დატოვებულია უცვლელად
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე №105აგ-17 19 მარტი, 2018 წელი
ფ-ი კ., 105აგ-17 ქ. თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
გიორგი შავლიაშვილი (თავმჯდომარე),ნინო გვენეტაძე, პაატა სილაგაძე
ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა მსჯავრდებულ კ. ფ-ის ინტერესების დამცველის, ადვოკატ მ. ბ-ის საკასაციო საჩივარი ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2017 წლის 21 სექტემბრის განჩინებაზე.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
1. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2008 წლის 2 ივლისის განაჩენით დამტკიცდა საპროცესო შეთანხმება პროკურორსა და ბრალდებულ კ. ფ-ს შორის. კ. ფ. ცნობილ იქნა დამნაშავედ და მიესაჯა:
სსკ–ის 236–ე მუხლის პირველი ნაწილით - თავისუფლების აღკვეთა 1 წლით;
სსკ–ის 236–ე მუხლის მე–2 ნაწილით თავისუფლების - აღკვეთა 3 წლით;
სსკ–ის 59–ე მუხლის საფუძველზე დანიშნული სასჯელები შეიკრიბა მთლიანად და კობა ფანგანს საბოლოოდ სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 4 წლით, რაც სსკ–ის 63–64–ე მუხლების საფუძველზე ჩაეთვალა პირობით, 4 წლის გამოსაცდელი ვადით. მასვე საქართველოს სსკ–ის 42–ე მუხლის საფუძველზე დამატებითი სასჯელის სახით განესაზღვრა ჯარიმა – 5000 ლარი.
კ. ფ-ს სასჯელის მოხდის ვადაში ჩაეთვალა პატიმრობაში ყოფნის დრო - 2007 წლის 6 ნოემბრიდან - 2008 წლის 11 იანვრის ჩათვლით.
2. 2017 წლის 7 სექტემბერს მსჯავრდებულ კ. ფ-ის ინტერესების დამცველმა, ადვოკატმა მ. ბ-მა შუამდგომლობით მიმართა თბილისის სააპელაციო სასამართლოს და მოითხოვა საქართველოს სსკ–ის 310–ე მუხლის „ზ“ ქვეპუნქტის საფუძველზე ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო კ. ფ-ის მიმართ გამოტანილი განაჩენის გადასინჯვა.
მსჯავრდებულის ადვოკატი წარმოდგენილ შუამდგომლობაში აღნიშნავს, რომ კ. ფ. დააკავეს, დააპატიმრეს და მასთან საპროცესო შეთანხმება გააფორმეს იძულებით, ვინაიდან კ. ფ-ის ძმა - კ. ფ. 2007 წლის ნოემბერში აქტიურად მონაწილეობდა საპროტესტო აქციებში. კ. ფ-თან აღნიშნულ დღეებში მიდიოდნენ უცნობი პირები და სთხოვდნენ, მის ძმას შეეწყვიტა საპროტესტო აქციებში მონაწილეობა, წინააღმდეგ შემთხვევაში მის მიმართ მიიღებდნენ უკიდურეს ზომებს. 2007 წელს კი კ. ფ. დააკავეს და ვითომდა, აღმოუჩინეს რუსული წარმოების ხელყუმბარა, რის შემდეგაც აიძულეს, ეღიარებინა ფეთქებადი ნივთიერების შეძენა- შენახვა. ამ საპროცესო შეთანხმების არაოფიციალურ პირობას წარმოადგენდა ასევე ისიც, რომ კ. და კ. ფ-ები უნდა ჩამოშორებოდნენ პოლიტიკას. შუამდგომლობის ავტორის მითითებით, კ. ფ. რომ სახელმწიფიო ტერორის მსხვერპლია, ეს დადასტურებულია სახალხო დამცველის, სოზარ სუბარის 2007 წლის ანგარიშითაც, სადაც კ. ფ. მოხსენიებულია, როგორც პოლიტიკური დევნის მსხვერპლი. შუამდგომლობის ავტორის მითითებით, 2008 წლის 2 ივლისამდე კ. ფ-ის შემთხვევაში არ იყო ცნობილი ის გარემოება, რომ იგი სახალხო დამცველმა მოიხსენია, როგორც პოლიტიკური დევნის ობიექტი, თუმცა ცნობილი რომც ყოფილიყო, იმ პირობებში შეუძლებელი იყო კ. ფ-ის გამართლება.
3. თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2017 წლის 21 სექტემბრის განჩინებით მსჯავრდებულ კ. ფ-ის ინტერესების დამცველის, ადვოკატ მ. ბ-ის შუამდგომლობა დაუშვებლად იქნა ცნობილი.
4. კასატორი - მსჯავრდებულ კ. ფ-ის ინტერესების დამცველი, ადვოკატი მ. ბ. საკასაციო საჩივრით ითხოვს თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2017 წლის 21 სექტემბრის განჩინების გაუქმებასა და შუამდგომლობის განსახილველად დაშვებას მასში მითითებული მოტივებით.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
1. საქართველოს სსსკ-ის 313-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, საკასაციო პალატამ შეამოწმა საქმის მასალები, გააანალიზა საკასაციო საჩივრის საფუძვლიანობა და მივიდა დასკვნამდე, რომ იგი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
2. საკასაციო პალატა სრულად იზიარებს სააპელაციო სასამართლოს მოტივებს შუამდგომლობასთან დაკავშირებით და მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ საქმეში არსებული მასალების ერთობლივი ანალიზის საფუძველზე სწორი სამართლებრივი შეფასება მისცა საქმის გარემოებებს.
3. პალატა მხედველობაში იღებს იმ გარემოებას, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს 2008 წლის 2 ივლისის განაჩენით დამტკიცდა საპროცესო შეთანხმება, რაც დაიდო ბრალდებისა და დაცვის მხარეთა ნებაყოფლობითი შეთანხმების საფუძველზე, საქართველოს სსსკ–ის LXIV1 თავით გათვალისწინებულ მოთხოვნათა შესაბამისად. ბრალდებულმა სასამართლო სხდომაზე სრულად ცნო თავი დამნაშავედ, მოინანია ჩადენილი დანაშაული და ითხოვა პროკურორთან მიღწეული საპროცესო შეთანხმების დამტკიცება. რაიმე მტკიცებულება იმისა, რომ საპროცესო შეთანხმება გაფორმდა იძულებით, კასატორს არ წარმოუდგენია.
4. რაც შეეხება დაცვის მხარის მიერ წარმოდგენილ სახალხო დამცველის საანგარიშო მოხსენებას 2007 წლის მეორე ნახევრის შესახებ, რომელშიც მითითებულია, რომ კ. ფ. დააკავეს მის ძმაზე - კ. ფ-ზე ზემოქმედების მიზნით, პალატა მიუთითებს, რომ მხოლოდ სახალხო დამცველის მოსაზრება კონკრეტული მტკიცებულებების წარმოდგენის გარეშე ვერ გახდება კანონიერ ძალაში შესული გამამტყუნებელი განაჩენის გადასინჯვის საფუძველი.
5. ამდენად, თბილისის სააპელაციო სასამართლოს განჩინება მსჯავრდებულ კ. ფ-ის ინტერესების დამცველის, ადვოკატ მ. ბ-ის შუამდგომლობის დაუშვებლად ცნობის თაობაზე კანონიერია, მისი გაუქმების ან შეცვლის სამართლებრივი საფუძველი არ არსებობს, რის გამოც იგი უნდა დარჩეს უცვლელად.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 313-ე მუხლის მე-3 ნაწილით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. მსჯავრდებულ კ. ფ-ს ინტერესების დამცველის, ადვოკატ მ. ბ-ის საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.
2. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2017 წლის 21 სექტემბრის განჩინება მსჯავრდებულ კ. ფ-ის ინტერესების დამცველის, ადვოკატ მ. ბ-ის შუამდგომლობის დაუშვებლად ცნობის შესახებ დარჩეს უცვლელად.
3. საკასაციო პალატის განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე გ. შავლიაშვილი
მოსამართლეები: ნ. გვენეტაძე
პ. სილაგაძე