საკასაციო საჩივარი ცნობილია დაუშვებლად
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საკასაციო საჩივრების დასაშვებობის
შემოწმების შესახებ
№376აპ-17 ქ. თბილისი
ი-ა გ, 376აპ-17 30 ნოემბერი, 2017 წელი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
გიორგი შავლიაშვილი (თავმჯდომარე),ნინო გვენეტაძე, პაატა სილაგაძე
ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2017 წლის 30 მაისის განაჩენზე თბილისის პროკურატურის პროკურორ ნიკოლოზ ნინიძისა და მსჯავრდებულ გ. ი-სა და მისი ინტერესების დამცველის, ადვოკატ თ. გ-ის საკასაციო საჩივრების დასაშვებობის საკითხი და
გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:
1. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2016 წლის 2 დეკემბრის განაჩენით გ. ი-ას,– ქმედება საქართველოს სსკ-ის 179-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტიდან გადაკვალიფიცირდა ამავე მუხლის 1-ლ ნაწილზე; გ. ი-ა ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 179-ე მუხლის 1-ლი ნაწილით და მიესაჯა 5 წლით თავისუფლების აღკვეთა, რომლის მოხდა დაეწყო 2015 წლის 25 მარტიდან.
2. აღნიშნულ განაჩენში თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2017 წლის 30 მაისის განაჩენით შევიდა ცვლილება, კერძოდ, გ. ი-ას სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყო დაკავების დღიდან – 2016 წლის 25 მარტიდან. განაჩენი დანარჩენ ნაწილში დარჩა უცვლელად.
3. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ დადგენილად მიიჩნია, რომ გ. ი-ამ ჩაიდინა ყაჩაღობა, ე.ი. თავდასხმა სხვისი მოძრავი ნივთის მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, ჩადენილი სიცოცხლისათვის საშიში ძალადობის გამოყენების მუქარით, რაც გამოიხატა შემდეგში:
· 2016 წლის 25 მარტს, დაახლოებით 03:00 საათზე, გ. ი-ამ თ-ში, -ას ქ. №-ს (-) მიმდებარე ტერიტორიაზე, მაღაზია „ს-ის“ მოპირდაპირე მხარეს მდგარ თ. ბ-ს გატეხილი შუშის ბოთლისა და სიცოცხლის მოსპობის მუქარით წაართვა „რეიბანის“ ფირმის, 140 ლარად ღირებული მზის სათვალე.
4. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის განაჩენი საკასაციო წესით გაასაჩივრეს როგორც ბრალდების, ისე – დაცვის მხარემ.
5. წარმოდგენილი საკასაციო საჩივრით პროკურორი ნიკოლოზ ნინიძე ითხოვს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2017 წლის 30 მაისის განაჩენის სასჯელის ნაწილში ცვლილების შეტანას, გ. ი-ას ქმედების გადაკვალიფიცირებას საქართველოს სსკ-ის 179-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტზე და მისთვის უფრო მკაცრი სასჯელის განსაზღვრას შემდეგი მოტივით: თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2016 წლის 21 ივლისის განაჩენით გ. ი-ას თბილისის საქალაქო სასამართლოს 2014 წლის 30 დეკემბრის განაჩენით საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის 1-ლი ნაწილით განსაზღვრული სასჯელი შეეცვალა შინაპატიმრობით, სწორედ იმ დღეს ჩაეთვალა სასჯელი მოხდილად და მიჩნეულ იქნა ნასამართლობის არმქონედ და არა – მის მიერ ყაჩაღობის ჩადენამდე, ანუ 2016 წლის 25 მარტამდე; შესაბამისად, თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2016 წლის 21 ივლისის განაჩენის გამოტანამდე გ. ი-ას უკვე ჩადენილი ჰქონდა საქართველოს სსკ-ის 179-ე მუხლით გათვალისწინებული ქმედება და 2014 წლის 30 დეკემბრის განაჩენი მის ქმედებას აძლევდა არაერთგზისობის კვალიფიკაციას.
6. მსჯავრდებული გ. ი-ა და მისი ინტერესების დამცველი, ადვოკატი თ. გ-ე საკასაციო საჩივრით ითხოვენ თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2017 წლის 30 მაისის გამამტყუნებელი განაჩენის გაუქმებას და გ. ი-ას მიმართ გამამართლებელი განაჩენის დადგენას შემდეგ გარემოებათა გამო: საქმის მასალების გამოკვლევის შედეგად ვერ დადასტურდა, რომ გ. ი-ა დაზარალებულ თ. ბ-ს თავს დაესხა და სიცოცხლის ან ჯანმრთელობისათვის საშიში ძალადობით ანდა ასეთი ძალადობის მუქარით გასტაცა სათვალე; სასამართლოს არ უნდა გაეზიარებინა მოწმე ჯ. ც-ას ჩვენება, რადგან მან იცრუა ფეხსაცმლის ფასთან დაკავშირებით, რაც წარმოშობს გონივრულ ეჭვს, რომ იგი იტყვის სხვა ტყუილსაც; მოწმეების – ჯ. ც-სა და გ. უ-ას ჩვენებებს შორის არის წინააღმდეგობა; არ ჩატარდა ამოღებული ნივთმტკიცების – სათვალის დათვალიერება კანონით დადგენილი წესის დაცვით, რითიც დაირღვა საქართველოს სსსკ-ის 77-ე მუხლის მოთხოვნა, ამიტომ კანონდარღვევით მოპოვებული მტკიცებულება დაუშვებლად უნდა იყოს ცნობილი; კანონის მოთხოვნათა უხეში დარღვევით ჩატარდა შემთხვევის ადგილის დათვალიერებაც; გ. ი-ა დააკავა საპატრულო პოლიციის ეკიპაჟმა, თუმცა პატრულის თანამშრომლის ან მანქანის კამერების ჩანაწერები საქმეს არ ერთვის; გაუგებარია, რატომ მიიჩნია სასამართლომ სათვალე თ. ბ-ის საკუთრებად, როდესაც გ. ი-აც ამბობდა, რომ სათვალე იყო მისი, მაგრამ სასამართლომ რატომღაც ამ ორი ადამიანის ჩვენებიდან გაიზიარა დაზარალებულის ჩვენება.
7. საკასაციო პალატამ შეისწავლა საკასაციო საჩივრები და დაასკვნა, რომ ისინი არ აკმაყოფილებს საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს, რის გამოც არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად, კერძოდ: საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილი ამომწურავად იძლევა იმ საფუძველთა ჩამონათვალს, რომელთა არსებობის შემთხვევაში საკასაციო საჩივარი დასაშვებად ჩაითვლება, ასეთებია:
ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებასა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას;
ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია;
გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება;
დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;
ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე;
ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს;
ზ) კასატორი არასრულწლოვანი მსჯავრდებულია.
8. საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ მოცემულ სისხლის სამართლის საქმეში არ მოიპოვება არც ერთი ზემოაღნიშნული საფუძველი.
9. საკასაციო პალატა სრულად იზიარებს გასაჩივრებული განაჩენის მოტივაციას და მიაჩნია, რომ სააპელაციო სასამართლომ საქმეში არსებული ფაქტობრივი გარემოებები და წარმოდგენილი მტკიცებულებები სრულყოფილად და ობიექტურად შეაფასა.
10. თბილისის სააპელაციო სასამართლომ ამომწურავად იმსჯელა ყველა იმ საკითხზე, რომლებზეც საკასაციო საჩივრებში უთითებენ ბრალდებისა და დაცვის მხარეები, ხოლო რაიმე სხვა გარემოებაზე, რაც საკასაციო პალატის შეფასების საგანი გახდებოდა, მხარეების საჩივრებში არ არის აღნიშნული.
11. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ვინაიდან მოცემულ შემთხვევაში არ იკვეთება საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 და მე-31 ნაწილებით გათვალისწინებული მოთხოვნები, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ საკასაციო საჩივრები დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი.
12. საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33, მე-4 ნაწილების შესაბამისად, საკასაციო პალატამ
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. თბილისის პროკურატურის პროკურორ ნიკოლოზ ნინიძის, მსჯავრდებულ გ. ი-სა და მისი ინტერესების დამცველის, ადვოკატ თ. გ-ის საკასაციო საჩივრები არ იქნეს დაშვებული განსახილველად.
2. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე გ. შავლიაშვილი
მოსამართლეები: ნ. გვენეტაძე
პ. სილაგაძე