საკასაციო საჩივარი ცნობილია დაუშვებლად

სისხლის სამართლის 24.10.2017
საქმის ნომერი
2კ-328აპ.-17
დავის ტიპი
საკასაციო საჩივარი
თარიღი
24.10.2017

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საკასაციო საჩივრის დასაშვებობის

შემოწმების შესახებ

№328აპ-17 ქ. თბილისი

ჯ. ბ-რ, 328აპ-17 24 ოქტომბერი, 2017 წელი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

გიორგი შავლიაშვილი (თავმჯდომარე),ნინო გვენეტაძე, პაატა სილაგაძე

ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2017 წლის 29 მარტის განაჩენზე აჭარის ა/რ-ის პროკურატურის სტაჟიორ-პროკურორ ალექსანდრე ძირკვაძის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და

გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:

1. ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 5 იანვრის განაჩენით ბ. ჯ. - - ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ–ის 276–ე მუხლის მე–5 ნაწილით და სასჯელის სახით განესაზღვრა 5 წლით თავისუფლების აღკვეთა, რაც საქართველოს სსკ–ის 63-ე-64–ე მუხლების შესაბამისად, ჩაეთვალა პირობით, 5 წლის გამოსაცდელი ვადით. მასვე დამატებითი სასჯელის სახით დაეკისრა ჯარიმა - 5000 ლარი და ჩამოერთვა ავტოსატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება 3 წლით.

2. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2017 წლის 29 მარტის განაჩენით ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 5 იანვრის განაჩენი დარჩა უცვლელად.

3. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ დადგენილად მიიჩნია, რომ ბ. ჯ-ემ ჩაიდინა ავტომობილის მოძრაობის უსაფრთხოების წესის დარღვევა იმის მიერ, ვინც ამ ავტომობილს მართავს, რამაც გამოიწვია ადამიანის სიცოცხლის მოსპობა, რაც გამოიხატა შემდეგში:

2016 წლის 16 ივლისს ქ. ბ-ში, შ. ხ-ის ქუჩის №-–ის წინ „ტოიოტა კამრის“ მარკის ავტომანქანამ, სახელმწიფო №-, რომელსაც მართავდა ბ. ჯ., დაარღვია „საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის 25-ე მუხლის მე- 2 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტი, 33-ე მუხლის 1-ლი, მე-2 და მე-6 პუნქტების მოთხოვნები და შეეჯახა ქვეითად მოსიარულე ი-ის ი. რ-ის მოქალაქე ს. ს-ის, რომელიც ადგილზე გარდაიცვალა.

4. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის განაჩენი საკასაციო წესით გაასაჩივრა აჭარის ა/რ-ის პროკურატურის სტაჟიორ–პროკურორმა ალექსანდრე ძირკვაძემ და ითხოვა ბ. ჯ-ის მიმართ უფრო მკაცრი სასჯელის განსაზღვრა; ბრალდების მხარეს მიაჩნია, რომ მსჯავრდებულისათვის გასაჩივრებული განაჩენით დანიშნული სასჯელი არ შეესაბამება მის მიერ ჩადენილ ქმედებას და არის მსუბუქი, რის გამოც ვერ უზრუნველყოფს სასჯელის მიზნებს.

5. საკასაციო პალატამ შეისწავლა საკასაციო საჩივარი და მივიდა დასკვნამდე, რომ იგი არ აკმაყოფილებს საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს, რის გამოც არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად, კერძოდ: საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილი ამომწურავად იძლევა იმ საფუძველთა ჩამონათვალს, რომელთა არსებობის შემთხვევაში საკასაციო საჩივარი დასაშვებად ჩაითვლება, ასეთებია:

ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებასა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას;

ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია;

გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება;

დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;

ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე;

ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს;

ზ) კასატორი არასრულწლოვანი მსჯავრდებულია.

6. საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ მოცემულ სისხლის სამართლის საქმეში არ მოიპოვება არც ერთი ზემოაღნიშნული საფუძველი.

7. საკასაციო საჩივრისა და საქმის შესწავლის შედეგად საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ არ არსებობს გარემოება, რომლის გამოც საქმეს ექნებოდა არსებითი მნიშვნელობა სამართლის განვითარების ან მსგავს საქმეებზე ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის.

8. კასატორი ვერ უთითებს ისეთ სამართლებრივ პრობლემაზე, რომელიც საჭიროებს საკასაციო პალატის განმარტებას.

9. მოცემულ შემთხვევაში პროკურორი განაჩენს ასაჩივრებს მხოლოდ სასჯელის ნაწილში და ითხოვს ბ. ჯ-თვის სასჯელის გამკაცრებას, რასაც საკასაციო პალატა არ ეთანხმება და მიაჩნია, რომ გასაჩივრებული განაჩენით სასჯელი განსაზღვრულია საქართველოს სსკ-ის 39-ე, 53-ე და 63-ე მუხლების მოთხოვნათა გათვალისწინებით, კერძოდ: ბ. ჯ-ემ აღიარა და გულწრფელად მოინანია ჩადენილი დანაშაული, ითანამშრომლა გამოძიებასთან, დაზარალებულს გადაუხადა 3000 ევრო და გამოხატავს მისწრაფებას, დამატებით აუნაზღაუროს მას ზიანი, არის სტუდენტი, ხასიათდება დადებითად, არ გააჩნია პასუხისმგებლობის დამამძიმებელი გარემოებები, რის გამოც ბ. ჯ-სთვის პირობითი მსჯავრის განსაზღვრა სამართლიანია.

10. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ვინაიდან მოცემულ შემთხვევაში არ იკვეთება საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 და მე-31 ნაწილებით გათვალისწინებული არც ერთი მოთხოვნა, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი.

11. საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33, მე-4 ნაწილების შესაბამისად, საკასაციო პალატამ

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. აჭარის ა/რ-ის პროკურატურის სტაჟიორ-პროკურორ ალექსანდრე ძირკვაძის საკასაციო საჩივარი არ იქნეს დაშვებული განსახილველად.

2. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე გ. შავლიაშვილი

მოსამართლეები: ნ. გვენეტაძე

პ. სილაგაძე