საკასაციო საჩივარი ცნობილია დაუშვებლად
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საკასაციო საჩივრის დასაშვებობის
შემოწმების შესახებ
№641აპ-17 ქ. თბილისი
ი. გ. 641აპ-17 2 მაისი, 2018 წელი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
გიორგი შავლიაშვილი (თავმჯდომარე),ნინო გვენეტაძე, პაატა სილაგაძე
ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2017 წლის 18 ოქტომბრის განაჩენზე თბილისის პროკურატურის პროკურორ ბექა ხუნაშვილის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და
გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:
1. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 10 მაისის განაჩენით გ. ი, - დ-, - ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ–ის 366–ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა 200 საათით, ხოლო სსკ–ის 366–ე მუხლის მეორე ნაწილით - თავისუფლების აღკვეთა 1 წლითა და 6 თვით.
საქართველოს სსკ–ის 59–ე მუხლის მე–3 ნაწილის საფუძველზე უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქა ნაკლებად მკაცრი სასჯელი და საბოლოოდ გ. ი-ს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 1 წლითა და 6 თვით.
მსჯავრდებულ გ. ი-ს სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყო განაჩენის მიღების დღიდან - 2017 წლის 10 მაისიდან.
2. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2017 წლის 18 ოქტომბრის განაჩენით თბილისის საქალაქო სასამართლოს განაჩენში შევიდა მსჯავრდებულის სასიკეთო ცვლილება სასჯელის ნაწილში, კერძოდ:
გ. ი-ს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 366–ე მუხლის პირველი ნაწილით განესაზღვრა საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა – 200 საათით, ხოლო სსკ–ის 366–ე მუხლის მეორე ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის - თავისუფლების აღკვეთა 6 თვით.
საქართველოს სსკ–ის 59–ე მუხლის მე–2 ნაწილის საფუძველზე, დანაშაულთა ერთობლიობის დროს საბოლოო სასჯელის დანიშვნისას უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქა ნაკლებად მკაცრი და საბოლოოდ გ. ი-ს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა – 6 თვით, რომლის მოხდა აეთვალა 2017 წლის 10 მაისიდან.
3. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ დადგენილად მიიჩნია, რომ გ. ი-მ ჩაიდინა სასამართლოს უპატივცემულობა, რაც გამოიხატა სამართალწარმოების მონაწილის შეურაცხყოფაში; მანვე ჩაიდინა სასამართლოს უპატივცემულობა, რაც გამოიხატა მოსამართლის შეურაცხყოფაში.
გ. ი-ს მიერ ჩადენილი დანაშაულებრივი ქმედებები გამოიხატა შემდეგში:
2016 წლის 2 დეკემბერს თბილისის საქალაქო სასამართლოში მიმდინარეობდა გ. ი-ს მიმართ საქართველოს სსკ–ის 179–ე მუხლის მე–3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით ბრლდების №-- სისხლის სამართლის საქმის არსებითი განხილვა. როდესაც მოსამართლე მაია ქოქიაშვილი აცხადებდა გამამტყუნებელი განაჩენის სარეზოლუციო ნაწილს, ბრალდებულმა გ. ი-მ ვერბალური ფორმით, გინებით შეურაცხყოფა მიაყენა ბრალდების მხარეს - პროკურორებს, იმედა გუგუშვილსა და თორნიკე ტყაბლაძეს, ასევე - მოსამართლე მაია ქოქიაშვილს. მოსამართლისა და სამართალწარმოების მონაწილეთა მიმართ გ. ი-ს მიერ არაერთჯერადი გინებით გამოხატული უხეში უპატივცემულობა გაგრძელდა რამდენიმე წუთს, რის გამოც დამცირებული იქნა მართლმსაჯულების განხორციელებაში მონაწილე პირთა პატივი და ღირსება, შეფერხდა სასამართლოს ნორმალური ფუნქციონირება და შეილახა სასამართლოს ავტორიტეტი.
4. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის განაჩენი საკასაციო წესით გაასაჩივრა თბილისის პროკურატურის პროკურორმა ბექა ხუნაშვილმა და ითხოვა მსჯავრდებულ გ. ი-სთვის სასჯელის გამკაცრება იმ მოტივით, რომ დანიშნული სასჯელი ზედმეტად ლმობიერია და აშკარად არ შეესაბამება მსჯავდებულის მიერ ჩადენილი ქმედების ხასიათსა და მის პიროვნებას.
5. საკასაციო პალატამ შეისწავლა საკასაციო საჩივარი და მივიდა დასკვნამდე, რომ იგი არ აკმაყოფილებს საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს, რის გამოც არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად, კერძოდ: საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილი ამომწურავად იძლევა იმ საფუძველთა ჩამონათვალს, რომელთა არსებობის შემთხვევაში საკასაციო საჩივარი დასაშვებად ჩაითვლება, ასეთებია:
ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებასა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას;
ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია;
გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება;
დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;
ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე;
ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს;
ზ) კასატორი არასრულწლოვანი მსჯავრდებულია.
6. საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ მოცემულ სისხლის სამართლის საქმეში არ მოიპოვება არც ერთი ზემოაღნიშნული საფუძველი.
7. მოცემულ შემთხვევაში პროკურორი განაჩენს ასაჩივრებს მხოლოდ სასჯელის ნაწილში და ითხოვს გ. ი-სთვის სასჯელის გამკაცრებას, რასაც საკასაციო პალატა არ ეთანხმება და იმის გათვალისწინებით, რომ მსჯავრდებულმა გამოძიების ეტაპიდანვე აღიარა და გულწრფელად მოინანია ჩადენილი დანაშაული, წერილობით მოუხადა ბოდიში მოსამართლესა და პროკურორებს, ჰყავს მცირეწლოვანი შვილი, შემთხვევისას იყო 19 წლის და არ გააჩნია პასუხისმგებლობის დამამძიმებელი გარემოებები, მიაჩნია, რომ სასჯელი სამართლიანია და არ არის მიზანშეწონილი მისი დამძიმება.
8. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ვინაიდან მოცემულ შემთხვევაში არ იკვეთება საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი მოთხოვნა, საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-32, მე-33, მე-4 ნაწილებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. თბილისის პროკურატურის პროკურორ ბექა ხუნაშვილის საკასაციო საჩივარი არ იქნეს დაშვებული განსახილველად.
2. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე გ. შავლიაშვილი
მოსამართლეები: ნ. გვენეტაძე
პ. სილაგაძე