დატოვებულია უცვლელად

სისხლის სამართლის 02.10.2017
საქმის ნომერი
2კ-362აპ.-17
დავის ტიპი
საკასაციო საჩივარი
თარიღი
02.10.2017

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

№362აპ-17 თბილისი

ბ-ი ლ, 362აპ-17 2 ოქტომბერი, 2017 წელი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს

სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

პაატა სილაგაძე (თავმჯდომარე),ბესარიონ ალავიძე, გიორგი შავლიაშვილი

სხდომის მდივან – კონსტანტინე თოდრიას

პროკურორ – ლევან ჟორჟოლაძის

ადვოკატ – ს. ფ-ს

მსჯავრდებულის – ლ. ბ-ს

კანონიერი წარმომადგენლების – ვ. ჩ-ს, მ. ხ-ს

მონაწილეობით განიხილა მსჯავრდებულ ლ. ბ-ს ინტერესების დამცველის, ადვოკატ ს. ფ-ს საკასაციო საჩივარი თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2017 წლის 3 მაისის განაჩენზე.

აღწერილობითი ნაწილი:

1. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 28 თებერვლის განაჩენით ლ. ბ-ი, ნასამართლევი, - ცნობილ იქნა დამნაშავედ და მიესაჯა:

საქართველოს სსკ–ის 178–ე მუხლის მე–2 ნაწილის „ა“ და ამავე მუხლის მე–4 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტებით - 7 წლით თავისუფლების აღკვეთა, რაც არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსის 73–ე მუხლის მე–3 ნაწილის საფუძველზე შეუმცირდა ერთი მეოთხედით და სასჯელად განესაზღვრა 5 წლითა და 3 თვით თავისუფლების აღკვეთა.

საქართველოს სსკ–ის 178–ე მუხლის მე–2 ნაწილის „ბ“, ამავე მუხლის მე–3 ნაწილის „ა“ და მე–4 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტებით - 7 წლით თავისუფლების აღკვეთა, რაც არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსის 73–ე მუხლის მე–3 ნაწილის საფუძველზე შეუმცირდა ერთი მეოთხედით და სასჯელად განესაზღვრა 5 წლითა და 3 თვით თავისუფლების აღკვეთა.

საქართველოს სსკ–ის 59–ე მუხლის მე–3 ნაწილის საფუძველზე დანიშნული თანაბარი სასჯელებიდან საქართველოს სსკ–ის 178–ე მუხლის მე–2 ნაწილის „ბ“, ამავე მუხლის მე–3 ნაწილის „ა“ და მე–4 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის დანიშნულმა სასჯელმა შთანთქა საქართველოს სსკ–ის 178–ე მუხლის მე–2 ნაწილის „ა“, ამავე მუხლის მე–4 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტებით დანიშნული სასჯელი და ლ. ბ-ს დანაშაულთა ერთობლიობით სასჯელად განესაზღვრა 5 წლითა და 3 თვით თავისუფლების აღკვეთა.

საქართველოს სსკ–ის 59–ე მუხლის მე–4 ნაწილის საფუძველზე ახალი განაჩენით დანიშნულმა სასჯელმა შთანთქა წინა – თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2016 წლის 6 ოქტომბრის განაჩენით დანიშნული სასჯელი - 4 წელი, 3 თვე, 7 დღე და საბოლოოდ, განაჩენთა ერთობლიობით ლ. ბ-ს სასჯელად განესაზღვრა 5 წლითა და 3 თვით თავისუფლების აღკვეთა.

ლ. ბ-ს სასჯელის მოხდის ვადაში ჩაეთვალა დაკავებაში ყოფნის დრო - 2016 წლის 22 სექტემბრიდან იმავე წლის 28 სექტემბრამდე; პატიმრობაში ყოფნის პერიოდი - 2016 წლის 28 სექტემბრიდან იმავე წლის 6 ოქტომბრამდე; თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2016 წლის 6 ოქტომბრის განაჩენით დანიშნული სასჯელის მოხდილი ნაწილი - 2016 წლის 6 ოქტომბრიდან 2017 წლის 28 თებერვლამდე.

ლ. ბ-ს სასჯელის მოხდის ათვლა დაეწყო - 2017 წლის 28 თებერვლიდან.

ნივთმტკიცებები:

- ლ. ბ-ნ ამოღებული ი. მ-ს პირადობის მოწმობა № , დალუქული ერთ პაკეტად 27/10/5 ლუქით, რომელიც ერთვის საქმეს, უნდა განადგურდეს საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ;

- კ. კ-ნ ამოღებული „აიფონ 4ს“ ფირმის მობილური ტელეფონის ყუთი, დალუქული ერთ პაკეტად 27/10/5 ლუქით, რომელიც ინახება შსს გლდანი–ნაძალადევის სამმართველოს პოლიციის მე–3 განყოფილებაში, უნდა დაუბრუნდეს კანონიერ მფლობელს, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ;

- კ. ბ-ნ ამოღებული „აიფონ 4ს“ ფირმის მობილური ტელეფონი, დალუქული ერთ პაკეტად FCD 699654 ლუქით, რომელიც ინახება შსს გლდანი–ნაძალადევის სამმართველოს პოლიციის მე–3 განყოფილებაში, უნდა დაუბრუნდეს კანონიერ მფლობელს, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ;

- საგამოძიებო ექსპერიმენტის მიმდინარეობის ამსახველი ფოტოსურათების ელექტრონული დისკები, 2 პაკეტი, დალუქული 27/10/5 ლუქით, რომელიც ერთვის საქმეს, შენახულ უნდა იქნეს საქმის შენახვის ვადით;

- გრაფიკული ექსპერტიზის მასალების სპეც. პაკეტი №..., რომელიც ერთვის საქმეს, შენახულ უნდა იქნეს საქმის შენახვის ვადით;

- საგამოძიებო ექსპერიმენტის ფოტოები კომპიუტერულ დისკზე, 1 პაკეტი, დალუქული 27/10/3 ლუქით, რომელიც ერთვის საქმეს, შენახულ უნდა იქნეს საქმის შენახვის ვადით;

- შპს „გ-ნ“ გამოთხოვილი ვიდეოჩანაწერი კომპიუტერულ დისკზე, 1 პაკეტი, დალუქული 27/10/3 ლუქით, რომელიც ერთვის საქმეს, შენახულ უნდა იქნეს საქმის შენახვის ვადი.

2. განაჩენით ლ. ბ-ს მსჯავრი დაედო ძარცვაში, ე.ი. სხვისი მოძრავი ნივთის აშკარა დაუფლებაში მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია, იმის მიერ, ვინც ორჯერ იყო ნასამართლევი სხვისი ნივთის მართლსაწინააღმდეგოდ მისაკუთრებისათვის (2016 წლის 17 სექტემბრის ეპიზოდი).

მანვე ჩაიდინა ძარცვა, ე.ი. სხვისი მოძრავი ნივთის აშკარა დაუფლება მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, საცავში უკანონო შეღწევით, ჩადენილი წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ და იმის მიერ, ვინც ორჯერ იყო ნასამართლევი სხვისი ნივთის მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრებისათვის (2016 წლის 21 სექტემბრის ეპიზოდი).

ლ. ბ-ს მიერ ჩადენილი ქმედებები გამოიხატა შემდეგში:

· თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2014 წლის 13 ოქტომბრის განაჩენით ლ. ბ-ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ–ის 177–ე მუხლის მე–2 ნაწილის „ბ“ და ამავე მუხლის მე–3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა 4 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა, რაც სსკ–ის 88–ე მუხლის მე–3 ნაწილის თანახმად, შეუმცირდა ერთი მესამედით და განესაზღვრა 3 წლით თავისუფლების აღკვეთა, რაც სსკ–ის 63–64–ე მუხლების საფუძველზე ჩაეთვალა პირობითად და გამოსაცდელ ვადად დაუდგინდა 3 წელი.

· თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2015 წლის 17 თებერვლის განაჩენით ლ. ბ-ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ–ის 177–ე მუხლის მე–2 ნაწილის „ა“, „ბ“, ამავე მუხლის მე–3 ნაწილის „ა“, „ბ“ ქვეპუნქტებით და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა 4 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა, რაც საქართველოს სსკ–ის 88–ე მუხლის მე–3 ნაწილის თანახმად, შეუმცირდა ერთი მესამედით და განესაზღვრა 3 წლით თავისუფლების აღკვეთა, საიდანაც ერთი წელი განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთის სახით, ხოლო 2 წელი ჩაეთვალა პირობითად. მასვე დამატებითი სასჯელის სახით დაეკისრა ჯარიმა - 1000 ლარი; აღნიშნულ სასჯელს ნაწილობრივ დაემატა წინა – თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2014 წლის 13 ოქტომბრის განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილი - 2 წელი, რაც ჩაეთვალა პირობითად და საბოლოოდ ლ. ბ-ს განესაზღვრა 5 წლით თავისუფლების აღკვეთა, საიდანაც ერთი წელი განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთის სახით, 4 წელი კი ჩაეთვალა პირობითად, იმავე გამოსაცდელი ვადით;

· ლ. ბ-ა 2016 წლის 17 სექტემბერს, დაახლოებით 17.00 საათზე, თ-ი, მ-ს მე–.. მიკრორაიონში მდებარე სკვერში ყოფნისას, მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, კ. კ-ს ხელიდან აშკარად გასტაცა „აიფონ 4ს“ ფირმის მობილური ტელეფონი, რომელიც იმავე დღეს ა. მ-ს სახელზე გაცემული პირადობის დამადასტურებელი მოწმობის გამოყენებით ჩააბარა თ-ი ხ-ს ქუჩის №..–ში მდებარე ლომბარდში, რითაც დაზარალებულ კ. კ-ს მიადგა - 500 ლარის მნიშვნელოვანი ზიანი.

· ლ. ბ-ა 2016 წლის 21 სექტემბერს, დილით, დაახლოებით 08.00 საათზე, თანამზრახველ პირთან ერთად განიზრახა, მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, დაუფლებოდა თ-ი, გ-ს მე–.. მიკრორაიონის მე–.. კორპუსის მიმდებარედ განთავსებულ პურის საცხობში შენახულ, რ. გ-ს კუთვნილ თანხას. ლ. ბ-ი და მისი თანამზრახველი შევიდნენ პურის საცხობში, სადაც ასევე იმყოფებოდა რ. გ-ც და იქვე შენახული გასაღების გამოყენებით გახსნეს ფულის შესანახი უჯრა, რაც შეამჩნია რ. გ-ა, თუმცა ამის მიუხედავად, ლ. ბ-ი და მისი თანამზრახველი აშკარად დაეუფლნენ 100 ლარს და გაიქცნენ აბაშიძის ქუჩის მიმართულებით, რითაც დაზარალებულ რ. გ-ს მიაყენეს - 100 ლარის ქონებრივი ზიანი.

3. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 28 თებერვლის განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა მსჯავრდებულ ლ. ბ-ს ადვოკატმა ს. ფ-მ, რომელმაც სააპელაციო საჩივრით ითხოვა თბილისის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 28 თებერვლის განაჩენის სასჯელის ნაწილში ცვლილების შეტანა და მსჯავრდებულისათვის შეფარდებული სასჯელის შემსუბუქება.

4. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2017 წლის 3 მაისის განაჩენით თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 28 თებერვლის განაჩენი დარჩა უცვლელად.

5. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2017 წლის 3 მაისის განაჩენი საკასაციო წესით გაასაჩივრა მსჯავრდებულ ლ. ბ-ს ინტერესების დამცველმა, ადვოკატმა ს. ფ-მ. კასატორი საკასაციო საჩივრით ითხოვს გასაჩივრებულ განაჩენში ცვლილების შეტანას, კერძოდ, მსჯავრდებულისათვის განსაზღვრული სასჯელის შემსუბუქებას შემდეგი საფუძვლებით: მიუხედავად იმისა, რომ პირველი და სააპელაციო ინსტანციის სასამართლოებმა გაითვალისწინეს ლ. ბ-ს პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოებები, მისთვის შეფარდებული სასჯელი არის ზედმეტად მკაცრი და შეუსაბამო „ბავშვთა უფლებების კონვენციის“ მე-3 მუხლთან, რომელიც სახელმწიფოს ავალდებულებს, რომ არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების აღსრულების პროცესში ნებისმიერი გადაწყვეტილება უნდა ითვალისწინებდეს ბავშვის ჭეშმარიტ და საუკეთესო ინტერესს; სასამართლომ ასევე არ გაითვალისწინა „ბავშვთა უფლებების კონვენციის“ მე-40 მუხლი, რომლის თანახმად, მკაცრი სადამსჯელო მიდგომა არ შეესაბამება არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების ძირითად პრინციპებს; გარდა ამისა, მსჯავრდებული ხასიათდება დადებითად, ინდივიდუალური ანგარიშის მიხედვით, აცნობიერებს ჩადენილი დანაშაულის მიზეზებს, აფასებს დაწესებულებაში მოხვედრის დადებით და უარყოფით მხარეებს, დაწესებულებაში სარგებლობს ბიბლიოთეკით, აქტიურად არის ჩართული სხვადასხვა ლიტერატურულ და სპორტულ აქტივობებში.

6. საკასაციო პალატის სხდომაზე მსჯავრდებულმა ლ. ბ-ა და მისმა ინტერესების დამცველმა, ადვოკატმა ს. ფ-მ მხარი დაუჭირეს საკასაციო საჩივარს და მოითხოვეს მისი დაკმაყოფილება.

7. საკასაციო პალატის სხდომაზე პროკურორმა მოითხოვა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2017 წლის 3 მაისის განაჩენის უცვლელად დატოვება.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

1. საკასაციო პალატამ შეისწავლა საქმის მასალები, შეამოწმა საკასაციო საჩივრის საფუძვლიანობა და დაასკვნა, რომ მსჯავრდებულ ლ. ბ-ა და მისი ინტერესების დამცველის, ადვოკატ ს. ფ-ს საკასაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს, ხოლო გასაჩივრებული განაჩენი უნდა დარჩეს უცვლელად, შემდეგ გარემოებათა გამო:

2. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ წარმოდგენილია საკმარისი და უტყუარი მტკიცებულებები, რომლებითაც გონივრულ ეჭვს მიღმა დასტურდება, რომ მსჯავრდებულმა ლ. ბ-ა ნამდვილად ჩაიდინა გასაჩივრებული განაჩენით მისთვის ბრალად შერაცხული ქმედებები, რასაც არც თავად დაცვის მხარე ხდის სადავოდ.

3. საკასაციო პალატა არ იზიარებს დაცვის მხარის პოზიციას, რომ ლ. ბ-ს შეფარდებული სასჯელი არის ზედმეტად მკაცრი და არ შეესაბამება „ბავშვთა უფლებების კონვენციის“ მე-3 და მე-40 მუხლების მოთხოვნებს, შემდეგ გარემოებათა გამო:

4. „ბავშვთა უფლებების კონვენციის“ 37-ე მუხლის (ბ) პუნქტის მიხედვით, ბავშვისათვის თავისუფლების აღკვეთა და მისი დაპატიმრება შეიძლება განხორციელდეს მხოლოდ კანონის თანახმად და მხოლოდ უკიდურესი ზომის სახით, რაც შეიძლება შესაფერისი, ნაკლები პერიოდით. „გაეროს სტანდარტული მინიმალური წესები არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების განხორციელების შესახებ“ („პეკინის წესები“) 17.1 - „ბ“, „გ“ წესების თანახმად, არასრულწლოვნის პირადი თავისუფლების შეზღუდვა შეიძლება გამოყენებულ იქნეს მხოლოდ დაწვრილებით განხილვის შედეგად და უნდა შემოიფარგლოს შესაძლო მინიმუმით. პირადი თავისუფლების შეზღუდვა არ გამოიყენება, თუ არასრულწლოვანს არ ასამართლებენ სერიოზული ქმედების - სხვა პირის მიმართ ძალადობის ან სხვა სერიოზული სამართალდარღვევების არაერთჯერადი ჩადენისათვის და თუ არ არსებობს სხვა შესაბამისი ზემოქმედების ღონისძიება.

5. განსახილველ საქმეში ლ. ბ-ს ბრალი შერაცხული აქვს განსაკუთრებით მძიმე დანაშაულისათვის, ხოლო წარსულში იგი ორჯერაა ნასამართლევი მძიმე დანაშაულების ჩადენისათვის. საკასაციო პალატა მხედველობაში იღებს არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსის 76-ე მუხლის დანაწესს, რომლის თანახმად, მოსამართლე უფლებამოსილია, არასრულწლოვანს შეუფარდოს კანონით გათვალისწინებულ ზღვარზე ნაკლები ან სხვა, უფრო მსუბუქი სასჯელი, თუ მის მიმართ წარსულში გამამტყუნებელი განაჩენი არ ყოფილა გამოტანილი, მაგრამ განმარტავს, რომ უფლებამოსილი არ არის, ლ. ბ-ს მიმართ გამოიყენოს მითითებული შეღავათი, რადგან იგი წარსულში ორჯერაა ნასამართლევი მძიმე დანაშაულების ჩადენისათვის. გარდა ამისა, საკასაციო პალატა ასევე ითვალისწინებს იმ გარემოებასაც, რომ საქართველოს სსკ–ის 178–ე მუხლის მე–4 ნაწილის სანქცია სასჯელის სახედ და ზომად ადგენს მხოლოდ თავისუფლების აღკვეთას და არ გააჩნია არც ერთი სხვა ალტერნატიული სასჯელი.

6. ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით და აგრეთვე ლ. ბ-ს პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოებების (აღიარა და მოინანია ჩადენილი დანაშაული), დანაშაულის ჩადენის მოტივისა და მიზნის, ქმედებაში გამოვლენილი მართლსაწინააღმდეგო ნების, ქმედების განხორციელების სახის, ხერხისა და მართლსაწინააღმდეგო შედეგის (იგი წარსულში ორჯერაა ნასამართლევი საკუთრების წინააღმდეგ მიმართული დანაშაულებისათვის და მიუხედავად ამისა, კვლავ ჩაიდინა ანალოგიური ხასიათის დანაშაული - ორი ეპიზოდი), დამნაშავის პიროვნების, მისი წარსული ცხოვრების, აღზრდის, განვითარებისა და ოჯახური პირობების მხედველობაში მიღებით, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ ლ. ბ-ს თავისუფლების აღკვეთის სახით შეფარდებული სასჯელი (საქართველოს სსკ-ის 178-ე მუხლის მე-4 ნაწილის სანქციით გათვალისწინებული სასჯელის მინიმუმი) გამოყენებულია როგორც უკიდურესი ზომა და, ამდენად, იგი არის კანონიერი, სამართლიანი და სრულად შეესაბამება არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსით, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსითა და საერთაშორისო სამართლით დადგენილ ნორმებსა და პრინციპებს.

7. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2017 წლის 3 მაისის განაჩენი ლ. ბ-ს მიმართ არის კანონიერი და არ არსებობს მისი შეცვლის საფუძველი.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 301-ე მუხლით, 307-ე მუხლის 1-ლი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით, მე-2, მე-3 ნაწილებით, არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. ლ. ბ-ს ინტერესების დამცველის, ადვოკატ ს. ფ-ს საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.

2. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2017 წლის 3 მაისის განაჩენი ლ. ბ-ს მიმართ დარჩეს უცვლელად.

3. განაჩენი საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე პ. სილაგაძე

მოსამართლეები: ბ. ალავიძე

გ. შავლიაშვილი