ეხებოდნენ. სამმართველოს შენობაში განათების შუქზე შენიშნა, რომ ს-ა და შ-ს ნაკაწრები და ნაიარევები ჰქონდათ, აფციაურს ჰქონდა თუ არა დაზიანება, არ ახსოვს. სამმართველოში ჭ-ა მიაყენა შეურაცხყოფა, კ. მ-ს ხმა არ ამოუღია.

სააპელაციო პალატა სრულად დაეთანხმა გურჯაანის რაიონული სასამართლოს მსჯელობას და არ გაიზიარა დაცვის მხარის პოზიცი მსჯავრდებულების - შ. ჭ-ა და კ. მ-ს უდანაშაულობის შესახებ და მათ შეფასებებს მომხდარ ქმედებებთან დაკავშირებით, რომლითაც ისინი ცდილობენ თავიდან აიცილონ პასუხისმგებლობის ტვირთი. მათი პოზიციები ეწინააღმდეგება რეალურად განვითარებულ მოვლენებს და პირველი ინსტანციის სასამართლო სხდომაზე გამოკვლეულ მტკიცებულებებს, რომელთა საფუძველზე პალატას გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით მიაჩნია, რომ 2016 წლის 12 თებერვალს, დაახლოებით 01:50 საათზე, შ. ჭ-ა და კ. მ-ა ჯგუფურად ქ.გ-ი, ა-ს ქუჩაზე, შს გურჯაანის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებს - ლ. ა-ს, ზ. ს-ა და ნ. შ-ს, ადმინისტრაციული საქმის წარმოების პროცესში პოლიციის მუშაკების საქმიანობის შეწყვეტის მიზნით, ძალადობით გაუწიეს წინააღმდეგობა, მიაყენეს ფიზიკური შეურაცხყოფა და ჩამოახიეს სამსახურებრივი უნიფორმა.

სააპელაციო პალატამ აღნიშნა, რომ საქართველოს კონსტიტუციის თანახმად, არავინაა ვალდებული, ამტკიცოს თავისი უდანაშაულობა, მტკიცების ტვირთი სახელმწიფო ბრალდების მოვალეობაა. მოცემულ შემთხვევაშიც მსჯავრდებული არ არის ვალდებული, ამტკიცოს თავისი უდანაშაულობა, თუმცა მათ მიერ განვითარებული ვერსია უდანაშაულობის შესახებ და აღნიშნულის დაუდასტურებლობა სხვა მტკიცებულებებით, დაუსაბუთებელი, ზეპირი ვარაუდები, ვერ გახდება მათი გამართლების საფუძველი მაშინ, როდესაც ბრალდების მხარის მიერ წარდგენილია იმ მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც ადასტურებს შ. ჭ-ა და კ. მ-ს მიმართ შერაცხულ ბრალდებებს.

სააპელაციო პალატამ განმარტა, რომ საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-9 მუხლის თანახმად, სისხლისსამართლებრივი დევნის დაწყებისთანავე სისხლის სამართლის პროცესი ხორციელდება მხარეთა თანასწორობისა და შეჯიბრებითობის საფუძველზე. მხარეს უფლება აქვს, ამ კოდექსით დადგენილი წესით დააყენოს შუამდგომლობა, მოიპოვოს, სასამართლოს მეშვეობით გამოითხოვოს, წარადგინოს და გამოიკვლიოს ყველა შესაბამისი მტკიცებულება. ამავე კოდექსის მე–14 მუხლის შესაბამისად, მხარეს უფლება აქვს, სასამართლოში მოითხოვოს მოწმის უშუალოდ დაკითხვა და წარადგინოს საკუთარი მტკიცებულება, ხოლო 25-ე მუხლის მე–2 ნაწილის მიხედვით, მტკიცებულებათა მოპოვება და წარდგენა მხარეების კომპეტენციაა. მოცემულ შემთხვევაში დაცვის მხარემ სასამართლოს ვერ წარმოუდგინა რაიმე სახის მტკიცებულება, რაც არათუ უარყოფდა მსჯავრდებულის მიერ დანაშაულებრივი ქმედების ჩადენას, არამედ ეჭვს მაინც შექმნიდა ბრალდების მხარის მიერ მოპოვებული მტკიცებულებების სანდოობისა და უტყუარობის მიმართ, რაც საბოლოოდ მსჯავრდებულის სასარგებლოდ იქნებოდა გადაწყვეტილი.

საქმეზე დაკითხული პოლიციელების ჩვენებათა სანდოობასთან დაკავშირებით სააპელაციო პალატამ აღნიშნა, რომ საქმეზე მოწმის სახით დაიკითხება პირი, რომლისთვისაც ცნობილია კონკრეტული გარემოება. სამართალწარმოების პროცესში განსაკუთრებულ ყურადღებას იმსახურებენ თვითმხილველი მოწმეები, რომელთა ჩვენებები მომეტებული ინფორმაციულობით გამოირჩევა და წარმოადგენს უმნიშვნელოვანეს წყაროს. პოლიციის თანამშრომლები უმეტეს შემთხვევაში წარმოადგენენ ფაქტის უშუალოდ შემსწრე პირებს და ახასიათებთ მიზანმიმართული ყურადღება, რაც პროფესიული საქმიანობის შინაარსით, თავისი საზოგადოებრივი და მოქალაქეობრივი ვალის გაცნობიერებით არის განპირობებული. ამასთან, პროფესიულ საქმიანობას ისინი ასრულებენ გარკვეულ გარემოებებზე, მოქმედებებზე, ობიექტებზე, ადამიანებზე გაცნობიერებულად მიზანმიმართული ყურადღების მეშვეობით და ასეთი თვითმხილველის აღქმის მაღალი ხარისხი, ჩვენების სისრულე დაკავშირებულია აღსაქმელი სიტუაციის ან მოვლენის ზოგად ცოდნას და ადეკვატურ შეფასებასთან. პოლიციელის ჩვენება ხშირ შემთხვევაში დანაშაულის ჩადენის ფაქტის ხილვით, თანდასწრებით არის წარმოდგენილი და, შესაბამისად, მტკიცებულების ეს წყაროც არის შეუცვლელი. სხვა მოწმეებისაგან განსხვავებით, სამართალდამცავი ორგანოს მუშაკის ჩვენებას, რომელიც უშუალოდ შეესწრო უკანონო ქმედებას და მის აღსაკვეთად განახორციელა კანონით გათვალისწინებული ღონისძიებები, ყოველთვის აქვს უშუალო კავშირი საქმესთან, შეიცავს სასამართლოს მიერ შესაფასებელი ფაქტების შესახებ ინფორმაციას, პასუხობს მტკიცებულების დასაშვებობის მოთხოვნას, გააჩნია სანდოობის მაღალი ნიშანი, რასაც მნიშვნელობა აქვს მოსამართლის შინაგანი რწმენის ფორმირებისათვის. სააპელაციო პალატამ მიუთითა, რომ მოცემულ საქმეზე პოლიციის თანამშრომლების ჩვენებებში, რომლებიც უშუალოდ შეესწრნენ მსჯავრდებულების უკანონო ქმედებას, ეჭვის შეტანის საფუძველი არ არსებობს და დაცვის მხარის არგუმენტაცია მათი ჩვენების არასანდოდ მიჩნევასთან დაკავშირებით ყოვლად უსაფუძვლოა.

სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ საქმეში არ არსებობს რაიმე დამადასტურებელი მტკიცებულება, რომელიც მიუთითებს, რომ ბრალდების მოწმე პოლიციის თანამშრომლები არიან დაინტერესებული პირები. აღნიშნულზე ვერც თავად მსჯავრდებულები მიუთითებენ. ხოლო ის ფაქტი, რომ შემთხვევამდე რამდენიმე დღით ადრე შ. ჭ-ს სახლში მისულები იყვნენ პოლიციის თანამშრომლები, არ წარმოადგენს აღნიშნული ჩვენებების გაუზიარებლობის, ან მის სანდოობაში ეჭვის შეტანის საფუძველს, მით უმეტეს, ამის საწინააღმდეგო და დამაჯერებელი არგუმენტაცია დაცვის მხარეს არ წარმოუდგენია.

სააპელაციო პალატამ ასევე მიიჩნია, რომ მსჯავრდებულთა სასჯელები შეესაბამება მათ პიროვნებას და ჩადენილი დანაშაულის სიმძიმეს.

5. კასატორის მოთხოვნა:

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2017 წლის 23 მარტის განაჩენი გაასაჩივრეს მსჯავრდებულებმა - შ. ჭ-ა და კ. მ-ა, რომლებიც საკასაციო საჩივრით ითხოვენ განაჩენის გაუქმებასა და გამართლებას. კასატორების მოსაზრებით, საქმეში არ არსებობს ერთმანეთთან შეთანხმებულ უტყუარ მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც საფუძვლად დაედებოდა გამამტყუნებელი განაჩენის გაუქმებას.

6. საკასაციო პალატამ შეისწავლა საკასაციო საჩივარი და მივიდა დასკვნამდე, რომ იგი არ აკმაყოფილებს საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს, რის გამოც არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად, კერძოდ: საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილი ამომწურავად იძლევა იმ საფუძველთა ჩამონათვალს, რომელთა არსებობის შემთხვევაში საკასაციო საჩივარი დასაშვებად ჩაითვლება, ასეთებია:

ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებასა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას;

ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია;

გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება;

დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;

ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე;

ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს;

ზ) კასატორი არასრულწლოვანი მსჯავრდებულია.

7. საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ მოცემულ სისხლის სამართლის საქმეში არ მოიპოვება არც ერთი ზემოაღნიშნული საფუძველი, ვინაიდან წარმოდგენილი საჩივრისა და საქმის შესწავლის შედეგად არ არსებობს გარემოება, რის გამოც მოცემულ საქმეს არსებითი მნიშვნელობა ექნებოდა სამართლის განვითარების ან მსგავს საქმეებზე ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის. საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებები (მათ შორის - ზ. ს-ს, ნ. შ-ს, ლ. ა-ს პატაკები, ალკოტესტის შემოწმების შედეგები, სამსახურებრივი მაისურების დათვალიერების ოქმები, ამოღებული მაისურები, ექსპერტიზის დასკვნები) გონივრულ ეჭვს მიღმა მტკიცებულებითი სტანდარტით ადასტურებს შ. ჭ-ა და კ. მ-ს ბრალეულობას. ამდენად, სააპელაციო სასამართლომ საქმეში არსებული ფაქტობრივი გარემოებები და წარმოდგენილი მტკიცებულებები სრულყოფილად და ობიექტურად შეაფასა.

8. ყოველივე აღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის მნიშვნელოვანი სამართლებრივი და საპროცესო დარღვევებით განხილვის ფაქტი (რასაც შეეძლო, არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე) წარმოდგენილი სისხლის სამართლის საქმის მასალებიდან არ გამომდინარეობს და ვინაიდან არ იკვეთება საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 და მე-31 ნაწილებით გათვალისწინებული სხვა მოთხოვნებიც, საკასაციო საჩივარი დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი.

9. საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33, მე-4 ნაწილების შესაბამისად, საკასაციო პალატამ

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. მსჯავრდებულების - შ. ჭ-ა და კ. მ-ს საკასაციო საჩივარი არ იქნეს დაშვებული განსახილველად.

2. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე პ. სილაგაძე

მოსამართლეები: ნ. გვენეტაძე

გ. შავლიაშვილი