საკასაციო საჩივარი ცნობილია დაუშვებლად

სისხლის სამართლის 20.12.2017
საქმის ნომერი
2კ-371აპ.-17
დავის ტიპი
საკასაციო საჩივარი
თარიღი
20.12.2017

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საკასაციო საჩივრის დასაშვებობის

შემოწმების შესახებ

საქმე №371აპ-17 ქ. თბილისი

მ-ე თ, 371აპ-17 20 დეკემბერი, 2017 წელი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

პაატა სილაგაძე (თავმჯდომარე),ნინო გვენეტაძე, გიორგი შავლიაშვილი

ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2017 წლის 4 მაისის განაჩენზე ბათუმის რაიონული პროკურატურის სტაჟიორ-პროკურორის გიორგი კალანდაძისა და მსჯავრდებულ თ. მ-ს ინტერესების დამცველის, ადვოკატ პ. ბ-ს საკასაციო საჩივრების დასაშვებობის საკითხი და

გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:

1. ბრალდების შესახებ დადგენილების თანახმად:

· თბილისის საქალაქო სასამართლოს 2014 წლის 16 სექტემბრის და ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2015 წლის 15 მაისის განაჩენებით სსკ-ის 185-ე მუხლით ორჯერ ნასამართლევი თ. მ-ე 2015 წლის სექტემბერში გაეცნო ა-ს რესპუბლიკაში რეგისტრირებული ტურისტული ფირმის შპს. „M-L“ - ის გენერალურ მენეჯერს ფ. ჰ-ს და დაჰპირდა, რომ თავისი ფირმის - ქ. ბ-ი რეგისტრირებული შპს. „რ-ს’’ (დირექტორი თ. მ-ე) მეშვეობით 16 უცხოელი პირისაგან შემდგარი ტურისტული ჯგუფისათვის ს-ი სამდღიანი ტურის მომსახურებას უზრუნველყოფდა (მგზავრობა, გიდი, კვება და სასტუმრო) - 3320 აშშ დოლარად. თ. მ-მ თავი წარუდგინა წარმატებული და სანდო ტურისტული ფირმის ხელმძღვანელად, მოატყუა, რომ ს-ი არსებულ ცნობილ სასტუმროებსა და რესტორნებთან გაფორმებული ჰქონდა ექსკლუზიური ხელშეკრულებები სპეციალურ ფასებში, ასევე გადაუგზავნა სამდღიანი ჯგუფური ტურის გეგმა და მიაწოდა ცრუ ინფორმაცია, თითქოსდა ცნობილ სასტუმროებში ჰქონდა ჯავშანი და რესტორნებში შეკვეთები. ფ. ჰ-ი ენდო თ. მ-ს და პირობის შესაბამისად, 2015 წლის 1 და 2 ოქტომბერს წინასწარ გადაურიცხა - 3320 აშშ დოლარი. 2015 წლის 4 ოქტომბერს, როდესაც 16 პირისაგან შემდგარი ტურისტული ჯგუფი ჩამოვიდა ს-ი, აღმოჩნდა, რომ ტურის ჩასატარებლად სასტუმროებისათვის, რესტორნების, ავტობუსისა და გიდისათვის თ. მ-ს თანხა არ გადაუხდია, რეალურად ტურისთვის მომსახურება არ გაუწევია და ტურის შემკვეთების სატელეფონო ზარებს აღარ პასუხობდა. ფ. ჰ-ს მიერ ტურის ორგანიზებისათვის გადარიცხულ - 3320 აშშ დოლარს (იმდროინდელი გაცვლითი კურსით - 7934 ლარი), მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, მოტყუებით დაეუფლა თ. მ-ე და იგი გამოიყენა პირადი მიზნებისთვის, რის შედეგადაც დაზარალებულს მიადგა მნიშვნელოვანი ქონებრივი ზიანი.

· თბილისის საქალაქო სასამართლოს 2014 წლის 16 სექტემბრის და ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2015 წლის 15 მაისის განაჩენებით საქართველოს სსკ-ის 185-ე მუხლით ორჯერ ნასამართლევი თ. მ-ე 2015 წლის 1 და 2 ოქტომბერს, მოტყუებით დაეუფლა ფ. ჰ-ს მიერ ტურის ორგანიზებისათვის გადარიცხულ - 3320 აშშ დოლარს. მან ფ. ჰ-ი წინასწარ დააიმედა, დაარწმუნა და შეუთანხმდა, რომ ა-ს რესპუბლიკაში რეგისტრირებული ტურისტული ფირმის შპს „M-L“-ის შეკვეთით ს-ი გამომგზავრებულ, 16 პირისაგან შემდგარ ტურისტულ ჯგუფს გაუწევდა სრულ მომსახურებას (მგზავრობა, გიდი, კვება და სასტუმრო) სამი დღის განმავლობაში. 2015 წლის 4 ოქტომბერს, როდესაც 16 პირისაგან შემდგარი ტურისტული ჯგუფი ჩამოვიდა ს-ი, აღმოჩნდა, რომ ტურის ჩასატარებლად სასტუმროების, რესტორნების, ავტობუსისა და გიდისათვის თ. მ-ს თანხა არ გადაუხდია, რეალურად ტურს არ მომსახურებია და ტურის შემკვეთების სატელეფონო ზარებს აღარ პასუხობდა. თ. მ-ს მხრიდან პირობის შეუსრულებლობის გამო, ა-ს რესპუბლიკაში რეგისტრირებული ფირმის შპს „M-L“ -ის გენერალური მენეჯერი ფ. ჰ-ი იძულებული გახდა, მისი კომპანიის მიერ ს-ი გამოგზავნილი და ქუჩაში დარჩენილი 16 პირისაგან შემდგარი ჯგუფის მოგზაურობისათვის თავად გაეწია გაუთვალისწინებელი და დამატებითი ხარჯები, რამაც გამოიწვია დიდი ოდენობით - 17 600 ლარის ქონებრივი ზიანი.

· თბილისის საქალაქო სასამართლოს 2014 წლის 16 სექტემბრის და ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2015 წლის 15 მაისის განაჩენებით სხვისი მოძრავი ნივთის მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრებისათვის ორჯერ ნასამართლევმა თ. მ-მ ისარგებლა რ-ს რესპუბლიკის მოქალაქის - ე. კ-ს ნდობით, რომელიც სატელეფონო და ელექტრონული ფოსტის საშუალებით დაარწმუნა, რომ როგორც ტურისტული კომპანია ,,a-l“-ის მფლობელი, ე. კ-ა და მისი მეგობრებისათვის ქ. ბ-ი, სასტუმრო ,,კ-ი”, 2016 წლის ივლისში კლიენტებისთვის მისაღებ 1890 აშშ დოლარად შეიძენდა სასტუმროს სამ ნომერს. მიუხედავად იმისა, რომ თ. მ-მ სასტუმრო „კ-ს“ ადმინისტრაციისაგან წინასწარ იცოდა, რომ ე. კ-ს მიერ დაკვეთილი სასტუმროს სამი ნომრის ღირებულება შეადგენდა 5886 აშშ დოლარს, 2016 წლის 29 აპრილს, სწრაფი ფულადი გზავნილის მეშვეობით, ე. კ-ს პირად ანგარიშზე გადმოარიცხინა 945 აშშ დოლარი, იმის დაპირებით, რომ აღნიშნული თანხა მოხმარდებოდა სასტუმროს ნომრების დაჯავშნას. ამის შემდეგ თ. მ-მ ყველანაირი კომუნიკაცია გაწყვიტა როგორც დაზარალებულთან, ისე სასტუმრო ,,კ-ს“ ადმინისტრაციასთან და ე. კ-ს მიერ გადმორიცხულ 945 აშშ დოლარს მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, მოტყუებით დაეუფლა, რითაც დაზარალებულს მიაყენა მნიშვნელოვანი ქონებრივი ზიანი.

2. პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენის სარეზოლუციო ნაწილი:

ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2016 წლის 27 დეკემბრის განაჩენით:

- თ. მ-ს მიმართ საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ”, მე-3 ნაწილის „ა” და მე-4 ნაწილის „ბ” ქვეპუნქტებით (ფ. ჰ-ს ეპიზოდი) წარდგენილი ბრალდება გადაკვალიფიცირდა საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ და მე-3 ნაწილის „ა“, „გ“ ქვეუნქტებზე;

- თ. მ-ს მიმართ საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ” და მე-4 ნაწილის „ბ” ქვეპუნქტებით (ე. კ-ს ეპიზოდი) წარდგენილი ბრალდება გადაკვალიფიცირდა საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ და მე-3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტებზე;

- თ. მ-ს მიმართ საქართველოს სსკ-ის 185-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ”, „გ” ქვეპუნქტებით წარდგენილი ბრალდება გადაკვალიფიცირდა საქართველოს სსკ-ის 185-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“, „გ“ ქვეპუნქტებზე;

- თ. მ-ე ცნობილ იქნა დამნაშავედ და მიესაჯა: საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ”, მე-3 ნაწილის „ა”, „გ“ ქვეპუნქტებით (ფ. ჰ-ს ეპიზოდი) ჯარიმა - 5.000 (ხუთი ათასი) ლარი; სსკ-ის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ”, მე-3 ნაწილის „გ” ქვეპუნქტებით (ე. კ-ს ეპიზოდი) ჯარიმა - 5.000 (ხუთი ათასი) ლარი; სსკ-ის 185-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ”, „გ” ქვეპუნქტებით - 2 (ორი) წლით თავისუფლების აღკვეთა.

საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქა ნაკლებად მკაცრი სასჯელი და თ. მ-ს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა 2 (ორი) წლით თავისუფლების აღკვეთა. საქათველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-4 ნაწილის საფუძველზე თბილისის საქალაქო სასამართლოს 2016 წლის 12 ოქტომბრის განაჩენით დანიშნულმა სასჯელმა - 5 (ხუთი) წლით თავისუფლების აღკვეთამ შთანთქა ბოლო განაჩენით დანიშნული სასჯელი - 2 (ორი) წლით თავისუფლების აღკვეთა და საბოლოოდ თ. მ-ს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა 5 (ხუთი) წლით თავისუფლების აღკვეთა.

თ. მ-ს სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყო განაჩენის გამოტანის დღიდან - 2016 წლის 27 დეკემბრიდან. მასვე სასჯელის ვადაში ჩაეთვალა თბილისის საქალაქო სასამართლოს განაჩენით მოხდილი სასჯელი - 2016 წლის 29 მაისიდან 2016 წლის 27 დეკემბრამდე, ასევე - დაკავებასა და პატიმრობაში ყოფნის დრო - 2015 წლის 31 ოქტომბრიდან 2015 წლის 6 ნოემბრამდე.

მსჯავრდებულ თ. მ-ს მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება - გირაო პატიმრობის უზრუნველყოფით გაუქმდა; აღკვეთის ღონისძიების - გირაოს პირობების და კანონის დარღვევის გამო, გირაოს სახით შეფარდებული ფულადი თანხის ამოღების მიზნით, აღსასრულებლად უნდა მიექცეს ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2015 წლის 5 ნოემბრის განჩინების საფუძველზე დაყადაღებული ზ. ბ-ს (პ/ნ ....) საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების - მდებარე ქ. ბ-ი, მ-ს ქუჩა №..., სართული ..., ფართი 36.25 კვ.მ, (ზონა - ბ-ი 05, სექტორი - .., კვარტალი - .., ნაკვეთი - .., კოდი - 01/551, დაზუსტებული ფართობი 1353.00 კვ.მ, საკადასტრო კოდი №...) - 20.000 (ოცი ათასი) ლარის ღირებულების წილი „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი წესით.

აღნიშნული განაჩენით სასამართლომ დაადგინა შემდეგი:

· საქართველოს სსკ-ის 185-ე მუხლით ნასამართლევი თ. მ-ე 2015 წლის სექტემბერში გაეცნო ა-ს რესპუბლიკაში რეგისტრირებული ტურისტული ფირმის შპს „M-L -ის“ გენერალურ მენეჯერს ფ. ჰ-ს და დაჰპირდა, რომ თავისი ფირმის, ქ. ბ-ი რეგისტრირებული შპს „რ-ს“ (დირექტორი თ. მ-ე) მეშვეობით 16 უცხოელი პირისაგან შემდგარი ტურისტული ჯგუფისათვის ს-ი სამდღიანი ტურის მომსახურებას უზრუნველყოფდა (მგზავრობა, გიდი, კვება და სასტუმრო) 3320 აშშ დოლარად. თ. მ-მ თავი წარუდგინა წარმატებული და სანდო ტურისტული ფირმის ხელმძღვანელად, მოატყუა, რომ ს-ი არსებულ ცნობილ სასტუმროსა და რესტორნებთან გაფორმებული ჰქონდა ექსკლუზიური ხელშეკრულებები სპეციალურ ფასებში, ასევე გადაუგზავნა სამდღიანი ჯგუფური ტურის გეგმა და მიაწოდა ცრუ ინფორმაცია, რომ თითქოსდა ცნობილ სასტუმროებში ჰქონდა ჯავშანი და რესტორნებში შეკვეთები. ფ. ჰ-ი ენდო თ. მ-ს და პირობის შესაბამისად, 2015 წლის 1 და 2 ოქტომბერს წინასწარ გადაურიცხა - 3320 აშშ დოლარი. 2015 წლის 4 ოქტომბერს, როდესაც 16 პირისაგან შემდგარი ტურისტული ჯგუფი ჩამოვიდა ს-ი, აღმოჩნდა, რომ ტურის ჩასატარებლად სასტუმროების, რესტორნების, ავტობუსისა და გიდისათვის თ. მ-ს თანხა არ გადაუხდია, რეალურად ტურისთვის მომსახურება არ გაუწევია და ტურის შემკვეთების სატელეფონო ზარებს აღარ პასუხობდა. ფ. ჰ-ს მიერ ტურის ორგანიზებისათვის გადარიცხულ - 3320 აშშ დოლარს (იმდროინდელი გაცვლითი კურსით - 7934 ლარს), მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, მოტყუებით დაეუფლა თ. მ-ე და იგი გამოიყენა პირადი მიზნებისთვის, რის შედეგადაც დაზარალებულმა განიცადა მნიშვნელოვანი ქონებრივი ზიანი.

· საქართველოს სსკ-ის 185-ე მუხლით ნასამართლევი თ. მ-ე 2015 წლის 1 და 2 ოქტომბერს მოტყუებით დაეუფლა ფ. ჰ-ს მიერ ტურის ორგანიზებისათვის გადარიცხულ - 3320 აშშ დოლარს. მან ფ. ჰ-ი წინასწარ დააიმედა, დაარწმუნა და შეუთანხმდა, რომ ა-ს რესპუბლიკაში რეგისტრირებული ტურისტული ფირმის შპს „M-L“ - ის შეკვეთით ს-ი გამომგზავრებულ, 16 პირისაგან შემდგარ ტურისტულ ჯგუფს გაუწევდა სრულ მომსახურებას (მგზავრობა, გიდი, კვება და სასტუმრო) სამი დღის განმავლობაში. 2015 წლის 4 ოქტომბერს, როდესაც 16 პირისაგან შემდგარი ტურისტული ჯგუფი ჩამოვიდა ს-ი, აღმოჩნდა, რომ ტურის ჩასატარებლად სასტუმროების, რესტორნების, ავტობუსისა და გიდისათვის თ. მ-ს თანხა არ გადაუხდია, რეალურად ტურისთვის მომსახურება არ გაუწევია და ტურის შემკვეთების სატელეფონო ზარებს აღარ პასუხობდა. თ. მ-ს მხრიდან პირობის შეუსრულებლობის გამო, ა-ს რესპუბლიკაში რეგისტრირებული ფირმის შპს „M-L“ - ის გენერალური მენეჯერი ფ. ჰ-ი იძულებული გახდა, მისი კომპანიის მიერ ს-ი გამოგზავნილი და ქუჩაში დარჩენილი 16 პირისგან შემდგარი ჯგუფის მოგზაურობისათვის თავად გაეწია გაუთვალისწინებელი და დამატებითი ხარჯები, რამაც გამოიწვია დიდი ოდენობით - 17 600 ლარის ქონებრივი ზიანი.

· საქართველოს სსკ-ის 185-ე მუხლით ნასამართლევმა თ. მ-მ ისარგებლა რ-ს რესპუბლიკის მოქალაქის - ე. კ-ს ნდობით, რომელიც სატელეფონო და ელექტრონული ფოსტის საშუალებით დაარწმუნა, რომ როგორც ტურისტული კომპანია „a-l“-ის მფლობელი, ე. კ-ა და მისი მეგობრებისათვის ქ. ბ-ი, სასტუმრო ,,კ-ი”, 2016 წლის ივლისში კლიენტებისთვის მისაღებ - 1890 აშშ დოლარად შეიძენდა სასტუმროს სამ ნომერს. მიუხედავად იმისა, რომ თ. მ-მ სასტუმრო ,,კ-ს“ ადმინისტრაციისაგან წინასწარ იცოდა, რომ ე. კ-ს მიერ დაკვეთილი სასტუმროს სამი ნომრის ღირებულება შეადგენდა - 5886 აშშ დოლარს, 2016 წლის 29 აპრილს, სწრაფი ფულადი გზავნილის მეშვეობით, ე. კ-ს პირად ანგარიშზე გადმოარიცხინა 945 აშშ დოლარი, იმის დაპირებით, რომ აღნიშნული თანხა მოხმარდებოდა სასტუმროს ნომრების დაჯავშნას. ამის შემდეგ თ. მ-მ ყველანაირი კომუნიკაცია გაწყვიტა როგორც დაზარალებულთან, ისე სასტუმრო ,,კ-ს“ ადმინისტრაციასთან და ე. კ-ს მიერ გადმორიცხულ - 945 აშშ დოლარს მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, მოტყუებით დაეუფლა, რითაც დაზარალებულს მიაყენა მნიშვნელოვანი ქონებრივი ზიანი.

3. აპელანტის მოთხოვნა:

ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2016 წლის 27 დეკემბრის განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრეს ბათუმის რაიონული პროკურატურის სტაჟიორ-პროკურორმა ალექსანდრე ძირკვაძემ და მსჯავრდებულ თ. მ-ს ინტერესების დამცველმა, ადვოკატმა პ. ბ-მ.

ბათუმის რაიონული პროკურატურის სტაჟიორ-პროკურორმა ალექსანდრე ძირკვაძემ სააპელაციო საჩივრით ითხოვა ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2016 წლის 27 დეკემბრის განაჩენში ცვლილების შეტანა კვალიფიკაციისა და სასჯელის ნაწილში, კერძოდ: თ. მ-ს დამნაშავედ ცნობა საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ’’, მე-4 ნაწილის „ბ’’ ქვეპუნქტებით (ე. კ-ს ეპიზოდი); სსკ-ის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ’’, მე-3 ნაწილის „ა’’, მე-4 ნაწილის „ბ’’ ქვეპუნქტებით (ფ. ჰ-ს ეპიზოდი); სსკ-ის 185-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ’’, „გ’’ ქვეპუნქტებით (ფ. ჰ-ს ეპიზოდი) და მკაცრი სასჯელის განსაზღვრა, შემდეგი საფუძვლებით: სასამართლომ დადგენილად მიიჩნია თ. მ-ს მიერ ჩადენილი დანაშაულებრივი ქმედებები, თუმცა უსაფუძლოდ არ მიიჩნია, რომ თ. მ-ე ორჯერ იყო ნასამართლევი სხვისი მოძრავი ნივთის მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრებისათვის. ბრალდების მხარის მიერ წარდგენილი თბილისის საქალაქო სასამართლოს 2014 წლის 16 სექტემბრისა და ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2015 წლის 15 მაისის განაჩენებით დასტურდება, რომ თ. მ-ე მსჯავრდებულია საქართველოს სსკ-ის 185-ე მუხლით. ბრალდების მხარეს მიაჩნია, რომ არსებობს ორი დამოუკიდებელი, საკუთრების წინააღმდეგ მიმართული დანაშულისათვის გამოტანილი გამამტყუნებელი განაჩენი, ორი, ერთმანეთისგან დამოუკიდებლად ჩადენილი ქმედების გამო, რის შესაბამისადაც, მათ მიეცა დამოუკიდებელი შეფასება ორი სხვადასხვა განაჩენით, რითაც უტყუარად დგინდება, რომ თ. მ-ე ორჯერ არის ნასამართლევი საკუთრების წინააღმდეგ მიმართული დანაშაულის ჩადენისათვის.

გარდა ამისა, ბრალდების მხარის მოსაზრებით, სასამართლომ საქართველოს სსკ-ის 185-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“, „გ“ ქვეპუნქტებით წარდგენილი ბრალდება ასევე უსაფუძვლოდ გადააკვალიფიცირა ამავე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ’’, „გ’’ ქვეპუნქტებზე, სასამართლო პროცესზე კი ცალსახად დადასტურდა ის გარემოება, რომ დაზარალებულ ფ. ჰ-ს თ. მ-ს ქმედებით მიადგა დიდი ოდენობით (17 600 ლარის) ქონებრივი ზიანი. მიუხედავად აღნიშნულისა, სასამართლომ მსჯავრდებულის ქმედება არასწორად გადააკვალიფიცირა მნიშვნელოვან ზიანზე.

ბრალდების მხარემ განაჩენი ასევე უკანონოდ მიიჩნია სასჯელის ნაწილშიც, რადგან იგი ზედმეტად ლმობიერია, ვინაიდან მსჯავრდებულმა არ აღიარა დანაშაული, არ ითანამშრომლა გამოძიებასთან და სასამართლომ ასევე არ გაითვალისწინა მისი წარსული ცხოვრება.

მსჯავრდებულ თ. მ-ს ინტერესების დამცველმა, ადვოკატმა პ. ბ-მ სააპელაციო საჩივრით ითხოვა გამამტყუნებელი განაჩენის გაუქმება და თ. მ-ს უდანაშაულოდ ცნობა წარდგენილ ბრალდებებში, შემდეგ გარემოებათა გამო: განაჩენი უკანონოა და არ ემყარება ერთმანეთთან შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობას, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით დაადასტურებდა თ. მ-ს ბრალეულობას. სასამართლომ დაუსაბუთებლად გაიზიარა მოწმეთა წინააღმდეგობრივი ჩვენებები და არ გაიზირა დაცვის მხარის პოზიცია, რომ თ. მ-ს არ ჰქონდა განზრახული დაზარალებულების მოტყუება და ის ქმედებები, რომლებიც მან ჩაიდინა, გამომდინარეობდა განვითარებულ მოვლენათა ლოგიკური ჯაჭვიდან. სასამართლომ ეჭვი არ გადაწყვიტა ბრალდებულის სასარგებლოდ და გამამტყუნებელ განაჩენს საფუძვლად დაუდო სავარაუდო მტკიცებულებები. სასამართლოს არ ჰქონდა არავითარი საფუძველი, დამნაშავედ ეცნო თ. მ-ე წარდგენილ ბრალდებებში.

4. გასაჩივრებული განაჩენის სარეზოლუციო ნაწილი:

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2017 წლის 4 მაისის განაჩენით ბათუმის რაიონული პროკურატურის პროკურორ ალექსანდრე ძირკვაძის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ და ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2016 წლის 27 დეკემბრის განაჩენში თ. მ-ს მიმართ შევიდა შემდეგი ცვლილება:

თ. მ-ს ქმედება საქართველოს სსკ-ის 185-ე მუხლის მე-2 ნაწილის „გ’’ ქვეპუნქტიდან გადაკვალიფიცირდა ამავე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტზე;

თ. მ-ს მიმართ საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ”, მე-3 ნაწილის „ა“ და მე-4 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტებით (ფ. ჰ-ს ეპიზოდი) წარდგენილი ბრალდება გადაკვალიფიცირდა საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ და მე-3 ნაწილის „ა“, „გ“ ქვეპუნქტებზე.

თ. მ-ს მიმართ საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ” და მე-4 ნაწილის „ბ” ქვეპუნქტებით (ე. კ-ს ეპიზოდი) წარდგენილი ბრალდება გადაკვალიფიცირდა საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ და მე-3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტებზე.

თ. მ-ე ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ”, მე-3 ნაწილის „ა” და „გ“ ქვეპუნქტებით (ფ. ჰ-ს ეპიზოდი); სსკ-ის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ” და მე-3 ნაწილის „გ” ქვეპუნქტით (ე. კ-ს ეპიზოდი); სსკ-ის 185-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ’’ და მე-3 ნაწილის „ბ’’ ქვეპუნქტით და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა:

საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ”, მე-3 ნაწილის „ა” და „გ“ ქვეპუნქტებით (ფ. ჰ-ს ეპიზოდი) - ჯარიმა - 5.000 (ხუთი ათასი) ლარი.

საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ” და მე-3 ნაწილის „გ” ქვეპუნქტებით (ე. კ-ს ეპიზოდი) - ჯარიმა - 5.000 (ხუთი ათასი) ლარი.

საქართველოს სსკ-ის 185-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ და მე-3 ნაწილის „ბ” ქვეპუნქტებით - 5 (ხუთი) წლით თავისუფლების აღკვეთა.

საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქა ნაკლებად მკაცრი სასჯელი და თ. მ-ს განესაზღვრა 5 (ხუთი) წლით თავისუფლების აღკვეთა.

საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-4 ნაწილის საფუძველზე თბილისის საქალაქო სასამართლოს 2016 წლის 12 ოქტომბრის განაჩენით დანიშნულმა სასჯელმა - 5 (ხუთი) წლით თავისუფლების აღკვეთამ შთანთქა ბოლო განაჩენით დანიშნული სასჯელი - 5 (ხუთი) წლით თავისუფლების აღკვეთა და საბოლოოდ თ. მ-ს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა 5 (ხუთი) წლით თავისუფლების აღკვეთა.

მსჯავრდებულ თ. მ-ს სასჯელის მოხდის ათვლა დაეწყო - 2016 წლის 27 დეკემბრიდან.

მასვე სასჯელის ვადაში ჩაეთვალა თბილისის საქალაქო სასამართლოს განაჩენით მოხდილი სასჯელი - 2016 წლის 29 მაისიდან 2016 წლის 27 დეკემბრამდე. ასევე, სასჯელის ვადაში ჩაეთვალა დაკავებასა და პატიმრობაში ყოფნის დრო - 2015 წლის 31 ოქტომბრიდან 2015 წლის 6 ნოემბრამდე.

განაჩენი სხვა ნაწილში დარჩა უცვლელად.

5. გასაჩივრებული განაჩენის ფაქტობრივი და სამართლებრივი დასაბუთება:

საქმეზე გამოკვლეული და უდავოდ მიჩნეული მტკიცებულებების ანალიზის საფუძველზე სააპელაციო პალატამ არ გაიზიარა დაცვის მხარის სააპელაციო საჩივრის მოტივაცია თ. მ-ს მიმართ გამამართლებელი განაჩენის დადგენის თაობაზე და ყურადღება გაამახვილა შემდეგ გარემოებებზე:

თაღლითობა არის განზრახი ქმედება, რომელიც დაკავშირებულია პირის მოტყუებასთან და ამ გზით ქონებრივი უფლების მიღებასთან.

ობიექტური მხრივ თაღლითობის თავისებურება მისი ჩადენის ხერხში მდგომარეობს. ქონების დაუფლების ან ქონებაზე უფლების მიღების საშუალება ამ დროს არის მოტყუება, რომლის დახმარებითაც სრულდება ძირითადი მოქმედება. მოტყუება, როგორც დანაშაულის ჩადენის ხერხი, შედის თაღლითობის დანაშაულის შემადგენლობაში და მის აუცილებელ ნიშანს წარმოადგენს.

მოტყუება - ეს არის ჭეშმარიტების განზრახ დამახინჯება ან გარკვეულ გარემოებათა განზრახ დაფარვა ქონების მესაკუთრის შეცდომაში შეყვანის მიზნით. მოტყუება შეიძლება გამოიხატოს როგორც აქტიურ ქმედებაში, ისე პასიურში. მოტყუების ფორმაა აგრეთვე ნდობის ბოროტად გამოყენება. ასეთ შემთხვევაში დამნაშავესა და დაზარალებულს შორის არსებობს პირადი და სპეციალური უფლებამოსილების ნდობა, რაც ხშირად გამოიხატება მათ სამოქალაქოსამართლებრივ ან შრომით ურთიერთობაში.

საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით დასტურდება, რომ თ. მ-ე წარმოადგენდა შპს „რ-ს’’ დირექტორს.

თვით მსჯავრდებულ თ. მ-ს ჩვენებით დასტურდება, რომ მას ურთიერთობა ჰქონდა როგორც ფ. ჰ-ნ, ისე - ე. კ-ნ. მისი ჩვენებით ასევე დადგენილია მათგან თანხის მიღება, ა-ნ შემოსული უცხოელი ტურისტების მომსახურების შეწყვეტა ფ. ჰ-ნ მომხდარი უკმაყოფილების გამო, მიღებული თანხის კონტრაქტორებისათვის დაუბრუნებლობა. სააპელაციო პალატამ ყურადღება მიაპყრო დაზარალებული კომპანიის წარმომადგენელ ფ. ჰ-ს ჩვენებაზე, რომელიც თანმიმდევრულად აღწერს, თუ როგორ განვითარდა მოვლენები, როგორ შეუთანხმდა თ. მ-ს ს-ი უცხოელი ტურისტების მიღების თაობაზე და როგორ აიღეს ურთიერთვალდებულებები, რომლის საფუძველზე ფ. ჰ-ა 3320 აშშ დოლარი გადაურიცხა თ. მ-ს. დაზარალებული ასევე აღწერს, რომ თ. მ-ე აღარ პასუხობდა სატელეფონო ზარებს, მისივე ჩვენებით დგინდება, თუ როგორ დატოვა მ-მ ტურისტები შემდგომი მომსახურების გარეშე, რის გამოც ფ. ჰ-ი იძულებული გახდა, ს-ი ჩამოსულიყო და პირადი ხარჯებით გაესტუმრებინა ტურისტების ს-ი ყოფნის დავალიანება, რამაც შეადგინა - 17 600 ლარი.

დაზარალებულ ე. კ-ს გამოქვეყნებული ჩვენებით ასევე დადგენილია, თუ როგორ მოატყუა იგი თ. მ-მ, კერძოდ, მის სახელზე სასტუმრო ,,კ-ი’’ დაჯავშნული სასტუმროს ნომრების ფასი სამჯერ მეტი იყო, ვიდრე თ. მ-ს მიერ შეთავაზებული ფასი.

მოწმე ზ. ბ-ს ჩვენებით დადგენილია, რომ 2015 წლის ოქტომბერში შეთანხმება შედგა მასა და თ. მ-ს შორის იმის თაობაზე, რომ მას უნდა გაეწია და ეკისრა გიდის ფუნქცია უცხოელი ტურისტებისათვის სამი დღის განმავლობაში გარკვეული გასამრჯელოს სანაცვლოდ (600 ლარი). ასევე მოწმის ჩვენებით დასტურდება, რომ 2015 წლის 4 ოქტომბერს ის შეხვდა ტურისტებს, ჩავიდნენ ქ. ს-ი, სადაც რესტორანი დაჯავშნული უნდა ჰქონოდა თ. მ-ს, რაც მან არ გააკეთა. ასევე დადგენილია, რომ ზ. ბ-ს ზიანი მოგვიანებით ფ. ჰ-ა აუნაზღაურა.

ამდენად, საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით დადგენილია, რომ თ. მ-ე წარმოადგენდა ტურისტული კომპანიის ხელმძღვანელს, რომელთანაც ფ. ჰ-ი და ე. კ-ა შეთანხმდნენ ტურისტული მომსახურების გაწევის თაობაზე. დადგენილია, რომ ფ. ჰ-ა თ. მ-ს გადაურიცხა 3320 აშშ დოლარი, ხოლო ე. კ-მ - 945 აშშ დოლარი; ა-ს რესპუბლიკიდან ჩამოსული ჯგუფი თ. მ-მ მიატოვა, ასევე კავშირი გაწყვიტა ე. კ-ნ, ხოლო გადმორიცხული თანხები თავისი შეხედულებისამებრ გამოიყენა. ასევე, დადგენილია, რომ ფ. ჰ-ა ტურისტების მომსახურებისათვის გაწია დამატებითი ხარჯები - 17 600 ლარის ოდენობით.

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ არ არსებობდა თ. მ-ს გამართლებისა და, შესაბამისად, დაცვის მხარის სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.

რაც შეეხება პროკურორის სააპელაციო საჩივრის მოტივაციას, რომ თ. მ-ს ქმედებები, ბრალდების სამივე ეპიზოდში უნდა დაკვალიფიცირდეს ჩადენილად იმის მიერ, ვინც ორჯერ ან მეტჯერ არის ნასამართლევი სხვისი მოძრავი ნივთის მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრებისათვის, პალატამ არ გაიზიარა, შემდეგ გარემოებათა გამო:

საქმეში წარმოდგენილია თბილისის საქალაქო სასამართლოს 2014 წლის 16 სექტემბრისა და ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2015 წლის 15 მაისის განაჩენები, რომელთა საფუძველზე თ. მ-ე მსჯავრდებულია საქართველოს სსკ-ის 185-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის. წარმოდგენილი განაჩენებით დასტურდება, რომ დანაშაულებრივი ქმედებები თ. მ-მ ჩაიდინა თბილისის საქალაქო სასამართლოს 2014 წლის 16 სექტემბრის განაჩენის გამოტანამდე.

საქართველოს სსკ-ის მე-15 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, არაერთგზისი დანაშაული ნიშნავს წინათ ნასამართლევი პირის მიერ ამ კოდექსის იმავე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენას. ამ კოდექსის სხვადასხვა მუხლით გათვალისწინებული ორი ან მეტი დანაშაული მხოლოდ მაშინ ჩაითვლება არაერთგზის დანაშაულად, თუ ამის შესახებ მითითებულია ამ კოდექსის შესაბამის მუხლში.

ზემოაღნიშნული გარემოებების გათვალისწინებით, სააპელაციო პალატამ აღნიშნა, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ თ. მ-ს ქმედებები საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ’’, მე-3 ნაწილის „ა’’ და მე-4 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტებიდან (ფ. ჰ-ს ეპიზოდი) სწორად გადააკვალიფიცირა საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ’’ და ამავე მუხლის მე-3 ნაწილის „ა’’, „გ’’ ქვეპუნქტებზე; ასევე, საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“, მე-4 ნაწილის „ბ’’ ქვეპუნქტებით (ე. კ-ს ეპიზოდი) წარდგენილი ბრალდება სწორად გადააკვალიფიცირა სსკ-ის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ’’ და მე-3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტებზე;

სააპელაციო პალატა ასევე დაეთანხმა გასაჩივრებულ განაჩენს თ. მ-ს ქმედების საქართველოს სსკ-ის 185-ე მუხლის მე-3 ნაწილის „გ” ქვეპუნქტიდან საქართველოს სსკ-ის 185-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტზე გადაკვალიფიცირების თაობაზე, ხოლო რაც შეეხება საქართველოს სსკ-ის 185-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტს (დიდი ოდენობა), აღნიშნულთან დაკავშირებით პალატამ ყურადღება გაამახვილა საქმეში წარდგენილ მტკიცებულებებზე, რომლებითაც დადგენილია, რომ ფ. ჰ-ს მიყენებული ზიანი შეადგენს - 17 600 ლარს. საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის შენიშვნის პირველი ნაწილის თანახმად კი, კოდექსის ამ თავში დიდ ოდენობად ითვლება ნივთის ღირებულება - 10 000 ლარის ზევით. ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ ამ ნაწილში პროკურორის სააპელაციო საჩივარი საფუძვლიანია, უნდა დაკმაყოფილდეს და თ. მ-ს ქმედება უნდა დაკვალიფიცირდეს საქართველოს სსკ-ის 185-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით, შესაბამისად, აღნიშნული კვალიფიკაციით უნდა განესაზღვროს მსჯავრდებულს სასჯელი, იმის გათვალისწინებით, რომ თ. მ-ს ქმედებაში გამოკვეთილია დანაშაულის რეციდივი.

რაც შეეხება მსჯავრდებულ თ. მ-ს საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლით შეფარდებულ სასჯელებს, სააპელაციო პალატამ მიზანშეწონილად არ მიიჩნია მითითებული კვალიფიკაციით დადგენილი სასჯელის გამკაცრება, რის შესაბამისადაც, გასაჩივრებული განაჩენი თ. მ-ს მიმართ დანარჩენ ნაწილში დატოვა უცვლელად.

5. კასატორის მოთხოვნა:

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2017 წლის 4 მაისის განაჩენი საკასაციო წესით გაასაჩივრეს ბათუმის რაიონული პროკურატურის სტაჟიორ-პროკურორმა გიორგი კალანდაძემ და მსჯავრდებულ თ. მ-ს ინტერესების დამცველმა, ადვოკატმა პ. ბ-მ.

სახელმწიფო ბრალმდებელი საკასაციო საჩივრით ითხოვს გასაჩივრებულ განაჩენში ცვლილების შეტანას კვალიფიკაციისა და სასჯელის ნაწილში, კერძოდ: თ. მ-ს დამნაშავედ ცნობას საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ’’ და მე-4 ნაწილის „ბ’’ ქვეპუნქტებით (ე. კ-ს ეპიზოდი); სსკ-ის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ’’, მე-3 ნაწილის „ა’’ და მე-4 ნაწილის „ბ’’ ქვეპუნქტებით (ფ. ჰ-ს ეპიზოდი); სსკ-ის 185-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ’’, „გ’’ ქვეპუნქტებით (ფ. ჰ-ს ეპიზოდი) წარდგენილ ბრალდებებში და უფრო მკაცრი სასჯელის შეფარდებას, რადგან საქმეში არსებული, 2014 წლის 16 სექტემბრისა და ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2015 წლის 15 მაისის განაჩენებით უტყუარად დასტურდება, რომ თ. მ-ე წარსულში ორჯერაა ნასამართლევი საკუთრების წინააღმდეგ მიმართული დანაშულისათვის, რაც სააპელაციო პალატამ არასწორად განმარტა. დაცვის მხარე საკასაციო საჩივრით ითხოვს თ. მ-ს მიმართ გამოტანილი გამამტყუნებელი განაჩენის გაუქმებასა და მის ნაცვლად გამამართლებელი განაჩენის გამოტანას იმავე საფუძვლებით, რაზეც უთითებდა სააპელაციო საჩივარში. კასატორმა დამატებით აღნიშნა, რომ სასამართლომ ასევე არ გაითვალისწინა ის გარემოება, რომ ფ. ჰ-ა და თ. მ-ს შორის არსებობდა სახელშეკრულებო ურთიერთობა ტურისტულ მომსახურებასთან დაკავშირებით. დადგენილია, რომ თ. მ-მ დაჯავშნა როგორც სასტუმროები, ასევე რესტორნების მომსახურება; დაზარალებულ ე. კ-ს ეპიზოდში საერთოდ არ მოიპოვება ბრალდების დამადასტურებელი ერთი მტკიცებულებაც კი; ე. კ-ა და თ. მ-ს შორის შეთანხმება ტურისტული მომსახურების შესახებ გაფორმდა 2016 წლის ივლისში, მაგრამ იგი დააკავეს იმავე წლის მაისში, რის გამოც, ბუნებრივია, ვერ შეძლებდა ნაკისრი ვალდებულებების შესრულებას; თ. მ-ს ერთი ქმედებისათვის მსჯავრი დაედო ორი სხვადასხვა კვალიფიკაციით, რაც უკანონოა. 6. საკასაციო პალატამ შეისწავლა საკასაციო საჩივრები და დაასკვნა, რომ ისინი არ აკმაყოფილებს საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს, რის გამოც არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად, კერძოდ: საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილი ამომწურავად იძლევა იმ საფუძველთა ჩამონათვალს, რომელთა არსებობის შემთხვევაში საკასაციო საჩივარი დასაშვებად ჩაითვლება, ასეთებია:

ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებასა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას;

ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია;

გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება;

დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;

ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე;

ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს;

ზ) კასატორი არასრულწლოვანი მსჯავრდებულია.

7. საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ მოცემულ სისხლის სამართლის საქმეში არ მოიპოვება არც ერთი ზემოაღნიშნული საფუძველი.

8. საკასაციო საჩივრებისა და საქმის შესწავლის შედეგად საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ არ არსებობს გარემოება, რომლის გამოც საქმეს ექნებოდა არსებითი მნიშვნელობა სამართლის განვითარების ან მსგავს საქმეებზე ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის.

9. საკასაციო პალატა ვერ დაეთანხმება პროკურორის მითითებას, რომ ბრალდების სამივე ეპიზოდში თ. მ-ს ქმედებები უნდა დაკვალიფიცირდეს როგორც დანაშაული, ჩადენილი იმ პირის მიერ, ვინც ორჯერ იყო ნასამართლევი სხვისი მოძრავი ნივთის მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრებისათვის და მიუთითებს, რომ სააპელაციო ინსტანციის სასამართლომ დეტალურად იმსჯელა მითითებულ საკითხზე, რასაც საკასაციო პალატა სრულად იზიარებს და ეთანხმება.

10. საკასაციო პალატა ასევე ვერ გაიზიარებს დაცვის მხარის მოსაზრებას, რომ თ. მ-ე არის უდანაშაულო და უნდა გამართლდეს წარდგენილ ბრალდებებში და მიაჩნია, რომ საქმეზე შეკრებილი და გამოკვლეული მტკიცებულებებით გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით სრულად დადასტურდა თ. მ-ს გასაჩივრებული განაჩენით ბრალად შერაცხული ქმედებების ჩადენა. საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს განაჩენით ნათლად არის დასაბუთებული ის მოტივები, რომელთა საფუძველზეც სასამართლომ თ. მ-ე დამნაშავედ ცნო ზემოაღნიშნული დანაშაულების ჩადენაში. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ მსგავს სამართლებრივ საკითხებზე არსებობს უზენაესი სასამართლოს პრაქტიკა და ამასთან, დაცვის მხარეს არ მიუთითებია გარემოებაზე, რომელიც დადგენილი პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღებას შესაძლებელს გახდიდა.

11. ამდენად, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ ვინაიდან მოცემულ შემთხვევაში არ იკვეთება საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 და მე-31 ნაწილებით გათვალისწინებული არც ერთი მოთხოვნა, საკასაციო საჩივრები დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი.

12. საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33, მე-4 ნაწილების შესაბამისად, საკასაციო პალატამ

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. ბათუმის რაიონული პროკურატურის სტაჟიორ-პროკურორის გიორგი კალანდაძისა და მსჯავრდებულ თ. მ-ს ინტერესების დამცველის, ადვოკატ პ. ბ-ს საკასაციო საჩივრები არ იქნეს დაშვებული განსახილველად.

2. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე პ. სილაგაძე

მოსამართლეები: ნ. გვენეტაძე

გ. შავლიაშვილი