გაუქმდა გამამართლებელი განაჩენი და გამოტანილ იქნა გამამტყუნებელი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
№527აპ-17 20 თებერვალი, 2018 წელი
კ-ი ი., 527აპ-17 ქ. თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
გიორგი შავლიაშვილი (თავმჯდომარე),ნინო გვენეტაძე, პაატა სილაგაძე
სხდომის მდივან - კონსტანტინე თოდრიას, გიორგი შალამბერიძის
პროკურორ - მიხეილ ბერიაშვილის
გამართლებულ - ი. კ-ის
ადვოკატ - გ. გ-ე-ბ-ის
მონაწილეობით განიხილა გორის რაიონული პროკურატურის პროკურორ ნათია კიკალიას საკასაციო საჩივარი თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2017 წლის 21 ივლისის განაჩენზე.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
1. გორის რაიონული სასამართლოს 2016 წლის 25 ოქტომბრის განაჩენით ი. კ., - - – ცნობილ იქნა უდანაშაულოდ და გამართლდა საქართველოს სსკ-ის 111-19-108-ე მუხლით წარდგენილ ბრალდებაში; ი. კ-ის მიმართ შერჩეული აღკვეთის ღონისძიება გაუქმდა. ი. კ-ს განემარტა, რომ უფლება აქვს, აუნაზღაურდეს მიყენებული ზიანი.
2. ი. კ-ს ბრალად დაედო განზრახ მკვლელობის მცდელობა ოჯახის სხვა წევრის მიმართ, რაც გამოიხატა შემდეგში:
2015 წლის 30 აპრილს, დაახლოებით 23:30 საათზე, კ-ს რაიონის სოფელ ქ. გ-ში ზ. კ-ის საცხოვრებელ სახლში, ოჯახის წევრმა - შვილმა ი. კ-მა ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, თანნაქონი დანით ჩაიდინა მამის - ზ. კ-ის განზრახ მკვლელობის მცდელობა.
3. განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა გორის რაიონული პროკურატურის პროკურორმა ნათია კიკალიამ. მან ითხოვა გამამართლებელი განაჩენის გაუქმება, ი. კ-ის დამნაშავედ ცნობა საქართველოს სსკ-ის 111-19-108-ე მუხლით წარდგენილ ბრალდებაში და შესაბამისი სასჯელის განსაზღვრა.
4. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2017 წლის 21 ივლისის განაჩენით გორის რაიონული სასამართლოს 2016 წლის 25 ოქტომბრის განაჩენი დარჩა უცვლელად.
5. კასატორი – გორის რაიონული პროკურატურის პროკურორი ნათია კიკალია საკასაციო საჩივარში აღნიშნავს, რომ ზ. კ-ის ჩვენება არ არის უტყუარი და მიმართულია საკუთარი შვილის - ი. კ-ის პასუხისმგებლობის თავიდან არიდებისაკენ. შესაძლოა იგივე ითქვას ი. კ-ის დის - ე. კ-ის ჩვენებაზეც. დაზარალებულის ჩვენების არაუტყუარ ხასიათს ამყარებს ბრალდებულის ტანსაცმელსა და ბოტასზე, აგრეთვე მისი პირადი ჩხრეკისას ამოღებულ დანაზე დაზარალებულის სისხლის აღმოჩენა. აღსანიშნავია ისიც, რომ დაზარალებულისა და ბრალდებულის ტანსაცმელზე ურთიერთიდენტური ქსოვილის ბოჭკოები აღმოჩნდა. კასატორის მითითებით, ვერც ერთი ფაქტობრივი გარემოებით ვერ აიხსნება ი. კ-ის ტანსაცმელზე ზ. კ-ის სისხლის კვალის აღმოჩენა. განსახილველი დანაშაული მიეკუთვნება ლატენტურ დანაშაულთა რიცხვს, რის გამოც მის თაობაზე იციან მხოლოდ დაზარალებულმა და ამსრულებელმა.
6. აღნიშნულიდან გამომდინარე, პროკურორი ითხოვს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2017 წლის 21 ივლისის განაჩენის გაუქმებას, მის ნაცვლად გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანასა და ი. კ-ის მიმართ შესაბამისი სასჯელის განსაზღვრას.
7. საკასაციო პალატის სხდომაზე პროკურორმა მიხეილ ბერიაშვილმა მხარი დაუჭირა საკასაციო საჩივარს და მოითხოვა მისი დაკმაყოფილება, ხოლო დაცვის მხარემ მოითხოვა გასაჩივრებული განაჩენის უცვლელად დატოვება.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
1. საკასაციო პალატამ მხარეთა მონაწილეობით განიხილა საკასაციო საჩივარი, შეისწავლა საქმის მასალები, შეამოწმა საჩივრის საფუძვლიანობა და მიაჩნია, რომ საკასაციო საჩივრის მოთხოვნა უნდა დაკმაყოფილდეს და ი. კ-ის მიმართ დადგენილი გამამართლებელი განაჩენი უნდა გაუქმდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
2. სასამართლოში მოწმის სახით დაკითხვისას დაზარალებულმა ზ. კ-მა განაცხადა, რომ 2015 წლის 30 აპრილს იმყოფებოდა კ-ის რაიონის სოფელ ქ. გ-ში და დილიდან ეხმარებოდა თანასოფლელ ბ. მ-ს ხეხილის გასხვლაში. მას სახლიდან თან წაღებული ჰქონდა ორი დანა. მუშაობისას დანით დაიზიანა ხელი, რის გამოც ხეხილის გასხვლას თავი დაანება და ბ. მ-ის სახლში დაიწყო არყის დალევა. დაახლოებით 17:00 საათზე მათთან მივიდა თავისი შვილი ი. კ., რომელმაც აგრეთვე მიიღო ალკოჰოლური სასმელი. შებინდებისას, ვინაიდან გაწვიმდა, ი-თან ერთად წავიდა თავისი საცხოვრებელი სახლის მიმართულებით, რა დროსაც გაახსენდა, რომ დანები დარჩა ბ. მ-თან და შვილს სთხოვა დაბრუნებულიყო მათ წამოსაღებად, თვითონ კი შევიდა სახლში. ოთახში შესვლისას სიბნელეში ფეხით წამოედო კარის ჩარჩოს, რის გამოც თავი ვერ შეიკავა და მკერდით დაეცა შესასვლელთან მდგარ მაგიდაზე, რომელზეც ეწყო ნახევრად დაწნული კალათები, ბასრი პირის მქონე ნერგის წნელებით. ამ დროს ხელში ეჭირა სასხლავი მაკრატელი. ფეხზე ადგომის შემდეგ კვლავ დაეცა ზურგით. ორივე შემთხვევაში სხეულზე მიიღო მრავლობითი დაზიანებები, მოსდიოდა სისხლი, მაგრამ დასახმარებლად არავისთვის მიუმართავს. მოგვიანებით სასწრაფო–სამედიცინო დახმარების ბრიგადამ იგი საავადმყოფოში გადაიყვანა. ზ. კ-ის ჩვენებით, მისთვის ი. კ-ს დაზიანებები არ მიუყენებია. თავდაპირველად ზ. კ-მა განაცხადა, რომ მისი შვილი სახლში არ მობრუნებულა და არ იცოდა, დანები წამოიღო თუ არა; შემდგომში კი მანვე განმარტა, რომ საავადმყოფოში წაყვანის დროს დაინახა, რომ მისი შვილი კარში შემოდიოდა და, მგონი, წაიქცა კიდევაც.
3. მოწმე ზ. მ-მა გამოძიების დროს მიცემული ჩვენება უარყო, რომ თითქოს, ი. კ-საგან შეიტყო მისი მამის - ზ. კ-ის დაჭრის შესახებ. მოწმემ განმარტა, რომ 2015 წლის 1 მაისს, ღამით, კ-ის რაიონის სოფელ ქ. გ-ში მდებარე ზ. კ-ის სახლთან მივიდა, სადაც იმყოფებოდნენ პოლიციის მუშაკები და სასწრაფო–სამედიცინო დახმარების ბრიგადა. ზ. კ. მას არ უნახავს და მისი დაჭრის შესახებ ი. კ-საც არაფერი განუცხადებია.
4. მოწმე ე. კ-მა განმარტა, რომ ცხოვრობს თ-ში ძმასთან - ი. კ-თან ერთად, ხოლო მათი მამა ზ. კ. მარტო ცხოვრობს კ-ის რაიონის სოფელ ქ. გ-ში. 2016 წლის 30 აპრილს იგი თ-ში, თავის საცხოვრებელ სახლში იმყოფებოდა, ხოლო ი. კ. დილით გავიდა სახლიდან და როგორც შემდეგ შეიტყო, წავიდა სოფელში. გვიან საღამოს ზ. კ-ის მეზობლად მცხოვრებმა ნათესავმა ნ. კ-მა ტელეფონით შეატყობინა, რომ მამამისი იყო ცუდად, კერძოდ, ხმას არ სცემდა და იყო სისხლიანი. საგანგებო სიტუაციების სამსახურის ნომერზე 112-ზე დარეკვით, ზ. კ-სათვის დახმარების აღმოსაჩენად მან გამოიძახა სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადა, თვითონ კი ავტომანქანით გაემგზავრა სოფლის მიმართულებით და მივიდა ქალაქ კ-ის საავადმყოფოში, სადაც ნახა ზ. კ., რომელმაც მას განუცხადა, რომ სხეულზე დაზიანებები მიიღო წნელებზე დაცემის შედეგად.
5. მოწმე ნ. კ-ის მიერ სასამართლოში მიცემული ჩვენებით დადგენილია, რომ იგი არის ზ. კ-ის ძმისცოლი და ცხოვრობენ ერთ სახლში, რომელსაც გააჩნია სხვადასხვა შესასვლელი. 2015 წლის 30 აპრილს იმყოფებოდა სახლში, რა დროსაც ღამის საათებში (ზუსტი დრო არ იცის) ზ. კ-ის ოთახიდან მოესმა დაცემის ხმა. იგი შევიდა ზ. კ-ის ოთახში და ნახა, რომ იგი იწვა საწოლში. მან შესასვლელთან სისხლის კვალი შენიშნა, ზ. კ-ს ჰკითხა, ხომ არაფერი სჭირდებოდა და სასწრაფო სამედიცინო დახმარების გამოძახება შესთავაზა, მაგრამ უარი მიიღო. ზ. კ-მა უთხრა, რომ წნელზე დაეცა, მაგრამ თავს კარგად გრძნობდა და დახმარებას არ საჭიროებდა. ნ. კ-მა დაურეკა ზ. კ-ის შვილს, ე. კ-ს, რომელსაც შეატყობინა, თუ რა მდგომარეობაში იმყოფებოდა მამამისი, შემდეგ დაუძახა მეზობლად მცხოვრებ ლ. გ-ს, რადგან თვითონაც ესაჭიროებოდა დახმარება. მოგვიანებით, სასწრაფო–სამედიცინო დახმარების ბრიგადისა და პოლიციის თანამშრომლების გამოცხადების შემდეგ, მან დაინახა, რომ ზ. კ-ის საცხოვრებელი სახლის ეზოში შევიდა ი. კ., რომელიც იმყოფებოდა ზ.ა მ-თან ერთად. არ დაუნახავს, მაგრამ საუბრების მოსმენის შედეგად მიხვდა, რომ პოლიციის თანამშრომლებმა ი. კ-ს ჩაუტარეს ჩხრეკა. ნ. კ-მა აგრეთვე განმარტა, რომ ზ. კ-თან ჩხუბის ან სხვა კონფლიქტის შესახებ არ სმენია და გაიგონა მხოლოდ დაცემის, კერძოდ, მისი განმარტებით - „ბრაგუნის“ ხმა.
6. სასამართლოში დაკითხვისას მოწმე ლ. გ-მა დაადასტურა, რომ 2015 წლის 1 მაისს, ღამით, ნ. კ-ის თხოვნით ზ. კ-ის სახლში მივიდა, რა დროსაც ოთახში, სადაც ზ. კ. იწვა, შესასვლელ კართან, იატაკზე, შენიშნა სისხლის წვეთების კვალი. მის კითხვაზე, თუ რა დაემართა, ზ. კ-მა უპასუხა, რომ არაფერი. რამდენიმე ხნის შემდეგ იქ მივიდნენ პოლიციისა და სასწრაფო–სამედიცინო დახმარების ბრიგადის თანამშრომლები, მათ შორის - უბნის ექიმი ე. შ., რომელმაც ზ. კ-ს გაუწია პირველადი დახმარება. ლ. გ-ის ჩვენებით, მას ზ. და ი. კ-ბს შორის კონფლიქტის ან ჩხუბის შესახებ არაფერი სმენია და მხოლოდ ქალაქ კ-ის საავადმყოფოში შეიტყო, რომ ზ. კ-ის ჯანმრთელობის დაზიანების ფაქტზე დაკავებული იყო მისი შვილი ი. კ..
7. კ-ის სასწრაფო–სამედიცინო დახმარების სამსახურის ექიმმა ე. შ-ემ სასამართლოში მოწმედ დაკითხვისას დაადასტურა, რომ ზ. კ-ს გაუწია პირველადი სამედიცინო დახმარება. 2015 წლის 1 მაისს, ღამის საათებში, სასწრაფო დახმარების სამსახურში შესული შეტყობინების საფუძველზე, ექთან მ. ჩი-სთან ერთად გამოცხადდა კ-ის რაიონის სოფელ ქ. გ-ში, სადაც დახვდათ პოლიციის ეკიპაჟი და ერთად მივიდნენ პაციენტთან. ოთახში, სადაც იმყოფებოდა ზ. კ., იყო სიბნელე, მაგრამ მობილური ტელეფონის აპარატის შუქზე იატაკზე შენიშნა სისხლის მსგავსი ლაქები და ზ. კ-ის საწოლისაკენ მიმართული კვალი. პაციენტის განმარტებით, მან დაზიანებები მიიღო კალათის დასაწნავად განკუთვნილ წნელებზე დაცემის შედეგად. ზ. კ-ის განმარტება მან საეჭვოდ მიიჩნია, რადგან დათვალიერების შედეგად ნახა, რომ მას სხეულზე აღენიშნებოდა მრავლობითი, მათ შორის - მუცლის ღრუში შემავალი ჭრილობები. მან დაზარალებულს პირველადი სამედიცინო დახმარება გაუწია. ზ. კ. უარს აცხადებდა სამედიცინო დაწესებულებაში მოთავსებაზე, მაგრამ იგი გადაიყვანეს საავადმყოფოში. ე. შ-ის განმარტებით, ფარნებითა და მობილური ტელეფონით განათების პირობებში მან შეამჩნია, რომ ოთახში, სადაც ზ. კ. იმყოფებოდა, იყო უწესრიგობა, მაგრამ არ უნახავს ისეთი საგნები ან ნივთები, რომლებზე დაცემასაც, მისი მოსაზრებით, შეეძლო გამოეწვია დაზარალებულის სხეულზე არსებული ჭრილობების მსგავსი დაზიანებები.
8. ანალოგიური ჩვენება მისცა სასამართლოს ქალაქ ..... სასწრაფო–სამედიცინო დახმარების სამსახურის ექთანმა მარინე ჩიმახაძემ.
9. კ-ის სამედიცინო ცენტრ „-“ ქირურგ ზ. პ-ის ჩვენებით დადგენილია, რომ 2015 წლის 1 მაისს იგი, როგორც მორიგე ქირურგი, იმყოფებოდა აღნიშნულ სამედიცინო დაწესებულებაში და ასრულებდა სამსახურებრივ მოვალეობას, რა დროსაც 01:25 საათზე სასწრაფო–სამედიცინო დახმარების სამსახურის ბრიგადამ საავდმყოფოში მიიყვანა ზ. კ., რომელსაც გულმკერდის წინა, უკანა ზედაპირზე და კისრის არეში აღენიშნებოდა ნეკნთა რკალის დონეზე მუცლის ღრუში შემავალი ორი ჭრილობა. პაციენტს ჩაუტარდა გადაუდებელი ოპერაცია. მოწმის განმარტებით, მან არ იცის, შეეძლო თუ არა ზ. კ-ს აღნიშნული დაზიანებები მიეღო დაცემის შედეგად.
10. შინაგან საქმეთა სამინისტროს კ-ის რაიონული სამმართველოს უბნის ინსპექტორ–გამომძიებლის შ. ქ-სა და მ. ბ-ის მიერ სასამართლოში მიცემული ჩვენებებით დადგენილია, რომ 2015 წლის 1 მაისს ისინი ერთად ასრულებდნენ სამსახურებრივ მოვალეობას რა დროსაც, მიიღეს შეტყობინება კ-ის რაიონის სოფელ ქ. გ-ში მცხოვრებ ზ. კ-ის დაჭრის შესახებ. შემთხვევის ადგილზე მისვლისას ნახეს, რომ ზ. კ-ის საცხოვრებელი სახლის იატაკი იყო სისხლით მოსვრილი, ხოლო იგი იწვა საწოლზე. შ. ქ. და მ. ბ. იცავდნენ შემთხვევის ადგილს, ამ დროს მათთან მივიდა ი. კ., რომელსაც შარვალსა და ქურთუკზე აღენიშნებოდა სისხლის კვალი. ვინაიდან ჰქონდათ ინფორმაცია ი. კ-ის მიერ დანაშაულის შესაძლო ჩადენის შესახებ, დააკავეს და ჩაუტარეს პირადი ჩხრეკა, რის შედეგად, ი. კ-სგან ამოიღეს ორი დანა, რომლებზეც შეინიშნებოდა სისხლის მსგავსი კვალი.
11. სასამართლოში მოწმის სახით დაკითხვისას შინაგან საქმეთა სამინისტროს კ-ის რაიონული სამმართველოს უბნის ინსპექტორ–გამომძიებელმა გ. მ-მა დაადასტურა დანაშაულის შესაძლო ჩამდენი პირის შესახებ მის მიერ ინფორმაციის მიღების ფაქტი და განმარტა, რომ 2015 წლის 1 მაისს, ღამის საათებში, მიიღო ოპერატიული ინფორმაცია, რომ კ-ის რაიონის სოფელ ქ. გ-ში მცხოვრებ ზ. კ-ს ჯანმრთელობის დაზიანება მიაყენა თავისმა შვილმა ი. კ-მა, რომელიც იმყოფება სოფელ გ-ში. მიღებული ინფორმაციის თაობაზე დაუყოვნებლივ პატაკით მიმართა პოლიციის ხელმძღვანელობას. მეორე დღეს გამომძიებელ გ. ხ-საგან შეიტყო, რომ მის მიერ მიღებული ინფორმაცია დადასტურდა.
12. სასამართლო–სამედიცინო ექსპერტის - პ. ჯ-ის ჩვენებებითა და მის მიერ გაცემული №-- ექსპერტის დასკვნებით დადგენილია შემდეგი გარემოებები: ზ. კ-ს 2015 წლის 1 მაისის მიღებულ ტრავმასთან დაკავშირებით დაუდგინდა დიაგნოზი: ორი ნაკვეთი ჭრილობა მუცლის არეში, შემავალი მუცლის ღრუში, ღვიძლის, განივი კოლინჯის სეროზული გარსის, დიდი ბადექონისა და დიაფრაგმის დაზიანებით; ერთი ნაკვეთი ჭრილობა კისრის მიდამოში და სამი ნაკვეთი ჭრილობა გულმკერდის მარცხენა ნახევარში, წინა და უკანა ზედაპირებზე; მრავლობითი ექსკორაციები და ჭრილობები სხეულის სხვადასხვა მიდამოში. დაზიანებები ნაკვეთი ჭრილობების სახით მიყენებული აქვს რაიმე მჭრელი საგნის მოქმედებით, ექსკორაციები - მკვრივი და ბლაგვი საგნის მოქმედებით. მუცლის მიდამოში არსებული ჭრილობები, ვინაიდან შემავალნი არიან მუცლის ღრუში, განეკუთვნება სიცოცხლისათვის სახიფათო მძიმე ხარისხის დაზიანებებს, ხოლო სხვა დაზიანებები, ერთად აღებული, მიეკუთვნება ჯანმრთელობის დაზიანების მსუბუქ ხარისხს, ჯანმრთელობის ხანმოკლე მოშლით;
2015 წლის 1 მაისის მდგომარეობით ი. კ-ს აღენიშნებოდა სისხლნაჟღენთები - შუბლის არეში, მარცხნივ, ნაჭდევები - მარჯვენა მხრისა და მარცხენა წვივის არეში, ზედაპირული ხასიათის სწორკიდეებიანი ჭრილობა - მარცხენა მტევნის ხელისგულის ზედაპირზე. სწორკიდეებიანი ჭრილობა მიყენებულია რაიმე მჭრელი საგნის მოქმედებით, ხოლო ყველა სხვა დაზიანება მკვრივი და ბლაგვი საგნის მოქმედებით. დაზიანებები ერთობლივად მიეკუთვნება მსუბუქ ხარისხს, ჯანმრთელობის მოუშლელად.
13. ბრალდებულის დაკავებისა და პირადი ჩხრეკის ოქმის მიხედვით, ი. კ. დააკავეს 2015 წლის 1 მაისს, 01:30 საათზე. მას ტანსაცმელზე აღენიშნებოდა მოწითალო სისხლისმაგვარი ლაქები. ბრალდებული ადგილზე პირადად გაჩხრიკეს, რის შედეგადაც მისგან ამოიღეს: მომცრო ზომის შავტარიანი დანა, რომელსაც ტარისა და პირის შეერთების ადგილზე აღენიშნებოდა სისხლის მსგავსი ლაქა და მოზრდილი ზომის მოვერცხლისფრო შავტარიანი დანა, რომლის პირზეც შეიმჩნეოდა სისხლის მსგავსი ლაქა.
14. ამოღების ოქმებით დასტურდება, რომ 2015 წლის 1 მაისს, 02.45 საათზე, ი. კ-სგან ამოიღეს: შავი ფერის ჟილეტი ელავაშესაკრავით, თეთრი ნაჭრის ჟაკეტი, ფოლაქებზე შესაკრავით და ლურჯი ჯინსის შარვალი. 2015 წლის 1 მაისს, 13:39 საათზე, ......–ის დროებითი მოთავსების იზოლატორში ი. კ-საგან აგრეთვე ამოიღეს „ნიკეს“ ფირმის, ბოტასის ტიპის ერთი წყვილი ფეხსაცმელი.
15. ზ. კ-ის ტანსაცმლის ამოღების ოქმით დასტურდება, რომ 2015 წლის 1 მაისს ქალაქ კ-ში მდებარე შპს „-“ კ-ის სამედიცინო ცენტრის შენობაში ზ. პ-საგან ამოიღეს ზ. კ-ის ტანსაცმელი, რომელიც მას ეცვა აღნიშნულ სამედიცინო დაწესებულებაში მიყვანისას, ქვედა საცვალი და ერთი წყვილი წინდა.
16. შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმის მიხედვით, 2015 წლის 1 მაისს შემთხვევის ადგილიდან ამოღებულია: სავარაუდოდ, ზ. კ-ის ტანსაცმელი - პულოვერი, მაისური და სპორტული შარვალი, სისხლის მსგავსი ლაქებით დასვრლილი სამი დოლბანდი, ზეწრის ამონაჭერი, შესასვლელთან და ოთახის შუაგულში იატაკზე არსებული სისხლის მსგავსი კვალი.
17. ტრასოლოგიური ექსპერტიზის №- დასკვნის თანახმად, გამოსაკვლევი (ი. კ-ის პირადი ჩხრეკის შედეგად ამოღებული) დანები დამზადებულია ქარხნული წესით, დასაკეცი და სანადირო დანიშნულების დანების ტიპზე და მიეკუთვნება მჩხვლეტავ–მჭრელ ცივ იარაღთა კატეგორიას.
ამავე ექსპერტის დასკვნით დადგენილია, რომ მაისურზე სპორტულ შარვალსა და ტრუსზე საერთო ექსპლუატაციური ცვეთის ფონზე რაიმე დაზიანება არ აღინიშნება, ხოლო უსახელო ჯემპრზე – ე.წ. „პულოვერსა “ და წინდებზე არსებული დაზიანებები განვითარებულია ხევით და რღვევით, რაც არ გამორიცხავს ექსპლუატაციით მათი განვითარების შესაძლებლობას.
18. დაქტილოსკოპიური ექსპერტიზის №- დასკვნით დადგენილია, რომ ი. კ-ის პირადი ჩხრეკის შედეგად ამოღებული დანების ზედაპირზე აღინიშნება ხელის დვრილოვანი ხაზების სუსტად გამოსახული კვლები, მცირე ზომის ნაწვეტებისა და ფრაგმენტების სახით, რომლებიც პიროვნების იდენტიფიკაციისათვის უვარგისია.
19. ბიოლოგიური (გენეტიკური, სეროლოგიური) ექსპერტიზის №- დასკვნის თანახმად, ი. კ-სგან ამოღებულ მოვერცხლისფრო მეტალის დანის პირსა და ტარზე, ი. კ-ის კუთვნილ ჯინსის შარვალზე, თეთრ ჟაკეტზე, ბოტასის ტიპის მარჯვენა ფეხსაცმელზე, შემთხვევის ადგილიდან ამოღებულ ობიექტებსა და ზ. კ–ის ტანსაცმელზე აღმოჩნდა ადამიანის სისხლი, რომელიც გენეტიკური პროფილის მიხედვით, ზ. კ-ის სისხლის იდენტურია. ი. კ-ის ორივე ხელიდან აღებულ ანაწმენდებსა და ფრჩხილებზე სისხლი არ აღმოჩნდა.
20. ნივთიერებათა, მასალათა, ნაკეთობათა და მცენარეთა ექსპერტიზის №- დასკვნით დადგენილია, რომ ი. კ-ის ჟაკეტზე აღმოჩნდა შემთხვევის ადგილიდან ამოღებული ნაქსოვი ჟილეტისა და მაისურის ქსოვილების ანალოგიური ბოჭკოები, ხოლო ი. კ-ის დანარჩენ ტანსაცმელსა და ფრჩხილების გადანაჭრებზე შემთხვევის ადგილიდან ამოღებული ნივთებისა და ზ. კ-ის ტანსაცმლის ქსოვილების შემადგენელი ბოჭკოები არ აღმოჩნდა.
21. აღნიშნული ექსპერტიზების მათ მიერ ჩატარების ფაქტი, ექსპერტიზების დასკვნების წარმომავლობა და ავთენტურობა დადასტურებულია ექსპერტების – ქ. გ-ის, თ. შ-ის, ნ. ნ-ის, ნ. კ-ისა და თ. მ-ის მიერ სასამართლოში მიცემული ჩვენებებით.
22. უსაფუძვლოა დაცვის მხარის პოზიცია, რომ საქმეში არ მოიპოვება პირდაპირი სახის მტკიცებულებები, რომლებიც მიუთითებდა ი. კ-ის მიერ დანაშაულის ჩადენაზე. კასატორის მითითებით, დაზარალებულს არ განუხადებია, რომ მას სხეულზე არსებული დაზიანებები შვილმა მიაყენა და არც ი. კ-ს განუმარტავს, რომ მამა მან დაჭრა.
23. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ ოჯახური დანაშაული, მისი ბუნებიდან გამომდინარე, მოწმეთა სიმრავლით არ გამოირჩევა. დანაშაულის მსხვერპლი შესაძლოა, მისი ოჯახის წევრისათვის სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის თავიდან არიდებას ცდილობდეს, რის გამოც მისი ჩვენების უტყუარობა, საქმეში არსებული ყველა ფაქტობრივი გარემოებისა და მტკიცებულების დეტალური ანალიზით უნდა შეფასდეს.
24. დაზარალებულმა ზ. კ-მა თავის სხეულზე არსებული დაზიანებები ოთახში შესვლისას სიბნელეში წაქცევითა და ბასრი პირის მქონე ნერგის წნელებზე დაცემით ახსნა. საკასაციო პალატა ვერ დაეთანხმება დაზარალებულის განმარტებას, ვინაიდან შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმითა და მოწმეთა ჩვენებებით (რომლებსაც დაჭრილ ზ. კ–თან პირველადი შეხება ჰქონდათ) წნელების შემთხვევის ადგილზე არსებობის ფაქტი არ დასტურდება. კ-ის სასწრაფო–სამედიცინო დახმარების სამსახურის ექიმის - ე. შ-ის ჩვენების თანახმად, შემთხვევის ადგილას რაიმე მჭრელი, ბასრი საგანი ან/და წნელები არ დაუნახავს. ე. შ-ის განმარტებით, დაზარალებულმა მას უთხრა, რომ წნელებზე დაეცა და როდესაც ჭრილობა დაუმუშავა, ეჭვი შეეპარა მის წარმოშობაში. ექსპერტმა პ. ჯ-ემ განმარტა, რომ ზ. კ-ს ნაკვეთი ჭრილობები ჰქონდა, რომელიც შეიძლება იყოს მჭრელი საგნით, მათ შორის, დანით მიყენებული. პალატა აგრეთვე ყურადღებას ამახვილებს დაზიანებების სიმრავლეზე, მათ ლოკალიზაციასა და ზომებზე, რომელიც აგრეთვე საეჭვოს ხდის დაზარალებულის წნელებით დაზიანების ფაქტს, კერძოდ, სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნის თანახმად, ზ. კ-ს აღენიშნებოდა: ორი ნაკვეთი ჭრილობა მუცელში, სამი, გულმკერდის არეში, ერთი, კისრის მიდამოში და მრავლობითი ექსკორიაციები და ჭრილობები - სხეულის სხვადასხვა მიდამოში, სხვადასხვა, მათ შორის 5X0.5, 4X1, 3.5X1 ზომებით. აღსანიშნავია, რომ მსგავსი დაზიანებების მიუხედავად, ზ. კ-ს არ სურდა სასწრაფო დახმარების ბრიგადის გამოძახება.
25. საფუძველს მოკლებულია ზ. კ-ის განმარტება იმის თაობაზე, რომ წნელებზე ორჯერ დაცემის შემდეგ, მალევე მასთან კლიენტი მივიდა, რომელმაც დასახელებული წნელები შეიძინა. დაზარალებულის მითითებით, კლიენტი მას თემურ მჭედლიშვილად გაეცნო. პირველი ინსტანციის სასამართლო სხდომაზე დაიკითხა დაზარალებულის თანასოფლელი ა. მ., რომელმაც განმარტა, რომ ერთადერთი კაცი იყო სოფელში სახელად და გვარად - თ. მ.. სახელი - ა. მას მხოლოდ საბუთებში აქვს მითითებული. შემთხვევის დღეს დაზარალებული არ უნახავს და არც რაიმე უყიდია მისგან.
26. ამდენად, საქმეში წარმოდგენილი ზეპირი და წერილობითი მტკიცებულებები საეჭვოს ხდის და ეწინააღმდეგება დაზარალებულის ჩვენებას მის სხეულზე მრავლობითი დაზიანების წარმოშობის შესახებ, რის გამოც იგი ვერ ჩაითვლება უტყუარად. საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ ზ. კის ჩვენება მიმართულია ოჯახის წევრის, შვილის სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის თავიდან არიდებისაკენ.
27. ი. კ-ის მიერ ბრალადშერაცხული ქმედების ჩადენაზე აგრეთვე მიუთითებს: ი. კ-ის დაკავების ოქმი, მოწმეების - მ. ბ-სა და შ. ქ-ის ჩვენებები, რომელთა თანახმადაც, ი. კ-ს მამის, ზ. კ-ის საცხოვრებელი სახლის ეზოში შესვლისას ტანსაცმელზე აღენიშნებოდა მოწითალო ლაქები; იგი დააკვეს და პირადად გაჩხრიკეს, რა დროსაც ამოუღეს ორი დანა, რომლებზეც აგრეთვე მოწითალო ლაქები აღინიშნებოდა. შემდგომში, ბიოლოგიური (გენეტიკური, სეროლოგიური) ექსპერტიზის №- დასკვნის თანახმად დადასტურდა, რომ ი. კ-სგან ამოღებული ერთი დანის პირსა და ტარზე და მის კუთვნილ ჯინსის შარვალზე, თეთრი ფერის ჟაკეტსა და ბოტასის ტიპის მარჯვენა ფეხსაცმელზე აღმოჩენილი სისხლი, გენეტიკური პროფილის მიხედვით, ზ. კ-ის სისხლის იდენტურია. ნივთიერებათა, მასალათა, ნაკეთობათა და მცენარეთა ექსპერტიზის №- დასკვნით კი დადასტურებულია ი. კ-სა და ზ. კ-ის ტანსაცმელზე ურთიერთიდენტური ქსოვილის ბოჭკოების არსებობის ფაქტი.
28. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ საფუძველს მოკლებულია დაცვის მხარის ვერსია, რომლის თანახმადაც, ი. კ-ის ტანსაცმელზე ზ. კ-ის სისხლის კვალის არსებობა შემთხვევის ადგილზე მისი წაქცევის შედეგია. დაზარალებულმა მოწმედ დაკითხვის დროს თავდაპირველად განაცხადა, რომ მისი შვილი სახლში არ მობრუნებულა და არ იცოდა, დანები წამოიღო თუ არა; შემდგომში კი განმარტა, რომ საავადმყოფოში წაყვანის დროს დაინახა კარში შემომავალი ივანე კაციაშვილი, რომელიც, მგონი, წაიქცა კიდევაც. ამდენად, დაზარალებულს ბრალდებულის შემთხვევის ადგილზე წაქცევის ფაქტი უტყუარად არ დაუდასტურებია და გასათვალისწინებელია ის გარემოებაც, რომ პოლიციამ ბრალდებული მისი ადგილზე მისვლის დროს ეზოში (და არა საცხოვრებელ სახლში) დააკავა და პირადად გაჩხრიკა, რა დროსაც სისხლის ლაქები არა მხოლოდ მის ტანსაცმელზე აღინიშნებოდა, არამედ მისგან ამოღებულ დანებზეც. დაკავებისა და პირადი ჩხრეკის ოქმს ხელს აწერს თავად ბრალდებული და მასში შენიშვნა ან/და შესწორება არ შეუტანია. ამდენად, ი. კ-ის ტანსაცმელზე, ფეხსაცმელსა და მისგან ამოღებულ დანაზე სისხლის კვალი არსებობდა შემთხვევის ადგილზე სასწრაფო-სამედიცინო დახმარებისა და პოლიციის მისვლამდე, რაც ეწინააღმდეგება დაზარალებულის ვერსიას, რომ შემთხვევის დროს მისი შვილი სახლში არ იმყოფებოდა.
29. საკასაციო პალატა განმარტავს, რომ ქმედების სუბიექტური შემადგენლობის - განზრახვის დასადასტურებლად აუცილებელია ერთდროულად არსებობდეს ცოდნის, ნებელობისა და მართლწინააღმდეგობის შეგნება. რიგ შემთხვევებში შესაძლებელია, მსჯავრდებული (ბრალდებული) არც აკონკრეტებდეს ან/და უარყოფდეს განზრახვის არსებობას, მაგრამ საქმეში არსებულ ფაქტობრივ გარემოებათა ანალიზით დადგინდეს პირის მიერ განზრახვის ნამდვილობა. ანუ ფაქტობრივ გარემოებათა განვითარების ლოგიკური ჯაჭვი ქმედების სუბიექტური შემადგენლობის შეფასების შესაძლებლობას იძლევა.
30. განსახილველ შემთხვევაში განზრახვას ადასტურებს ზ. კ-ის სხეულზე მიყენებულ ჭრილობათა სიმრავლე და მდებარეობა, კერძოდ, ზ. კ-ის სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნის თანახმად, დაზიანებები მოიცავს მუცლის (ორი ნაკვეთი ჭრილობა), გულმკერდის (სამი ნაკვეთი ჭრილობა) და კისრის არეს (ერთი ნაკვეთი ჭრილობა). ზ. კ-ს აგრეთვე აღენიშნებოდა მრავლობითი ექსკორიაციები და ჭრილობები სხეულის სხვადასხვა მიდამოში. ამასთან, მუცლის არეში მიყენებული ჭრილობები მიეკუთვნება - სიცოცხლისთვის სახიფათო მძიმე ხარისხს.
31. ამდენად, საქმეში წარმოდგენილი ზემოაღნიშნული მასალები ერთობლივად გონივრულ ეჭვს მიღმა მტკიცებულებითი სტანდარტით ადასტურებს ი. კ-ის მიერ დანაშაულის ჩადენას, ვინაიდან:
· დაზარალებულ ზ. კ-ის ჩვენება არ არის უტყუარი და მისი სხეულის წნელებით დაზიანების ვერსია არ შეესაბამება საქმეში წარმოდგენილ მასალებს. წნელები შემთხვევის ადგილიდან არ ამოღებულა, ხოლო მათი კლიენტისათვის მიყიდვის ფაქტი ა. მ-ის ჩვენებიდან და ზ. კ-ის სხეულზე არსებულ დაზიანებათა სიმრავლიდან, მათი ზომებიდან და ლოკალიზაციიდან გამომდინარე, არასანდო და არადამაჯერებელია;
· სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნის თანახმად დაზიანებები ნაკვეთი ჭრილობების სახით მიყენებულია რაიმე მჭრელი საგნის მოქმედებით, ხოლო ექსკორიაციები - მკვრივი და ბლაგვი საგნის მოქმედებით;
· ი. კ-ს ტანსაცმელსა (რამდენიმე ადგილას, კერძოდ, შარვალსა და ჟაკეტზე) და ფეხსაცმელზე, აგრეთვე მისგან ამოღებულ დანაზე აღმოჩნდა დაზარალებულის სისხლი. ი. კ. მამის საცხოვრებელი სახლის ეზოში დააკავეს, რა დროსაც მის ტანსაცმელზე მოწითალო ლაქები აღინიშნებოდა და საქმეში არსებული არც ერთი მტკიცებულებით უტყუარად არ დასტურდება, რომ სისხლი ბრალდებულს შემთხვევის ადგილზე წაქცევის შედეგად მოეცხო;
· ექსპერტიზის დასკვნით აგრეთვე დადასტურებულია ი. კ-სა და ზ. კ-ის ტანსაცმელზე იდენტური ქსოვილების ბოჭკოების აღმოჩენის ფაქტი.
32. შესაბამისად, პალატას მიაჩნია, რომ პროკურორის საკასაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს და ი. კ. ცნობილ უნდა იქნეს დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 111-19-108-ე მუხლით წარდგენილ ბრალდებაში.
33. რაც შეეხება სასჯელის ზომას, საკასაციო პალატა მხედველობაში იღებს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 39-ე მუხლისა და ამავე კოდექსის 53-ე მუხლის შინაარსს, ინდივიდუალურად აფასებს მსჯავრდებულის პიროვნებას და სასჯელის დანიშვნის ზოგადსავალდებულო გარემოებებს. საქმის მასალათა თანახმად, ი. კ. ხასიათდება დადებითად. ამასთან, გასათვალისწინებელია, რომ ზ. კ-ს დროული სამედიცინო დახმარების შედეგად შეუნარჩუნდა სიცოცხლე.
34. საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ ბრალად შერაცხული ქმედების სასჯელის ზომის მინიმუმი საკმარისი იქნება ი. კ-ის გამოსწორებისა და რესოციალიზაციის უზრუნველსაყოფად.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 301-ე მუხლით, 307-ე მუხლის 1-ლი ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით, მე-2, მე-3 ნაწილებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. გორის რაიონული პროკურატურის პროკურორ ნათია კიკალიას საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს;
2. გაუქმდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2017 წლის 21 ივლისის გამამართლებელი განაჩენი ი. კ-ის მიმართ;
3. ი. კ. ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 111-19-108-ე მუხლით და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს - თავისუფლების აღკვეთა 7 წლით;
4. ი. კ-ს სასჯელის მოხდის ათვლა დაეწყოს ამ განაჩენის აღსრულების მიზნით მისი დაკავების მომენტიდან. ი. კ-ს სასჯელის მოხდის ვადაში ჩაეთვალოს პატიმრობაში ყოფნის დრო 2015 წლის 1 მაისიდან 2016 წლის 18 იანვრის ჩათვლით.
5. ნივთმტკიცება - ი. კ-ის პირადი ჩხრეკისას ამოღებული ორი დანა, შემთხვევის ადგილიდან ამოღებული ზეწარი, სამი დოლბანდი და ორ პაკეტში მოთავსებული სისხლის კვალი, ზ. კ-ის სისხლის ნიმუში, ი. კ-ის ხელის ანაწმენდები და ფრჩხილის ნიმუშები, რომლებიც ინახება შინაგან საქმეთა სამინისტროს კ-ის რაიონული სამმართველოს ადმინისტრაციულ შენობაში - განადგურდეს საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ;
ზ. კ-ის კუთვნილი სპორტული შარვალი, ქვედა საცვალი, ერთი წყვილი წინდა, პულოვერი და მაისური, ი. კ-ის კუთვნილი ტანსაცმელი და ერთი წყვილი ბოტასის ტიპის ფეხსაცმელი, რომელიც ინახება შინაგან საქმეთა სამინისტროს კ-ის რაიონული სამმართველოს ადმინისტრაციულ შენობაში, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ დაუბრუნდეთ მათ კანონიერ მფლობელებს;
5. განაჩენი საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე გ. შავლიაშვილი
მოსამართლეები: ნ. გვენეტაძე
პ. სილაგაძე