საკასაციო საჩივარი ცნობილია დაუშვებლად

სისხლის სამართლის 22.05.2018
საქმის ნომერი
2კ-712აპ.-17
დავის ტიპი
საკასაციო საჩივარი
თარიღი
22.05.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საკასაციო საჩივრის დასაშვებობის

შემოწმების შესახებ

საქმე №712აპ-17 ქ. თბილისი

გ-ი ნ., 712აპ-17 22 მაისი 2018 წელი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

პაატა სილაგაძე (თავმჯდომარე),ნინო გვენეტაძე, გიორგი შავლიაშვილი

ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2017 წლის 1 ნოემბრის განაჩენზე მსჯავრდებულ ნ. გ-ს ინტერესების დამცველის, ადვოკატ დ. მ-ს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და

გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:

1. პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენის სარეზოლუციო ნაწილი:

მცხეთის რაიონული სასამართლოს 2016 წლის 9 აგვისტოს განაჩენით ნ. გ-ი, - დაბადებული 19.. წელს, - ცნობილ იქნა დამნაშავედ და მიესაჯა: საქართველოს სსკ-ის 362-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით - 3 წლით თავისუფლების აღკვეთა, 180-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით - 6 წლით თავისუფლების აღკვეთა, ხოლო დამატებით სასჯელად საქართველოს სსკ-ის 52-ე მუხლის საფუძველზე, სახელმწიფოს სასარგებლოდ უსასყიდლოდ უნდა ჩამოერთვას დანაშაულებრივი გზით მოპოვებული ქონება - 1000 კვ.მ ფართობის არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი, საკადასტრო კოდით: ….., მდებარე თბილისში, ..... მეურნეობაში.

საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე დანაშაულთა ერთობლიობის დროს საბოლოო სასჯელის დანიშვნისას უფრო მკაცრმა ძირითადმა სასჯელმა შთანთქა ნაკლებად მკაცრი ძირითადი სასჯელი და ნ. გ-ს საბოლოოდ სასჯელის ზომად განესაზღვრა 6 წლით თავისუფლების აღკვეთა, ხოლო დამატებით სასჯელად საქართველოს სსკ-ის 52-ე მუხლის საფუძველზე, სახელმწიფოს სასარგებლოდ უსასყიდლოდ უნდა ჩამოერთვას დანაშაულებრივი გზით მოპოვებული ქონება - 1000 კვ.მ ფართობის არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი, საკადასტრო კოდით: ….., მდებარე თბილისში, ….. მეურნეობაში.

ნ. გ-ს სასჯელის მოხდა დაეწყო 2016 წლის 9 აგვისტოდან. მასვე სასჯელის მოხდის ვადაში ჩაეთვალა პატიმრობაში ყოფნის დრო - 2015 წლის 12 ოქტომბრიდან 2016 წლის 24 ივნისის ჩათვლით.

გაუქმდა ნ. გ-ს მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება - გირაო.

გაუქმდა ქონების შესაძლო ჩამორთმევის უზრუნველსაყოფად თბილისში, ….. მეურნეობაში მდებარე ნ. გ-ს სახელზე რეგისტრირებულ 1000 კვ.მ ფართობის არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთზე, საკადასტრო კოდით: ….., დადებული ყადაღა.

განაჩენით ნ. გ-ს მიერ ჩადენილი დანაშაული გამოიხატა შემდეგში: ნ. გ-მ 2011 წლის 5 ივლისს ნოტარიულად დაამოწმებინა საკუთარი განცხადება, რომლის თანახმადაც, თითქოსდა, იგი 1991 წლიდან ნამდვილად სარგებლობდა და ფლობდა 1000 კვ.მ ფართობის მიწის ნაკვეთს, რომელიც მდებარეობდა მისამართზე: ქ. თბილისი, ….. მეურნეობა, ხოლო აღნიშნულ ფაქტს, ამავე განცხადების მიხედვით, თითქოსდა, ადასტურებდნენ ტ. ს-ე, მ. დ-ი და ნ. დ-ი. რეალურად კი ნ. გ-ი აღნიშნულ მიწის ნაკვეთს არ ფლობდა 2008 წლამდე. ყალბი შინაარსის შემცველი ეს განცხადება ნ. გ-მ გამოიყენა 2012 წლის 17 სექტემბერს და 2014 წლის 6 ივნისს, ქ. თბილისის საკრებულოს საკუთრების უფლების აღიარების კომისიისთვის მიმართვისას, კერძოდ:

2012 წლის 17 სექტემბერს ნ. გ-მ განცხადებით მიმართა ქ. თბილისის საკრებულოს საკუთრების უფლების აღიარების კომისიას და მოითხოვა მის მიერ ქ. თბილისში, ….. მეურნეობის მიმდებარედ, თითქოსდა, 1991 წლიდან დაუფლებული 1000 კვ.მ ფართობის მიწის ნაკვეთის დაკანონება. აღნიშნულ განცხადებას ასევე დაურთო ყალბი შინაარსის შემცველი, ნოტარიულად დამოწმებული 2011 წლის 5 ივლისის განცხადება, რომლის თანახმადაც, მოქალაქეები ადასტურებდნენ ნ. გ-ს მიერ აღნიშნული მიწის ნაკვეთის 1991 წლიდან ფლობისა და სარგებლობის ფაქტს. რეალურად კი ნ. გ-ი აღნიშნულ მიწის ნაკვეთს არ ფლობდა 2008 წლამდე.

2012 წლის 21 ნოემბერს ნ. გ-მ მიმართა საჯარო რეესტრს და სხვა თანმხლებ დოკუმენტებთან ერთად წარადგინა ქ. თბილისის საკრებულოს საკუთრების უფლების აღიარების კომისიის მიერ ზემოაღნიშნული ყალბი მონაცემების შემცველი დოკუმენტის წარდგენის საფუძველზე გაცემული 2012 წლის 15 ნოემბრის საკუთრების უფლების მოწმობა №….., რის შედეგადაც, 2012 წლის 27 ნოემბერს, ნ. გ-ს საკუთრებაში გადაეცა სახელმწიფოს კუთვნილი, 31 877 ლარის ღირებულების 274 კვ.მ ფართობის მიწის ნაკვეთი, საკადასტრო კოდით - ….. რასაც ნ. გ-ი დაეუფლა თაღლითურად.

2014 წლის 6 ივნისს ნ. გ-მ კვლავ მიმართა ქ. თბილისის საკრებულოს საკუთრების უფლების აღიარების კომისიას და მოითხოვა მის მიერ ზემოაღნიშნულ თვითნებურად დაკავებულ 1000 კვ.მ ფართობის მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების მოწმობის გაცემა. მოცემულ შემთხვევაში ხსენებული ფართის მიწის ნაკვეთი, თავის მხრივ, მოიცავდა ნ. გ-ს მიერ 2012 წელს დარეგისტრირებულ 274 კვ.მ. ფართობის მიწის ნაკვეთსაც. საკუთრების აღიარების კომისიამ ცვლილება შეიტანა 2012 წლის შესაბამის გადაწყვეტილებაში და ნ. გ-ს 274 კვ.მ. მიწის ნაკვეთი გაუზარდა 1000 კვ. მეტრამდე.

2014 წლის 25 სექტემბერს, ნ. გ-მ მიმართა საჯარო რეესტრს, რა დროსაც სხვა თანმხლებ დოკუმენტებთან ერთად წარადგინა ქ. თბილისის საკრებულოს საკუთრების უფლების აღიარების კომისიის მიერ ზემოაღნიშნული ყალბი მონაცემების შემცველი დოკუმენტის წარდგენის საფუძველზე გაცემული 2014 წლის 23 სექტემბრის საკუთრების უფლების №….. მოწმობა, რის შედეგადაც 2014 წლის 29 სექტემბერს, ნ. გ-ს საკუთრებაში გადაეცა ზემოაღნიშნული 1000 კვ.მ. ფართობის მიწის ნაკვეთი, საკადასტრო კოდით: …... ანუ, ნ. გ-ი დამატებით თაღლითურად დაეუფლა სახელმწიფოს კუთვნილ, 111 504 ლარის ღირებულების 726 კვ.მ. ფართობის მიწის ნაკვეთს.

ნ. გ-ი ყალბი დოკუმენტის გამოყენებით ჯამურად, თაღლითურად დაეუფლა სახელმწიფოს კუთვნილ, 143 381 ლარად ღირებულ 1000 კვ.მ მიწის ნაკვეთს, რამაც გამოიწვია მნიშვნელოვანი ზიანი.

2. აპელანტის მოთხოვნა:

აღნიშნული განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა დაცვის მხარემ, რომელიც ითხოვდა განაჩენის გაუქმებასა და ნ. გ-ს გამართლებას, ასევე სახელმწიფოს სასარგებლოდ უსასყიდლოდ ჩამორთმეული მიწის ნაკვეთის მესაკუთრე - ნ. გ-თვის დაბრუნებას.

3. გასაჩივრებული განაჩენის სარეზოლუციო ნაწილი:

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2017 წლის 1 ნოემბრის განაჩენით მცხეთის რაიონული სასამართლოს 2016 წლის 9 აგვისტოს განაჩენში შევიდა ცვლილება, კერძოდ:

ნ. გ-ს ბრალდებიდან ამოერიცხა მითითება ყალბი ოფიციალური დოკუმენტის გამოყენებაზე, როგორც ზედმეტად წარდგენილი.

ნ. გ-ი ცნობილ იქნა დამნაშავედ და მიესაჯა: საქართველოს სსკ-ის 362-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით - 3 წლით თავისუფლების აღკვეთა, 180-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით - 6 წლით თავისუფლების აღკვეთა.

მასვე დამატებითი სასჯელის სახით, საქართველოს სსკ-ის 52-ე მუხლის საფუძველზე, სახელმწიფოს სასარგებლოდ უსასყიდლოდ უნდა ჩამოერთვას დანაშაულებრივი გზით მოპოვებული ქონება - 1000 კვ.მ ფართობის არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი საკადასტრო კოდით: ….., მდებარე თბილისში, …..მეურნეობაში.

საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე დანაშაულთა ერთობლიობის დროს საბოლოო სასჯელის დანიშვნისას უფრო მკაცრმა ძირითადმა სასჯელმა შთანთქა ნაკლებად მკაცრი ძირითადი სასჯელი და ნ. გ-ს საბოლოოდ სასჯელის ზომად განესაზღვრა 6 წლით თავისუფლების აღკვეთა. მასვე დამატებითი სასჯელის სახით, საქართველოს სსკ-ის 52-ე მუხლის საფუძველზე, სახელმწიფოს სასარგებლოდ უსასყიდლოდ უნდა ჩამოერთვას დანაშაულებრივი გზით მოპოვებული ქონება - 1000 კვ.მ ფართობის არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი საკადასტრო კოდით: ….., მდებარე ქალაქ თბილისში, ….. მეურნეობაში.

ნ. გ-ს სასჯელის მოხდა დაეწყო 2016 წლის 9 აგვისტოდან. მასვე სასჯელის მოხდის ვადაში ჩაეთვალა პატიმრობაში ყოფნის დრო - 2015 წლის 12 ოქტომბრიდან 2016 წლის 24 ივნისის ჩათვლით.

გაუქმდა ნ. გ-ს მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება - გირაო.

გაუქმდა ქონების შესაძლო ჩამორთმევის უზრუნველსაყოფად ქალაქ თბილისში, ….. მეურნეობაში მდებარე, ნ. გ-ს სახელზე რეგისტრირებულ 1000 კვ.მ ფართობის არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთზე საკადასტრო კოდით: ….., დადებული ყადაღა.

4. გასაჩივრებული განაჩენის ფაქტობრივი და სამართლებრივი დასაბუთება:

სააპელაციო პალატამ მიუთითა, რომ საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის დისპოზიციის თანახმად, როდესაც პირი მოტყუებით ეუფლება სხვის საკუთრებაში არსებულ ნივთს ან მის ქონებრივ უფლებას მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, გამოკვეთილია თაღლითობის შემადგენლობა. ქმედების თაღლითობად კვალიფიკაციისათვის აუცილებელია ის გარემოება, რომ დამნაშავე ქონების დაუფლების ან ქონებაზე უფლების მიღების საშუალებად იყენებდეს მოტყუებას. სწორედ მოტყუების დახმარებით ხდება ძირითადი მოქმედების (სხვის საკუთრებაში არსებული ნივთის ან ქონებრივი უფლების მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრება) შესრულების უზრუნველყოფა. თაღლითობის შემადგენლობის საკანონმდებლო კონსტრუქციიდან გამომდინარე, აუცილებელია, რომ მოტყუება, როგორც ნივთის ან ქონებრივი უფლების მიღების კონკრეტული საშუალება _ ხერხი, წინ უსწრებდეს თაღლითის მიერ ნივთის ან ქონებრივი უფლების მიღების ფაქტს. ამასთან, მოტყუება გულისხმობს ჭეშმარიტების განზრახ დამახინჯებას ან/და გარკვეულ გარემოებათა განზრახ დაფარვას ქონების მესაკუთრის, მფლობელის ან სხვა პირის შეცდომაში შეყვანის მიზნით. მოცემულ შემთხვევაში ნ. გ-ი მოქმედებდა განზრახ, მისი ქმედებები უშუალოდ მიმართული იყო მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით სხვისი ქონებრივი უფლების მიღებისაკენ, რა დროსაც ნ. გ-მ ქ. თბილისის საკრებულოს საკუთრების უფლების აღიარების კომისიაში წარადგინა ყალბი შინაარსის შემცველი, ნოტარიულად დამოწმებული საკუთარი განცხადება, რომლის თანახმადაც, თითქოსდა, 1991 წლიდან ნამდვილად ფლობდა ქ. თბილისში, ….. მეურნეობის ტერიტორიაზე მდებარე 1000 კვ.მ ფართობის მიწის ნაკვეთს და ამ გზით შეცდომაში შეიყვანა ქ. თბილისის საკრებულოს საკუთრების უფლების აღიარების კომისის წევრები, რის შედეგადაც ნ. გ-ზე გაიცა ზემოხსენებულ მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების დამადასტურებელი მოწმობები, რომელთა თანდართულ დოკუმენტებთან ერთად საჯარო რეესტრში წარდგენის შემდეგ ნ. გ-ს საკუთრებაში გადაეცა და მასზე დარეგისტრირდა (გაიცა ამონაწერი) ზემოაღნიშნული 1000 კვ.მ ფართობის, 143 381 ლარად ღირებული მიწის ნაკვეთი, საკადასტრო კოდით: ….., რომელიც რეალურად ეკუთვნოდა სახელმწიფოს და რომელზეც ნ. გ-ს არანაირი უფლება არ გააჩნდა. აღნიშნული ქმედებით ნ. გ-მ სრულად განახორციელა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 362-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით და 180-ე მუხლის მე–3 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტითა გათვალისწინებული დანაშაულებრივი ქმედებების ობიექტური შემადგენლობის ყველა ნიშანი.

რაც შეეხება მსჯავრდებულ ნ. გ-ს მიერ ყალბი ოფიციალური დოკუმენტის დამზადებას გამოყენების მიზნით, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია, სააპელაციო პალატამ განმარტა, რომ ყალბი დოკუმენტის დამზადება ფაქტობრივად ოფიციალურ დოკუმენტში ყალბი ცნობის შეტანას გულისხმობს. ყალბად მიჩნეულ უნდა იქნეს ოფიციალურ დოკუმენტში შეტანილი (ასახული) ისეთი ცნობა, ინფორმაცია, მოვლენა და ა.შ, რომელიც ბუნებაში არ არსებობს, მისი შინაარსი არ შეესაბამება რეალობას ანდა ასეთი რამ არ მომხდარა იმ შინაარსით, მოცემულობითა და ფაქტობრივი გარემოებებით, როგორც ამას გადმოსცემს ოფიციალურ დოკუმენტში შეტანილი ესა თუ ის ცნობა (ინფორმაცია). აღნიშნულ კონტექსტში სააპელაციო პალატამ არ გაიზიარა სააპელაციო საჩივარში და სააპელაციო პალატის სხდომაზე დაცვის მხარის მოსაზრება, რომ ნ. გ-ი სადავო მიწის ნაკვეთზე ცხოვრობს 2005 წლიდან, 2006 წელს ამ მიწის ნაკვეთზე ააშენა სახლი, ხოლო დოკუმენტებში 1991 წელი იმიტომ ჩაწერა, რომ აღნიშნულ მიწის ნაკვეთს ამ წლიდან ტ. ს-ე ფლობდა და გადაწყვიტა, რომ ასე უნდა ჩაეწერა. შესაბამისად, ნ. გ-ს არ გაუყალბებია და არც ჰქონია დოკუმენტის გაყალბების განზრახვა. მოცემულ შემთხვევაში საქმეზე შეკრებილი და 1-ლი ინსტანციის სასამართლოში საქმის არსებითი განხილვისას გამოკვლეული ზემოხსენებული მტკიცებულებებით დადასტურებულია, რომ ნ. გ-ს სადავო მიწის ნაკვეთზე არც 1991 წლიდან და არც 2005 წლიდან არ უცხოვრია და, შესაბამისად, არ გააჩნდა არანაირი სამართლებრივი უფლება, მიემართა ქ. თბილისის საკრებულოს საკუთრების უფლების აღიარების კომისიისთვის და მოეთხოვა აღნიშნულ მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების დამადასტურებელი მოწმობის გაცემა.

,,ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ“ 2007 წლის 11 ივლისის საქართველოს კანონის მიზანია მართლზომიერ მფლობელობაში ან სარგებლობაში არსებულ, აგრეთვე, თვითნებურად დაკავებულ სახელმწიფოს საკუთრების მიწაზე ფიზიკური, კერძო სამართლის იურიდიული პირების ან კანონით გათვალისწინებული სხვა ორგანიზებული წარმონაქმნების საკუთრების უფლების აღიარებით სახელმწიფოს საკუთრებაში არსებული მიწის ფონდის ათვისება და მიწის ბაზრის განვითარების ხელშეწყობა (მუხლი 1). ამავე კანონის მე-2 მუხლის „გ“ ქვეპუნქტის თანახმად, თვითნებურად დაკავებულ მიწაში იგულისხმება ამ კანონის ამოქმედებამდე ფიზიკური პირის მიერ თვითნებურად დაკავებული სახელმწიფო საკუთრების სასოფლო ან არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი, რომელზეც განთავსებულია საცხოვრებელი სახლი (აშენებული ან დანგრეული) ან არასაცხოვრებელი დანიშნულების შენობა (აშენებული). ამავე კანონის მე-51 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ მოთხოვნის განხილვის საფუძველია დაინტერესებული პირის მიერ წერილობითი განცხადების წარდგენა კომისიაში. მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ მოთხოვნის დასადასტურებლად დაინტერესებულმა პირმა უნდა წარადგინოს მიწის თვითნებურად დაკავების დამადასტურებელი დოკუმენტი ან/და მოწმის ჩვენება (მოცემულ შემთხვევაში მსჯავრდებულმა ნ. გ-მ ასეთ დოკუმენტად კომისიას წარუდგინა ზემოხსენებული ნოტარიულად დამოწმებული საკუთარი განცხადება, რომლის თანახმადაც, თითქოსდა, 1991 წლიდან ნამდვილად ფლობდა ქ. თბილისში, ….. მეურნეობის ტერიტორიაზე მდებარე 1000 კვ.მ ფართობის მიწის ნაკვეთს, რომელსაც განმცხადებლის გარდა ასევე ხელს აწერენ მოწმეები - ნ. დ-ი, მ. დ-ი და ტ. ს-ე). მე-7 ნაწილის თანახმად, თუ დაინტერესებული პირის მოთხოვნა საკუთრების უფლების აღიარების შესახებ არ აკმაყოფილებს ამ კანონით განსაზღვრულ პირობებს ან განცხადებისათვის დართული დოკუმენტებით არ დასტურდება თვითნებურად დაკავების ფაქტი, კომისია იღებს წერილობით გადაწყვეტილებას საკუთრების უფლების აღიარებაზე უარის თქმის თაობაზე. ამრიგად, აღნიშნული კანონის რეგულაციებიდან გამომდინარე, სააპელაციო პალატამ არ გაიზიარა სააპელაციო პალატის სხდომაზე დაცვის მხარის მიერ გამოთქმული მოსაზრება, რომ კომისია არ დაყრდნობია მარტო სანოტარო აქტს და კომისიის წევრებმა მოცემულ საქმეზე ფაქტები და გარემოებები ადგილზე შეამოწმეს, რის შემდეგაც გაიცა ნ. გ-ზე შესაბამისი საკუთრების უფლების მოწმობები თვითნებურად დაკავებულ მიწის ნაკვეთზე. სააპელაციო პალატამ აღნიშნა, რომ მოცემულ საქმეზე ნ. გ-ს მიერ ნოტარიულად დამოწმებული განცხადების წარუდგენლობა, ზემოხსენებული კანონის მე-7 მუხლის დანაწესიდან გამომდინარე, ცალსახად კომისიის მიერ საკუთრების უფლების აღიარებაზე უარის თქმის გადაწყვეტილების საფუძველი გახდებოდა.

ქ. თბილისის საკრებულოს საკუთრების უფლების აღიარების კომისიის წევრების, მოწმის სახით დაკითხული ქ. შ-ს, ი. გ-ს, კ. ბ-ს, შ. ქ-ს, ბ. ბ-ს, ლ. მ-ს და ვ. გ-ს, რომლებიც სხვადასხვა დროს მუშაობდნენ ზემოხსენებულ კომისიაში, ჩვენებებით დადგენილი და დადასტურებულია, რომ კომისია იხილავდა მოქალაქეთა განცხადებებს მათ მიერ 2007 წლამდე თვითნებურად დაკავებულ, სახელმწიფოს კუთვნილ მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების აღიარების თაობაზე. გადაწყვეტილების მიღებისას ხელმძღვანელობდნენ ,,ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ“ საქართველოს კანონით, ასევე ,,ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების წესისა და საკუთრების უფლების მოწმობის ფორმის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2007 წლის 15 სექტემბრის N525 ბრძანებულებით. საკუთრების უფლების აღიარების მოთხოვნის უფლება კანონით ჰქონდა მხოლოდ იმ პირს (მის მემკვიდრეს ან წარმომადგენელს), ვინც უშუალოდ ფლობდა მიწის ნაკვეთს 2007 წლის 15 სექტემბრამდე (კანონის ამოქმედებამდე). განმცხადებელს უნდა წარმოედგინა მის მიერ 2007 წლამდე მიწის ნაკვეთის მფლობელობის დამადასტურებელი მტკიცებულებები, მათ შორის მოწმეთა ნოტარიული წესით დამოწმებული განცხადება, ამ პერიოდში ნაკვეთზე არსებული კაპიტალური შენობა-ნაგებობის, ღობის და ნარგავების ამსახველი ფოტოსურათები, გვერდით მცხოვრები მეზობლების თანხმობა და კანონით გათვალისწინებული სხვა დოკუმენტები. განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭებოდა კანონის ამოქმედებამდე მფლობელობის პერიოდს. თუ რამე ეჭვი წარმოიშობოდა, ითხოვდნენ დამატებით დოკუმენტებს. მხედველობაში მიიღებოდა არქიტექტურის სამსახურის დასკვნაც. კონკრეტულ საქმეზე განმცხადებელ ნ. გ-ს მიერ წარდგენილი დოკუმენტები რაიმე ეჭვის საფუძველს არ იძლეოდა. ნ. გ-ს ნოტარიულად დამოწმებული განცხადებით მოქალაქეები უდასტურებდნენ აღნიშნული მიწის ნაკვეთის 1991 წლიდან ფლობისა და სარგებლობის ფაქტს. მითითებული პერიოდის ხანგრძლივობამ და განმცხადებლის სოციალურად დაუცველის სტატუსმა დადებითი გავლენა მოახდინა კომისიის გადაწყვეტილებაზე, თუმცა პირველი განცხადება ნაწილობრივ დაუკმაყოფილეს, ვინაიდან კომისიამ მიიჩნია, რომ ნ. გ-ს, როგორც მარტოხელა და სოციალურად დაუცველის ნორმალური საცხოვრებელი და საარსებო პირობებისათვის, 274 კვ.მ ფართობის საკუთრებაში გადაცემა იყო სრულიად საკმარისი. 2014 წელს კომისიამ კვლავ განიხილა ნ. გ-ს განცხადება და ამჯერად მიიღო გადაწყვეტილება მისი მთლიანად დაკმაყოფილებისა და 1000 კვ.მ მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ.

სააპელაციო პალატამ, 1-ლი ინსტანციის სასამართლოს განაჩენის მსგავსად, არ გაიზიარა პირველი ინსტანციის სასამართლოში საქმის არსებითი განხილვისას დაკითხული დაცვის მხარის მოწმეების - გ. კ-სა და ლ. ს-ს ჩვენებები, რომ ცხოვრობენ ყოფილი ….. მეურნეობის ტერიტორიაზე და იცნობენ ნ. გ-ს, რომელიც მეუღლესთან ერთად 2005 წლიდან ცხოვრობდა მითითებულ მიწის ნაკვეთზე, რომელიც მანამდე ტ. ს-ს ჰქონდა თვითნებურად მიტაცებული. პალატამ პირველ რიგში მიუთითა, რომ აღნიშნული ორი მოწმის ჩვენება ეწინააღმდეგება ბრალდების მხარის ცხრა მოწმის - ტ. ს-ს, ნ. დ-ს, მ. დ-ს, ა. ჯ-ს, რ. ლ-ს, დ. ნ-ს, მ. ბ-ს, გ. ვ-სა და ტ. ყ-ს ჩვენებებით დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს, რომ ნ. გ-ი ტ. ს-ს მიერ თვითნებურად მიტაცებულ, ….. მეურნეობის ტერიტორიაზე მდებარე მიწის ნაკვეთზე დასახლდა 2008 წლის შემდეგ. მათ შორის აღსანიშნავია მოწმე ტ. ს-ს ჩვენება, რომელიც არის ის პირი, რომელსაც უშუალო შეხება ჰქონდა შემდგომში სადავოდ ქცეულ ფაქტებსა და მოვლენებთან (მხედველობაშია ნ. გ-ს მიერ ტ. ს-ს მფლობელობაში არსებულ სადავო მიწის ნაკვეთზე დასახლებისა და მიწის ნაკვეთის დარეგისტრირების გარემოებები). ამდენად, მის მიერ გადმოცემული ინფორმაცია გასაზიარებლობისა და სარწმუნოობის მაღალი ხარისხით ხასიათდება. გარდა ამისა, ტ. ს-ს ჩვენებას შეესაბამება ყველა დანარჩენი მოწმის ჩვენება. აღნიშნულიდან გამომდინარე, პალატის აზრით, ბრალდების მხარის ზემოხსენებული მოწმეების ჩვენებებს უტყუარობისა და დამაჯერებლობის თვალსაზრისით, მეტი პრიორიტეტი უნდა მიენიჭოს, ვიდრე დაცვის მხარის მოწმეების - ლ. ს-სა და გ. კ-ს ჩვენებებს.

რაც შეეხება ნ. გ-თვის წარდგენილ ბრალდებას - ყალბი ოფიციალური დოკუმენტის გამოყენებას, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია, სააპელაციო პალატამ უდავოდ დადგენილად და დადასტურებულად მიიჩნია, რომ ნ. გ-მ ქ. თბილისის საკრებულოს საკუთრების უფლების აღიარების კომისიაში არაერთხელ წარდგენის გზით გამოიყენა ყალბი შინაარსის შემცველი, ნოტარიულად დამოწმებული საკუთარი განცხადება, რომლის თანახმადაც, თითქოსდა, 1991 წლიდან ნამდვილად ფლობდა ქ. თბილისში, ….. მეურნეობის ტერიტორიაზე მდებარე 1000 კვ.მ ფართობის მიწის ნაკვეთს, თუმცა სააპელაციო პალატა მიიჩნევს, რომ მოცემულ შემთხვევაში ნ. გ-ს მიერ აღნიშნული ყალბი ოფიციალური დოკუმენტის გამოყენება წარმოადგენდა ძირითადი მიზნის მიღწევის - სახელმწიფოს კუთვნილი 1000 კვ.მ ფართობის მიწის ნაკვეთის თაღლითურად დაუფლების - საშუალებას. ამ შემთხვევაში ყალბი დოკუმენტის გამოყენება, როგორც მოტყუების ერთ-ერთი სახე, წარმოადგენს თაღლითობის კონსტრუქციულ ელემენტს და დამატებით კვალიფიკაციას აღარ საჭიროებს. აღნიშნულიდან გამომდინარე, ნ. გ-ს ბრალდებიდან ამოერიცხა მითითება ყალბი ოფიციალური დოკუმენტის გამოყენებაზე, როგორც ზედმეტად წარდგენილი.

სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ 1-ლი ინსტანციის სასამართლომ მსჯავრდებულისათვის სასჯელის განსაზღვრის დროს სრულად გაითვალისწინა მისი პიროვნული მახასიათებლები, წარსული ცხოვრება, ჩადენილ დანაშაულთა სიმძიმე და ისე შეუფარდა საბოლოო სასჯელი, რაც პალატის დასკვნით არ არის უსამართლო და სრულად უზრუნველყოფს საქართველოს სსკ-ის 39-ე მუხლით გათვალისწინებული მიზნების განხორციელებას. სააპელაციო პალატამ მხედველობაში მიიღო ის გარემოება, რომ ნ. გ-ს ჩადენილი აქვს მძიმე კატეგორიის დანაშაული მაკვალიფიცირებელ გარემოებებში, რის შედეგადაც სახელმწიფოს მიადგა 143 381 ლარის ღირებულების, დიდი ოდენობით ქონებრივი ზიანი. ნ. გ-ს მიერ ჩადენილი დანაშაული - თაღლითობა – საკუთრების წინააღმდეგ მიმართული საკმაოდ გავრცელებული დანაშაულია, ქონებრივ ზიანს აყენებს მესაკუთრეს და ხასიათდება მომეტებული საზოგადოებრივი საშიშროებით, ვინაიდან ხელყოფს მესაკუთრის მიერ თავისი ქონების მფლობელობის, სარგებლობისა და განკარგვის უფლებას.

5. კასატორის მოთხოვნა:

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2017 წლის 1 ნოემბრის განაჩენი გაასაჩივრა მსჯავრდებულ ნ. გ-ს ინტერესების დამცველმა, ადვოკატმა დ. მ-მ, რომელიც საკასაციო საჩივრით ითხოვს განაჩენის გაუქმებასა და ნ. გ-ს გამართლებას.

6. საკასაციო პალატამ შეისწავლა საკასაციო საჩივარი და დაასკვნა, რომ იგი არ აკმაყოფილებს საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს, რის გამოც არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად, კერძოდ: საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილი ამომწურავად იძლევა იმ საფუძველთა ჩამონათვალს, რომელთა არსებობის შემთხვევაში საკასაციო საჩივარი დასაშვებად ჩაითვლება, ასეთებია:

ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებასა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას;

ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია;

გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება;

დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;

ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე;

ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს;

ზ) კასატორი არასრულწლოვანი მსჯავრდებულია.

7. საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ მოცემულ სისხლის სამართლის საქმეში არ მოიპოვება არცერთი ზემოაღნიშნული საფუძველი.

8. პალატა მიუთითებს, რომ დასაბუთებული გადაწყვეტილების უფლება არ მოითხოვს მხარეების მიერ მითითებულ ყველა არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემას; აღნიშნული უფლება ზედა ინსტანციის სასამართლოებს საშუალებას აძლევს, დაეთანხმონ ქვედა ინსტანციის სასამართლოს დასაბუთებას, საფუძვლების გამეორების გარეშე (Hirvisaari v. Finland, §32). მოკლე მსჯელობა საჩივრის დაუშვებლად ცნობის შესახებ – ქვედა ინსტანციის სასამართლოს მსჯელობის გაზიარება არ არღვევს დასაბუთებული გადაწყვეტილების უფლებას (Gorou (No. 2), §§38-42).

9. საკასაციო საჩივრისა და საქმის შესწავლის შედეგად საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ არ არსებობს გარემოება, რომლის გამოც საქმეს არსებითი მნიშვნელობა ექნებოდა სამართლის განვითარების ან მსგავს საქმეებზე ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის. დაცვის მხარე ვერ უთითებს ისეთ სამართლებრივ პრობლემაზე, რომელიც საჭიროებს საკასაციო პალატის განმარტებას. სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება არ ეწინააღმდეგება უზენაესი სასამართლოს პრაქტიკას და ბრალდების მხარეს არ მიუთითებია გარემოებაზე, რომელიც დადგენილი პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღებას მიზანშეწონილს გახდიდა. საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ საქმეში წარმოდგენილია საკმარის, თანმიმდევრულ და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომლითაც გონივრულ ეჭვს მიღმა დასტურდება, რომ ნ. გ-მ ჩაიდინა საქართველოს სსკ-ის 362-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტითა და 180-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულები. ამასთან, წარმოდგენილი სისხლის სამართლის მასალებიდან გამომდინარე, არ დგინდება, რომ სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო, არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე. ამდენად, თბილისის სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება შეესაბამება უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილებებს, ხოლო სხვა რაიმე ისეთი სახის გარემოება, რაც, სავარაუდოდ, შესაძლოა, საკასაციო პალატის პრაქტიკის შეცვლის საფუძველი გამხდარიყო, საქმიდან და საკასაციო საჩივრიდან არ იკვეთება.

10. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი, ვინაიდან კასატორის მიერ მითითებული საფუძვლები არ შეესაბამება საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილით დადგენილ არცერთ წინა პირობას.

11. საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33, მე-4 ნაწილების შესაბამისად, საკასაციო პალატამ

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. მსჯავრდებულ ნ. გ-ს ინტერესების დამცველის, ადვოკატ დ. მ-ს საკასაციო საჩივარი არ იქნეს დაშვებული განსახილველად.

2. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე პ. სილაგაძე

მოსამართლეები: ნ. გვენეტაძე

გ. შავლიაშვილი