საკასაციო საჩივარი ცნობილია დაუშვებლად

სისხლის სამართლის 27.02.2018
საქმის ნომერი
2კ-539აპ.-17
დავის ტიპი
საკასაციო საჩივარი
თარიღი
27.02.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საკასაციო საჩივრის დასაშვებობის

შემოწმების შესახებ

საქმე №539აპ-17 ქ. თბილისი

მ-ი ე., 539აპ-17 27 თებერვალი, 2018 წელი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

პაატა სილაგაძე (თავმჯდომარე),ნინო გვენეტაძე, გიორგი შავლიაშვილი

ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2017 წლის 13 ივლისის განაჩენზე მსჯავრდებულ ე. მ-ს ინტერესების დამცველი ადვოკატების - ო. გ-სა და ი. ბ-ს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და

გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:

1. პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენის სარეზოლუციო ნაწილი:

ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 27 მარტის განაჩენით:

ე. მ-ს ბრალიდან ამოერიცხა საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-6 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ დანაშაულში - ნარკოტიკული საშუალების უკანონოდ შეძენა.

ე. მ-ი, - დაბადებული 19.. წელს, - ცნობილ იქნა დამნაშავედ და მიესაჯა: საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-6 ნაწილის ,,ა’’ ქვეპუნქტით (ნარკოტიკული საშუალების უკანონოდ შენახვა) - 8 წლით თავისუფლების აღკვეთა, 262-ე მუხლის მე-4 ნაწილის ,,ა’’ ქვეპუნქტით - 15 წლით თავისუფლების აღკვეთა. საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის შესაბამისად, უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქა ნაკლებად მკაცრი და საბოლოოდ, დანაშაულთა ერთობლიობით, მას სასჯელის ზომად განესაზღვრა 15 წლით თავისუფლების აღკვეთა. ე. მ-ს სასჯელის მოხდა დაეწყო 2016 წლის 16 სექტემბრიდან.

მასვე ,,ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ’’ საქართველოს კანონის საფუძველზე 5 წლით ჩამოერთვა სატრანსპორტო საშუალების მართვის, საადვოკატო, პედაგოგიური და საგანმანათლებლო დაწესებულებაში საქმიანობის უფლება, სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველობის სახაზინო (საბიუჯეტო) დაწესებულებებში - საჯარო ხელისუფლების ორგანოებში საქმიანობის უფლება, პასიური საარჩევნო უფლება, იარაღის დამზადების, შეძენის, შენახვისა და ტარების უფლება, ხოლო 10 წლით - საექიმო ან/და ფარმაცევტული საქმიანობის უფლება, აგრეთვე აფთიაქის დაფუძნების, ხელმძღვანელობისა და წარმომადგენლობის უფლება.

განაჩენით მსჯავრდებულ ე. მ-ს მიერ ჩადენილი დანაშაული გამოიხატა შემდეგში: გერმანიის რესპუბლიკის მოქალაქე ე. მ-მ 2016 წლის 16 სექტემბერს …..საერთაშორისო აეროპორტის გავლით საქართველოში უკანონოდ შემოიტანა მის მიერ უკანონოდ შენახული 238 ცალი აბი, საერთო წონით - 94,724 გრამი, რომლებიც ქიმიური ექსპერტიზის დასკვნის თანახმად, შეიცავს 1,89448 გრამ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკულ საშუალება „ბუპრენორფინს“, რაც 2016 წლის 16 სექტემბერს ქ. ….., აეროპორტის გზატკეცილის №…..-ში მდებარე….. საერთაშორისო აეროპორტში, პირადი ჩხრეკისას ამოიღეს.

2. აპელანტის მოთხოვნა:

აღნიშნული განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა დაცვის მხარემ, რომელიც ითხოვდა ე. მ-ს გამართლებას საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-6 ნაწილის ,,ა’’ ქვეპუნქტითა და სსკ-ის 262-ე მუხლის მე-4 ნაწილის ,,ა’’ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში; ამასთან, ალტერნატივის სახით ითხოვდა ე. მ-ს მიმართ საქართველოს სსკ-ის 50-ე მუხლის მე-5 ნაწილის გამოყენებას.

3. გასაჩივრებული განაჩენის სარეზოლუციო ნაწილი:

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2017 წლის 13 ივლისის განაჩენით ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 27 მარტის განაჩენი დარჩა უცვლელად.

4. გასაჩივრებული განაჩენის ფაქტობრივი და სამართლებრივი დასაბუთება:

საქმეში წარმოდგენილი გამოძიების დაწყების აღრიცხვის ბარათითა და პატაკით დანაშაულის შეტყობინების შესახებ დასტურდება, რომ გამოძიების დაწყების საფუძველი გახდა ოპერატიული ინფორმაცია იმის თაობაზე, რომ ქ. ….. საერთაშორისო აეროპორტში უცხო ქვეყნის მოქალაქე ე. მ-ს უნდა შემოეტანა ნარკოტიკული საშუალება.

საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით, კერძოდ, მოწმეების, პოლიციის თანამშრომლების - ს. ჯ-ს, ი. მ-ს, ი. გ-ს ჩვენებებით დადგენილია, რომ ისინი ესწრებოდნენ 2016 წლის 16 სექტემბერს ქ. ….., აეროპორტის ტერიტორიაზე, ე. მ-ს პირად ჩხრეკას, რა დროსაც ე. მ-ს ბუზჰალტერის შუა ნაწილიდან ამოიღეს მოგრძო ფორმის, ღია წითელ პოლიეთილენის პარკებში მოთავსებული აბები, სულ - 238 ცალი. ე. მ-ს გადმოცემით, აბები იყო ნარკოტიკული საშუალება ,,სუბოტექსი’’, რაც გახდა მისი დაკავების საფუძველი.

სააპელაციო პალატამ ყურადღება მიაპყრო საქმეში წარმოდგენილ, სამოქალაქო რეესტრის მიერ გაცემულ დოკუმენტს, რომლითაც დასტურდება, რომ ….. წელს დაბადებულმა ე. მ-მ გერმანიიდან საქართველოს საზღვარი გადმოკვეთა 2016 წლის 16 სექტემბერს, 19:47 საათზე.

ამდენად, საქმეში წარმოდგენილ მტკიცებულებათა ერთობლიობა დამაჯერებელია და აშკარად უთითებს ე. მ-ს მიერ დანაშაულის ჩადენაზე, კერძოდ, სააპელაციო პალატამ დადგენილად მიიჩნია, რომ ე. მ-მ ნარკოტიკული საშუალება საქართველოში შემოიტანა, რასაც არც მსჯავრდებული უარყოფს, შესაბამისად, სასამართლოს მიაჩნია, რომ მისი უდანაშაულობა არ დასტურდება სისხლის სამართლის საქმეში არსებული მტკიცებულებებით.

სააპელაციო პალატამ აღნიშნა, რომ სააპელაციო ინსტანციის სასამართლოში დაცვის მხარემ ვერ წარმოადგინა რაიმე ახალი მტკიცებულება ან არგუმენტი, რაც საეჭვოს გახდიდა მსჯავრდებულის მიმართ შერაცხული დანაშაულის ჩადენას.

ამასთან, სააპელაციო პალატამ არ გაიზიარა მსჯავრდებულის აპელირება იმის თაობაზე, რომ, მართალია, მან ნარკოტიკული საშუალება ,,სუბოტექსი’’ შემოიტანა საქართველოში, მაგრამ არ იცოდა და როგორც უცხო ქვეყნის მოქალაქეს, არც შეიძლება სცოდნოდა აღნიშნული საშუალების საქართველოს კანონმდებლობით აკრძალვის შესახებ. სააპელაციო პალატამ განმარტა, რომ საქართველოს სსკ-ის 36-ე მუხლის თანახმად, ის, ვინც არ იცის, რომ ქმედება, რომელსაც სჩადის, აკრძალულია, არ დაისჯება მხოლოდ იმ შემთხვევაში, როცა შეცდომა მისატევებელია. შეცდომა მისატევებელია, თუ შექმნილ ვითარებაში პირმა არ იცოდა და არც შეიძლებოდა სცოდნოდა, რომ სჩადიოდა აკრძალულ ქმედებას. მოცემულ შემთხვევაში ე. მ-ს თან ჰქონდა 238 აბი ,,სუბოტექსი’’, რაც ექსპერტიზის დასკვნის თანახმად, წარმოადგენს ნარკოტიკული საშუალების განსაკუთრებით დიდ ოდენობას. სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ ე. მ-ს განმარტება არ შეიძლება მისატევებელ შეცდომად ჩაითვალოს. ამასთან, სააპელაციო პალატამ ყურადღება მიაპყრო მსჯავრდებულის მიერ ნარკოტიკული საშუალების შენახვის ფორმასა და ადგილს.

რაც შეეხება დაცვის მხარის ალტერნატიულ მოთხოვნას ე. მ-ს მიმართ სასჯელის განსაზღვრისას საქართველოს სსკ-ის 50-ე მუხლის მე-5 ნაწილით დადგენილი წესის გამოყენების თაობაზე, სააპელაციო პალატამ განმარტა, რომ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 50-ე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად, ვადიანი თავისუფლების აღკვეთის შეფარდებისას სასამართლო უფლებამოსილია, განაჩენით დაადგინოს სასჯელის ნაწილის მოხდა, ხოლო დანარჩენი ნაწილის პირობით მსჯავრად ჩათვლა, თუ მსჯავრდებული აღიარებს დანაშაულს (თუ პირს არ წაასწრეს დანაშაულის ჩადენისას ან ჩადენისთანავე), ასახელებს დანაშაულის ჩადენაში თანამონაწილეებს და თანამშრომლობს გამოძიებასთან.

საქმის მასალებით დადგენილია, რომ მსჯავრდებულ ე. მ-ს წაასწრეს დანაშაულის ჩადენისას, კერძოდ, იგი დააკავეს 2016 წლის 16 სექტემბერს ….. საერთაშორისო აეროპორტის ტერიტორიაზე და მისი პირადი ჩხრეკის შედეგად ბუზჰალტერის შუა ნაწილიდან გამომძიებელმა ამოიღო მოგრძო ფერის, ღია წითელ პოლიეთილენის პარკებში მოთავსებული აბები, სულ - 238 ცალი. ქიმიური ექსპერტიზის დასკვნის შედეგად ე. მ-ს პირადი ჩხრეკის შედეგად ამოღებულ 238 აბში ნარკოტიკული საშუალება ,,ბუპრენორფინის’’ შემცველობა შეადგენს 1,89448 გრამს.

სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ 1-ლი ინსტანციის სასამართლომ ე. მ-ს მიმართ სასჯელის განსაზღვრისას გაითვალისწინა საქართველოს სსკ-ის 53-ე მუხლში მითითებული გარემოებები, კერძოდ, მსჯავრდებულის პიროვნული მახასიათებლები, მის მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმე, პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები, ქმედებაში გამოვლენილი მართლსაწინააღმდეგო ნება, მოვალეობათა დარღვევის ხასიათი და ზომა, ქმედების განხორციელების სახე, ხერხი და მართლსაწინააღმდეგო შედეგი და განუსაზღვრა მინიმალური სასჯელი, რაც სრულად შეესაბამება სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებულ სასჯელის მიზნებს, რის გამოც მსჯავრდებულ ე. მ-ს სასჯელი სამართლიანია.

5. კასატორის მოთხოვნა:

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2017 წლის 13 ივლისის განაჩენი გაასაჩივრეს მსჯავრდებულ ე. მ-ს ინტერესების დამცველმა ადვოკატებმა - ო. გ-მ და ი. ბ-მ, რომლებიც საკასაციო საჩივრით ითხოვენ განაჩენის გაუქმებასა და ე. მ-ს გამართლებას.

6. საკასაციო პალატამ შეისწავლა საკასაციო საჩივარი და დაასკვნა, რომ იგი არ აკმაყოფილებს საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს, რის გამოც არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად, კერძოდ: საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილი ამომწურავად იძლევა იმ საფუძველთა ჩამონათვალს, რომელთა არსებობის შემთხვევაში საკასაციო საჩივარი დასაშვებად ჩაითვლება, ასეთებია:

ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებასა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას;

ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია;

გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება;

დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;

ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე;

ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს;

ზ) კასატორი არასრულწლოვანი მსჯავრდებულია.

7. საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ მოცემულ სისხლის სამართლის საქმეში არ მოიპოვება არც ერთი ზემოაღნიშნული საფუძველი, ვინაიდან წარმოდგენილი საჩივრისა და საქმის შესწავლის შედეგად არ არსებობს გარემოება, რის გამოც მოცემულ საქმეს არსებითი მნიშვნელობა ექნებოდა სამართლის განვითარების ან მსგავს საქმეებზე ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის. საქმეში წარმოდგენილი გამოძიების დაწყების აღრიცხვის ბარათით, საქართველოს შსს ….. პოლიციის დეპარტამენტის, ….. საქალაქო სამმართველოს პოლიციის მე-….. განყოფილების უფროსის მოადგილის პატაკით, მოწმეების - მ. ფ-ს, ს. ჯ-ს, ი. მ-ს, ი. გ-ს, კ. დ-ს, მ. მ-ს ჩვენებებით, პირადი ჩხრეკისა და დაკავების ოქმით, ნარკოლოგიური, ქიმიური ექსპერტიზების დასკვნებითა და საქმეში წარმოდგენილი სხვა მტკიცებულებებით გონივრულ ეჭვს მიღმა მტკიცებულებითი სტანდარტითაა დადასტურებული ე. მ-ს მიერ მისთვის მსჯავრად შერაცხული დანაშაულების ჩადენა.

8. საკასაციო პალატის მოსაზრებით, სააპელაციო სასამართლომ საქმეში არსებული ფაქტობრივი გარემოებები და წარმოდგენილი მტკიცებულებები სრულყოფილად და ობიექტურად შეაფასა. სააპელაციო სასამართლომ ამომწურავად იმსჯელა ყველა იმ საკითხზე, რაზეც საკასაციო საჩივარში აპელირებენ ადვოკატები, ხოლო რაიმე სხვა გარემოებებზე, რაც საკასაციო პალატის შეფასების საგანი გახდებოდა, დაცვის მხარე საჩივარში არ უთითებს.

9. სააპელაციო სასამართლომ სწორად იხელმძღვანელა სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსითა და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ დადგენილი მტკიცების სტანდარტით - გონივრულ ეჭვს მიღმა და ისე მიიღო გადაწყვეტილება.

10. პალატა მიუთითებს, რომ დასაბუთებული გადაწყვეტილების უფლება არ მოითხოვს მხარეების მიერ მითითებულ ყველა არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემას; აღნიშნული უფლება ზედა ინსტანციის სასამართლოებს საშუალებას აძლევს, დაეთანხმონ ქვედა ინსტანციის სასამართლოს დასაბუთებას, საფუძვლების გამეორების გარეშე (Hirvisaari v. Finland, §32). მოკლე მსჯელობა საჩივრის დაუშვებლად ცნობის შესახებ - ქვედა ინსტანციის სასამართლოს მსჯელობის გაზიარება არ არღვევს დასაბუთებული გადაწყვეტილების უფლებას (Gorou (No. 2), §§38-42).

11. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ვინაიდან მოცემულ შემთხვევაში არ იკვეთება საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 და მე-31 ნაწილებით გათვალისწინებული არც ერთი მოთხოვნა, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი.

12. საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33, მე-4 ნაწილების შესაბამისად, საკასაციო პალატამ

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. მსჯავრდებულ ე. მ-ს ინტერესების დამცველი ადვოკატების - ო. გ-სა და ი. ბ-ს საკასაციო საჩივარი არ იქნეს დაშვებული განსახილველად.

2. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე პ. სილაგაძე

მოსამართლეები: ნ. გვენეტაძე

გ. შავლიაშვილი