საკასაციო საჩივარი ცნობილია დაუშვებლად
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საკასაციო საჩივრის დასაშვებობის
შემოწმების შესახებ
საქმე №320აპ-17 ქ. თბილისი
წ-ი ნ, 320აპ-17 8 ნოემბერი, 2017 წელი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
პაატა სილაგაძე (თავმჯდომარე),ნინო გვენეტაძე, გიორგი შავლიაშვილი
ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2017 წლის 2 მარტის განაჩენზე მსჯავრდებულ ნ. წ-ს ინტერესების დამცველის, ადვოკატ დ. შ-ს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და
გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:
1. პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენის სარეზოლუციო ნაწილი:
ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2016 წლის 28 ნოემბრის განაჩენით:
ნ. წ-ს მიმართ საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით (2014 წლის 21 აგვისტოს მოქმედი რედაქცია) წარდგენილი ბრალდება გადაკვალიფიცირდა საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტზე (2016 წლის 28 ნოემბერს მოქმედი რედაქცია);
ნ. წ-ი, - ნასამართლევი, - ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა 5 წლით თავისუფლების აღკვეთა.
საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-2 და მე-4 ნაწილების საფუძველზე ბოლო განაჩენით დანიშნულმა სასჯელმა შთანთქა თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2015 წლის 2 ნოემბრის განაჩენით განსაზღვრული სასჯელი - 4 წელი და საბოლოოდ ნ. წ-ს შეეფარდა 5 წლით თავისუფლების აღკვეთა, რომლის მოხდის ათვლა დაეწყო 2016 წლის 28 ნოემბრიდან. მასვე სასჯელის ვადაში ჩაეთვალა პატიმრობაში ყოფნის დრო - 2014 წლის 21 აგვისტოდან იმავე წლის 4 სექტემბრის ჩათვლით, ასევე, სასჯელის ვადაში ჩაეთვალა თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2015 წლის 2 ნოემბრის განაჩენით მოხდილი სასჯელი - 2015 წლის 16 თებერვლიდან 2016 წლის 1 აგვისტოს ჩათვლით.
„ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ” საქართველოს კანონის თანახმად, მსჯავრდებულ ნ. წ-ს 5 (ხუთი) წლით ჩამოერთვა: საადვოკატო საქმიანობის უფლება; პედაგოგიური და საგანმანათლებლო დაწესებულებებში საქმიანობის უფლება; სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველობის სახაზინო (საბიუჯეტო) დაწესებულებაში - საჯარო ხელისუფლების ორგანოებში საქმიანობის უფლება; პასიური საარჩევნო უფლება; იარაღის დამზადების, შეძენის, შენახვისა და ტარების უფლებები, ხოლო 10 წლით - საექიმო ან/და ფარმაცეტიული საქმიანობის, აგრეთვე - აფთიაქის დაფუძნების, ხელმძღვანელობისა და წარმომადგენლობის უფლებები.
ნ. წ-ს მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება - გირაო გაუქმდა და საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ, აღკვეთის ღონისძიების პირობისა და კანონის დარღვევის გამო, გირაოს სახით შეფარდებული თანხის ამოღების მიზნით, ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2014 წლის 3 სექტემბრის განჩინების საფუძველზე დაყადაღებული. ც. ხ-ს (პ/ნ) საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების, მდებარე: ქ. თ-ი, ვ-ს გამზირი, მე-.. კვარტალი, კორპუსი №.., ბინა №..-ში (ზონა - თ-ი .., სექტორი - ვ-ე .., კვარტალი - .., ნაკვეთი - ..., კოდი - ..., საკადასტრო კოდი №....) 20 000 (ოცი ათასი) ლარის ღირებულების წილი „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ’’ საქართველოს კანონით დადგენილი წესით მიექცა აღსასრულებლად.
2. აღნიშნული განაჩენით მსჯავრდებულ ნ. წ-ს მსჯავრი დაედო დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვაში, რაც გამოიხატა შემდეგში: ნ. წ-ა უკანონოდ შეიძინა და ინახავდა დიდი ოდენობით - 0,0152 გრამ ნარკოტიკულ საშუალება „ბუპრენორფინს’’, რაც 2014 წლის 21 აგვისტოს მისი პირადი ჩხრეკის შედეგად ამოიღეს.
3. აპელანტის მოთხოვნა:
ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2016 წლის 28 ნოემბრის განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა მსჯავრდებულ ნ. წ-ს ინტერესების დამცველმა, ადვოკატმა ი. ა-მ. აპელანტმა ითხოვა ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2016 წლის 28 ნოემბრის განაჩენში ცვლილების შეტანა გირაოს ჩამორთმევის ნაწილში, კერძოდ: გირაოს უზრუნველყოფის მიზნით, ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2014 წლის 3 სექტემბრის განჩინების საფუძველზე დაყადაღებული, ც. ხ-ს საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების, მდებარე: ქ. თ-ი, ვ-ს გამზირი, მე-.. კვარტალი, კორპუსი №.., ბინა №..-ში (ზონა - თ-ი .., სექტორი ვ-ე .., კვარტალი - .., ნაკვეთი - ..., კოდი - .., საკადასტრო კოდი №...) 20 000 (ოცი ათასი) ლარის ღირებულების წილი არ მიექცეს აღსასრულებლად, ვინაიდან ნ. წ-ს კანონი არ დაურღვევია, მას თავი არ აურიდებია და ყოველთვის ცხადდებოდა სასამართლოში, პირნათლად ასრულებდა მასზე შეფარდებული აღკვეთის ღონისძიების პირობებს, მიზნებსა და ამოცანებს.
4. გასაჩივრებული განაჩენის სარეზოლუციო ნაწილი:
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2017 წლის 2 მარტის განაჩენით ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2016 წლის 28 ნოემბრის განაჩენი დარჩა უცვლელად.
5. გასაჩივრებული განაჩენის ფაქტობრივი და სამართლებრივი დასაბუთება:
სააპელაციო პალატამ საქმეში არსებულ და მხარეთა მიერ უდავოდ მიჩნეულ მტკიცებულებათა ერთობლიობიოთ დადასტურებულად მიიჩნია, რომ მსჯავრდებულმა ნ. წ-ა ჩაიდინა საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ა’’ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაული.
სააპელაციო პალატამ ყურადღება გაამახვილა შემდეგ გარემოებებზე:
საქართველოს სსსკ-ის მე-200 მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, გირაოს შეტანის წინ მის შემტანს აფრთხილებენ წერილობითი ვალდებულებით განსაზღვრული პირობის შეუსრულებლობის იმ შესაძლო შედეგების შესახებ, რომლებიც მითითებულია ამ მუხლის მე-7 ნაწილში.
ამავე მუხლის მე-7 ნაწილის თანახმად, თუ ბრალდებულმა, რომლის მიმართაც აღკვეთის ღონისძიებად შერჩეულია გირაო, დაარღვია ამ ღონისძიების გამოყენების პირობა ან კანონი, პროკურორის შუამდგომლობის საფუძველზე სასამართლოს განჩინებით გირაო შეიცვლება უფრო მკაცრი აღკვეთის ღონისძიებით. ამავე განჩინებით გირაოს სახით შეტანილი ფულადი თანხა გადაირიცხება სახელმწიფო ბიუჯეტში, ხოლო უძრავი ქონება, გირაოს სახით შეფარდებული ფულადი თანხის ამოღების მიზნით, აღსასრულებლად მიიქცევა „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი წესით.
საქმეში წარმოდგენილი ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2014 წლის 23 აგვისტოს განჩინებით დადგენილია, რომ ბრალდებულ ნ. წ-ს აღკვეთის ღონისძიების სახით შეეფარდა გირაო - 20 000 (ოცი ათასი) ლარი და გირაოს შეტანის ვადად განესაზღვრა - 25 დღე. ამავე განჩინებით ნ. წ-ს, გირაოს უზრუნველყოფის მიზნით, გირაოს თანხის შეტანამდე განესაზღვრა პატიმრობა.
ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2014 წლის 3 სექტემბრის განჩინებით ნ. წ-ს მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიების - გირაოს უზრუნველყოფის მიზნით, ყადაღა დაედო ც. ხ-ს საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების 20 000 ლარის ღირებულების წილს; გირაოს შემტანი ც. ხ-ე, საქართველოს სსკ-ის მე-200 მუხლის შესაბამისად, პროკურორმა გააფრთხილა ბრალდებულის მიერ აღკვეთის ღონისძიების პირობის დარღვევის შემთხვევაში მოსალოდნელი პასუხისმგებლობის შესახებ.
თბილისის საქალაქო სასამართლოს 2015 წლის 18 თებერვლის განჩინებით ნ. წ-ს (სხვა ბრალდების სისხლის სამართლის საქმეზე) აღკვეთის ღონისძიების სახით შეეფარდა პატიმრობა.
თბილისის საქალაქო სასამართლოს 2015 წლის 29 ივნისის განაჩენით ნ. წ-ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 19,177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით და სასჯელად განესაზღვრა 4 წლით თავისუფლების აღკვეთა; აღნიშნული განაჩენი უცვლელად დარჩა თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2015 წლის 2 ნოემბრის განაჩენით.
საქმეში წარმოდგენილი №18 პენიტენციური დაწესებულების 2016 წლის 2 აგვისტოს წერილით ირკვევა, რომ ნ. წ-ი საქართველოს პრეზიდენტის 2016 წლის 1 აგვისტოს №01/08/01 განკარგულებით გათავისუფლდა საპატიმრო სასჯელის შემდგომი მოხდისაგან.
ზემოაღნიშნული მტკიცებულებების შეფასების შედეგად სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ გამოკვეთილია საქართველოს სსსკ-ის მე-200 მუხლის მე-7 ნაწილით გათვალისწინებული პირობები და რომ ნ. წ-ა, რომელსაც აღკვეთის ღონისძიების სახით შეფარდებული ჰქონდა გირაო, დაარღვია ამ ღონისძიების გამოყენების პირობა და ჩაიდინა ახალი დანაშაული, რისი გათვალისწინებითაც, სააპელაციო ინსტანციის სასამართლომ დაასკვნა, რომ გასაჩივრებული განაჩენი გირაოს უზრუნველსაყოფად დაყადაღებული უძრავის ქონების - 20 000 ლარის ღირებულების წილის ,,სააღსრულებო წარმოებათა შესახებ’’ საქართველოს კანონით გათვალისწინებული წესით აღსასრულებლად მიქცევის შესახებ იყო დასაბუთებული, რის გამოც არ არსებობდა დაცვის მხარის მიერ წარმოდგენილი სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებისა და გასაჩივრებული განაჩენის შეცვლის საფუძველი.
6. კასატორის მოთხოვნა:
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2017 წლის 2 მარტის განაჩენი საკასაციო წესით გაასაჩივრა მსჯავრდებულ ნ. წ-ს ინტერესების დამცველმა, ადვოკატმა დ. შ-ა. კასატორმა ითხოვა განაჩენში ცვლილების შეტანა გირაოს ჩამორთმევის ნაწილში იმავე საფუძვლებით, რაზეც დაცვის მხარეს მითითებული ჰქონდა სააპელაციო საჩივარში.
7. საკასაციო პალატამ შეისწავლა საკასაციო საჩივარი და დაასკვნა, რომ იგი არ აკმაყოფილებს საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს, რის გამოც არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად, კერძოდ: საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილი ამომწურავად იძლევა იმ საფუძველთა ჩამონათვალს, რომელთა არსებობის შემთხვევაში საკასაციო საჩივარი დასაშვებად ჩაითვლება, ასეთებია:
ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებასა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას;
ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია;
გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება;
დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;
ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე;
ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს;
ზ) კასატორი არასრულწლოვანი მსჯავრდებულია.
8. საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ მოცემულ სისხლის სამართლის საქმეში არ მოიპოვება არც ერთი ზემოაღნიშნული საფუძველი, ვინაიდან წარმოდგენილი საჩივრისა და საქმის შესწავლის შედეგად არ არსებობს გარემოება, რის გამოც მოცემულ საქმეს არსებითი მნიშვნელობა ექნებოდა სამართლის განვითარების ან მსგავს საქმეებზე ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის. მოცემულ შემთხვევაში კასატორი ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2017 წლის 2 მარტის განაჩენს ასაჩივრებს მხოლოდ გირაოს სახით შეტანილი თანხის სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ მიქცევის ნაწილში და ითხოვს, რომ გირაოს უზრუნველსაყოფად დაყადაღებული უძრავი ქონების - 20 000 ლარის ღირებულების წილი არ მიექცეს აღსასრულებლად. საკასაციო პალატა ვერ გაიზიარებს დაცვის მხარის მოთხოვნას და მიუთითებს, რომ სააპელაციო ინსტანციის სასამართლომ აღნიშნულ საკითხზე დეტალურად და ამომწურავად იმსჯელა, რასაც საკასაციო პალატაც იზიარებს.
9. საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის მნიშვნელოვანი სამართლებრივი და საპროცესო დარღვევებით განხილვის ფაქტი (რასაც შეეძლო, არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე) წარმოდგენილი სისხლის სამართლის საქმის მასალებიდან არ გამომდინარეობს და ვინაიდან არ იკვეთება საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 და მე-31 ნაწილებით გათვალისწინებული სხვა მოთხოვნებიც, საკასაციო საჩივარი დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი.
10. საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33, მე-4 ნაწილების შესაბამისად, საკასაციო პალატამ
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. მსჯავრდებულ ნ. წ-ს ინტერესების დამცველის, ადვოკატ დ. შ-ს საკასაციო საჩივარი არ იქნეს დაშვებული განსახილველად.
2. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე პ. სილაგაძე
მოსამართლეები: ნ. გვენეტაძე
გ. შავლიაშვილი