განაჩენი გაუქმდა და საქმე შეწყდა

სისხლის სამართლის 22.01.2018
საქმის ნომერი
72აგ.-2017
დავის ტიპი
საზედამხედველო
თარიღი
22.01.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე №72აგ-17 თბილისი

კ-ე ვ 72აგ-17 22 იანვარი, 2018 წელი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს

სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

პაატა სილაგაძე (თავმჯდომარე),ნინო გვენეტაძე, ბესარიონ ალავიძე

ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა ვ. კ-ს საკასაციო საჩივარი ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2017 წლის პირველი ივნისის განაჩენზე.

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

1. თბილისის გლდანი-ნაძალადევის რაიონული სასამართლოს 2004 წლის 17 დეკემბრის განაჩენით დამტკიცდა პროკურორსა და ვ. კ-ს შორის დადებული საპროცესო შეთანხმება. ვ. კ-ე ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 332-ე მუხლის მე-2 ნაწილითა და 218-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით და დაეკისრა ჯარიმა - 10000 ლარი.

2. 2017 წლის 10 აპრილს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატას ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო შუამდგომლობით მიმართა ვ. კ-მ, რომელმაც მოითხოვა მის მიმართ გამოტანილი გამამტყუნებელი განაჩენიდან სისხლის სამართლის კოდექსის 218-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით შერაცხული მსჯავრდების ამორიცხვა იმ საფუძვლით, რომ 2004 წლის 29 დეკემბრის კანონით მოხდა აღნიშნული მუხლით გათვალისწინებული ქმედების დეკრიმინალიზაცია.

3. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2017 წლის პირველი ივნისის განაჩენით ვ. კ-ს შუამდგომლობა არ დაკმაყოფილდა და თბილისის გლდანი-ნაძალადევის რაიონული სასამართლოს 2004 წლის 17 დეკემბრის განაჩენი დარჩა უცვლელად.

4. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2017 წლის პირველი ივნისის განაჩენი საკასაციო წესით გაასაჩივრა ვ. კ-მ, რომელმაც მოითხოვა გასაჩივრებული განაჩენის გაუქმება და შუამდგომლობის დაკმაყოფილება.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

1. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შეამოწმა საქმის მასალები, გააანალიზა საკასაციო საჩივრის საფუძვლიანობა და დაასკვნა, რომ იგი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ შემდეგ გარემოებათა გამო:

2. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 310-ე მუხლის „ვ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო განაჩენი გადაისინჯება, თუ ახალი კანონი აუქმებს ან ამსუბუქებს სისხლისსამართლებრივ პასუხისმგებლობას იმ ქმედებისათვის, რომლის ჩადენისთვისაც პირს გადასასინჯი განაჩენით მსჯავრი დაედო.

3. ამასთან, საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-20 მუხლის მე-6 ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატა ამავე კოდექსით გათვალისწინებულ შემთხვევებში და დადგენილი წესით იხილავს ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო განაჩენის გადასინჯვის შესახებ საჩივარს საქართველოს საერთო სასამართლოების მიერ გამოტანილ და კანონიერ ძალაში შესულ განაჩენსა და სხვა შემაჯამებელ სასამართლო გადაწყვეტილებაზე.

4. საქართველოს მოქმედი სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის (2009 წლის 9 ოქტომბრის კანონი) მე-2 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სისხლის სამართლის პროცესში გამოიყენება ის საპროცესო ნორმა, რომელიც მოქმედებს გამოძიებისა და სასამართლო განხილვის დროს. ანალოგიური დათქმაა ძველ - საქართველოს 1998 წლის 20 თებერვლის სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსშიც, კერძოდ: ამ კოდექსის მე-3 მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, სისხლის სამართლის პროცესში გამოიყენება სისხლის სამართლის საპროცესო კანონი, რომელიც მოქმედებს წინასწარი გამოძიებისა და სასამართლო განხილვის დროს. ამასთან, ამჟამად მოქმედი სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 329-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, ამ კოდექსის ამოქმედებამდე დაწყებულ სისხლისსამართლებრივი დევნის საქმეებზე სისხლის სამართლის პროცესი გრძელდება საქართველოს 1998 წლის 20 თებერვლის სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით დადგენილი წესით, გარდა ამავე კოდექსის 1681-ე და 1682-ე მუხლებით გათვალისწინებული განრიდების გამოყენების შემთხვევებისა.

5. ამდენად, საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო განაჩენის გადასინჯვის თაობაზე შუამდგომლობის დასაშვებობის საკითხზე სასამართლომ უნდა იმსჯელოს მოქმედი - 2009 წლის 9 ოქტომბრის სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის შესაბამისი ნორმების მიხედვით, ხოლო დასაშვებობის ეტაპის გადალახვის შემთხვევაში საქმის არსებითი განხილვა უნდა წარიმართოს იმ საპროცესო კოდექსით, რომლითაც კონკრეტული მსჯავრდებულის საქმეზე მიმდინარეობდა წარმოება და მიღებულ იქნა გასაჩივრებული განაჩენი (იხ. საქართველოს უზენაესი სასამართლოს პრაქტიკა, კერძოდ, უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2017 წლის 18 მაისის №222აგ-16 განჩინება; 2017 წლის 4 ივლისის №27აგ-17 განჩინება).

6. საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ, ვინაიდან მოცემულ შემთხვევაში ვ. კ-ს მიმართ სისხლის სამართლის საქმის გამოძიება და სასამართლო განხილვა წარმართულია ძველი - საქართველოს 1998 წლის 20 თებერვლის სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის შესაბამისად, სააპელაციო სასამართლოს საქმე უნდა განეხილა და განაჩენი გამოეტანა ამ კოდექსით დადგენილი წესით, ხოლო იმის გათვალისწინებით, რომ თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ 2017 წლის პირველი ივნისის განაჩენი გამოიტანა ამჟამად მოქმედი - 2009 წლის 9 ოქტომბრის სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მიხედვით, ეს გარემოება, 1998 წლის 20 თებერვლის სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 562-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტისა და ამავე კოდექსის 563-ე, 570-ე მუხლების პირველი ნაწილების შესაბამისად, წარმოადგენს გასაჩივრებული განაჩენის გაუქმებისა და საქმის იმავე სასამართლოსთვის ხელახალი განხილვის მიზნით დაბრუნების საფუძველს.

7. მიუხედავად ზემოაღნიშნული გარემოებებისა, საკასაციო პალატა, კასატორის მოთხოვნიდან გამომდინარე, მისივე ინტერესების გათვალისწინებით, საქმისწარმოების გაჭიანურებისა და სასამართლო რესურსების უსაფუძვლო ხარჯვის თავიდან აცილების მიზნით მიიჩნევს, რომ საქმე თვითონვე განიხილოს, რადგან გამოკვეთილია ვ. კ-ს სისხლის სამართლის კოდექსის 218-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით მსჯავრდების ნაწილში საქმის შეწყვეტის საფუძველი შემდეგ გარემოებათა გამო:

8. საქართველოს 1998 წლის 20 თებერვლის სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 28-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტის თანახმად, სისხლისსამართლებრივი დევნა არ უნდა დაიწყოს, ხოლო დაწყებული დევნა და წინასწარი გამოძიება უნდა შეწყდეს, თუ ახალი კანონი აუქმებს ქმედების დანაშაულებრიობას. ამასთან, 452-ე მუხლის მე-3 ნაწილის მიხედვით, სასამართლო წყვეტს სისხლისსამართლებრივ დევნას ამ კოდექსის 28-ე მუხლით გათვალისწინებულ შემთხვევებში, ხოლო ამავე კოდექსის 561-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტის საფუძველზე საკასაციო სასამართლო განჩინებით აუქმებს გასაჩივრებულ განაჩენს და წყვეტს საქმეს.

9. მოცემულ შემთხვევაში საქმის მასალებით ირკვევა, რომ ვ. კ-ე მსჯავრდებულია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 218-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით (განაჩენის გამოტანის დროს მოქმედი რედაქცია) - განსაკუთრებით დიდი ოდენობით - 40026 ლარის გადასახადისათვის თავის არიდების გამო (იხ.: ტ. 5, ს.ფ. 112), რადგან ამ მუხლის შენიშვნის თანახმად, განსაკუთრებით დიდ ოდენობად ითვლებოდა გადაუხდელი თანხა 10000 ლარის ზევით, ხოლო იმის გათვალისწინებით, რომ სისხლის სამართლის კოდექსის 218-ე მუხლში 2004 წლის 29 დეკემბერს განხორციელებული ცვლილების (რომელიც ამოქმედდა 2005 წლის თებერვლიდან) მიხედვით, ამ მუხლით (დიდი ოდენობით გადასახადისათვის თავის არიდება) მსჯავრდებისათვის მინიმალურ ოდენობად ითვლებოდა დამალული გადასახადი, რომელიც აღემატებოდა გადასახდელი გადასახადის 25 პროცენტსა და 100000 ლარს, ხოლო განსაკუთრებით დიდ ოდენობად - გადასახდელი გადასახადის 30 პროცენტსა და 120000 ლარს, და მით უმეტეს, რომ ამ მუხლის დღეს მოქმედი რედაქციით დიდ ოდენობად ითვლება თანხა, რომელიც აღემატება 100000 ლარს, ხოლო განსაკუთრებით დიდ ოდენობად - თანხა, რომელიც აღემატება 150000 ლარს, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ აღნიშნული გარემოება არის სისხლისსამართლებრივი დევნის შეწყვეტის საფუძველი, რადგან ახალმა კანონმა გააუქმა ქმედების დანაშაულებრიობა, კერძოდ - ვ. კ-ს მიერ 40026 ლარის ოდენობით გადასახადისათვის თავის არიდება აღარ წარმოადგენს სისხლის სამართლის კოდექსის 218-ე მუხლით დასჯად ქმედებას.

10. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ ვ. კ-ს საკასაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ: თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2017 წლის პირველი ივნისისა და თბილისის გლდანი-ნაძალადევის რაიონული სასამართლოს 2004 წლის 17 დეკემბრის განაჩენები ვ. კ-ს სისხლის სამართლის კოდექსის 218-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით მსჯავრდების ნაწილში უნდა გაუქმდეს და საქმე შეწყდეს.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 314-ე, 329-ე მუხლებით (ამჟამად მოქმედი რედაქცია), საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 552-ე მუხლის მე-5 ნაწილით, 561-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით, 568-ე მუხლით (1998 წლის 20 თებერვლის კანონი) და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. ვ. კ-ს საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;

2. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2017 წლის პირველი ივნისისა და თბილისის გლდანი-ნაძალადევის რაიონული სასამართლოს 2004 წლის 17 დეკემბრის განაჩენები ვ. კ-ს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 218-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით მსჯავრდების ნაწილში გაუქმდეს და საქმე შეწყდეს;

3. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2017 წლის პირველი ივნისისა და თბილისის გლდანი-ნაძალადევის რაიონული სასამართლოს 2004 წლის 17 დეკემბრის განაჩენები დანარჩენ ნაწილში დარჩეს უცვლელად;

4. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე პ. სილაგაძე

მოსამართლეები: ნ. გვენეტაძე

ბ. ალავიძე