განჩინება შეიცვალა
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
№281-17 7 ნოემბერი, 2017 წელი
ხ. -ი, 281-17 ქ. თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
გიორგი შავლიაშვილი (თავმჯდომარე)
ნინო გვენეტაძე, პაატა სილაგაძე
სხდომის მდივან – კონსტანტინე თოდრიას
ადვოკატ - ტ. მ-ის
მსჯავრდებულ _ გ. ხ-ას
მონაწილეობით განიხილა მსჯავრდებულ გ. ხ-ას საკასაციო საჩივარი თბილისის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 16 ოქტომბრის განჩინებაზე.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
1. რუსეთის ფედერაციის მოსკოვის საველოვსკის რაიონული სასამართლოს 2010 წლის 1 ოქტომბრის განაჩენით გ. ხ-ა, - -, - ცნობილ იქნა დამნაშავედ რუსეთის ფედერაციის სისხლის სამართლის კოდექსის 158–ე მუხლის მე–4 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით (ქურდობა, ჩადენილი ორგანიზებული ჯგუფის მიერ, დიდი ოდენობით, 9 ეპიზოდი) და 175–ე მუხლის მე–2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით (წინასწარი შეცნობით უკანონო გზით მოპოვებული ქონების გასაღება, ჩადენილი ავტომობილის მიმართ, 3 ეპიზოდი) გათვალისწინებული ქმედებების ჩადენის გამო და დანაშაულთა ერთობლიობით, სასჯელთა ნაწილობრივ შეკრებით სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 12 წლით, მკაცრი რეჟიმის გამოსასწორებელ კოლონიაში მოხდით და – ჯარიმა 20 000 რუსული რუბლი.
2. რუსეთის ფედერაციის მოსკოვის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა სასამართლო კოლეგიის 2010 წლის 15 დეკემბრის საკასაციო განჩინებით ზემოაღნიშნულ განაჩენში შევიდა ცვლილება, კერძოდ: გ. ხ-ა გამართლდა რუსეთის ფედერაციის სსკ–ის 175–ე მუხლის მე–2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნტით (წინასწარი შეცნობით უკანონო გზით მოპოვებული ქონების გასაღება, ჩადენილი ავტომობილის მიმართ, 3 ეპიზოდი) გათვალისწინებული ქმედებების ჩადენაში და საბოლოოდ სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 11 წლითა და 6 თვით, მკაცრი რეჟიმის გამოსასწორებელ კოლონიაში მოხდით. გ. ხ-ას სასჯელის მოხდის ათვლა დაეწყო დაკავების მომენტიდან - 2009 წლის 19 ნოემბრიდან.
3. გ. ხ-ას მიერ რუსეთის ფედერაციულ რესპუბლიკაში ჩადენილი დანაშაულებრივი ქმედებისათვის პასუხისმგებლობა გათვალისწინებულია საქართველოს სსკ–ის 177–ე მუხლის მე–4 ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით.
4. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2016 წლის 4 აპრილის განჩინებით სასამართლომ დაადგინა სასჯელის შემდგომი მოხდის მიზნით, გ. ხ-ას რუსეთის ფედერაციული რესპუბლიკიდან საქართველოს ტერიტორიაზე გადმოყვანა. გ. ხ-ას დანიშნული სასჯელის 11 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთის მოხდის ათვლა დაეწყო 2009 წლის 19 ნოემბრიდან.
5. რუსეთის ფედერაციის ქალაქ ორენბურგის ლენინის რაიონული სასამართლოს 2016 წლის 14 ოქტომბრის დადგენილებით გ. ხ-ას განაჩენი შესაბამისობაში მოვიდა რუსეთის ფედრაციის მოქმედ კანონმდებლობასთან და საბოლოოდ გ. ხ-ას სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა 11 წლითა და 3 თვით თავისუფლების აღკვეთა.
6. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 16 ოქტომბრის განჩინებით „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2012 წლის 28 დეკემბრის კანონის საფუძველზე მსჯავრდებულ გ. ხ-ას თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2016 წლის 4 აპრილის განჩინებით განსაზღვრული სასჯელი - 11 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა - შეუმცირდა ერთი მეოთხედით და მოსახდელად დარჩა თავისუფლების აღკვეთა 8 წლით, 7 თვითა და 15 დღით, რომლის მოხდა აეთვალა 2009 წლის 19 ნოემბრიდან.
7. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 16 ოქტომბრის განჩინების თაობაზე მსჯავრდებულმა გ. ხ-ამ საკასაციო საჩივრით მომართა საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატას. კასატორი აღნიშნავს, რომ მას ერთი მეოთხედით უნდა შემცირებოდა არა 11 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა, არამედ, რუსეთის ფედერაციის ქალაქ ორენბურგის ლენინის რაიონული სასამართლოს 2016 წლის 14 ოქტომბრის დადგენილებით საბოლოოდ განსაზღვრული სასჯელი - 11 წლითა და 3 თვით თავისუფლების აღკვეთა.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
1. საკასაციო პალატამ შეისწავლა საქმის მასალები, შეამოწმა საკასაციო საჩივრის საფუძვლიანობა და მიაჩნია, რომ საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს და გასაჩივრებულ განჩინებაში შევიდეს ცვლილება შემდეგ გარემოებათა გამო:
2. „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2012 წლის 28 დეკემბრის კანონის მე-16 მუხლის საფუძველზე გ. ხ-ასთვის დანიშნული სასჯელის ერთი მეოთხედით შემცირება კანონიერია.
3. ამასთან, პირადი საქმის მასალებიდან ირკვევა, რომ მას შემდეგ, რაც თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2016 წლის 4 აპრილის განჩინებით თბილისის საქალაქო სასამართლომ დაადგინა სასჯელის - 11 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთის - შემდგომი მოხდის მიზნით, გ. ხ-ას რუსეთის ფედერაციული რესპუბლიკიდან საქართველოს ტერიტორიაზე გადმოყვანა, რუსეთის ფედერაციის ქალაქ ორენბურგის ლენინის რაიონული სასამართლოს 2016 წლის 14 ოქტომბრის დადგენილებით გ. ხ-ას განაჩენი შესაბამისობაში მოვიდა რუსეთის ფედერაციის მოქმედ კანონმდებლობასთან და საბოლოოდ გ. ხ-ას სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა 11 წლითა და 3 თვით თავისუფლების აღკვეთა.
4. ამდენად, საკასაციო პალატის მოსაზრებით, გ. ხ-ასთვის რუსეთის ფედერაციის სასამართლოების მიერ საბოლოოდ დანიშნული სასჯელის ზომა (რომლის მოსახდელადაც ის გადმოყვანილია საქართველოში) არის 11 წლითა და 3 თვით თავისუფლების აღკვეთა და, შესაბამისად, სწორედ აღნიშნული სასჯელი უნდა შეუმცირდეს მას ერთი მეოთხედით.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2012 წლის 28 დეკემბრის კანონით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. მსჯავრდებულ გ. ხ-ას საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს.
2. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 16 ოქტომბრის განჩინებაში შევიდეს ცვლილება:
„ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2012 წლის 28 დეკემბრის კანონის მე-16 მუხლის საფუძველზე მსჯავრდებულ გ. ხ-ას ერთი მეოთხედით შეუმცირდეს საბოლოოდ დანიშნული სასჯელი - 11 წლითა და 3 თვით თავისუფლების აღკვეთა და საბოლოოდ მოსახდელად განესაზღვროს 8 წლით, 5 თვითა და 7 დღით თავისუფლების აღკვეთა, რომლის მოხდა აეთვალოს 2009 წლის 19 ნოემბრიდან.
3. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 16 ოქტომბრის განჩინება სხვა ნაწილში დარჩეს უცვლელად.
4. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე გ. შავლიაშვილი
მოსამართლეები: ნ. გვენეტაძე
პ. სილაგაძე