დატოვებულია უცვლელად

სისხლის სამართლის 26.07.2018
საქმის ნომერი
2კ-83აპ.-18
დავის ტიპი
საკასაციო საჩივარი
თარიღი
26.07.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე # 010100218700053745

საქართველოს უზენაესი სასამართლო

განაჩენი

საქართველოს სახელით

№83აპ-18 თბილისი

შ-ე გ. 83აპ-18 26 ივლისი, 2018 წელი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

ნინო გვენეტაძე (თავმჯდომარე),პაატა სილაგაძე, გიორგი შავლიაშვილი

ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა მსჯავრდებულ გ. შ-ს ინტერესების დამცველი ადვოკატების - ე. მ-ს, ტ. კ-ა და ი. ჩ-ს საკასაციო საჩივრები თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2018 წლის 11 იანვრის განაჩენზე.

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

1. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2016 წლის 23 დეკემბრის განაჩენით გ. შ-ე, - დაბადებული ..... - ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 108-ე მუხლით, განზრახ მკვლელობის ჩადენაში, რაც გამოიხატა შემდეგში:

2. 2005 წლის 3 დეკემბერს, დაახლოებით 20:00 საათზე, თ-ი, კ. გ-ს გამზირის (ყოფილი პ-ს გამზირი) N... საცხოვრებელი კორპუსის მიმდებარე ტერიტორიაზე, ურთიერთშელაპარაკებისას, გ. შ-მ ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლით ყელის არეში სიცოცხლისთვის სახიფათო მძიმე ხარისხის დაზიანება მიაყენა ი. გ-ს. დანაშაულებრივი გაზრახვის სისრულეში მოყვანის შემდეგ გ. შ-ე შემთხვევის ადგილიდან მიიმალა, ხოლო ი. გ-ე, მიუხედავად გაწეული სამედიცინო დახმარებისა, გარდაიცვალა.

3. აღნიშნული ქმედებისათვის გ. შ-ე ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 108-ე მუხლით და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა 9 (ცხრა) წლით თავისუფლების აღკვეთა. საქართველოს სსკ-ის 88-ე მუხლის თანახმად, (2016 წლის 1 იანვრამდე მოქმედი რედაქცია), გ. შ-ს დანიშნული სასჯელი შეუმცირდა 1/3-ით და განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 6 (ექვსი) წლის ვადით. მასვე ,,ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2012 წლის 28 დეკემბრის კანონის მე-16 მუხლის საფუძველზე დანიშნული სასჯელი შეუმცირდა ¼-ით და საბოლოოდ განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 4 (ოთხი) წლისა და 6 (ექვსი) თვის ვადით.

4. გ. შ-ს სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყო დაკავების დღიდან - 2016 წლის 1 აპრილიდან.

5. განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა მსჯავრდებულ გ. შ-ს ინტერესების დამცველმა, ადვოკატმა ლ. ჯ-მ, რომელმაც მოითხოვა გასაჩივრებული განაჩენის გაუქმება და მსჯავრდებულის მიმართ გამამართლებელი განაჩენის დადგენა.

6. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2018 წლის 11 იანვრის განაჩენით თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2016 წლის 23 დეკემბრის განაჩენი დარჩა უცვლელად.

7. თბილისის სააპელაციო სასამართლოს განაჩენი საკასაციო წესით გაასაჩივრა დაცვის მხარემ. ადვოკატებმა - ე. მ-ა, ტ. კ-მ და ი. ჩ-ა საკასაციო საჩივრებით მოითხოვეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2018 წლის 11 იანვრის განაჩენის გაუქმება და მის ნაცვლად გ. შ-ს მიმართ გამამართლებელი განაჩენის დადგენა.

8. კასატორები – მსჯავრდებულ გ. შ-ს ინტერესების დამცველი ადვოკატები - ე. მ-ი, ტ. კ-ე, ი. ჩ-ი საკასაციო საჩივრებში აღნიშნავენ, რომ სისხლის სამართლის საქმეში არ მოიპოვება საკმარისი და უტყუარი მტკიცებულებების ერთობლიობა, რომლითაც გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით დადასტურდებოდა გ. შ-ს ბრალეულობა. მოწმეთა მიერ სასამართლოსათვის მიცემული ჩვენებები არათანმიმდევრული, ურთიერთსაწინააღმდეგო და ურთიერთგამომრიცხავია, ვერ აკმაყოფილებენ სანდოობისა და სარწმუნოობის კრიტერიუმებს. კერძოდ, სასამართლო სხდომაზე დაკითხული მოწმე გ. მ-ე თავდაპირველად დარწმუნებით აცხადებს, რომ ცეცხლსასროლ იარაღს ისროდა მხოლოდ გ. შ-ე, ხოლო დ. ჩ-ს იარაღი არ გაუსვრია. თუმცა შემდგომ დასმულ კითხვებზე პასუხის გაცემისას სხვა პირების მიერ იარაღის გამოყენების ფაქტს არ გამორიცხავს. წინააღმდეგობრივია მოწმის პასუხები იარაღის ფერთან დაკავშირებითაც. თავდაპირველად იგი იარაღს აღწერს როგორც ვერცხლისფერს, მოგვიანებით - შავს, მომდევნო კითხვებზე კი პასუხობს, რომ მისთვის იარაღის ფერი უცნობია. გ. მ-ს ჩვენებაში მორიგი წინააღმდეგობა გამოიკვეთა დაზარალებულისთვის ჭრილობის მიყენების ნაწილში. მოწმე ჯერ ამბობს, რომ დაინახა ი. გ-ს ტყვიის ყელში მოხვედრის ფაქტი, შემდგომ ადვოკატის შეკითხვაზე აცხადებს, რომ კი არ დაინახა, არამედ აღნიშნული ფაქტის შესახებ მან ასეთი აზრი გამოიტანა. გ. მ-ს განმარტებით, შემთხვევის ადგილზე ბნელოდა. შესაბამისად, დაცვის მხარისთვის გაურკვეველია, ამ უკანასკნელმა როგორ დაინახა - ვის რა იარაღი ჰქონდა, ვის სად მოხვდა ტყვია, რა ფერის იყო იარაღი ან რა ეცვა გარდაცვლილს. რაც შეეხება ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილ, პირდაპირი მოწმის - შ. შ-ს ჩვენებას, დაცვის მხარის განმარტებით, იგი არასანდო და არადამაჯერებელია შემდეგ გარემოებათა გამო: სასამართლო სხდომაზე დაკითხვისას მოწმემ მიუთითა, რომ ადვოკატის რჩევით, საგამოძიებო ორგანოს მიაწოდა არასწორი ინფორმაცია და განაცხადა, რომ ი. გ-ს მკვლელის ვინაობა მისთვის უცნობი იყო. ამასთან, იგი არაერთხელაა ნასამართლევი ძალადობრივ დანაშაულთა ჩადენისთვის. შ. შ-ა და გ. მ-ს ჩვენებების არადამაჯერებლობაზე მეტყველებს ის ფაქტიც, რომ მათ ჩვენება გამოძიებას შემთხვევიდან 10 წლის შემდეგ მისცეს. სასამართლომ არ გაიზიარა დაცვის მხარის მოწმეების - გ. შ-ს, გ. ჯ-ს, ა. წ-ა და ნ. ჭ-ს ჩვენებები, რომლებიც გ. შ-ს მიერ ცეცხლსასროლი იარაღის ფლობის ფაქტს უარყოფენ. დაცვის მხარის განმარტებით, ბრალდების მხარის ინიციატივით ჩატარებული ექსპერტიზები, გაცემული დასკვნები, მათ საფუძველზე დაკითხული ექსპერტთა ჩვენებები, დაცვის მხარის მიერ წარმოდგენილისგან განსხვავებით, არ არის კატეგორიული შინაარსის - სადავოა სროლის მანძილი და ტრაექტორია. მიუხედავად აღნიშნულისა, თბილისის სააპელაციო სასამართლომ საკუთარი ინტერპრეტაციებით და სუბიექტური მოსაზრების გამო, დაცვის მხარის მიერ წარდგენილი კატეგორიული ექსპერტიზის დასკვნები არ გაიზიარა. გარდა ზემოაღნიშნულისა, ბრალდების მხარის მიერ წარდგენილ სატელეფონო ჩანაწერთან მიმართებით დაცვის მხარე აღნიშნავს: გ. შ-ე სასამართლო სხდომაზე არ დაკითხულა, ხოლო დისკი, რომელზედაც გ. შ-ა და შ. შ-ს საუბარია ჩაწერილი, არ იყო დალუქული. საკასაციო საჩივარში ასევე აღნიშნულია, რომ სასამართლო სხდომაზე არ დაკითხულან საგამოძიებო მოქმედებების ჩამტარებელი გამომძიებლები, შესაბამისად, დაუდგენელია ხსენებული საგამოძიებო ოქმების წარმომავლობა და ავთენტიკურობა.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

1. საკასაციო პალატამ შეისწავლა გ. შ-ს მსჯავრდების საქმის მასალები, შეამოწმა დაცვის მხარის საკასაციო საჩივრების საფუძვლიანობა და მიიჩნია, რომ აღნიშნული საჩივრები არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

2. განსახილველ შემთხვევაში გ. შ-ე თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2016 წლის 23 დეკემბრის განაჩენით ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 108-ე მუხლით: მან 2005 წლის 3 დეკემბერს ცეცხლსასროლი იარაღის გამოყენებით ჩაიდინა ი. გ-ს განზრახ მკვლელობა. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2018 წლის 11 იანვრის განაჩენით თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2016 წლის 23 დეკემბრის განაჩენი დარჩა უცვლელად.

3. საკასაციო პალატის აზრით, სააპელაციო სასამართლომ გ. შ-ს მიმართ გამამტყუნებელი განაჩენის დადგენისას გაითვალისწინა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კანონმდებლობით გათვალისწინებული ის მოთხოვნები, რომლებიც უზრუნველყოფენ ყოველ საქმეზე ობიექტური და სამართლიანი განაჩენის დადგენას. ამდენად, საკასაციო პალატა სრულად იზიარებს თბილისის სააპელაციო სასამართლოს მოტივაციას გ. შ-ს საქართველოს სსკ-ის 108-ე მუხლით მსჯავრდების ნაწილში და მიაჩნია, რომ წარმოდგენილია საკმარისი და უტყუარი მტკიცებულებები, რომლებითაც გონივრულ ეჭვს მიღმა დასტურდება, რომ გ. შ-მ ნამდვილად ჩაიდინა გასაჩივრებული განაჩენით მისთვის ბრალად შერაცხული ქმედება, კერძოდ:

4. მოწმე შ. შ-ს ჩვენებით ირკვევა, რომ განაწყენებული იყო ნ. ჭ-ე, მისი მისამართით გამოთქმულ შეურაცხმყოფელ სიტყვებზე ,,ჭკუას ვასწავლიო“. აღნიშნული საკითხის გარკვევის მიზნით, მეგობარ ი. გ-ნ ერთად, 2005 წლის 3 დეკემბერს მივიდა ნ. ჭ-ს ბინაში, სადაც ნ. ჭ-ნ ერთად იმყოფებოდნენ ამ უკანასკნელის მეგობრები -გ. შ-ე, დ. ჩ-ი, რომელსაც საქამრეში ჰქონდა ცეცხლსასროლი იარაღი, ა. წ-ე და იმ დროისთვის მისთვის უცნობი პირი - გ. ჯ-ი. გ. მ-ე გ. შ-ნ ერთად იცდიდა კორპუსის ეზოში. ბინაში მის მხარეს მყოფ ი. გ-ა და ნ. ჭ-ს მეგობრებს შორის ურთიერთობა უკიდურესად დაიძაბა. ი. გ-ნ კონფლიქტში ყველაზე მეტად აქტიურობდა გ. შ-ე. სიტყვიერი შელაპარაკების შემდეგ, ურთიერთობის გარკვევის მიზნით, ეზოში ჩავიდნენ. ჩიხში ის და დ. ჩ-ი იდგნენ ერთმანეთის პირისპირ. დ. ჩ-ა ჯერ გ. შ-ს გახედა, მისგან მინიშნების მიღების შემდეგ კი მას მიაყენა სიტყვიერი შეურაცხყოფა, რის გამოც მოწმემ მას ხელი დაარტყა. დარტყმის შედეგად დ. ჩ-ი ძირს დაეცა. ჩხუბი რამდენიმე წამს გრძელდებოდა, რა დროსაც მისი ყურადღება მიიქცია გ. შ-ს მოძრაობამ. გ. შ-მ ორი ნაბიჯი უკან გადადგა და იარაღი დაუმიზნა. ამ დროს მოწმე ი. გ-ნ ერთად იდგა, დაიყვირა ,,ბიჭებო, ისვრიანო“ და გაიქცნენ, რა დროსაც მათი მისამართით გ. შ-მ დაიწყო სროლა. გაქცევისას მიიხედა და დაინახა გ. შ-ე, რომელიც ცეცხლსასროლ იარაღს ისროდა. აღნიშნული სროლის შედეგად ი. გ-ე გარდაიცვალა.

5. 2005 წლის 3 დეკემბერს თ-ი, კ. გ-ს გამზირის (ყოფილი პ-ს გამზირი) N... საცხოვრებელი კორპუსის მიმდებარე ტერიტორიაზე განვითარებულ მოვლენებს ანალოგიურად აღწერს მოწმე გ. მ-ე. კერძოდ, მოწმის განმარტებით, 2005 წლის 3 დეკემბერს ი. გ-ე, შ. შ-ნ ერთად, მივიდა ნ. ჭ-ს ბინაში, ხოლო თვითონ გ. შ-ნ ერთად იცდიდა კორპუსის ეზოში. დაახლოებით 15-20 წუთში, მას შემდეგ, რაც ი. გ-ე, შ. შ-ე, გ. შ-ე და ამ უკანასკნელის მეგობრები ეზოში ჩამოვიდნენ, ყველანი გაემართნენ იქვე მდებარე ჩიხისკენ. ნ. ჭ-ს მხარდამჭერი პირებიდან დ. ჩ-ს ჰქონდა ცეცხლსასროლი იარაღი და ახდენდა მის დემონსტრირებას. ჩიხში შესვლის შემდეგ დ. ჩ-ი და შ. შ-ე იდგნენ ერთად, იქვე იყო ი. გ-ე, ხოლო მათგან მოშორებით, ჩიხში შეწეული იდგა გ. შ-ე. შ. შ-ა და დ. ჩ-ს შორის სიტყვიერი დაპირისპირების შემდეგ შ. შ-მ დაარტყა ამ უკანასკნელს, რომელიც დარტყმის შედეგად მიწაზე დაეცა. ამ დროს გ. შ-მ ამოიღო ცეცხლსასროლი იარაღი, 2 ნაბიჯი გადადგა უკან და დაიწყო სროლა. იარაღის გასროლისას ყველა გაიქცა, გ. შ-მ დაახლოებით 5-ჯერ გაისროლა. პირველივე გასროლისას ი. გ-ს, რომელიც სხვებთან ერთად გარბოდა, ტყვია მოხვდა ყელის არეში. მიღებული დაზიანების შედეგად ი. გ-ე გარდაიცვალა.

6. საკასაციო პალატა განმარტავს, რომ გარდა ზემოხსენებული მოწმეების პირდაპირი ჩვენებებისა, საქმეში მოიპოვება კანონიერი გზით მოპოვებული უტყუარი და საკმარისი მტკიცებულებების ისეთი ერთობლიობა, რომელიც ობიექტურ დამკვირვებელს გონივრული ეჭვის გარეშე დაარწმუნებს გ. შ-ს ბრალეულობაში. მტკიცებულებათა აღნიშნულ ერთობლიობაში იგულისხმება არა მარტო დანაშაულის თვითმხილველი მოწმეების - შ. შ-ა და გ. მ-ს პირდაპირი ჩვენებები, არამედ სხვა მტკიცებულებებიც, კერძოდ: ფონოსკოპიური ექსპერტიზის დასკვნა და შ. შ-ა და გ. შ-ს სატელეფონო საუბრის ჩანაწერი, სადაც ეს უკანასკნელი ადასტურებს გ. შ-ს მიერ ი. გ-ს განზრახ მკვლელობის ფაქტს, ხოლო საქმეში არსებული მასალებით უდავოდ დასტურდება აღნიშნული ინციდენტის დროს გ. შ-ს ყოფნა შემთხვევის ადგილზე; სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნა, რომლითაც დადასტურებულია მიზეზობრივი კავშირი ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლასა და ი. გ-ს გარდაცვალებას შორის, ასევე ბალისტიკური, ფიზიკო-ტექნიკური და ბიოლოგიური ექსპერტიზის დასკვნები.

7. აღნიშნულის საპირისპიროდ დაცვის მხარე საკასაციო საჩივრებში უთითებს, რომ სისხლის სამართლის საქმეში არ მოიპოვება საკმარისი და უტყუარი მტკიცებულებების ერთობლიობა, რომლითაც გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით დადასტურდებოდა გ. შ-ს ბრალეულობა. სხვა საფუძვლებთან ერთად, გასაჩივრებული განაჩენის გაუქმების საფუძვლად უთითებენ მოწმეების - შ. შ-ა და გ. მ-ს ჩვენებებს, რომლებიც, ადვოკატების აზრით, არათანმიმდევრული, ურთიერთსაწინააღმდეგო და ურთიერთგამომრიცხავია, ვერ აკმაყოფილებს სანდოობისა და სარწმუნოობის კრიტერიუმებს.

8. ვინაიდან საკასაციო საჩივრებში მითითებული არგუმენტები ძირითადად ეხება მტკიცებულებებისა და მოწმეეთა ჩვენებების შეფასების საკითხს, საკასაციო პალატას, პირველ რიგში, მიზანშეწონილად მიაჩნია აღნიშნოს შემდეგი: საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 259-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სასამართლოს განაჩენი უნდა იყოს კანონიერი, დასაბუთებული და სამართლიანი. იმავე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, განაჩენში ჩამოყალიბებული ყველა დასკვნა და გადაწყვეტილება დასაბუთებული უნდა იყოს. ამ თვალსაზრისით, განაჩენი დასაბუთებულია, როდესაც განაჩენში წარმოდგენილი დასკვნები, როგორც მტკიცების ცალკეულ საგანთან მიმართებით, ასევე მთლიანად პირის ბრალეულობისა თუ უდანაშაულობის თაობაზე გამომდინარეობს საქმის რეალური ფაქტობრივი გარემოებებიდან და შეესაბამება ამ გარემოებებთან დაკავშირებით საქმეში არსებულ სარწმუნო მტკიცებულებებს.

9. თავის მხრივ, ცალკეული მტკიცებულების შეფასებისას უნდა ვიხელმძღვანელოთ შემდეგი კრიტერიუმებით: მტკიცებულებას მოცემულ საქმეში აქვს თუ არა კავშირი მტკიცების საგანთან; მასში სწორად არის თუ არა ასახული საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე ფაქტობრივი გარემოება; სანდოა თუ არა ის წყარო, საიდანაც მიღებულია მტკიცებულება და, ყოველივე აღნიშნულის გათვალისწინებით, რამდენად რელევანტურია მტკიცებულება მისი უტყუარობის თვალსაზრისით.

10. პირის მსჯავრდებისას იმ პრინციპის დაცვა, რომ გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ემყარებოდეს უტყუარ მტკიცებულებებს, გარანტირებულია საქართველოს კონსტიტუციით (მე-40 მუხლის მე-3 ნაწილი) და საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით (82-ე მუხლის პირველი ნაწილი). თავის მხრივ, მტკიცებულების უტყუარობასთან დაკავშირებით საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ განმარტებულია (იხ. გადაწყვეტილება საქმეზე №397აპ–14) შემდეგი: საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ფაქტების დასადგენად აუცილებელია შეფასდეს თითოეული მტკიცებულების უტყუარობა, დამაჯერებლობა, რაც საქართველოს სსსკ-ის 82-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ყველა შემთხვევაში სავალდებულოა განაჩენის გამოტანის დროს. მტკიცებულებათა უტყუარობა უნდა შეფასდეს რამდენიმე კრიტერიუმის მიხედვით: 1. თითოეული მტკიცებულება, მათ შორის მოწმის ჩვენება, შინაარსობრივად ხომ არ შეიცავს ურთიერთსაწინააღმდეგო და ურთიერთგამომრიცხავ ინფორმაციას; 2. თითოეული მტკიცებულება ამყარებს სხვა მტკიცებულებებს, თუ მათ შორის არის სხვადასხვა წინააღმდეგობა, რომელთა ხარისხის შეფასება ყველა ინდივიდუალურ შემთხვევაში სასამართლოს კომპეტენციაა; 3. რამდენად გულწრფელი და მიუკერძოებელია მოწმე, ხომ არ აქვს ფიზიკური ნაკლი, რომელიც ნეგატიურ გავლენას ახდენს მოვლენების ადეკვატურ აღქმაზე; 4. როგორ პირობებში მოხდა მტკიცებულებების ფორმირება, მაგ: გარემო პირობები – ცუდი ხილვადობა (ნისლი), ხალხმრავალი ადგილი, მანძილი მოწმესა და შემთხვევის ადგილს შორის და სხვა. მტკიცებულებების ამ კრიტერიუმებით შეფასებისა და მათზე განაჩენში სათანადო მსჯელობის გარეშე მტკიცებულებათა უტყუარობის სიღრმისეული შეფასება ფაქტობრივად შეუძლებელია. ამასთან, თითოეული მტკიცებულება, აღნიშნული კრიტერიუმების შესაბამისად, უნდა შემოწმდეს საქმეში არსებულ სხვა პირდაპირ, ასევე ირიბ მტკიცებულებებთან ერთობლივად, მათი ურთიერთთავსებადობის განსაზღვრის მიზნით, რაც ასევე ძალზე მნიშვნელოვანია გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტის დაცვით გამამტყუნებელი განაჩენის დადგენისა და საერთოდ, ნებისმიერი – გამამტყუნებელი თუ გამამართლებელი განაჩენის დასაბუთებისათვის.

11. საკასაციო პალატის აზრით, საქმეში არსებული მტკიცებულებები, მოწმეების - გ. მ-ა და შ. შ-ს პირდაპირი ჩვენებები, მათი შინაარსიდან გამომდინარე, ნამდვილად ეხება 2005 წლის 3 დეკემბერს, დაახლოებით 20:00 საათზე, თ-ი, კ. გ-ს გამზირის (ყოფილი პ-ს გამზირი) N... საცხოვრებელი კორპუსის მიმდებარე ტერიტორიაზე მომხდარი შემთხვევის ფაქტობრივ გარემოებებს, რა დროსაც ცეცხლსასროლი იარაღით ყელის არეში დაჭრეს ი. გ-ე, რის შედეგადაც ის გარდაიცვალა. აღნიშნული მტკიცებულებები, რომლებიც ერთმანეთს ავსებენ, სრულიად ნათლად წარმოაჩენს ხსენებულ კონფლიქტში მონაწილე პირების ვინაობასა და ამ კონფლიქტის მიმდინარეობას მისი დასაწყისიდან დასასრულამდე.

12. განვიხილოთ საკასაციო საჩივრებში მითითებული თითოეული არგუმენტის საფუძვლიანობა ცალ-ცალკე.

13. დაცვის მხარის განმარტებით, გ. მ-ს ჩვენებაში არსებობს შემდეგი წინააღმდეგობა: მოწმე გ. მ-ე თავდაპირველად დარწმუნებით აცხადებს, რომ დ. ჩ-ს ცეცხლსასროლი იარაღიდან არ უსვრია. ცეცხლსასროლი იარაღიდან ისროდა მხოლოდ გ. შ-ე. თუმცა შემდგომ დასმულ კითხვებზე პასუხის გაცემისას სხვა პირების მიერ იარაღის გამოყენების ფაქტს არ გამორიცხავს. გ. მ-ს ჩვენებაში მორიგი წინააღმდეგობა გამოიკვეთა დაზარალებულისთვის ჭრილობის მიყენების ნაწილში. მოწმე ჯერ ამბობს, რომ დაინახა ი. გ-ს ტყვიის ყელში მოხვედრის ფაქტი, შემდეგ, ადვოკატის შეკითხვაზე აცხადებს, რომ კი არ დაინახა, არამედ ასეთი აზრი გამოიტანა.

14. სასამართლო ვერ გაიზიარებს დაცვის მხარის მოსაზრებას მოწმე გ. მ-ს ჩვენებების არასანდოობასთან დაკავშირებით, ვინაიდან მოწმის მიერ სასამართლოსათვის მიცემული ჩვენებები კონკრეტულად ასახავს 2005 წლის 3 დეკემბერს თ-ი, კ. გ-ს გამზირის (ყოფილი პ-ს გამზირი) N... საცხოვრებელი კორპუსის მიმდებარე ტერიტორიაზე განვითარებულ მოვლენებს. კერძოდ, მისი ჩვენებიდან ირკვევა, რომ იცნობდა კონფლიქტის მონაწილე მხარეებს, თავადაც კონფლიქტის მონაწილეა, ჩიხში მომხდარ ინციდენტში ცეცხლსასროლი იარაღიდან გაისროლა გ. შ-მ, რის შედეგადაც ი. გ-ე გარდაიცვალა. ციტატა მოწმის ჩვენებიდან: ,,გასროლები რომ დაიწყო, ი. გ-ე გაიქცა და გაქცევისას დაეცა, შესაბამისად პირდაპირ მოხვდა ტყვია...“, ,,გ. შ-მ ამოიღო იარაღი და მან დაიწყო სროლა, არ იყო შანსი რომ ჩ-ს ამოეღო იარაღი, რადგან მას შ-მ დაარტყა და დაგდებული იყო“. ამასთან, მოწმის მიერ საქმის გარემოებათა შესახებ სასამართლოსათვის მიცემული ინფორმაცია იძლევა სხვა მტკიცებულებებით გადამოწმების საშუალებას, კერძოდ, მოწმე შ. შ-ს ჩვენებით, რომელმაც დარწმუნებით განაცხადა, რომ ცეცხლსასროლ იარაღს ისროდა მხოლოდ გ. შ-ე, აგრეთვე 2016 წლის 28 მარტის ფონოსკოპიური ექსპერტიზის N.... დასკვნით. აღნიშნული დასკვნის დანართში ასახულია შ. შ-ა და გ. შ-ს სატელეფონო კომუნიკაცია, საიდანაც დგინდება რომ 2005 წლის 3 დეკემბერს გ. შ-ე იმყოფებოდა შემთხვევის ადგილზე, როგორც შ. შ-ა და ი. გ-ს მხარეს მყოფი ერთ-ერთი პირი. კითხვაზე, ვინ ისროლა - გ. შ-მ თუ დ. ჩ-ა, გ. შ-ე აცხადებს, რომ გ. შ-ე ისროდა და მან საერთოდ არ იცის, ვინ არის დ. ჩ-ი. რაც შეეხება ი. გ-ს დაჭრის ფაქტს, მოწმის ჩვენებით გ. შ-ს მიერ ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლების დაწყებისას კონფლიქტში მონაწილე პირები გაიქცნენ, რა დროსაც ი. გ-ე დაეცა. უშუალოდ ტყვია არ დაუნახავს, თუმცა გასროლების შედეგად ი. გ-ს ტყვია მოხვდა ყელში, რის შედეგადაც გარდაიცვალა. ასე რომ, მოწმე ამ ნაწილში ჩვენებას არ ცვლის, ადვოკატის შეკითხვებზე აკონკრეტებს, თუ რა დაინახა, რა ინფორმაცია მიიღო და რა დასკვნა გამოიტანა.

15. დაცვის მხარის განმარტებით, გ. მ-ს ჩვენების არასანდოობაზე მეტყველებს მოწმე გ. მ-ს პასუხები იარაღის ფერთან დაკავშირებით. კერძოდ, მოწმის ჩვენებით, გ. შ-ს 2005 წლის 3 დეკემბერს, კონფლიქტისას, თან ჰქონდა ვერცხლისფერი იარაღი, შემდგომ ადვოკატის ანალოგიურ შეკითხვაზე უპასუხა, რომ იარაღი შავი ფერის იყოს, ხოლო მომდევნო კითხვაზე იარაღის ფერი არ ახსოვდა. ამასთან დაკავშირებით, საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ ხსენებული საფუძვლით მოწმის ჩვენების სანდოობაში ეჭვის შეტანა უმართებულოა, ვინაიდან შეუძლებელია და არაგონივრულიც, მოვთხოვოთ მოწმეს არამც თუ 11 წლის, არამედ თუნდაც ერთი წლის შემდეგ მთელი სიზუსტით აღიდგინოს და გადმოსცეს იმ შემთხვევის ყველა დეტალი, რომლის შემსწრე ან უშუალო მონაწილეც ის იყო. საკასაციო პალატა ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზეც, რომ მოწმე გ. მ-ს ჩვენებაში არსებობს მცირეოდენი განსხვავებანი ცალკეულ დეტალებში, რაც სრულიად ბუნებრივია, რადგან გასათვალისწინებელია მისი ასაკი, შემთხვევის ადგილზე განვითარებული მოვლენები, რა პირობებშიც მოწმეს უწევდა აღექვა და დაემახსოვრებინა კონკრეტული დეტალები.

16. აღნიშნული მოწმის ჩვენების სანდოობასთან მიმართებით დაცვის მხარე ასევე აპელირებს შემთხვევის ადგილას და მის მიმდებარედ განათების არარსებობაზე. დაცვის მხარისთვის გაურკვეველია, სიბნელეში მოწმემ როგორ დაინახა - ვის რა იარაღი ჰქონდა, ვის სად მოხვდა ტყვია, რა ფერის იყო იარაღი ან რა ეცვა გარდაცვლილს. მოცემულ შემთხვევაში საქმის მასალებით, თავად მსჯავრდებულისა და მოწმეთა ჩვენებებით დადგენილია ის ფაქტი, რომ შემთხვევის ადგილს ანათებდა კორპუსის ფანჯრებიდან გამომავალი სინათლე, რაც იძლეოდა იმის შესაძლებლობას, რომ მოწმეს შეემჩნია და ადეკვატურად აღექვა ხსენებული ფაქტობრივი გარემოებები.

17. დაცვის მხარემ საეჭვოდ მიიჩნია პირდაპირი მოწმეების - შ. შ-ა და გ. მ-ს ჩვენებები, ვინაიდან ისინი წარსულში ნასამართლევები არიან განზრახი დანაშაულების ჩადენისთვის. ამასთან, შ. შ-ს ჩვენება არასანდო და არადამაჯერებელია შემდეგ გარემოებათა გამო: სასამართლო სხდომაზე დაკითხვისას მოწმემ მიუთითა, რომ ადვოკატის რჩევით, საგამოძიებო ორგანოს მიაწოდა არასწორი ინფორმაცია და განაცხადა, რომ ი. გ-ს მკვლელის ვინაობა მისთვის უცნობი იყო.

18. აღნიშნულთან დაკავშირებით საკასაციო პალატა განმარტავს, რომ საქმეზე მტკიცებულებითი ძალა მოწმის მიერ მხოლოდ სასამართლოში მიცემულ ჩვენებას აქვს და სწორედ იგი უნდა შემოწმდეს და შეფასდეს ობიექტურად. ამასთან, პალატა სრულად იზიარებს სააპელაციო სასამართლოს მოტივაციას, რომლის თანახმადაც, მოწმის ჩვენების სანდოობის შემოწმებისას სასამართლო ყურადღებას ამახვილებს მოწმის ჩვენების თანმიმდევრულობაზე, კატეგორიულობაზე, თანხვედრაზე სხვა მტკიცებულებებსა და ფაქტობრივ გარემოებებთან, ასევე ამოწმებს მოწმის მახსოვრობის უნარს, შეუძლია თუ არა აღიდგინოს არსებითი ფაქტები, რომელთა თვითმხილველიც გახდა. სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რასაც საკასაციო სასამართლოც ეთანხმება, რომ შ. შ-ა და გ. მ-ს ჩვენებები არის სანდო, სარწმუნო და თანხვედრაშია ექსპერტიზის დასკვნებით დადგენილ გარემოებებსა და მიზეზობრივ კავშირთან. ის ფაქტი, რომ პირდაპირმა მოწმეებმა, ყოველგვარი იმუნიტეტისა და შეღავათის მიღების გარეშე, 10 წლის შემდეგ ითანამშრომლეს გამოძიებასთან, არ შეიძლება მათი იმპიჩმენტის საფუძველი გახდეს. გარდა ამისა, კანონმდებლობით არ არის დადგენილი მოქალაქის (მოწმის) მიერ გამოძიებასთან თანამშრომლობის ხანდაზმულობის ვადა. ასევე, მოწმის ჩვენების სანდოობის შეფასებისას, არ შეიძლება მოხდეს აპელირება მის წარსულზე, მხოლოდ იმ კონტექსტში, რომ მოწმე უეჭველად ცრუობს, ვინაიდან იგი არაერთხელაა ნასამართლევი. მოწმის ნასამართლობას ჩვენების სანდოობის კონტექსტში სასამართლო იმ შემთხვევაში იღებს მხედველობაში, თუკი იგი წარსულში ნასამართლევია მართლმსაჯულების განხორციელების წინააღმდეგ მიმართული დანაშაულისთვის, როგორიცაა: დანაშაულის დაფარვა, შეუტყობინებლობა, ცრუ ჩვენების მიცემა.

19. რაც შეეხება დაცვის მხარის მითითებას იმის თაობაზე, რომ შ. შ-მ ი. გ-ს მკვლელობის საქმეზე გამოძიებას განზრახ არასწორი ჩვენება მიაწოდა, მაშინვე არ განაცხადა, ვინ იყო მკვლელობის ჩამდენი და არ მისცა ჩვენებები, უნდა აღინიშნოს, რომ შესაძლებელია, მასზე მრავალ ფაქტორს მოეხდინა ზეგავლენა, რაც შ. შ-მ სასამართლო სხდომაზე დაკითხვისას დეტალურად განმარტა. მოწმის განმარტებით, 2005 წელს მისმა ასაკმა განაპირობა საგამოძიებო ორგანოსთვის არასწორი ჩვენების მიცემა, ვინაიდან შეშინებული იყო. აქ მნიშვნელოვანია არა ის გარემოება, თუ რამდენად რეალური საფუძველი გააჩნდა მის შიშს, არამედ მისი ასაკი – მომხდარი შემთხვევისას, იგი არასრულწლოვანი იყო და ძნელია, ამ ასაკში ადამიანს მოსთხოვო მოქალაქეობრივი გაბედულებისა და მართლშეგნების მაღალი დონე.

20. დაცვის მხარის შემდეგი არგუმენტის თანახმად, ი. გ-ს მკვლელობა ჩადენილია 2005 წლის 3 დეკემბერს, ხოლო აღნიშნულმა მოწმეებმა გამოძიებასთან ითანამშრომლეს 11 წლის შემდეგ, რაც კიდევ უფრო ამყარებს პოზიციას, რომ მოწმეების ჩვენებები არასანდო და არადამაჯერებელია.

21. მოცემულ პოზიციასთან დაკავშირებით საკასაციო პალატა აღნიშნავს შემდეგს: გაუმართლებელია მოწმის ჩვენების სანდოობისა და რელევანტურობის შემოწმებისას განმსაზღვრელი მნიშვნელობა მივანიჭოთ იმ გარემოებას, თუ რამდენი წელია გასული მომხდარი დანაშაულის ფაქტიდან ჩვენების მიცემამდე. მთავარია, რამდენად სრულად წარმოგვიდგენს მოწმე თავის ჩვენებაში ფაქტობრივ გარემოებებს, სრულფასოვნად ახდენს თუ არა ამ გარემოებების რეპროდუცირებას ჩვენების მიცემისას, როგორია მისი უნარი – სწორად აღიქვას და დაიმახსოვროს იმ შემთხვევის მთავარი, საქმისათვის არსებული მნიშვნელობის მქონე გარემოებები, რომელთა შემსწრეც ის გახდა და ხომ არ არსებობს რაიმე საფუძველი მის ამგვარ უნარში გონივრული ეჭვის შესატანად და ა.შ.

22. ამრიგად, საკასაციო პალატის დასკვნით, არავითარი საფუძველი არ არსებობს რაიმე ეჭვის შეტანისათვის ბრალდების მხარის ძირითადი მოწმეების – შ. შ-ა და გ. მ-ს პირდაპირი ჩვენებების სისწორესა და სარწმუნოობაში, მიუხედავად იმისა, რომ დაცვის მხარე ამ მიმართულებით გარკვეულ ეჭვებსა და ვარაუდებს გამოთქვამს.

23. რაც შეეხება დაცვის მხარის მოწმეების: გ. ჯ-ს, ა. წ-ა და ნ. ჭ-ს ჩვენებებს, საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ მოწმეებმა - გ. ჯ-ა, ა. წ-მ და ნ. ჭ-მ დაადასტურეს ამ უკანასკნელის ბინაში ი. გ-ს მხარესთან გარკვეული უთანხმოება და დაძაბული საუბარი. ამავე დროს, მსგავსად გ. შ-ა, მათ უარყვეს ამ უკანასკნელის მიერ ცეცხლსასროლი იარაღის ფლობის ფაქტი და სასამართლოს არ მიაწოდეს ინფორმაცია ჩიხში განვითარებულ მოვლენებზე, უარყვეს მათი ყოფნა შემთხვევის ადგილზე. შესაბამისად, ხსენებული მოწმეები არ ფლობენ ინფორმაციას მკვლელობის ფაქტობრივ გარემოებებთან დაკავშირებით, ამდენად, მათი ჩვენებები ამ ნაწილში არის არაარსებითი. აგრეთვე გასათვალისწინებელია გ. ჯ-ს ჩვენება, რომლის თანახმადაც, კონფლიქტის დროს ძალიან ეშინოდა, შიშის გამო ფეხს ითრევდა და სადარბაზოდან არ გასულა. მისივე განმარტებით, ჩიხში განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით იცის გ. შ-ს მონაყოლით.

24. ამდენად, საკასაციო პალატას უსაფუძვლოდ მიაჩნია ადვოკატების არგუმენტაცია დაცვის მხარის მოწმეების ჩვენებების არგაზიარებასთან დაკავშირებით, ვინაიდან არცერთი მათგანი არ აღწერს 2005 წლის 3 დეკემბერს თ-ი, კ. გ-ს გამზირის (ყოფილი პ-ს გამზირი) N... საცხოვრებელი კორპუსის მიმდებარე ტერიტორიაზე განვითარებულ მოვლენებს.

25. დაცვის მხარის განმარტებით, ბრალდების მხარის ინიციატივით ჩატარებული ექსპერტიზები, გაცემული დასკვნები, მათ საფუძველზე დაკითხული ექსპერტები და მიღებული ჩვენებები, დაცვის მხარის მიერ წარმოდგენილისგან განსხვავებით, არ არის კატეგორიული შინაარსის - სადავოა სროლის მანძილი და ტრაექტორია.

26. ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლში (საქმის სამართლიანი განხილვის უფლება) არ არის გაწერილი რაიმე წესები მტკიცებულებების დასაშვებობაზე ან იმაზე, თუ როგორ უნდა შეფასდეს ის. თუმცაღა, სამართლიანი სასამართლოს უფლების დაცვისათვის უზრუნველყოფილი უნდა იყოს შემდეგი პროცედურული გარანტიები: თითოეულ მხარეს უნდა მიეცეს შესაძლებლობა, წარადგინოს ექსპერტის დასკვნა, როგორც მტკიცებულება და უზრუნველყოფილი უნდა იყოს ასევე პირის შესაძლებლობა, სადავოდ გახადოს მეორე მხარის მიერ წარმოდგენილ ექსპერტთა მოსაზრებების საფუძვლიანობა და დამაჯერებლობა.

27. მხარეთა თანასწორობისა და შეჯიბრებითობის პრინციპი გულისხმობს, რომ დაცვისა და ბრალდების მხარის მიერ მოპოვებული ექსპერტის დასკვნები განიხილებოდეს თანაბარი ღირებულების მქონე მტკიცებულებებად. მაგალითდ, საქმეზე - ხადარკოვსკი და ლებედევი რუსეთის წინააღმდეგ, (Khodorkovskiy and Lebedev v. Russia, N11082/06, N13772/05; ECtHR, 25.07.2013) რუსეთის სასამართლოებმა ერთმანეთისგან ცალსახად განასხვავეს პროკურატურის მიერ გამოძახებული ,,ექსპერტები’’ და, მეორე მხრივ, დაცვის მხარის მიერ საქმეში ჩართული ,,სპეციალისტები’’. მსგავსმა დიფერენციაციამ და საქმის მონაწილე მხარეებისთვის სხვადასხვა პროცედურული წესების მიკუთვნებამ ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო მიიყვანა დასკვნამდე, რომ დაცვისა და ბრალდების მხარეებს შორის შექმნილმა ძალაუფლების დისბალანსმა განაპირობა ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის 1-ლი პუნქტისა და მე-6 მუხლის მე-3 პუნქტის (d) ქვეპუნქტის დარღვევა.

28. ამდენად, უფლებამოსილი ორგანოს მიერ გაცემული ექსპერტის დასკვნა უნდა შეფასდეს ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში, შემდეგ გარემოებებზე მითითებით: ექსპერტმა კვლევისას რა მასალები გამოიყენა, რა საგანი, დოკუმენტი, ნიმუში ან სხვა ობიექტი გამოიკვლია, რა გამოკვლევა ჩაატარა და რა მეთოდები გამოიყენა; ამასთან, რამდენად დასაბუთებული და კატეგორიული პასუხები გასცა დასმულ შეკითხვებზე.

29. განსახილველ შემთხვევაში, დაცვის მხარის პოზიციით, სასამართლოს უნდა გაეზიარებინა ადვოკატ ლ. ჯ-ს ინიციატივით დამოუკიდებელი სასამართლო ექსპერტიზის ცენტრის მიერ ჩატარებული კომპლექსური სასამართლო-სამედიცინო და ბალისტიკური ექსპერტიზა და მის საფუძველზე გაცემული დასკვნა, იმ მოტივით, რომ ბრალდების მხარის ინიციატივით ჩატარებული ექსპერტიზებისგან განსხვავებით, ეს დასკვნა კატეგორიულობისა და კომპეტენტურობის მაღალი ხარისხით გამოირჩევა.

30. აღნიშნულ საკითხთან მიმართებით საკასაციო პალატა სრულად იზიარებს სააპელაციო სასამართლოს მოტივაციას, რომლის თანახმადაც, სასამართლო განმარტავს, რომ ბრალდების მხარის მიერ მოპოვებული იმ ექსპერტიზის დასკვნების საპირწონედ, რომლის დროსაც მოხდა უშუალოდ გვამისა და ასევე, გარდაცვლილის ტანსაცმლის გამოკვლევა, არ შეიძლება გამოყენებულ იქნეს დაცვის მხარის მიერ წარმოდგენილი ექსპერტიზის დასკვნა, რომელიც პასუხს გასცემს მხოლოდ თეორიულ კითხვებზე, გაცემულია სისხლის სამართლის საქმის მასალებისა და მასში წარმოდგენილი მტკიცებულებების სრული შესწავლის გარეშე და ემყარება მხოლოდ ვარაუდებს (სავარაუდო წინაღობა, მსროლელისა და მსხვერპლის სავარაუდო მდგომარეობა). მათ საწინააღმდეგოდ, სასამართლო-სამედიცინო ექსპერტი ა. ზ-ი, რომელმაც უშუალოდ დაათვალიერა გვამი, აცხადებს, რომ გასროლა ნაწარმოებია არაახლო მანძილიდან, ხოლო ბრალდების მხარის მიერ წარდგენილი ფიზიკო-ტექნიკური ექსპერტიზის დასკვნის ავტორმა, რომელმაც უშუალოდ დაათვალიერა ი. გ-ს ტანსაცმელი, კატეგორიულად გამორიცხა ახლო მანძილიდან გასროლა.

31. გარდა ზემოაღნიშნულისა, ბრალდების მხარის მიერ წარდგენილ სატელეფონო ჩანაწერთან მიმართებით დაცვის მხარე აღნიშნავს: გ. შ-ე სასამართლო სხდომაზე არ დაკითხულა, ხოლო დისკი, რომელზედაც გ. შ-ა და შ. შ-ს საუბარია ჩაწერილი, არ არის დალუქული.

32. აღნიშნულთან დაკავშირებით საკასაციო პალატა განმარტავს: 2016 წლის 4 მარტს დაინიშნა ფონოსკოპიური ექსპერტიზა გ. შ-ა და შ. შ-ს შორის არსებული სატელეფონო საუბრების სტენოგრაფირების, ასევე, ავთენტიკურობის დადგენის მიზნით. სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს ექსპერტმა ა. მ-მ გასცა N.... დასკვნა, რომლის თანახმადაც, ,,გამოსაკვლევი მასალა წარმოდგენილია ერთ ფუთად, თეთრი ფერის სტანდარტული კონვერტის სახით, რომელიც ორივე მხარეს დალუქულია საქართველოს პროკურატურის N0006138 ლუქით“. დალუქულ მდგომარეობაში დისკების მიღება სასამართლო სხდომაზე დაადასტურა ექსპერტმა ა. მ-მ. ექსპერტიზის დამთავრების შემდეგ ორი დისკი დაილუქა სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს ნივთმტკიცებისთვის განკუთვნილი შესაფუთი პარკებით.

33. დაცვის მხარე ასევე აპელირებს იმ გარემოებაზე, რომ სასამართლოში არ დაკითხულან საგამოძიებო მოქმედებების ჩამტარებელი გამომძიებლები. შესაბამისად, საეჭვოა ყველა ის დოკუმენტი, რომელიც მოპოვებული, შექმნილი და შენახულია მათ მიერ.

34. საქართველოს სსსკ-ის 78-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, მხარის მოთხოვნის შემთხვევაში დოკუმენტს მტკიცებულებითი ძალა აქვს, თუ ცნობილია მისი წარმომავლობა და ის ავთენტიკურია. დოკუმენტი ან ნივთიერი მტკიცებულება დასაშვები მტკიცებულებაა, თუ მხარეს შეუძლია მოწმედ დაკითხოს პირი, რომელმაც მოიპოვა/შექმნა იგი ან/და რომელთანაც ინახებოდა სასამართლოში წარდგენამდე. ამდენად, დოკუმენტს მტკიცებულებითი ძალა ენიჭება კუმულაციურად სამი სპეციალური წინაპირობის არსებობისას: 1. ცნობილია მისი წარმომავლობა; 2. ავთენტიკურია; 3. შესაძლებელია დაიკითხოს პირი, რომელმაც შექმნა/მოიპოვა ან ვისთანაც ინახებოდა დოკუმენტი სასამართლოში წარდგენამდე. აღნიშნულთან დაკავშირებით უნდა განიმარტოს, რომ პროცესის შეჯიბრებითობიდან გამომდინარე, მხარეები თავად განსაზღვრავენ, თუ რომელ მტკიცებულებას წარადგენენ სასამართლოში და რომელს არა და ამ მხრივ მათ კანონმდებლობა რაიმე შეზღუდვას არ უწესებს. საქართველოს სსსკ-ის 78-ე მუხლის ნორმის დანაწესიდან გამომდინარე, აუცილებელია იდენტიფიცირებული იყოს დოკუმენტის მომპოვებელი, შემქმნელი ან შემნახველი პირი და მის შესახებ ინფორმაცია ჰქონდეს სასამართლოს და მეორე მხარეს, რომელსაც უფლება აქვს, საჭიროების შემთხვევაში დაცვის მხარის ნუსხაში მიუთითოს ხსენებული საგამოძიებო მოქმედებების ჩამტარებელი პირები. გასათვალისწინებელია ის ფაქტიც, რომ დაცვის მხარე აპელირებს იმ საგამოძიებო ოქმებზე, რომლებიც წინასასამართლო სხდომაზე, როგორც მტკიცებულებები, დაუშვეს საქმის არსებითი განხილვის სხდომაზე. დაცვის მხარემ ამ ნაწილში თავისი პოზიციის დასასაბუთებლად მიუთითა საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2015 წლის 18 დეკემბრის №332აპ-15 განჩინებაზე, რომელშიც საუბარია ექსპერტიზის დასკვნასა და არა - გამომძიებლების მიერ შედგენილ საგამოძიებო მოქმედებების ამსახველ ოქმებზე.

35. საკასაციო პალატა ი. გ-ს განზრახ მკვლელობის საქმეში არსებული მტკიცებულებების შეფასებისას ითვალისწინებს და სავსებით იზიარებს ამ საკითხისადმი ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიდგომასა და პრაქტიკას, რომელიც თავის ერთ-ერთ გადაწყვეტილებაში ყურადღებას ამახვილებს შემდეგზე: სასამართლო მსჯელობს იმაზე, თუ რამდენად სამართლიანი იყო სამართალწარმოება მთლიანობაში და რამდენად იყო დაცული დაცვის უფლებები. კერძოდ, უნდა შეფასდეს – მიეცა თუ არა მომჩივანს შესაძლებლობა, ედავა მტკიცებულებების ავთენტურობაზე და შეწინააღმდეგებოდა ამ მტკიცებულებების გამოყენებას. გარდა ამისა, გასათვალისწინებელია მტკიცებულებათა ხარისხი, ის გარემოებები, რომლებშიც მტკიცებულებები იქნა მოპოვებული და რამდენად ბადებს ეჭვს ეს გარემოებები მტკიცებულებების ნამდვილობასა და სარწმუნოობასთან დაკავშირებით, მიუხედავად იმისა, რომ არ არის სავალდებულო, სამართლიანობაში ეჭვის შეპარვის საფუძველი წარმოიქმნას, თუ მოპოვებული მტკიცებულება არ არის გამყარებული სხვა მასალებით. ხაზგასასმელია – იმ შემთხვევებში, როდესაც მტკიცებულება საკმაოდ წონიანია და არ არსებობს იმის რისკი, რომ იგი შეიძლება არასარწმუნოდ იქნეს მიჩნეული, დამატებითი მტკიცებულებების წარდგენის მით უფრო ნაკლები აუცილებლობა არსებობს (იხილეთ, ბიკოვი რუსეთის წინააღმდეგ (Bykov v. Russia), N4378/02; (დიდი პალატა), §89, 90; ECtHR; 10.03.2009; ჯალო გერმანიის წინააღმდეგ (Jalloh v. Germany), N54810/00; (დიდი პალატა), §95, 96; ECtHR; 11.07.2011). საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ განხილულ საქმეზე არსებული ყველა მტკიცებულება მოპოვებულია და ამ საქმეზე სამართალწარმოების განხორციელებისას შემოწმებულია საპროცესო კანონმდებლობის მოთხოვნათა სრული დაცვით, მხარეთა თანასწორობისა და შეჯიბრებითობის პირობებში, რა დროსაც როგორც ბრალდების, ისე დაცვის მხარეს სრული შესაძლებლობა ჰქონდათ, წარმოედგინათ თავიანთი მტკიცებულებები, მონაწილეობა მიეღოთ მოწინააღმდეგე მხარის მტკიცებულებების გამოკვლევაში და ჯეროვნად დაეცვათ თავიანთი პოზიციები. ამ მხრივ, მოცემული საქმის წარმოებისას ყველა სასამართლო ინსტანციაში დაცვის მხარისათვის სრულად იყო უზრუნველყოფილი ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლით გარანტირებული – სამართლიანი სასამართლოს უფლება. მოცემულ შემთხვევაში არ არსებობს არავითარი საფუძველი ეჭვისათვის იმ მტკიცებულებების ლეგიტიმურობის თვალსაზრისით, რომლებზეც საკასაციო პალატა აფუძნებს თავის გადაწყვეტილებას. რაც შეეხება ამ მტკიცებულებათა უტყუარობასა და საკმარისობას გამამტყუნებელი განაჩენის დადგენისათვის, ზემოთ წარმოდგენილი და გაანალიზებული გარემოებების გათვალისწინებით, ამ მხრივაც ვერ იქნება აღნიშნული მტკიცებულებები საეჭვოდ მიჩნეული, რადგან ასეთი ეჭვისათვის არ მოიპოვება დასაბუთებული და რელევანტური საფუძველი.

36. საკასაციო სასამართლო სრულად იზიარებს თბილისის საქალაქო სასამართლოს მოტივაციას გ. შ-ს მიმართ სასჯელის დანიშვნის ნაწილშიც, რომლის თანახმადაც, გ. შ-ს საქართველოს სსკ-ის 108-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისთვის სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა 9 (ცხრა) წლით თავისუფლების აღკვეთა, რაც საქართველოს სსკ-ის 88-ე მუხლისა (2016 წლის 1 იანვრამდე მოქმედი რედაქცია) და ,,ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2012 წლის 28 დეკემბრის კანონის მე-16 მუხლის საფუძველზე შეუმცირდა კანონმდებლობის მოთხოვნათა სრული დაცვით და საბოლოოდ განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 4 (ოთხი) წლისა და 6 (ექვსი) თვის ვადით.

37. ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, იმ პოზიციების საფუძვლიანობა, რომლებიც დაცვის მხარემ თავის საჩივრებში დაასახელა, არ დასტურდება საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით, რის გამოც საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2018 წლის 11 იანვრის განაჩენი მსჯავრდებულ გ. შ-ს მიმართ უნდა დარჩეს უცვლელად.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 301-ე მუხლით, 307-ე მუხლის 1-ლი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით, ამავე მუხლის მე-3 ნაწილით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. მსჯავრდებულ გ. შ-ს ინტერესების დამცველი ადვოკატების - ე. მ-ს, ტ. კ-ა და ი. ჩ-ს საკასაციო საჩივრები არ დაკმაყოფილდეს;

2. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2018 წლის 11 იანვრის განაჩენი მსჯავრდებულ გ. შ-ს მიმართ დარჩეს უცვლელად;

3. განაჩენი საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე ნ. გვენეტაძე

მოსამართლეები: პ. სილაგაძე

გ. შავლიაშვილი