საკასაციო საჩივარი ცნობილია დაუშვებლად

სისხლის სამართლის 24.01.2018
საქმის ნომერი
2კ-460აპ.-17
დავის ტიპი
საკასაციო საჩივარი
თარიღი
24.01.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საკასაციო საჩივრის დასაშვებობის

შემოწმების შესახებ

საქმე №460აპ-17 ქ. თბილისი

ყ-ი ვ 460აპ-17 24 იანვარი, 2018 წელი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

პაატა სილაგაძე (თავმჯდომარე),ნინო გვენეტაძე, გიორგი შავლიაშვილი

ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2017 წლის 14 ივნისის განაჩენზე თბილისის პროკურატურის პროკურორ დავით გუმბერიძის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და

გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:

1. პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენის სარეზოლუციო ნაწილი:

თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 31 მარტის განაჩენით ვ. ყ-ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 365-ე მუხლის მე-2 ნაწილით (2016 წლის 29 ივნისამდე მოქმედი რედაქცია) გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა ჯარიმა - 4000 (ოთხი ათასი) ლარი.

საქართველოს სსკ-ის 62-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე ვ. ყ-ს დანიშნული სასჯელი პატიმრობაში ყოფნის ვადის - 2015 წლის 27 დეკემბრის - გათვალისწინებით, შეუმცირდა 100 (ასი) ლარით და საბოლოოდ ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა ჯარიმა - 3 900 (სამი ათას ცხრაასი) ლარი სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ.

აღნიშნული განაჩენით ვ. ყ-ს მსჯავრი დაედო გამომძიებლისა და მისი ახლო ნათესავის, ასევე, სამართალწარმოების სხვა მონაწილის მიმართ სიცოცხლის მოსპობის, ჯანმრთელობის დაზიანების ანდა ქონების განადგურების, ან დაზიანების მუქარაში გამოძიებასთან დაკავშირებით.

ვ. ყ-ს ქმედება გამოიხატა შემდეგში: 2015 წლის 27 ნოემბერს საქართველოს შსს ქ. თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ი-ს სამმართველოს მე-2 განყოფილების გამომძიებელ ი. ს-ს წარმოებაში არსებულ სისხლის სამართლის N.... საქმეზე ჩატარდა ვ. ყ-ს საცხოვრებელი ბინის ჩხრეკა, რა დროსაც ამოიღეს „TT-ს“ სისტემის პისტოლეტი, 12 - კალიბრიანი „CHURCHILL-ის“ მოდელის თოფი, „ოსშ-42“ მოდელის სასიგნალო პისტოლეტი და 18 საბრძოლო ვაზნა. ჩხრეკის ჩატარების შემდეგ, იმავე დღეს, პოლიციის ადმინისტრაციულ შენობაში მისული ვ. ყ-ი დაემუქრა იქ მყოფ პოლიციელებს პოლიციის შენობის აფეთქებით, ხოლო გამომძიებელ ი. ს-ს - მისი და მისი ოჯახის წევრების სიცოცხლის მოსპობით.

ვ. ყ-ი აღნიშნულის შემდეგაც სისტემატურად ემუქრებოდა გამომძიებელ ი. ს-ს მისი და მისი ოჯახის წევრების სიცოცხლის მოსპობით, რასაც უკავშირებდა საქმეზე გამოძიების წარმოებასა და მისი საცხოვრებელი ბინიდან იარაღის ამოღებას.

2. აპელანტის მოთხოვნა:

თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 31 მარტის განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა ქ. თბილისის პროკურატურის საგამოძიებო ნაწილის სტაჟიორ-პროკურორმა ირაკლი ქარდავამ, რომელმაც მოითხოვა პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენში ცვლილების შეტანა, კერძოდ, მსჯავრდებულისთვის სასჯელის გამკაცრება.

სააპელაციო განხილვისას ბრალდების მხარემ დააზუსტა მოთხოვნა, კერძოდ, ითხოვა მსჯავრდებულ ვ. ყ-ს სასჯელის სახით თავისუფლების აღკვეთის განსაზღვრა.

3. გასაჩივრებული განაჩენის სარეზოლუციო ნაწილი:

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2017 წლის 14 ივნისის განაჩენით თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 31 მარტის განაჩენი დარჩა უცვლელად.

4. გასაჩივრებული განაჩენის ფაქტობრივი და სამართლებრივი დასაბუთება:

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ მიუთითა, რომ ვ. ყ-ს მიმართ წარდგენილი ბრალდება, გარდა მსჯავრდებულის აღიარებითი ჩვენებისა, უტყუარად დადასტურდა საქმეზე გამოკვლეულ, ერთმანეთთან შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობით, რომელიც პირველი ინსტანციის სასამართლოში მხარეებს სადავოდ არ გაუხდიათ და მათ საქართველოს სსკ-ის 73-ე მუხლის „დ“ ქვეპუნქტის თანახმად, მიენიჭათ პრეიუდიციული მნიშვნელობა.

პალატამ არ გაიზიარა აპელანტის მოთხოვნა სასჯელის დამძიმების თაობაზე, ვინაიდან მსჯავრდებულმა აღიარა და მოინანია ჩადენილი დანაშაული, სადავოდ არ გაუხდია ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები და წარსულში არ არის ნასამართლევი.

პალატამ მიიჩნია, რომ მსჯავრდებულისთვის შეფარდებული სასჯელი სრულად შეესაბამება მის პიროვნებას, რაც სავსებით უზრუნველყოფს საქართველოს სსკ-ის 39-ე მუხლით გათვალისწინებული სასჯელის მიზნების განხორციელებას და არ არსებობს მისი გამკაცრების საფუძველი.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო პალატამ ბრალდების მხარის სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა არ დააკმაყოფილა და თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 31 მარტის განაჩენი დატოვა უცვლელად.

5. კასატორის მოთხოვნა:

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2017 წლის 14 ივნისის განაჩენი საკასაციო წესით გაასაჩივრა თბილისის პროკურატურის პროკურორმა დავით გუმბერიძემ, რომელიც საჩივრით ითხოვს გასაჩივრებული განაჩენის შეცვლას სასჯელის ნაწილში, კერძოდ, მსჯავრდებულისათვის უფრო მკაცრი სასჯელის განსაზღვრას.

6. საკასაციო პალატამ შეისწავლა საკასაციო საჩივარი და დაასკვნა, რომ იგი არ აკმაყოფილებს საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს, რის გამოც არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად, კერძოდ: საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილი ამომწურავად იძლევა იმ საფუძველთა ჩამონათვალს, რომელთა არსებობის შემთხვევაში საკასაციო საჩივარი დასაშვებად ჩაითვლება, ასეთებია:

ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებასა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას;

ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია;

გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება;

დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;

ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე;

ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს;

ზ) კასატორი არასრულწლოვანი მსჯავრდებულია.

7. საკასაციო პალატა სასჯელის სამართლიანობასთან დაკავშირებით აღნიშნავს, რომ სააპელაციო სასამართლოს მიერ განსაზღვრული საბოლოო სასჯელის ზომა შეესაბამება სისხლის სამართლის კოდექსით დადგენილ მოთხოვნებს. სააპელაციო სასამართლომ სრულად შეაფასა სასჯელის დანიშვნის როგორც ზოგადსავალდებულო გარემოებები და პირის ინდივიდუალური მახასიათებლები, ისე - საქართველოს სსკ-ის 39-ე მუხლით გათვალისწინებული სასჯელის მიზნების მიღწევის შესაძლებლობანი. სააპელაციო სასამართლომ მსჯავრდებულ ვ. ყ-ს, პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოებების გათვალისწინებით (მან აღიარა და მოინანია ჩადენილი დანაშაული, სადავოდ არ გახადა ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები; არ არის ნასამართლავი), განუსაზღვრა სამართლიანი სასჯელი, რომლის დამძიმების საფუძველი არ არსებობს.

8. ამდენად, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ ვინაიდან მოცემულ შემთხვევაში არ იკვეთება საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 და მე-31 ნაწილებით გათვალისწინებული არც ერთი მოთხოვნა, საკასაციო საჩივარი დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი.

9. საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33, მე-4 ნაწილების შესაბამისად, საკასაციო პალატამ

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. თბილისის პროკურატურის პროკურორ დავით გუმბერიძის საკასაციო საჩივარი არ იქნეს დაშვებული განსახილველად.

2. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე პ. სილაგაძე

მოსამართლეები: ნ. გვენეტაძე

გ. შავლიაშვილი