დატოვებულია უცვლელად
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
№36I-17 ქ. თბილისი
გ–ი რ., 36I-17 28 დეკემბერი, 2017 წელი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
გიორგი შავლიაშვილი (თავმჯდომარე),პაატა სილაგაძე, პაატა ქათამაძე
სხდომის მდივან _ კონსტანტინე თოდრიას
პროკურორ _ ნანიკო ზაზუნაშვილის
ადვოკატ _ ე. გ–ის
ექსტრადიციას დაქვემდებარებული პირის _ რ. გ–ის
თარჯიმან _ ნ. გ–ის
მონაწილეობით განიხილა ექსტრადიციას დაქვემდებარებული პირის – რ. გ–ის საკასაციო საჩივარი თბილისის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 15 დეკემბრის განჩინებაზე.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
1. წარმოდგენილი მასალებიდან ირკვევა, რომ 2013 წლის 1 აგვისტოს სვერდლოვსკის ოლქის სუხოი ლოგის საქალაქო სასამართლოს განაჩენით რ. გ–ი ცნობილ იქნა დამნაშავედ რუსეთის ფედერაციის სისხლის სამართლის კოდექსის 228-ე მუხლის მე-2 ნაწილით, 30-ე მუხლის მე-3 ნაწილთან და 33-ე მუხლის მე-5 ნაწილთან ერთობლიობაში გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის (დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების შეძენა-შენახვის დახმარების მცდელობა, გასაღების მიზნის გარეშე) და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 3 წლით, რაც ჩაეთვალა პირობით, 3 წლის გამოსაცდელი ვადით.
რ. გ–ის მიერ ჩადენილი დანაშაულებრივი ქმედებები გამოიხატა შემდეგში:
2012 წლის 19 ნოემბერს რ. გ–ს, რომელიც იმყოფებოდა რუსეთის ფედერაციის ტერიტორიაზე, გაუჩნდა განზრახვა დახმარებოდა მოქალაქე „პ–ს“ ნარკოტიკული საშუალების შეძენაში, მისთვის აღნიშნული ნარკოტიკული საშუალების ნაწილის გადაცემის სანაცვლოდ.
იმავე დღეს „პ–მა“, რომელიც მონაწილეობდა ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებაში - საკონტროლო შესყიდვა, რ. გ–ს ნარკოტიკული საშუალების შეძენის მიზნით გადასცა 1000 რუბლი. ამ უკანასკნელმა მოქალაქე ბ–გან რუსეთის ფედერაციის ტერიტორიაზე შეიძინა 0.313 გრ ნარკოტიკული საშუალება (4-ეთილნაფტალინ-1-ილ)(1-ფენთილ-1-H-ინდოლ-3-ილ) მეთანონი, რომელიც წარმოებულია ნარკოტიკული საშუალებისაგან (4-მეთილნაფტალინ-1-ილ)(1-პენთილ-1H-ინდოლ-3-ილ) მეთანონი და გადასცა „პროკინს“.
მიუხედავად განხორციელებული ქმედებებისა, რ. გ–მ ვერ შეძლო დანაშაულებრივი განზრახვის სისრულეში მოყვანა, ვინაიდან ზემოაღნიშნული ნარკოტიკული საშუალება, იმავე დღეს, რუსეთის ფედერაციის სამართალდამცავმა ორგანოებმა, ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიება - საკონტროლო შესყიდვის ფარგლებში, ამოიღეს მოქალაქე „პროკინისგან“.
2. 2014 წლის 9 დეკემბერს სვერდლოვსკის ოლქის სუხოი ლოგის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებით, ვინაიდან რ. გ–მა დაარღვია მის მიმართ გამოყენებული პირობითი მსჯავრის პირობები, გამოყენებული პირობითი მსჯავრი გაუქმდა და რ. გ–ს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 3 წლით, შესაბამის სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მოხდით.
3. 2014 წლის 10 დეკემბერს რუსეთის ფედერაციის შინაგან საქმეთა სამინისტროს ქ. სი ლოგის განყოფილების საგამოძიებო ნაწილის დადგენილებით, რ. გ. ბრალდებულის სახით იქნა მიცემული პასუხისგებაში რუსეთის ფედერაციის სისხლის სამართლის კოდექსის 228-ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის (დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების შეძენა-შენახვა, გასაღების მიზნის გარეშე). 2014 წლის 10 დეკემბრის დადგენილების მიხედვით რ. გ–ის მიერ ჩადენილი ქმედება გამოიხატა შემდეგში:
2014 წლის 17 სექტემბერს, რუსეთის ფედერაციის ტერიტორიაზე, რუსეთის ფედერაციის სამართალდამცავი ორგანოების წარმომადგენლებმა რ. გ–ს პირადი ჩხრეკისას მისი ქურთუკის მარჯვენა ჯიბიდან ამოიღეს პოლიეთილენის პაკეტი, რომელშიც მოთავსებული იყო ნივთიერება, რომელიც შეიცავდა 0.720 გრამ ნარკოტიკულ საშუალება ჰინოლინ-8-ილ-1-პენთილ-1H-ინდოლ-3-კარბოკსილატს, რაც წარმოადგენს დიდ ოდენობას.
ამასთან, რ. გ–ის შარვლის მარჯვენა ჯიბიდან ამოიღეს ნივთიერება, რომელიც შეიცავდა ნარკოტიკულ საშუალებებს N-(1-კარბამოილ-2-მეთილპროპილ)-1-პენთილ-1H-ინდაზოლ-3-კარბოქსამიდი და 3-ბუტანოილ-1-მეტილინდოლი 1-0.15 გრ. ამოღებული ნივთიერებები რ. გ–მ შეიძინა და ინახავდა პირადი მოხმარების მიზნით.
4. 2014 წლის 10 დეკემბერს, რუსეთის ფედერაციის შინაგან საქმეთა სამინისტროს ქ. სუხოი ლოგის განყოფილების საგამოძიებო ნაწილის მიერ გამოტანილ იქნა დადგენილება რ. გ–ის ძებნის თაობაზე.
5. 2016 წლის 3 მარტს რუსეთის ფედერაციამ რ. გ–ის მიმართ გამოაცხადა საერთაშორისო ძებნა.
6. 2016 წლის 17 მარტს სვერდლოვსკის ოლქის სუხოი ლოგის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებით რ. გ–ს აღკვეთის ღონისძიების სახით შეეფარდა პატიმრობა.
7. რ. გ–ი რუსეთის ფედერაციის სამართალდამცავი ორგანოების მიერ იძებნებოდა ინტერპოლის არხებით.
8. 2017 წლის 18 აპრილს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა საქართველოს ტერიტორიაზე დააკავეს რუსეთის ფედერაციის სამართალდამცავი ორგანოების მიერ ძებნილი რ. გ.
9. 2017 წლის 21 აპრილს მარნეულის მაგისტრატი სასამართლოს მოსამართლის განჩინებით რ. გ–ს შეეფარდა გირაო - 30 000 ლარი, პატიმრობის უზრუნველყოფით.
10. 2017 წლის 5 მაისს თბილისის სააპელაციო სასამართლოს საგამოძიებო კოლეგიის მოსამართლის განჩინებით დაკმაყოფილდა მარნეულის რაიონული პროკურატურის საჩივარი 2017 წლის 21 აპრილის მარნეულის მაგისტრატი სასამართლოს განჩინების გაუქმების თაობაზე და რ. გ–ის მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით გამოყენებულ იქნა პატიმრობა.
11. 2017 წლის 23 მაისს საქართველოს მთავარმა პროკურატურამ მიიღო რ. გ–ის ექსტრადიციის თაობაზე რუსეთის ფედერაციის შუამდგომლობა და შესაბამისი დანართი. აღნიშნული დოკუმენტების დედანი პროკურატურამ მიიღო 2017 წლის 1 აგვისტოს.
12. 2017 წლის 11 ივლისს საქართველოს მთავარმა პროკურატურამ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საექსპერტო-კრიმინალისტიკური დეპარტამენტიდან გამოითხოვა ინფორმაცია იმ ნარკოტიკულ საშუალებებთან დაკავშირებით, რომელთა უკანონო შეძენა-შენახვისთვის რ. გ–ი მსჯავრდებულია/ბრალდებულია რუსეთის ფედერაციაში.
13. 2017 წლის 13 ივლისს საქართველოს მთავარმა პროკურატურამ რუსეთის ფედერაციის გენერალური პროკურატურიდან გამოითხოვა დამატებითი გარანტიები რ. გ–ის რუსეთის ფედერაციაში ექსტრადიციის შემთხვევაში მისი უფლებების დაცვასთან დაკავშირებით.
14. 2017 წლის 14 ივლისს თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლის განჩინებით რ. გ–ის მიმართ შეფარდებული საექსტრადიციო პატიმრობა გაგრძელდა 3 თვით, 6 თვემდე - 2017 წლის 18 ოქტომბრამდე.
15. 2017 წლის 28 ივლისს რუსეთის ფედერაციიდან საქართველოს მთავარმა პროკურატურამ მიიღო დამატებითი გარანტიები რ. გ–ის ექსტრადიციის შემთხვევაში მისი უფლებების დაცვასთან დაკავშირებით. აღნიშნული დოკუმენტების დედანი პროკურატურამ მიიღო 2017 წლის 1 აგვისტოს.
16. 2017 წლის 10 ოქტომბერს საქართველოს მთავარმა პროკურატურამ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საექსპერტო-კრიმინალისტიკური დეპარტამენტიდან მიიღო ინფორმაცია იმ ნარკოტიკულ საშუალებებთან დაკავშირებით, რომელთა უკანონო შეძენა-შენახვისთვის რ. გ–ი მსჯავრდებულია/ბრალდებულია რუსეთის ფედერაციაში.
17. 2017 წლის 13 ოქტომბერს თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლის განჩინებით რ. გ–ის მიმართ შეფარდებული საექსტრადიციო პატიმრობა გაგრძელდა 3 თვით, 9 თვემდე - 2018 წლის 18 იანვრამდე.
18. 2017 წლის 13 დეკემბერს თბილისის საქალაქო სასამართლოს შუამდგომლობით მიმართა საქართველოს მთავარი პროკურატურის საერთაშორისო ურთიერთობების სამმართველოს პროკურორმა ნანიკო ზაზუნაშვილმა და ითხოვა სასამართლოს დასაშვებად ეცნო რ. გ–ის რუსეთის ფედერაციაში ექსტრადიცია, მის მიმართ სვერდლოვსკის ოლქის სუხოი ლოგის საქალაქო სასამართლოს 2013 წლის 1 აგვისტოს განაჩენის აღსრულების მიზნით, რომლითაც იგი დამნაშავედ იქნა ცნობილი რუსეთის ფედერაციის სისხლის სამართლის კოდექსის 228-ე მუხლის მე-2 ნაწილით, 30-ე მუხლის მე-3 ნაწილთან და 33-ე მუხლის მე-5 ნაწილთან ერთობლიობაში გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში (დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების შეძენა-შენახვის დახმარების მცდელობა, გასაღების მიზნის გარეშე) და ასევე, მის მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნის განხორციელების მიზნით, იმ დანაშაულებრივი ქმედებებისათვის, რომელიც აღწერილია რუსეთის ფედერაციის შინაგან საქმეთა სამინისტროს ქ. სუხოი ლოგის განყოფილების საგამოძიებო ნაწილის დადგენილებაში რ. გ–ის ბრალდებულის სახით პასუხიგებაში მიცემის თაობაზე და დასჯადია რუსეთის ფედერაციის სისხლის სამართლის კოდექსის 228-ე მუხლის მე-2 ნაწილით (დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების შეძენა-შენახვა, გასაღების მიზნის გარეშე).
19. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 15 დეკემბრის განჩინებით დასაშვებად იქნა ცნობილი რ. გ–ის ექსტრადიცია მის მიმართ სვერდლოვსკის ოლქის სუხოი ლოგის საქალაქო სასამართლოს 2013 წლის 1 აგვისტოს განაჩენის აღსრულების მიზნით, რომლითაც იგი დამნაშავედ იქნა ცნობილი რუსეთის ფედერაციის სისხლის სამართლის კოდექსის 228-ე მუხლის მე-2 ნაწილით, 30-ე მუხლის მე-3 ნაწილთან და 33-ე მუხლის მე-5 ნაწილთან ერთობლიობაში გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის (დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების შეძენა-შენახვის დახმარების მცდელობა, გასაღების მიზნის გარეშე) და ასევე, მის მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნის განხორციელების მიზნით, იმ დანაშაულებრივი ქმედებებისათვის, რომელიც აღწერილია რუსეთის ფედერაციის შინაგან საქმეთა სამინისტროს ქ. სუხოი ლოგის განყოფილების საგამოძიებო ნაწილის დადგენილებაში რ. გ–ის ბრალდებულის სახით პასუხიგებაში მიცემის თაობაზე და დასჯადია რუსეთის ფედერაციის სისხლის სამართლის კოდექსის 228-ე მუხლის მე-2 ნაწილით (დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების შეძენა-შენახვა, გასაღების მიზნის გარეშე).
20. კასატორი - ექსტრადიციას დაქვემდებარებული პირი – რ. გ–ი საკასაციო საჩივრით ითხოვს თბილისის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 15 დეკემბრის განჩინების გაუქმებას იმ მოტივით, რომ რუსეთის ფედერაციაში მის სიცოცხლესა და ჯანმრთელობას ემუქრება საფრთხე; ასევე, იგი შესაძლოა გახდეს წამებისა და არაადამიანური მოპყრობის მსხვერპლი, ვინაიდან მას რუსეთის ფედერაციაში სახელმწიფო ორგანოს თანამშრომელმა მოსთხოვა ნარკოტიკების რეალიზაციაში ჩაბმა, რაზეც მან უარი განაცხადა, რის გამოც ჩაუდეს ნარკოტიკები რათა ,,გასწორებოდნენ“ საპყრობილეში.
21. საკასაციო პალატის სხდომაზე ექსტრადიციას დაქვემდებარებული პირის – რ. გ–ის საკასაციო საჩივრის მოთხოვნას მხარი დაუჭირა ადვოკატმა ე. გ–მ.
22. პროკურორი ნანიკო ზაზუნაშვილი არ დაეთანხმა დაცვის მხარის მოთხოვნას და ითხოვა თბილისის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 15 დეკემბრის განჩინების უცვლელად დატოვება.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
1. საკასაციო პალატამ შეისწავლა საქმის მასალები, შეამოწმა საჩივრის საფუძვლიანობა, მოისმინა მხარეთა არგუმენტები და მიაჩნია, რომ საკასაციო საჩივრის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
2. საკასაციო პალატა სრულად იზიარებს გასაჩივრებული განჩინების მოტივაციას და მიუთითებს, რომ მოცემულ შემთხვევაში არ არსებობს „სისხლის სამართლის სფეროში საერთაშორისო თანამშრომლობის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული ექსტრადიციის დამაბრკოლებელი გარემოებები, კერძოდ: დაცულია ორმაგი დანაშაულებრიობის, პარალელური წარმოების აკრძალვის, ორმაგი დასჯის აკრძალვისა და ხანდაზმულობის პრინციპები, მოქალაქეობისა და ლტოლვილობის შესახებ წესები და საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა მოთხოვნები.
3. რუსეთის ფედერაციის სამართალდამცავი ორგანოების მიერ ძებნილი რ. გ–ი საქართველოს სამართალდამცავმა ორგანოებმა დააკავეს 2017 წლის 18 აპრილს. როგორც წარმოდგენილი საქმის მასალებიდან ირკვევა, დაკავებისას და საექსტრადიციო პატიმრობაში ყოფნის პერიოდში მის მიმართ არ დარღვეულა არც საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული და არც საერთაშორისო ხელშეკრულებებით საქართველოს მხარის მიერ ნაკისრი ვალდებულებები.
4. საქმეში წარმოდგენილი მასალების თანახმად, არ დგინდება ის გარემოებები, რომ რ. გ–ის მიმართ არ იქნება დაცული საერთაშორისო კანონმდებლობით დადგენილი ადამიანის უფლებების მინიმალური სტანდარტები. ექსტრადიციას დაქვემდებარებულმა პირმა და მისმა ადვოკატმა ვერ მიაწოდეს სასამართლოს რაიმე რეალური ინფორმაცია, რაც მის მიმართ რუსეთის ფედერაციაში რაიმე ნიშნით დევნის ეჭვს წარმოშობდა.
5. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ დაუშვებელია პირის ექსტრადიცია, თუ არსებობს არსებითი საფუძველი ვარაუდისთვის, რომ ექსტრადიციის შემთხვევაში პირი დაექვემდებარება წამებას ან/და არაადამიანურ მოპყრობას ან/და მის სიცოცხლესა და ჯანმრთელობას ემუქრება რეალური საფრთხე. ამასთან, კასატორმა უნდა დაასაბუთოს, თუ რატომ არსებობს მისი უფლებების შელახვის რისკი. ევროპულმა სასამართლომ განმარტა, რომ განზოგადებული ხასიათის ცნობები, სხვა სპეციფიკური სამხილის გარეშე, არ წარმოადგენს საკმარის გარემოებას (ECtHR, №36378/02, Shamayev and Others v. Georgia and Russia, 12/04/2005, §352). უკანონო მოპყრობის შესახებ განცხადება დასაბუთებული უნდა იყოს შესაბამისი მტკიცებულებით (ECtHR, №46827/99, 46951/99, Mamatkulov and Askarov v. Turkey 04/02/2005, §70).
6. იმის გათვალისწინებით, რომ დაცვის მხარეს არ წარმოუდგენია რაიმე მტკიცებულება რ. გ–ის მიმართ ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-2 და მე-3 მუხლების დარღვევის საფრთხის არსებობის შესახებ და ასეთი არც საქმის მასალებიდან იკვეთება, კასატორის ზოგადი განცხადება უფლებების დარღვევის რისკის არსებობის შესახებ, არ წარმოადგენს საკმარის გარემოებას ექსტრადიციის განხორციელებაზე უარის თქმისთვის.
7. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა აღიარებს რა საქართველოს კანონმდებლობითა და საერთაშორისო - სამართლებრივი აქტებით გარანტირებულ ადამიანის უფლებებს, ითვალისწინებს საქართველოს სახელმწიფოს მიერ ნაკისრი ვალდებულებების შესრულების აუცილებლობას, მიაჩნია, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 15 დეკემბრის განჩინება, რომლითაც დასაშვებად იქნა ცნობილი რ. გ–ის ექსტრადიცია მის მიმართ სვერდლოვსკის ოლქის სუხოი ლოგის საქალაქო სასამართლოს 2013 წლის 1 აგვისტოს განაჩენის აღსრულების მიზნით, რომლითაც იგი დამნაშავედ იქნა ცნობილი რუსეთის ფედერაციის სისხლის სამართლის კოდექსის 228-ე მუხლის მე-2 ნაწილით, 30-ე მუხლის მე-3 ნაწილთან და 33-ე მუხლის მე-5 ნაწილთან ერთობლიობაში გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის (დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების შეძენა-შენახვის დახმარების მცდელობა, გასაღების მიზნის გარეშე) და ასევე, მის მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნის განხორციელების მიზნით, იმ დანაშაულებრივი ქმედებებისათვის, რომელიც აღწერილია რუსეთის ფედერაციის შინაგან საქმეთა სამინისტროს ქ. სუხოი ლოგის განყოფილების საგამოძიებო ნაწილის დადგენილებაში რ. გ–ის ბრალდებულის სახით პასუხიგებაში მიცემის თაობაზე და დასჯადია რუსეთის ფედერაციის სისხლის სამართლის კოდექსის 228-ე მუხლის მე-2 ნაწილით (დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების შეძენა-შენახვა, გასაღების მიზნის გარეშე), კანონიერია და უნდა დარჩეს უცვლელად.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით, „სისხლის სამართლის სფეროში საერთაშორისო თანამშრომლობის შესახებ“ საქართველოს 2010 წლის 21ივლისის კანონით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. ექსტრადიციას დაქვემდებარებული პირის – რ. გ–ის საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.
2. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 15 დეკემბრის განჩინება დარჩეს უცვლელად.
3. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე გ. შავლიაშვილი
მოსამართლეები: პ. სილაგაძე
პ. ქათამაძე