განაჩენი გაუქმდა და საქმე გადაეცა სასამართლოს ხელახლა განსახილველად
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე №82აგ-17 22 დეკემბერი, 2017 წელი
ლ. ი-ა, 82აგ-17 ქ. თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
გიორგი შავლიაშვილი (თავმჯდომარე),ნინო გვენეტაძე, პაატა სილაგაძე
ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა მსჯავრდებულ ი. ლ-ის საკასაციო საჩივარი ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2017 წლის 24 ივლისის განჩინებაზე.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
1. გორის რაიონული სასამართლოს 2013 წლის 11 აპრილის განაჩენით ი. ლ-ს საქართველოს სსკ-ის 273-ე მუხლით (ნარკოტიკული საშუალება ,,ოპიუმი“) მიესაჯა 1 წლით თავისუფლების აღკვეთა, რასაც დაემატა გორის რაიონული სასამართლოს 2012 წლის 7 დეკემბრის განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილი – 6 თვე და განაჩენთა ერთობლიობით საბოლოოდ განესაზღვრა 1 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა, 6 თვის სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მოხდით, ხოლო დარჩენილი 1 წელი – ჩაეთვალა პირობით, 2 წლის გამოსაცდელი ვადით; მასვე დამატებით სასჯელად განესაზღვრა საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა – 150 საათით და 3 წლით ჩამოერთვა „ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონში ჩამოთვლილი უფლებები. მსჯავრდებულს სასჯელის მოხდა დაეწყო 2013 წლის 26 მარტიდან.
2. გორის რაიონული სასამართლოს 2014 წლის 13 ივნისის განაჩენით ი. ლ-ს საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“, „ე“ ქვეპუნქტებით (ნარკოტიკული საშუალება ,,დეზომორფინი“) განესაზღვრა 8 წლით, ხოლო 273-ე მუხლით (ნარკოტიკული საშუალება ,,კოდეინი“) – 1 წლით თავისუფლების აღკვეთა; შთანთქმის პრინციპის გამოყენებით, დანაშაულთა ერთობლიობით ი. ლ-ს მიესაჯა 8 წლით თავისუფლების აღკვეთა, რამაც შთანთქა წინა განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილი - 1 წლით თავისუფლების აღკვეთა და საბოლოოდ განესაზღვრა 8 წლით თავისუფლების აღკვეთა, რომლის მოხდა დაეწყო 2014 წლის 14 თებერვლიდან; მასვე 5 წლით ჩამოერთვა „ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონში ჩამოთვლილი უფლებები.
3. თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2014 წლის 8 ოქტომბრის განაჩენით უცვლელად დარჩა გორის რაიონული სასამართლოს 2014 წლის 13 ივნისის განაჩენი.
4. თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2015 წლის 9 სექტემბრის განაჩენით მსჯავრდებულის შუამდგომლობა დაკმაყოფილდა და თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2014 წლის 8 ოქტომბრის განაჩენი შეიცვალა: მსჯავრდებულ ი. ლ-ის ქმედება საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და „ე“ ქვეპუნქტებიდან (2015 წლის 31 ივლისამდე მოქმედი რედაქცია) გადაკვალიფიცირდა სსკ-ის 2015 წლის 31 ივლისიდან მოქმედი რედაქციის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ და „ე“ ქვეპუნქტებზე. განაჩენი სხვა ნაწილში დარჩა უცვლელად.
5. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2016 წლის 14 მარტის განაჩენით თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2015 წლის 9 სექტემბრის განაჩენი დარჩა უცვლელად.
6. 2017 წლის 19 ივლისს თბილისის სააპელაციო სასამართლოს შუამდგომლობით მიმართა მსჯავრდებულმა ი. ლ-მა, რომელმაც ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო, კერძოდ, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2017 წლის 13 ივლისის გადაწყვეტილების შესაბამისად, ითხოვა გორის რაიონული სასამართლოს 2014 წლის 13 ივნისის განაჩენის გადასინჯვა.
7. თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2017 წლის 24 ივლისის განჩინებით შუამდგომლობა დაუშვებლად იქნა ცნობილი.
8. კასატორი – მსჯავრდებული ი. ლ. ითხოვს შუამდგომლობის დაკმაყოფილებას საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილების გათვალისწინებით.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
1. საქართველოს სსსკ-ის 313-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, საკასაციო პალატამ შეამოწმა საქმის მასალები, გააანალიზა საკასაციო საჩივრის საფუძვლიანობა და მივიდა დასკვნამდე, რომ იგი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ შემდეგ გარემოებათა გამო:
2. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2017 წლის 13 ივლისის გადაწყვეტილების შესაბამისად, არაკონსტიტუციურად იქნა ცნობილი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის ის ნორმატიული შინაარსი, რომელიც ითვალისწინებს სისხლისსამართლებრივი სასჯელის სახით თავისუფლების აღკვეთის გამოყენების შესაძლებლობას „ნარკოტიკული საშუალებების, ფსიქოტროპული ნივთიერებების, პრეკურსორებისა და ნარკოლოგიური დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონის დანართი №2-ის 33-ე ჰორიზონტალურ გრაფაში განსაზღვრული, მოსარჩელის მიერ სარჩელით სადავოდ გამხდარი ოდენობით (0,00009 გრამი) ნარკოტიკული საშუალება - ,,დეზომორფინის“ დამზადების, შეძენისა და შენახვისთვის საქართველოს კონსტიტუციის მე-17 მუხლის მე-2 პუნქტთან მიმართებით.
3. მოცემულ შემთხვევაში სააპელაციო სასამართლომ შუამდგომლობა დაუშვებლად ცნო იმ მოტივით, რომ მას მსჯავრი დაედო ასევე ნარკოტიკული საშუალება ,,კოდეინის“ უკანონოდ შეძენა-შენახვისათვისაც.
4. საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ გორის რაიონული სასამართლოს 2014 წლის 13 ივნისის განაჩენით ი. ლ-ს მსჯავრი დაედო მცირე ოდენობით - 0,00431 გრამი - ნარკოტიკული საშუალება ,,კოდეინის“ უკანონო შეძენა-შენახვისთვის და მას ამ ქმედებისთვის მსჯავრი დაედო საქართველოს სსკ-ის 273-ე მუხლით (და არა 260-ე მუხლით). ამდენად, საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილით ი. ლ. მსჯავრდებულია მხოლოდ დიდი ოდენობით - 0,000052 გრამი - ნარკოტიკული საშუალება ,,დეზომორფინის“ უკანონოდ შეძენა-შენახვისთვს იმის მიერ, ვისაც ჩადენილი აქვს სსკ-ის XXXIII თავით (ნარკოტიკული დანაშაული) გათვალისწინებული დანაშაული.
5. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ საკასაციო საჩივარი ნაწილობრივ უნდა დაკმაყოფილდეს, კერძოდ: თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2017 წლის 24 ივლისის განჩინება უნდა გაუქმდეს და საქმე დაბრუნდეს სააპელაციო სასამართლოში საქართველოს სსსკ-ის 310-ე მუხლის ,,დ“ ქვეპუნქტით შუამდგომლობის დასაშვებობის საკითხის გადასაწყვეტად ზემომითითებული მოცემულობის გათვალისწინებით.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 313-ე მუხლის მე-3 ნაწილით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. მსჯავრდებულ ი. ლ-ის საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.
2. გაუქმდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2017 წლის 24 ივლისის განჩინება და საქმე დაბრუნდეს სააპელაციო სასამართლოში საქართველოს სსსკ-ის 310-ე მუხლის ,,დ“ ქვეპუნქტით მსჯავრდებულ ი. ლ-ის შუამდგომლობის დასაშვებობის საკითხის გადასაწყვეტად.
3. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე გ. შავლიაშვილი
მოსამართლეები: ნ. გვენეტაძე
პ. სილაგაძე