დატოვებულია უცვლელად
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე №34I-17 თბილისი
ა-ე გ., 34I-17 22 მაისი, 2018 წელი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს
სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
პაატა სილაგაძე (თავმჯდომარე),ნინო გვენეტაძე, გიორგი შავლიაშვილი
ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა მსჯავრდებულ გ. ა-ს საკასაციო საჩივარი ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2017 წლის 3 ნოემბრის განჩინებაზე.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
1. ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 2014 წლის 27 ივნისის განაჩენით გ. ა-ე, - დაბადებული 19.. წელს, - ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19,137-ე მუხლის მე-3 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით და მიესაჯა 10 წლით თავისუფლების აღკვეთა, რომლის ათვლა დაეწყო 2013 წლის 20 დეკემბრიდან.
2. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2014 წლის 30 ოქტომბრის განაჩენით ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 2014 წლის 27 ივნისის განაჩენი დარჩა უცვლელად.
3. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2015 წლის 22 ივნისის განჩინებით დაუშვებლად იქნა ცნობილი მსჯავრდებულ გ. ა-ს საკასაციო საჩივარი ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2014 წლის 30 ოქტომბრის განაჩენზე.
4. „საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს 2017 წლის 4 მაისის კანონის საფუძველზე 2017 წლის 15 ივნისს საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს №…..პენიტენციური დაწესებულებიდან ზუგდიდის რაიონულ სასამართლოში შევიდა მსჯავრდებულ გ. ა-ს პირადი საქმე.
5. ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 2017 წლის 27 ივნისის განჩინებით „საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს 2017 წლის 4 მაისის კანონის მოქმედება არ გავრცელდა გ. ა-ს მიმართ იმ მოტივით, რომ მისი სამართლებრივი მდგომარეობა არ უმჯობესდება.
6. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2017 წლის 3 ნოემბრის განჩინებით გ. ა-ს სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა და ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 2017 წლის 27 ივნისის განჩინება დარჩა უცვლელად.
7. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2017 წლის 3 ნოემბრის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა გ. ა-მ, რომელმაც „საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს 2017 წლის 4 მაისის კანონის საფუძველზე მოითხოვა: ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2017 წლის 3 ნოემბრის განჩინების გაუქმება, მის მიმართ გამამართლებელი განაჩენის გამოტანა, სისხლისსამართლებრივი დევნის შეწყვეტა და პატიმრობიდან გათავისუფლება.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
1. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შეამოწმა საქმის მასალები, გააანალიზა საჩივრის საფუძვლიანობა და დაასკვნა, რომ იგი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
2. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის მე-2 მუხლის შესაბამისად, ქმედების დანაშაულებრიობა და დასჯადობა განისაზღვრება სისხლის სამართლის კანონით, რომელიც მოქმედებდა მისი ჩადენის დროს. ამავე კოდექსის მე-3 მუხლის თანახმად, სისხლის სამართლის კანონს, რომელიც აუქმებს ქმედების დანაშაულებრიობას ან ამსუბუქებს სასჯელს, აქვს უკუძალა, ხოლო მოცემულ შემთხვევაში პალატა ეთანხმება სააპელაციო სასამართლოს დასაბუთებას და მიიჩნევს, რომ 2017 წლის პირველი ივნისიდან ამოქმედებულ „საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს 2017 წლის 4 მაისის კანონს მსჯავრდებულ გ. ა-ს მიმართ არა აქვს უკუძალა, ვინაიდან ამ კანონით მისი სამართლებრივი მდგომარეობა არ უმჯობესდება. ამდენად, სააპელაციო სასამართლომ საქმის გარემოებები საქმეში არსებული მასალების ერთობლივი ანალიზის საფუძველზე სამართლებრივად სწორად შეაფასა და მართებულად თქვა უარი საჩივრის დაკმაყოფილებაზე, ხოლო მსჯავრდებულ გ. ა-ს მიერ მითითებული გარემოებები არ წარმოადგენს მისი მოთხოვნის დაკმაყოფილებისა და გასაჩივრებული განჩინების გაუქმების საფუძველს.
3. ამასთან, საკასაციო პალატა ვერ გაიზიარებს მსჯავრდებულ გ. ა-ს მოთხოვნას, მისი საქმის საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის XXVII თავის მიხედვით განხილვის შესახებ და განმარტავს, რომ მოცემულ შემთხვევაში სასამართლო საქმეს იხილავს „საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში ცვლილებების შეტანის შესახებ“ საქართველოს 2017 წლის 4 მაისის კანონის (რომელიც ამოქმედდა 2017 წლის პირველი ივნისიდან) მოთხოვნის შესაბამისად, პენიტენციური დაწესებულებიდან თავდაპირველი გადაწყვეტილების მიმღებ რაიონულ (საქალაქო) სასამართლოში შესული მსჯავრდებულის პირადი საქმის საფუძველზე ამ კანონით გათვალისწინებული ცვლილების მსჯავრდებულის მიმართ გავრცელების შესახებ და არა - როგორც კასატორი უთითებს, ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო განაჩენის გადასინჯვის თაობაზე საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის XXVII თავით დადგენილი წესით, როდესაც საქმის განხილვის საფუძველი შეიძლება გახდეს მხოლოდ ამავე წესით შესაბამისი სააპელაციო სასამართლოსათვის მხარის მიერ შუამდგომლობის წარდგენა.
4. რაც შეეხება კასატორის პრეტენზიას, საქმის განმხილველი მოსამართლეების აცილების შესახებ იმ საფუძვლით, რომ ისინი ამ საქმის არსებით განხილვაში მონაწილეობდნენ, საკასაციო პალატა უთითებს, რომ აღნიშნული არ წარმოადგენს საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 59-ე მუხლით გათვალისწინებულ მოსამართლის აცილების საფუძველს, რის გამოც მას პალატა ასევე ვერ გაიზიარებს.
5. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ მსჯავრდებულ გ. ა-ს საკასაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს, ხოლო სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება, რომლის გაუქმების ან მსჯავრდებულის სასიკეთოდ შეცვლის სამართლებრივი საფუძველი არ არსებობს, უნდა დარჩეს უცვლელად.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა „საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში ცვლილებების შეტანის შესახებ“ საქართველოს 2017 წლის 4 მაისის კანონით, საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 300-309-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. მსჯავრდებულ გ. ა-ს საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2017 წლის 3 ნოემბრის განჩინება მსჯავრდებულ გ. ა-ს საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ დარჩეს უცვლელად;
3. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე პ. სილაგაძე
მოსამართლეები: ნ. გვენეტაძე
გ. შავლიაშვილი