საკასაციო საჩივარი ცნობილია დაუშვებლად
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საკასაციო საჩივრის დასაშვებობის
შემოწმების შესახებ
№482აპ-17 ქ. თბილისი
ნ-ე მ., 482აპ-17 12 თებერვალი, 2018 წელი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
გიორგი შავლიაშვილი (თავმჯდომარე),ნინო გვენეტაძე, პაატა სილაგაძე
ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2017 წლის 20 ივნისის განაჩენზე მსჯავრდებულ მ. ნ-ის ინტერესების დამცველის, ადვოკატ ზ. თ-ს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და
გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:
1. ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 7 მარტის განაჩენით მ. ნ., – - – ცნობილ იქნა უდანაშაულოდ და გამართლდა საქართველოს სსკ-ის 353-ე მუხლის პირველი ნაწილით წარდგენილ ბრალდებაში; იგი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 365-ე მუხლის მე-2 ნაწილით და მიესაჯა თავისუფლების აღკვეთა - 1 წლითა და 6 თვით. მ. ნ-ს მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება - პატიმრობა გაუქმდა. მ. ნ-ს სასჯელის მოხდის ათვლა დაეწყო დაკავების დღიდან - 2016 წლის 30 სექტემბრიდან.
2. აღნიშნულ განაჩენში ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2017 წლის 20 ივნისის განაჩენით შევიდა ცვლილება, კერძოდ:
მ. ნ. ცნობილ იქნა დამნაშავედ და მიესაჯა:
საქართველოს სსკ-ის 353-ე მუხლის პირველი ნაწილით - თავისუფლების აღკვეთა 3 წლით;
საქართველოს სსკ-ის 365-ე მუხლის მე-2 ნაწილით - თავისუფლების აღკვეთა 1 წლითა და 6 თვით;
საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქა ნაკლებად მკაცრი სასჯელი და საბოლოოდ, დანაშაულთა ერთობლიობით, მ. ნ-ს მიესაჯა - თავისუფლების აღკვეთა 3 წლით.
მ. ნ-ს სასჯელის მოხდის ათვლა დაეწყო დაკავების დღიდან - 2016 წლის 30 სექტემბრიდან.
3. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ დადგენილად მიიჩნია შემდეგი:
2016 წლის 23 სექტემბერს, რ. ნ-ის ბრალდების სისხლის სამართლის საქმის არსებით განხილვაზე, დანაშაული, გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 187-ე მუხლის პირველი ნაწილით, 151-ე მუხლითა და 372-ე მუხლის მე-2 ნაწილით, ბათუმის საქალაქო სასამართლოში ჩვენების მისაცემად გამოცხადდა დაზარალებული მ. ი.. სასამართლო სხდომა, მოსამართლე ირაკლი შავაძის თავმჯდომარეობით, პროკურორ გიორგი რამიშვილისა და დაცვის მხარის ბრალდებულ რ. ნ-სა და მისი ინტერესების დამცველის, ადვოკატ ც. ბ-ის მონაწილეობით, 12:00 საათზე დაიწყო. სხდომას ესწრებოდნენ ბრალდებულ რ. ნ-ის ოჯახის წევრები და ახლობლები. დაზარალებულ მ. ი-ს დაკითხვა ბათუმის საქალაქო სასამართლოს N7 დარბაზში დაძაბულ ვითარებაში მიმდინარეობდა. დაზარალებულის მიერ ჩვენების მიცემის პროცესში რ. ნ-ის ახლობლებისა და ნათესავების მხრიდან (მ. ი-ს მისამართით) ადგილი ჰქონდა წესრიგის დარღვევასა და გადაძახილებს, რის გამოც სასამართლო სხდომის დარბაზიდან გააძევეს ერთი პირი, ხოლო ორმა მიიღო მოსამართლის შენიშვნა. დაახლოებით 13:30 საათზე დაზარალებულ მ. ი-ს დაკითხვა დასრულდა, რის შემდეგაც მან მოსამართლის ნებართვით სასამართლო სხდომის დარბაზი დატოვა. მ. ი. მანდატურის სამსახურის მითითებით იქვე, ფოიეში არსებულ სკამზე დაჯდა, რა დროსაც მასთან, საქმის განხილვაზე ზეგავლენის მოხდენისა და ბრალდებულ რ. ნ-სათვის სასურველი გადაწყვეტილების მიღების მიზნით, მივიდა პროკურორისა და პროცესის მონაწილის - მ. ი-ს საქმიანობით უკმაყოფილო, სასჯელაღსრულების დაწესებულებიდან ახლად გათავისუფლებული დამამძიმებელ გარემოებაში მკვლელობისა და მკვლელობის მცდელობისათვის ნასამართლევი, ბრალდებულ რ. ნ-ის ძმა - მ. ნ., რომელიც მ. ი-ს მიცემული ჩვენების გამო სიცოცხლის მოსპობით დაემუქრა. დაზარალებულმა მუქარა აღიქვა რეალურ საფრთხედ და მას გაუჩნდა მისი განხორციელების საფუძვლიანი შიში.
2016 წლის 30 სექტემბერს, დაახლოებით 23:30 საათზე, ბ-ი, ლ-ის ქუჩის N1-სა და N--ში მდებარე საცხოვრებელი კორპუსის მიმდებარე ტერიტორიაზე, მ. ნ. შეაჩერეს ბათუმის საქალაქო სამმართველოს პოლიციის მე-2 განყოფილების უბნის ინსპექტორ-გამომძიებლებმა რ. რ-ემ და ნ. ბ-მ, რომლებმაც მ. ნ-ეს განუმარტეს, რომ მის მიმართ არსებობდა ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2016 წლის 25 სექტემბრის განჩინება პირის დაკავების შესახებ საქართველოს სსკ-ის 365-ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის, რის შემდეგაც რ. რ. და ნ. ბ. შეეცადნენ მ. ნ-ის დაკავებას და მისთვის ხელბორკილების დადებას. მ. ნ. არ დაემორჩილა პოლიციელთა კანონიერ მოთხოვნასა და მოქმედებას და პოლიციის თანამშრომლებს რ. რ-სა და ნ. ბ-ს მათი საქმიანობის შეწყვეტისა და შეცვლის მიზნით, დაუწყო უცენზურო სიტყვებით გინება, მიაყენა ფიზიკური შეურაცხყოფა, შემოახია სამსახურებრივი ტანისამოსი და სცადა გაქცევა, მაგრამ მ. ნ-ის წინააღმდეგობა აღკვეთეს და დააკავეს.
4. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის განაჩენი საკასაციო წესით გაასაჩივრა დაცვის მხარემ.
5. წარმოდგენილი საკასაციო საჩივრით დაცვის მხარე ითხოვს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2017 წლის 20 ივნისის განაჩენის გაუქმებასა და მ. ნ-ის გამართლებას შემდეგი მოტივებით: ბრალდების მხარე დაინტერესებულია ძმები ნ-ის პიროვნებით. მ. ი. ერთდროულად სამ ანალოგიურ საქმეშია დაზარალებული, კერძოდ, რ. ნ-ის, მ. ნ-სა და ა. ფ-ის მიმართ არსებულ საქმეებში. იგი ნასამართლევია მძიმე დანაშაულისათვის და პოლიციის შტატიანი თარჯიმანი და კონფიდენტია. ამდენად, მ. ნ-ის ბრალი დადგმულია კვალიფიციური პროვოკატორების მიერ. პოლიციელები, რომლებიც იდგნენ ფოიეში, წარმოადგენენ მოწმეებს სხვა საქმეზე, მაშინ, როდესაც სასამართლო სხდომა გახსნილიც არ იყო. კასატორის მითითებით, მ. ნ-ის ქმედება იყო ინსტინქტური, რათა თავი დაეღწია დაკავებისათვის და ამიტომაც მისი ქვეცნობიერი ერთი მიზნისკენ - ადგილის დატოვებისკენ იყო მიმართული. მ. ნ-ის მხრიდან დანაშაულის ჩადენის განზრახვა დაუდასტურებელია.
6. საკასაციო პალატამ შეისწავლა საკასაციო საჩივარი და მიაჩნია, რომ იგი არ აკმაყოფილებს საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს, რის გამოც არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად, კერძოდ: საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილი ამომწურავად იძლევა იმ საფუძველთა ჩამონათვალს, რომელთა არსებობის შემთხვევაში საკასაციო საჩივარი დასაშვებად ჩაითვლება, ასეთებია:
ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებასა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას;
ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია;
გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება;
დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;
ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე;
ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს;
ზ) კასატორი არასრულწლოვანი მსჯავრდებულია.
8. საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ მოცემულ სისხლის სამართლის საქმეში არ მოიპოვება არც ერთი ზემოაღნიშნული საფუძველი.
9. კასატორი სადავოდ ხდის მ. ნ-სათვის ბრალად შერაცხული ქმედების ჩადენას და ითხოვს გამამართლებელი განაჩენის გამოტანას. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ სააპელაციო სასამართლომ გადაწყვეტილებაში იმსჯელა იმ მტკიცებულებებსა და არგუმენტებზე, რომლებიც მ. ნ-ის მიერ ბრალად შერაცხული ქმედებების ჩადენას გონივრულ ეჭვს მიღმა მტკიცებულებითი სტანდარტით ადასტურებს. სააპელაციო სასამართლომ აგრეთვე მიუთითა დაზარალებულ მ. ი-ს ჩვენების უტყუარობის შესახებ. წარმოდგენილი სისხლის სამართლის საქმის მასალებით არ დასტურდება, რომ მ. ნ-ის ბრალდება პროვოკაციის შედეგია. ამდენად, სააპელაციო სასამართლომ შესაბამისი გადაწყვეტილების მიღებამდე სრულად და ობიექტურად შეაფასა საქმეში არსებული მტკიცებულებები და ისე მიიღო საბოლოო გადაწყვეტილება.
11. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ ვინაიდან მოცემულ შემთხვევაში არ იკვეთება საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 და მე-31 ნაწილებით გათვალისწინებული არც ერთი გარემოება, საკასაციო საჩივარი დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი.
12. საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33, მე-4 ნაწილების შესაბამისად, საკასაციო პალატამ
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. მსჯავრდებულ მ. ნ-ის ინტერესების დამცველის, ადვოკატ ზ. თ-ას საკასაციო საჩივარი არ იქნეს დაშვებული განსახილველად.
2. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე გ. შავლიაშვილი
მოსამართლეები: ნ. გვენეტაძე
პ. სილაგაძე