გაუქმდა გამამართლებელი განაჩენი და გამოტანილ იქნა გამამტყუნებელი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე # 010141318700054931
საქართველოს უზენაესი სასამართლო
განაჩენი
საქართველოს სახელით
N117აპ-18 თბილისი
ყ-ი ლ 117აპ-18 20 ივლისი, 2018 წელი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
ნინო გვენეტაძე (თავმჯდომარე),გიორგი შავლიაშვილი, პაატა სილაგაძე
სხდომის მდივან – კონსტანტინე თოდრიას
პროკურორების – ლაშა მერაბიშვილის, გიგა გელაშვილის
ადვოკატ – ზ. დ-ს
მონაწილეობით განიხილა რუსთავის რაიონული პროკურატურის პროკურორ ხატია გოგრიჭიანის საკასაციო საჩივარი თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2018 წლის 8 იანვრის განაჩენზე გამართლებულ ლ. ყ-ს მიმართ.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
1. რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2004 წლის 5 აპრილის განაჩენით ლ. ყ-ს მოეხსნა საქართველოს სსკ-ის 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაული, სახელმწიფო ბრალმდებლის მიერ ბრალდებაზე უარის თქმის გამო.
2. ამავე განაჩენით ლ. ყ-ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 239-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა 2 (ორი) წლით თავისუფლების აღკვეთა.
3. ლ. ყ-ს სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყო 2003 წლის 6 მარტიდან.
4. წყალტუბოს რაიონული სასამართლოს 2004 წლის 10 ივნისის დადგენილებით ლ. ყ-ი გათავისუფლდა სასჯელისგან ვადამდე პირობით, 8 (რვა) თვითა და 26 (ოცდაექვსი) დღით ადრე.
5. ლ. ყ-ი სასჯელაღსრულების დაწესებულებიდან გათავისუფლდა 2004 წლის 10 ივნისს.
6. საბრალდებო დასკვნის თანახმად, ლ. ყ-ს, - დაბადებულს ..... - ბრალი დაედო ყაჩაღობაში, ესე იგი თავდასხმაში სხვისი მოძრავი ნივთის მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, ჩადენილი ადამიანის სიცოცხლისა და ჯანმრთელობისთვის საშიში ძალადობითა და ასეთი ძალადობის მუქარით, რაც გამოიხატა შემდეგში:
7. 2005 წლის 3 თებერვალს, დაახლოებით 19:00 საათზე, რ-ი, მ-ს გამზირის N.... სახლის ეზოში, ცეცხლსასროლი იარაღით შეიარაღებული ლ. ყ-ი, ფულისა და ნივთების მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, ყაჩაღურად თავს დაესხა მოქალაქე ლ. ტ-ს, რომელსაც აღნიშნული იარაღის გამოყენების მუქარით გასტაცა საფანტის სისტემის პისტოლეტი N....., ღირებული 120 ლარად. ამასთან, იარაღის გასროლით სახის არეში მიაყენა სხეულის მსუბუქი ხარისხის დაზიანება ჯანმრთელობის მოუშლელად, რის შემდეგაც შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.
8. რუსთავის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 11 ივლისის განაჩენით ლ. ყ-ი ცნობილ იქნა უდანაშაულოდ საქართველოს სსკ-ის 179-ე მუხლის პირველი ნაწილით (2006 წლის 28 აპრილამდე მოქმედი რედაქცია) წარდგენილ ბრალდებაში და გამართლდა.
9. გამართლებულ ლ. ყ-ს განემარტა რეაბილიტაციის მოთხოვნის უფლება და ასევე უფლება, აუნაზღაურდეს მიყენებული ქონებრივი და მორალური ზიანი.
10. ამავე განაჩენით ლ. ყ-ს მიმართ გავრცელდა ,,ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2012 წლის 28 დეკემბრის კანონის მე-3 მუხლი და გათავისუფლდა რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2004 წლის 5 აპრილის განაჩენით საქართველოს სსკ-ის 239-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტის საფუძველზე დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილის შემდგომი მოხდისგან.
11. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2018 წლის 8 იანვრის განაჩენით რუსთავის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 11 ივლისის განაჩენი გამართლებულ ლ. ყ-ს მიმართ დარჩა უცვლელად.
12. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2018 წლის 8 იანვრის განაჩენი საკასაციო წესით გაასაჩივრა რუსთავის რაიონული პროკურატურის პროკურორმა ხატია გოგრიჭიანმა და მოითხოვა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2018 წლის 8 იანვრის განაჩენის გაუქმება, მის ნაცვლად ლ. ყ-ს მიმართ გამამტყუნებელი განაჩენის დადგენა საქართველოს სსკ-ის 179-ე მუხლის 1-ლი ნაწილით და ამ დანაშაულისთვის სასჯელის სახედ და ზომად 6 (ექვსი) წლით თავისუფლების აღკვეთის განსაზღვრა.
13. კასატორი – პროკურორი ხატია გოგრიჭიანი საკასაციო საჩივარში აღნიშნავს, რომ სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება უკანონო და დაუსაბუთებელია. ბრალდების მხარემ წარადგინა ისეთ მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით ადასტურებს ლ. ყ-ს მიერ საქართველოს სსკ-ის 179-ე მუხლის 1-ლი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენას.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
1. საკასაციო პალატამ შეისწავლა ლ. ყ-ს საქმის მასალები, შეამოწმა პროკურორ ხატია გოგრიჭიანის საკასაციო საჩივრის საფუძვლიანობა და მიიჩნია, რომ აღნიშნული საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს, ხოლო გამამართლებელი განაჩენი უნდა გაუქმდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
2. რუსთავის საქალაქო სასამართლოში საქმის არსებითი განხილვისას ლ. ყ-ს ბრალის დასადასტურებლად ბრალდების მხარემ წარადგინა შემდეგი მტკიცებულებები: დაზარალებულ ლ. ტ-ს ჩვენება; ქ. რ-ს შინაგან საქმეთა სამინისტროს სამმართველოს პირველი განყოფილების ინსპექტორ–გამომძიებლის - დ. ტ-ს, იმავე სამმართველოს სისხლის სამართლის სამძებრო განყოფილების თანამშრომელ ო. ს-ს, ქ. რ-ს შინაგან საქმეთა სამმართველოს ოპერატიული თანამშრომლის - ზ. ლ-ა და აღნიშნული სამმართველოს მესამე განყოფილების უფროსი ინსპექტორის, ს. პ-ს ჩვენებები; შემთხვევის ადგილის დათვალიერებისა და დაზარალებულის ჩვენების ადგილზე შემოწმების ოქმი; დაზარალებულ ლ. ტ-ს მიმართ ჩატარებული სასამართლო–სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნა.
3. დაზარალებულმა ლ. ტ-მ თავის ჩვენებაში დეტალურად და დამაჯერებლად აღწერა მისთვის კარგად ნაცნობი პირის, ლ. ყ-ს მიერ მასზე განხორციელებული თავდასხმა, რასაც თან ახლდა მისი სიცოცხლისა და ჯანმრთელობისათვის საშიში ძალადობის მუქარა ცეცხლსასროლი იარაღის გამოყენებით. მან აღნიშნა, რომ ლ. ყ-ი მისგან მოითხოვდა ფულსა და ნივთებს, რომლებიც მას არ ჰქონდა, ხოლო მათ სანაცვლოდ იძულებული გახდა, მოძალადისთვის გადაეცა მისი კუთვნილი, 120 ლარად ღირებული, საფანტის სისტემის პისტოლეტი – №.... დაზარალებულმა თავის ჩვენებაში ასევე მიუთითა, რომ ამ ინციდენტის დროს ლ. ყ-ა ცეცხლსასროლი იარაღი გაისროლა მისი სახის მიმართულებით, თუმცა მან მოასწრო გაწევა, მაგრამ გასროლილმა ჭურვმა მას მაინც მიაყენა მცირე დაზიანება სახის არეში, რის შემდეგაც განსასჯელი გაიქცა შემთხვევის ადგილიდან და თან წაიღო წართმეული იარაღი. უდავოა, რომ ლ. ყ-ს მიერ ჩადენილი ქმედება, რაც დაზარალებულმა ლ. ტ-მ თავის ჩვენებაში აღწერა, სრულად შეიცავს საქართველოს სსკ–ის 179–ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული ყაჩაღობის შემადგენლობას.
4. აღნიშნულთან დაკავშირებით საკასაციო პალატა ყურადღებას ამახვილებს შემდეგ გარემოებაზე: პირველი ინსტანციის სასამართლო დაზარალებულ ლ. ტ-ს ჩვენების გაზიარებაზე უარს ამბობს იმ მოსაზრებით, რომ ეს ჩვენება არასაკმარისი და არარელევანტურია ლ. ყ-ს პიროვნების იდენტიფიკაციისათვის. მიუხედავად იმისა, რომ დაზარალებულმა განაცხადა – ლ. ყ-ი არის მისი ნაცნობი და მისი გარეგნობაც აღწერა, სასამართლომ ეს ფაქტობრივი გარემოებები არ გაიზიარა შემდეგი მოტივებით: არ არის ჩატარებული ისეთი საპროცესო მოქმედება, როგორიცაა ბრალდებულის ფოტოსურათით ამოცნობა; გარდა ამისა, საქმის წარმოება მიმდინარეობდა განსასჯელის დაუსწრებლად, რის გამოც დაზარალებულის მიერ მისი გარეგნობის აღწერა სასამართლოსათვის არაინფორმაციულია.
5. საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ ისეთ შემთხვევაში, როდესაც დაზარალებული ან მოწმე პირდაპირ ასახელებს განსასჯელის ვინაობას, ამასთან, თითქმის მომხდარი შემთხვევის მომენტში ადასტურებს, რომ ის არის მისი ნაცნობი და აღწერს მის გარეგნობას, არ არსებობს დაზარალებულის მიერ ბრალდებულის ამოცნობის აუცილებლობა, რადგან მსგავს შემთხვევაში ასეთი საპროცესო მოქმედება პრაქტიკულ მნიშვნელობას კარგავს. რაც შეეხება სასამართლოს მითითებას იმაზე, რომ დაზარალებულის მიერ ბრალდებულის გარეგნობის აღწერა და მასთან ნაცნობობის დადასტურება არაინფორმაციულია, ასეთი მოტივი, პირდაპირ შეიძლება ითქვას, რამდენადმე გაუგებარი და ერთობ ბუნდოვანია, კერძოდ, ძნელი გასარკვევია, რას ნიშნავს არაინფორმაციულობა და რაში მდგომარეობს მისი სამართლებრივი არსი. საქმე ისაა, რომ ბრალდებული შემთხვევის ადგილზევე იცნეს ასევე მოცემულ საქმეზე მოწმედ დაკითხულმა პოლიციის თანამშრომლებმაც, როგორც წარსულში სხვადასხვა დანაშაულისთვის ნასამართლევი და ამ გარემოების გამო მათთან ურთიერთობაში ნამყოფი პირი. სწორედ დაზარალებულისა და მათი ჩვენებების საფუძველზე დაიწყო და მიმდინარეობდა ამ საქმეზე წინასწარი გამოძიებაც და სასამართლო განხილვაც. თუკი სასამართლოს ხსენებულ მოტივს სარწმუნოდ მივიჩნევთ, მაშინ ლოგიკური იქნება ჩავთვალოთ, რომ მოცემულ საქმეზე მთელი საპროცესო წარმოება მიმდინარეობდა და მიმდინარეობს არაიდენტიფიცირებული ანუ ვიღაც დაუდგენელი პირის მიერ ჩადენილი ქმედების გამო. სასამართლოს თავისი პოზიციის დასაბუთებისას მთავარი აქცენტი სწორედ იმაზე აქვს გადატანილი, რომ საეჭვოდ მიიჩნევს – ნამდვილად ლ. ყ-ი იყო თუ არა ის პირი, ვინც შემთხვევის ადგილზე იმყოფებოდა და ყაჩაღურად თავს დაესხა დაზარალებულ ლ. ტ-ს, თუ ეს ქმედება ჩადენილია სულ სხვა პირის მიერ. ამავე დროს სასამართლო მხოლოდ მოკლედ და სქემატურად ეხება დაზარალებულისა და მოწმეთა ჩვენებებს შორის არსებულ გარკვეულ შეუსაბამობებს, ასევე შეუსაბამობას მისი სხეულის დაზიანების შესახებ დაზარალებულის განაცხადსა და სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნის მონაცემებს შორის, როგორც დამატებით არგუმენტებს თავისი პოზიციის გასამყარებლად. გარდა ამისა, სასამართლო საეჭვოდ მიიჩნევს იმ ფაქტობრივ გარემოებასაც, რომ დაზარალებულ ლ. ტ-ს მასზე თავდასხმისას მართლაც წაართვეს მისი კუთვნილი ქონება – საფანტის პისტოლეტი. ასეთ პირობებში მართებული და ალბათ, ლოგიკურიც იქნებოდა სასამართლოს არსებითად ემსჯელა, საერთოდ ნამდვილად მოხდა თუ არა ყაჩაღობა, თუ ყოველივე მხოლოდ დაზარალებულის ფანტაზიის ნაყოფია და რატომღაც მასთან ერთად მოწმეებმაც, რომლებიც პოლიციის თანამშრომლები არიან, შეგნებულად დასაბამი მისცეს საქმის წარმოებას არარსებული დანაშაულის თაობაზე. ძალაუნებურად სწორედ ასეთი ვარაუდისკენ იძლევა მიმართულებას სასამართლოს განაჩენში ჩამოყალიბებული საბოლოო დასკვნა: საქმეზე შეკრებილი ყველა მტკიცებულების ერთობლივად შეფასებით – დამნაშავედ ცნობის შესახებ დასკვნისათვის საკმარისობის თვალსაზრისით, სასამართლო დადგენილად მიიჩნევს: ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობით დადასტურება ვერ ჰპოვა, რომ ყაჩაღობა ლ. ტ-ს მიმართ განსასჯელმა ლ. ყ-ა ჩაიდინა.
6. სააპელაციო სასამართლო თავის განაჩენში პირველი ინსტანციის სასამართლოს მთელ ამ მსჯელობებსა და დასკვნებს დაზარალებულ ლ. ტ-ს მიმართ განხორციელებული ყაჩაღობის ნამდვილობისა და მისი ჩამდენი პირის იდენტიფიკაციის, მომხდარი შემთხვევის ადგილზე ლ. ყ-ს შესაძლო ყოფნისა თუ არყოფნის თაობაზე მხოლოდ ერთი წინადადებით ეხება, რომელშიც აღნიშნავს, რომ ამ მიმართებით სწორია პირველი ინსტანციის სასამართლოს არგუმენტები და ეთანხმება მათ. ამასთან, პირველი ინსტანციის სასამართლოსგან განსხვავებით, სააპელაციო სასამართლოს, ერთი მხრივ, ძირითადად, აქცენტი გადატანილი აქვს დაზარალებულისა და მოწმეების ჩვენებების ხასიათზე, კერძოდ, ისინი წარმოადგენენ პირდაპირ, თუ ირიბ ჩვენებებს, ხოლო, მეორე მხრივ, ყურადღებას ამახვილებს მათ სანდოობასა და უტყუარობაზე, გამომდინარე მათ შორის არსებული ცალკეული შეუსაბამობიდან. სააპელაციო სასამართლო მოწმეების – პოლიციის თანამშრომლების ჩვენებებს არ მიიჩნევს პირდაპირ ჩვენებებად და, შესაბამისად, ასკვნის, რომ საქმეში არსებობს მხოლოდ ერთი – დაზარალებულ ლ. ტ-ს პირდაპირი ჩვენება, რომლითაც გამამტყუნებელი განაჩენი ვერ იქნება დადგენილი. ამავე დროს, სააპელაციო სასამართლოს დასკვნით, დაზარალებულისა და მოწმე პოლიციელების ჩვენებები ვერ აკმაყოფილებს მტკიცებულების ისეთ სტანდარტს, როგორიცაა მისი უტყუარობა და დამაჯერებლობა, რადგან ისინი არ არის იდენტური და შეიცავს უზუსტობებს, ხოლო ბრალდების მხარის პოზიცია იმის თაობაზე, რომ ეს უზუსტობები არ არის არსებითი ხასიათის, არ უნდა იქნეს გაზიარებული. გარდა ამისა, სააპელაციო სასამართლო აღნიშნავს იმასაც, რომ შემთხვევის ადგილზე არ ყოფილა აღმოჩენილი და ამოღებული დანაშაულის დამადასტურებელი რაიმე კვალი და მასზე არ არის ჩატარებული ექსპერტიზა, რომლის დასკვნითაც დადასტურდებოდა ლ. ყ-ს მიერ ლ. ტ-ს მიმართ იარაღის გასროლის ფაქტი, ამასთან, ლ. ტ-ს სხეულზე აღმოჩენილი დაზიანებების თაობაზე ჩატარებული სასამართლო–სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნით არ დასტურდება, რომ ეს დაზიანებები მიყენებულია ცეცხლსასროლი იარაღის გასროლის შედეგად.
7. საკასაციო პალატა პირველ რიგში შეაფასებს პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენში განვითარებულ მსჯელობებს ქ. რ-ი, მ-ს გამზირზე, №... სახლის ეზოში, 2005 წლის 3 თებერვალს, საღამოს, დაზარალებულ ლ. ტ-ს მიმართ ყაჩაღობის ჩამდენი პირის იდენტიფიკაციასთან დაკავშირებული პრობლემის თაობაზე. პალატა ვერ დაეთანხმება სასამართლოს დასკვნას, რომლის მიხედვით, საეჭვოა ლ. ყ-ს ყოფნა შემთხვევის ადგილზე და, მაშასადამე, მისი შესაძლო მონაწილეობა დაზარალებულზე ყაჩაღურ თავდასხმაში. დაზარალებულ ლ. ტ-ს მიერ სასამართლოს წინაშე მიცემული ჩვენების შინაარსი უტყუარად ადასტურებს, რომ ის ნამდვილად იცნობს ლ. ყ-ს, ამასთან, მან განსასჯელის გარეგნობაც აღწერა, რაც მათ ურთიერთნაცნობობას კიდევ უფრო სარწმუნოს ხდის.
8. არასწორია ქვემდგომი სასამართლოების მითითება იმაზე, რომ პოლიციის თანამშრომლებმა შემთხვევის ადგილზე მხოლოდ დაზარალებულისგან შეიტყვეს თავდამსხმელის ვინაობა, რადგან ისინი თავიანთ ჩვენებებში ერთნაირად აღნიშნავენ: გასროლის ხმის გაგონებისთანავე ისინი დაუყოვნებლივ გაემართნენ შემთხვევის ადგილისკენ, სადაც, დაზარალებულ ლ. ტ-ს გარდა, მათ დაინახეს მეორე პირიც იარაღით ხელში, რომელიც მაშინვე იცნეს – ეს იყო ლ. ყ-ი. ერთ–ერთმა მათგანმა დაუძახა მას, რომ შეჩერებულიყო, მაგრამ ლ. ყ-ა კიდევ ერთხელ გაისროლა და გაიქცა. მას ორი პოლიციელი გამოეკიდა, მაგრამ ვერ დააკავეს, ხოლო ამის შემდეგ ის იყო ძებნილი. შემთხვევის ადგილზე მათ აღმოაჩინეს დაზარალებული ლ. ტ-ე, რომელსაც სახიდან ჩამოსდიოდა სისხლი და რომელმაც განაცხადა, რომ ლ. ყ-ა მასზე ყაჩაღური თავდასხმა განახორციელა. იმავე პოლიციელების ჩვენებებით, მათ დიდი ხნის ნაცნობობა აკავშირებდათ ლ. ყ-ნ მისი კრიმინალური წარსულის გამო. ასე რომ, საუბარი ლ. ყ-ს შემთხვევის ადგილზე შესაძლო არყოფნის თაობაზე, როდესაც იქ დაზარალებულ ლ. ტ-ე ყაჩაღური თავდასხმა მოხდა, მოკლებულია ყოველგვარ რეალურ საფუძველს. ამასთან, საქმეში არ იკვეთება რამდენადმე მაინც სარწმუნო გარემოება, რომელიც გონივრულ ეჭვს გააჩენდა დაზარალებულ ლ. ტ-ს ან ხსენებული პოლიციის თანამშრომლების პირად დაინტერესებაზე ლ. ყ-ს წინააღმდეგ, რათა მათ არარსებული დანაშაული შეეთხზათ და დაებრალებინათ მისთვის. არც იმის რეალური საფუძველი არსებობს, გვევარაუდა, რომ ან დაზარალებულს ან პოლიციელებს შეეშალათ და სხვა პირი მიიჩნიეს ლ. ყ-დ. შეუძლებელია, ხუთმა სხვადასხვა ადამიანმა მსგავსი იდენტური შეცდომა დაუშვას, თუნდაც ცუდი ხილვადობის პირობებშიც კი.
9. აღსანიშნავია ისიც, რომ არც დაზარალებული ლ. ტ-ე და არც პოლიციის თანამშრომლები უთითებენ მომხდარი შემთხვევის ადგილზე ლ. ყ-ნ ერთად კიდევ სხვა – მესამე პირის არსებობაზე, რომელიც შეიძლება, მიგვეჩნია დაზარალებულზე ყაჩაღური თავდასხმის შესაძლო ჩამდენად და ამ გზით გამოგვერიცხა ლ. ყ-ს კავშირი ამ დანაშაულთან. ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, საკასაციო პალატა დადგენილად მიიჩნევს ლ. ყ-ს ყოფნას შემთხვევის ადგილზე იმ დროს, როდესაც იქ მოხდა დაზარალებულ ლ. ტ-ე ყაჩაღური თავდასხმა.
10. სააპელაციო სასამართლო, როგორც აღინიშნა, თავის განაჩენში მთავარ აქცენტს სვამს საქმეში არსებული მტკიცებულებების რელევანტურობასა და მათ საკმარისობაზე გამამტყუნებელი განაჩენის დასადგენად, კერძოდ, სასამართლო უთითებს, რომ მოცემულ შემთხვევაში საქმეში მხოლოდ ერთი პირდაპირი ჩვენება არსებობს, რომელიც ეკუთვნის დაზარალებულ ლ. ტ-ს, ხოლო საქმეზე მოწმედ დაკითხული პოლიციის თანამშრომლების ჩვენებები ირიბია, რომელთა ერთობლიობა ვერ აკმაყოფილებს მოთხოვნას გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტის დაცვით პირის დამნაშავედ ცნობის თაობაზე. შეიძლება ითქვას, რომ სააპელაციო სასამართლოს ასეთი მსჯელობა ლოგიკურად ეწინააღმდეგება თავისავე პოზიციას, როდესაც ის ეთანხმება პირველი ინსტანციის სასამართლოს დასკვნას, რომლითაც ფაქტობრივად არაიდენტიფიცირებულად ანუ დაუდგენლად არის მიჩნეული იმ პირის ვინაობა, ვინც ყაჩაღურად თავს დაესხა დაზარალებულ ლ. ტ-ს. ასეთი ვერსიის დაშვების პირობებში, მტკიცების თვალსაზრისით, ყოველგვარ მიზნობრიობასა და გონივრულ აზრსაა მოკლებული იმაზე მსჯელობა – დაზარალებულის ჩვენება ან მოწმეების ჩვენებები პირდაპირია თუ ირიბი. თუკი მტკიცებით ფორმაში საეჭვოდ მივიჩნევთ და ამით ფაქტობრივად გამოვრიცხავთ პირის დანამდვილებით ყოფნას დანაშაულის შემთხვევის ადგილზე, მაშინ გაუგებარია, ამის შემდეგ რა აზრი აქვს საქმეში არსებული ჩვენებების, როგორც ამ პირის ბრალის დამადასტურებელი მტკიცებულებების, საპროცესო ბუნების კვლევასა და აქედან გამოტანილ დასკვნებს.
11. ზემოთ უკვე იყო აღნიშნული იმის შესახებ, რომ საკასაციო პალატას სადავოდ არ მიაჩნია ლ. ყ-ს ყოფნა დანაშაულის შემთხვევის ადგილზე, როდესაც იქ მოხდა ყაჩაღური თავდასხმა დაზარალებულზე. ასეთი დასკვნა წარმოადგენს იმის აუცილებელ წინაპირობასა და საფუძველს, რათა ვიმსჯელოთ: დასაბუთებულია თუ არა ბრალდების მხარის მიერ ლ. ყ-ს ბრალის დასადასტურებლად სასამართლოში წარდგენილი მტკიცებულებების უტყუარობისა და საკმარისობის თაობაზე სააპელაციო სასამართლოს განაჩენში გამოთქმული პრეტენზიები და მათ საფუძველზე გამოტანილი დასკვნები. ამ მიმართებით უწინარესად განხილულ უნდა იქნეს საქმეში წარმოდგენილი ძირითადი მტკიცებულებები – დაზარალებულ ლ. ტ-ს ჩვენება და საქმეზე მოწმედ დაკითხულ პოლიციის თანამშრომელთა ჩვენებები. სააპელაციო სასამართლოს განაჩენში ამ მტკიცებულებების მიმართ ორ მომენტზეა ყურადღება გამახვილებული: ერთი მხრივ, სასამართლო აღნიშნავს, რომ ეს მტკიცებულებები არ არის სარწმუნო, რადგან შეიცავს ბევრ უზუსტობას, ამასთან, ისინი არ არის იდენტური და ამის გამო ეწინააღმდეგებიან ერთმანეთს; გარდა ამისა, სასამართლოს აზრით, კიდევაც რომ ჩაგვეთვალა სარწმუნოდ, ასეთ შემთხვევაშიც ისინი არასაკმარისი იქნებოდა პირის მსჯავრდებისათვის, რადგან მათგან მხოლოდ დაზარალებულ ლ. ტ-ს ჩვენებაა პირდაპირი, დანარჩენი ჩვენებები კი ირიბია, ხოლო გამამტყუნებელი განაჩენი მხოლოდ ერთი პირდაპირი ჩვენების საფუძველზე ვერ იქნება გამოტანილი.
12. საკასაციო პალატა კიდევ ერთხელ განმარტავს, რომ ურთიერთთავსებადობისა და შესაბამისობის თვალსაზრისით, ჩვენებების სახით არსებული მტკიცებულებების უტყუარობის კრიტერიუმად მათი იდენტურობის მიჩნევა არასწორია, პირიქით, სწორედ მათი იდენტურობა წარმოშობს საფუძვლიან ეჭვს მათ მიმართ. საქმე ისაა, რომ ყველა ადამიანი, მათ შორის დაზარალებულიც და მოწმეც, ინდივიდს წარმოადგენს, რომელიც თავისებურად, სხვებისგან განსხვავებულად აღიქვამს, იმახსოვრებს და გადმოსცემს ერთი და იმავე მოვლენის ამსახველ ინფორმაციას, რაზედაც გავლენას ახდენს როგორც სუბიექტური ფაქტორები, ისე - გარე ობიექტური გარემოებები, ანუ მოვლენის ადეკვატური აღქმისათვის საჭირო პირობები და სხვა, მაგალითად, როგორიცაა დროის ხანგრძლივობა მომხდარ შემთხვევასა და ჩვენების მიცემის მომენტს შორის. აქედან გამომდინარე, შეუძლებელია, დაზარალებულისა და მოწმის ჩვენება, ანდა მოწმეთა ჩვენებები ყველა დეტალში იყოს ერთმანეთთან სრულად თავსებადი. მნიშვნელოვანია, რომ მათი შინაარსი თანხვდენილი იყოს საქმის იმ ძირითად ფაქტობრივ გარემოებებთან, რომლებიც მტკიცების საგანს წარმოადგენს და პირდაპირ გავლენას ახდენს ჩადენილი ქმედების კვალიფიკაციაზე, ან პირიქით – პირის უდანაშაულოდ ცნობაზე. ჩვენებებს შორის წინააღმდეგობის არსებობაზე მხოლოდ მაშინ შეიძლება საუბარი, როდესაც მათი შინაარსი ურთიერთგამომრიცხავია მტკიცების ამა თუ იმ საგანთან მიმართებით, აგრეთვე მაშინ, როდესაც რომელიმე მათგანში აღნიშნულია რაიმე ისეთი გარემოების თაობაზე, რომლის არსებობა მოცემულ შემთხვევასა და პირობებში ბუნებრივად იქნებოდა შეუძლებელი, ანდა რომელიც უარყოფილია უტყუარი ალიბით. მოცემული პრობლემური საკითხის ასეთი გადაწყვეტა შესაბამისობაშია საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ დამკვიდრებულ პრაქტიკასთანაც.
13. განხილულ შემთხვევაში როგორც დაზარალებული, ასევე საქმეზე მოწმედ დაკითხული პოლიციის თანამშრომლები თავიანთ ჩვენებებში ერთგვაროვნად გადმოსცემენ მათ მიერ შემთხვევის ადგილზე დანახულ გარემოებებსა და ლ. ყ-ს მოქმედებას. მართალია, იმ მომენტში, როდესაც ეს უკანასკნელი თავს დაესხა დაზარალებულ ლ. ტ-ს, ცეცხლსასროლი იარაღის მუქარით წაართვა მას საფანტის პისტოლეტი და ისროლა მისი მიმართულებით, რითაც დაზიანება მიაყენა სახის არეში, პოლიციის თანამშრომლები იქ არ იმყოფებოდნენ, მაგრამ აღნიშნულ მომენტში ისინი, ასრულებდნენ რა სამსახურებრივ მოვალეობას, შემთხვევის ადგილის ახლოს მოძრაობდნენ. ამიტომ გასროლის ხმის გაგონებისთანავე ისინი სწრაფად გაემართნენ შემთხვევის ადგილისაკენ, სადაც აღმოაჩინეს ორი ადამიანი, რომელთაგან ერთ–ერთი მაშინვე იცნეს – ლ. ყ-ი, ცეცხლსასროლი იარაღით ხელში. მას დაუძახეს, რომ შეჩერებულიყო, მაგრამ მან კვლავ გაისროლა და გაიქცა შემთხვევის ადგილიდან. პოლიციელები გამოეკიდნენ, მაგრამ ვერ დააკავეს. შემთხვევის ადგილზე მყოფი მეორე პირი კი აღმოჩნდა დაზარალებული ლ. ტ-ე, რომელმაც პოლიციის თანამშრომლებს უამბო მის მიმართ განხორციელებული ყაჩაღური თავდასხმის შესახებ და რომელსაც დაზიანებული სახიდან ჩამოსდიოდა სისხლი. ამ შემთხვევაში დაზარალებულის ჩვენება და პოლიციელთა ჩვენებები ერთმანეთს ავსებენ და მომხდარი მოვლენის სრულ და ობიექტურ სურათს ქმნიან – შეიარაღებული თავდასხმა დაზარალებულზე, გასროლა და მისი დაჭრა სახის არეში, ამ სროლის ხმაზე პოლიციის თანამშრომლების მყისიერად მისვლა შემთხვევის ადგილზე და მათ მიერ ლ. ყ-ს წასწრება, რომელსაც ცეცხლსასროლი იარაღი ისევ ხელში უჭირავს, ის არ ემორჩილება პოლიციის თანამშრომელთა კანონიერ მოთხოვნას, კიდევ ისვრის ჰაერში ცეცხლსასროლ იარაღს და გარბის, რომელსაც მისდევენ პოლიციის თანამშრომლები, მაგრამ ვერ აკავებენ. რომ არა ლ. ყ-ს მიერ დაზარალებულის მიმართ განხორციელებული გასროლა, პოლიციის თანამშრომლებს სავსებით შესაძლებელია, ვერაფერი გაეგოთ იმის შესახებ, რაც შემთხვევის ადგილზე მოხდა, ანდა, სავარაუდოდ, შეიძლება გაეგოთ ბევრად უფრო გვიან და, ცხადია, ასეთ შემთხვევაში ისინი ლ. ყ-ს დანაშაულის ადგილზე ვერ წაასწრებდნენ. სწორედ ზემოაღნიშნული ძირითადი ფაქტობრივი გარემოებებია ურთიერთთავსებადი სახით წარმოდგენილი დაზარალებულისა და ხსენებულ მოწმეთა ჩვენებებში.
14. რაც შეეხება ცალკეულ დეტალებში მოწმედ დაკითხული პოლიციის თანამშრომლების ჩვენებებს შორის არსებულ შეუსაბამობებს, რაზედაც უთითებს სააპელაციო სასამართლო, უნდა აღინიშნოს, რომ ასეთი შეუსაბამობები მართლაც არსებობს, მაგალითად: მოწმე ს. პ-ი ჩვენებაში ჯერ უთითებს ორ გასროლაზე, ბოლოს კი - ერთ გასროლაზე საუბრობს; მოწმე ზ. ლ-ი აღნიშნავს შემთხვევის ადგილზე წარსულში ნასამართლევი პირის – ლ. ყ-ს აღმოჩენის ფაქტს, რომელსაც პოლიციის ორი თანამშრომელი გაეკიდა დასაკავებლად, თუმცა არაფერს ამბობს, გაქცევამდე ლ. ყ-ა გაისროლა თუ არა იარაღი; მოწმე ო. ს-ი კი თავის ჩვენებაში აღნიშნავს, რომ შემთხვევის ადგილზე ლ. ყ-ს წაქცეული ჰყავდა დაზარალებული, ხოლო პოლიციის თანამშრომელთა დანახვისას იგი წამოდგა და გაიქცა. საკასაციო პალატა ცალსახად აღნიშნავს, რომ ასეთ არაარსებით დეტალებთან დაკავშირებით ყოველთვის შეიძლება არსებობდეს მსგავსი განსხვავებანი ჩვენებებს შორის, მაგრამ ისინი არ შეიძლება შეფასდეს ისეთ წინააღმდეგობად, რომელიც შეიძლება საფუძველი გახდეს ამ ჩვენებათა სისწორესა და უტყუარობაში ეჭვის შესატანად. ამ საკითხში საკასაციო პალატა მთლიანად იზიარებს კასატორის პოზიციას და მიაჩნია, რომ როგორც დაზარალებულ ლ. ტ-ს, ასევე საქმეზე მოწმედ დაკითხული პოლიციელების მიერ მიცემული ჩვენებები უნდა შევაფასოთ როგორც სარწმუნო და რელევანტური მოცემული საქმისათვის, განსაკუთრებით იმ პირობებში, როდესაც მომხდარი შემთხვევიდან სასამართლოში ამ ჩვენებების მიცემამდე გასული იყო 10 წელზე მეტი.
15. აქვე პასუხი უნდა გაეცეს კიდევ ერთ მნიშვნელოვან კითხვას: მოცემულ შემთხვევაში, არსებობს თუ არა მტკიცებულებათა ისეთი ერთობლიობა, რომელიც აუცილებელია საქართველოს კონსტიტუციითა და მოქმედი საპროცესო კანონით გათვალისწინებულ მოთხოვნათა დაცვით პირის მიმართ გამამტყუნებელი განაჩენის დასადგენად. როგორც უკვე აღინიშნა, სააპელაციო სასამართლო თავის განაჩენში ერთ–ერთ მთავარ არგუმენტად სწორედ ამ მომენტზე უთითებს, იგი საქმეზე მოწმედ დაკითხულ პოლიციის თანამშრომელთა ჩვენებებს მიიჩნევს ირიბ ჩვენებებად და მხოლოდ დაზარალებულ ლ. ტ-ს ჩვენება მიაჩნია პირდაპირ ჩვენებად, რაც არასაკმარისია გამამტყუნებელი განაჩენის დასადგენად. საკასაციო პალატა არ იზიარებს სააპელაციო სასამართლოს ასეთ პოზიციას და განმარტავს, რომ დაუშვებელია პირდაპირი ჩვენების არსი იმდენად ვიწრო ფარგლებში განვიხილოთ და ისეთ უკიდურესობამდე შევზღუდოთ, რომ ასეთი სახის მტკიცებულების შეფასებისას, ყოვლად გაუმართლებლად, მოწყვეტილი აღმოვჩნდეთ რეალური სინამდვილისა და მისი ადეკვატური სამართლებრივი შეფასებისგან, რაც უთუოდ დიდად დააზარალებს კანონიერი და ობიექტური მართლმსაჯულების ინტერესებს. ლ. ყ-ს დანაშაულთან მიმართებით მოცემულ საქმეზე მოწმედ დაკითხული პოლიციის თანამშრომელთა ჩვენებები სრულიად შესაძლებელია, განვიხილოთ პირდაპირი ჩვენებების რანგში, რადგან შემთხვევის ადგილზე მოვლენები – მათი დასაწყისიდან დასასრულამდე -განვითარდა დროის უმოკლეს მონაკვეთში, რისი მეშვეობითაც პოლიციის თანამშრომლებმა დანაშაულის ჩადენის ადგილზევე წაასწრეს შეიარაღებულ ლ. ყ-ა და მის ახლოს მყოფ დაზარალებულ ლ. ტ-ს, რომელსაც დაზიანებული სახიდან სისხლი ჩამოსდიოდა და რომელმაც მასზე მიუთითა, როგორც მის მიმართ ყაჩაღური თავდასხმის ჩამდენ პირზე, ხოლო ლ. ყ-ს ისევ ეჭირა ხელში ცეცხლსასროლი იარაღი, რომლის გამოყენებითაც მან ჩაიდინა დაზარალებულზე ყაჩაღური თავდასხმა. მსგავს შემთხვევაში, როდესაც მოწმე შემთხვევის ადგილზევე წაასწრებს დამნაშავეს დაზარალებულთან ერთად, რომელსაც აშკარად ამჩნევია დანაშაულის შედეგად მიყენებული დაზიანების კვალი, ამასთან, ამგვარ წასწრებას თან ახლავს სხვა არსებითი და საგულისხმო გარემოებებიც, მაგალითად, სროლის ხმა, რაიმე იარაღი სავარაუდო დამნაშავის ხელში, ასევე, სისხლის ან სხვა საეჭვო კვალი ამ უკანასკნელის სხეულსა თუ ტანსაცმელზე, დაზარალებულის ყვირილი და საშველად მოხმობა და სხვა, ასეთი მოწმის ჩვენება სავსებით შესაძლებელია, ჩაითვალოს პირდაპირ ჩვენებად, რომელიც დაზარალებულის ჩვენებასთან ერთად მოგვცემს პირდაპირი ჩვენებების ისეთ ერთობლიობას, რაც შეიძლება საკმარისად დასაბუთებული და კანონიერი საფუძველი გახდეს პირის მიმართ გამამტყუნებელი განაჩენის გამოსატანად. რა თქმა უნდა, აუცილებლად იგულისხმება, რომ შესაძლებელი უნდა იყოს ასეთი მტკიცებულებების სანდოობის შემოწმება საქმეში არსებული სხვა მტკიცებულებებით.
16. ბოლოს, საკასაციო პალატას სურს, შეეხოს სააპელაციო სასამართლოს განაჩენში გამოთქმულ კიდევ ერთ არგუმენტს, რაც ერთ–ერთ საფუძვლად დაედო გასაჩივრებულ განაჩენს. საკითხი ეხება საქმეში არსებულ სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნას. აღნიშნული დოკუმენტის დასკვნით ნაწილში ექსპერტი აღნიშნავს დაზარალებულ ლ. ტ-ს სახეზე აღმოჩენილ დაზიანებებს ნაჭდევების სახით, რაც შეიძლება განვითარებული იყოს ბლაგვი საგნის მოქმედებით. აქედან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლო საეჭვოდ მიიჩნევს ვერსიას იმის თაობაზე, რომ ლ. ყ-ა ცეცხლსასროლი იარაღის გასროლით დაუზიანა სახე დაზარალებულს, რადგან იარაღით გასროლილი ჭურვის ზემოქმედებით მსგავსი დაზიანება ვერ განვითარდებოდა. შესაბამისად, საეჭვოა ისიც, რომ საერთოდ ნამდვილად მოხდა ყაჩაღური თავდასხმა დაზარალებულზე. საკასაციო პალატის აზრით, ასეთი დასკვნების გამოტანისას, როგორც ჩანს, სასამართლოს მხედველობიდან გამორჩა ორი მნიშვნელოვანი გარემოება. პირველი მათგანი მდგომარეობს შემდეგში: ნებისმიერი სახის სასამართლო ექსპერტიზის და მათ შორის სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნა, როგორც მტკიცებულება, უნდა შეფასდეს არა მხოლოდ მისი ერთი რომელიმე ნაწილის ან რეკვიზიტის მიხედვით, არამედ მთლიანობაში, მისი კვლევითი ნაწილის ჩათვლით, რადგან მის თითოეულ ნაწილს გააჩნია მტკიცებულებითი მნიშვნელობა.
17. ლ. ყ-ს საქმეზე დაზარალებულ ლ. ტ-ს მიმართ ჩატარებული სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნის კვლევით ნაწილში აღნიშნულია მომხდარი შემთხვევის დღეს – 2005 წლის 3 თებერვალს მისი სამედიცინო შემოწმების საფუძველზე შედგენილ საბუთებში მითითებულ მონაცემებსა და დიაგნოზზე: მარჯვენა ლოყისა და ცხვირის ფრთის არეალში აღენიშნება მცირედ სისხლმდენი ჭრილობა, მარჯვენა ლოყაზე – დიამეტრით დაახლოებით 1 სმ, ხოლო ცხვირის მარჯვენა ფრთაზე – დიამეტრით დაახლოებით 2 სმ. დაზიანებულია კანი და კანქვეშა ცხიმოვანი ქსოვილი. ამრიგად, აღნიშნული ექსპერტიზის მიხედვით, მომხდარი შემთხვევის დღეს დაზარალებულის სახეზე არსებობდა ცეცხლსასროლი იარაღით გასროლილი ჭურვის ზემოქმედების შედეგად მიყენებული ჭრილობები, რომელთა არსებობას ადასტურებს აგრეთვე მოწმედ დაკითხულ პოლიციის თანამშრომელთა ჩვენებებიც. მათ დაზარალებული სწორედ ამ დაზიანებების გამო გადაიყვანეს შემთხვევის ადგილიდან საავადმყოფოში, სადაც შედგა ზემოხსენებული სამედიცინო შემოწმების საბუთები. შეიძლება გაჩნდეს კითხვა: სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნაში რატომ არის მითითებული სისხლის ფუფხით დაფარულ ნაჭდევებსა და არა ჭრილობებზე. აქ პასუხი მარტივია: აღნიშნული ექსპერტიზა ჩატარდა მომხდარი შემთხვევიდან ოთხი დღის შემდეგ, 2005 წლის 7 თებერვალს, ხოლო ამ დროის განმავლობაში გაწეული მკურნალობის შედეგად ჭრილობები ფუფხიან ნაჭდევებად ჩამოყალიბდა. სწორედ ამიტომ დაიწერა ექსპერტიზის დასკვნაში, რომ ნაჭდევები შეიძლება მიყენებული იყოს ბლაგვი საგნის ზემოქმედებით, მაშინ, როდესაც იმავე დასკვნის კვლევით ნაწილში საუბარია ცეცხლსასროლი იარაღით მიყენებულ ჭრილობებზე. ამრიგად, საქმეში არსებული სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნაც შეგვიძლია, განვიხილოთ იმ მტკიცებულებად, რომლითაც დასტურდება ლ. ყ-ს მიერ დაზარალებულ ლ. ტ-ე ყაჩაღური თავდასხმა და ამ დროს მის მიმართ ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლა მისთვის სხეულებრივი დაზიანებების მიყენებით.
18. ზემოთ განხილული გარემოებებისა და მათ საფუძველზე გამოტანილი დასკვნების გათვალისწინებით, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ საქმეში მოიპოვება ბრალდების მხარის მიერ სასამართლოს წინაშე წარდგენილი და საპროცესო ნორმების დაცვით გამოკვლეული უტყუარი და საკმარისი მტკიცებულებების ერთობლიობა, რომლითაც, გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტის შესაბამისად, დადასტურებულია შემდეგი: ლ. ყ-ა 2005 წლის 3 თებერვალს, საღამოს, დაახლოებით 19:00 საათზე, ქ. რ-ი, მ-ს გამზირზე მდებარე №... სახლის ეზოში, ნამდვილად განახორციელა თავდასხმა დაზარალებულ ლ. ტ-ე, მისი სიცოცხლისა და ჯანმრთელობისათვის საშიში ძალადობის გამოყენების მუქარით, დაზარალებულის კუთვნილი ფულისა და სხვა მოძრავი ნივთის მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, რა დროსაც დაზარალებულს წაართვა მისი კუთვნილი საფანტის სისტემის პისტოლეტი №...., ღირებული 120 ლარად, ხოლო ამის შემდეგ ცეცხლსასროლი იარაღის გასროლით დაზარალებულ ლ. ტ-ს სახის არეში მიაყენა სხეულის მსუბუქი დაზიანებები ჭრილობების სახით, ჯანმრთელობის მოუშლელად და მიიმალა შემთხვევის ადგილიდან, ე.ი. ჩაიდინა ყაჩაღობა, დანაშაული, გათვალისწინებული საქართველოს სსკ–ის 179–ე მუხლის პირველი ნაწილით. შესაბამისად, უნდა გაუქმდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის მიერ 2018 წლის 8 იანვარს ლ. ყ-ს მიმართ გამოტანილი გამამართლებელი განაჩენი და ის უნდა შეიცვალოს გამამტყუნებელი განაჩენით, რომლითაც ლ. ყ-ი ცნობილი უნდა იქნეს დამნაშავედ მის მიმართ წარდგენილი ბრალდების მიხედვით, ყაჩაღობის ჩადენაში.
19. აღნიშნული დანაშაულის გამო განსასჯელ ლ. ყ-ს მიმართ სასჯელის სახისა და ზომის განსაზღვრისას პალატა მხედველობაში იღებს როგორც მის პიროვნულ მახასიათებლებს, ასევე - მის მიერ ჩადენილ ქმედებასთან დაკავშირებულ გარემოებებს, რასაც ითვალისწინებს საქართველოს სსკ–ის 53–ე მუხლის მე–3 ნაწილი. მსჯავრდებული წარსულშიც ნასამართლევია ძალადობრივი დანაშაულისათვის, რასთან დაკავშირებითაც იგი ვადამდე პირობით იყო გათავისუფლებული სასჯელის მოხდისაგან, მაგრამ მან სწორედ ამ პირობითი სასჯელის ვადის გასვლამდე კვლავ ჩაიდინა ახალი ძალადობრივი დანაშაული – ყაჩაღობა, რომლის გამოც იგი დამნაშავედ უნდა იქნეს ცნობილი. ამასთან, გასათვალისწინებელია ის გარემოებაც, რომ ლ. ტ-ე ყაჩაღური თავდასხმისას მან არა მარტო სიცოცხლისა და ჯანმრთელობისათვის საშიში ძალადობის მუქარა გამოხატა დაზარალებულის მიმართ, არამედ მისი მიმართულებით ისროლა ცეცხლსასროლი იარაღიდან, რის შედეგადაც მას სხეულებრივი დაზიანება მიაყენა. გარდა ამისა, როდესაც განსასჯელს ამ დანაშაულის ჩადენისთანავე შემთხვევის ადგილზევე წაასწრეს პოლიციის თანამშრომლებმა და მოსთხოვეს შეჩერება, იგი არ დაემორჩილა მათ კანონიერ მოთხოვნას და პოლიციელებისგან თავის დასაღწევად კვლავ გაისროლა ცეცხლსასროლი იარაღი, რის შედეგადაც შეძლო შემთხვევის ადგილიდან მიმალვა.
20. დასახელებული გარემოებებიდან გამომდინარე, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ განსასჯელ ლ. ყ-ს მიმართ, მის მიერ ჩადენილი დანაშაულის გამო, უნდა შეირჩეს სასჯელის ისეთი სახე და ზომა, რომელიც იქნება აუცილებელი და საკმარისი მისი გამოსწორებისა და რესოციალიზაციის უზრუნველყოფისათვის. ამ მიზნით მსჯავრდებულ ლ. ყ-ს სასჯელად უნდა განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 6 (ექვსი) წლის ვადით, რომელიც „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2012 წლის 28 დეკემბრის კანონით უნდა შეუმცირდეს ერთი მეოთხედით, რის შედეგადაც მას საბოლოოდ მოსახდელად უნდა დარჩეს თავისუფლების აღკვეთა 4 (ოთხი) წლითა და 6 (ექვსი) თვით.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის (1998 წლის 20 თებერვლის რედაქცია შემდგომი ცვლილებებითა და დამატებებით) 561-ე და 568-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. რუსთავის რაიონული პროკურატურის პროკურორ ხატია გოგრიჭიანის საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს;
2. გაუქმდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2018 წლის 8 იანვრის გამამართლებელი განაჩენი ლ. ყ-ს მიმართ;
3. ლ. ყ-ი ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 179-ე მუხლის 1-ლი ნაწილით წარდგენილ ბრალდებაში და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს 6 (ექვსი) წლით თავისუფლების აღკვეთა, რაც ,,ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2012 წლის 28 დეკემბრის კანონის მე-16 მუხლის საფუძველზე შეუმცირდეს ერთი მეოთხედით და საბოლოოდ მოსახდელად განესაზღვროს 4 (ოთხი) წლითა და 6 (ექვსი) თვით თავისუფლების აღკვეთა;
4. მსჯავრდებულ ლ. ყ-ს სასჯელის მოხდა აეთვალოს ამ განაჩენის აღსრულების მიზნით მისი დაკავების მომენტიდან.
5. განაჩენი საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე ნ. გვენეტაძე
მოსამართლეები: გ. შავლიაშვილი
პ. სილაგაძე
უზუსტობის აღმოფხვრის შესახებ
N117აპ-18 თბილისი ქ. თბილისი
ყ-ი ლ 117აპ-18 20 ივლისი, 2018 წელი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
ნინო გვენეტაძე (თავმჯდომარე),გიორგი შავლიაშვილი, პაატა სილაგაძე
ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა საკითხი საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის მიერ 2018 წლის 20 ივლისს მსჯავრდებულ ლ. ყ-ს მიმართ გამოტანილ განაჩენში დაშვებული უზუსტობის აღმოფხვრის თაობაზე.
აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი:
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2018 წლის 20 ივლისს მსჯავრდებულ ლ. ყ-ს მიმართ გამოტანილ განაჩენში დაშვებულია უზუსტობა, კერძოდ, გამორჩენილია მითითება ,,ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2012 წლის 28 დეკემბრის კანონის მე-3 მუხლზე, რომლის თანახმადაც ლ. ყ-ი გათავისუფლდა რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2004 წლის 5 აპრილის განაჩენით საქართველოს სსკ-ის 239-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტის საფუძველზე დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილის შემდგომი მოხდისგან.
აღნიშნული წარმოადგენს საქართველოს სსსკ-ის 615-ე მუხლით გათვალისწინებულ უზუსტობას, რაც უნდა აღმოიფხვრას და განაჩენის სარეზოლუციო ნაწილის მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
ლ. ყ-ს მიმართ გავრცელდეს ,,ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2012 წლის 28 დეკემბრის კანონის მე-3 მუხლი და გათავისუფლდეს რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2004 წლის 5 აპრილის განაჩენით, საქართველოს სსკ-ის 239-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით დანიშნული სასჯელის შემდგომი მოხდისგან.
აღნიშნულის გათვალისწინებით, სარეზოლუციო ნაწილის შემდგომ პუნქტებს მიენიჭოს ნუმერაცია N5 და N6.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 615-ე მუხლით (1998 წლის 20 თებერვლის რედაქცია შემდგომი ცვლილებებითა და დამატებებით) და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. გასწორდეს საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2018 წლის 20 ივლისს მსჯავრდებულ ლ. ყ-ს მიმართ გამოტანილ განაჩენში გამოვლენილი უზუსტობა, კერძოდ:
2. განაჩენის სარეზოლუციო ნაწილის მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
3. ლ. ყ-ს მიმართ გავრცელდეს ,,ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2012 წლის 28 დეკემბრის კანონის მე-3 მუხლი და გათავისუფლდეს რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2004 წლის 5 აპრილის განაჩენით, საქართველოს სსკ-ის 239-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით დანიშნული სასჯელის შემდგომი მოხდისგან.
4. აღნიშნულის გათვალისწინებით, სარეზოლუციო ნაწილის შემდგომ პუნქტებს მიენიჭოს ნუმერაცია N5 და N6.
5. აღნიშნული განჩინება წარმოადგენს საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2018 წლის 20 ივლისის განაჩენის განუყოფელ ნაწილს.
6. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე ნ. გვენეტაძე
მოსამართლეები: გ. შავლიაშვილი
პ. სილაგაძე