საკასაციო საჩივარი ცნობილია დაუშვებლად
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე # 330100119002800259
საქართველოს უზენაესი სასამართლო
განჩინება
საქართველოს სახელით
საკასაციო საჩივრის დასაშვებობის
შემოწმების შესახებ
№81-19 ქ. თბილისი
გ. ლ., 81-19 18 აპრილი, 2019 წელი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
გიორგი შავლიაშვილი (თავმჯდომარე),ბესარიონ ალავიძე, პაატა ქათამაძე
ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2019 წლის 7 თებერვლის განჩინებაზე ძველი თბილისის რაიონული პროკურატურის პროკურორ ნინო მიქავას საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და
გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:
1. ლ. გ-ს, - - ბრალი დაედო კომპიუტერულ სისტემაში უნებართვო შეღწევასა და თაღლითობაში, რაც გამოიხატა შემდეგში:
2018 წლის 12 მარტს მარიამ ქერეჭაშვილმა სოციალურ ქსელ „ფ-ის“ პირად გვერდზე განათავსა საჯარო განცხადება, რომ სჭირდებოდა ტექნიკური დახმარება „ეფლის“ ფირმის ძველი „IPhone 6-ის“ მოდელის მობილური ტელეფონის აპარატში არსებული მონაცემთა ბაზის, ე.წ. „iCloud-ის“, „ეფლის“ ფირმის ახალი „IPhone 7-ის“ მოდელის მობილური ტელეფონის აპარატში გადმოსატანად. ლ. გ-მა, რომელიც დარეგისტრირებული იყო ხსენებულ სოციალურ ქსელში, განიზრახა მოტყუებით დაუფლებოდა მ. ქ-ის კუთვნილ მობილურ ტელეფონს, კერძოდ, მ. ქ-ის კუთვნილი მობილური ტელეფონის მონაცემთა ბაზაში უკანონო შეღწევით დაებლოკა მობილური ტელეფონი და თითქოსდა, განბლოკვის მიზნით, მოტყუებით დაუფლებოდა მას.
ლ. გ. სოციალურ ქსელ „ფ-ის“ მეშვეობით იმავე დღეს შეეხმიანა მ. ქ-ს და აღუთქვა დახმარება. ლ. გ-მა მ. ქ-ს გაუგზავნა „ფიშერული“ პროგრამის ლინკი, რომელსაც იყენებდა კომპიუტერულ სისტემაში უნებართვოდ შეღწევის მიზნით. აღნიშნულით ლ. გ-მა მოიპოვა ავტორიზაცია მ. ქ-ის „iCloud-ის“ ელ-ფოსტასა და პაროლზე, რომლებიც უნებართვოდ შეცვალა, რის შემდეგაც მ. ქ-მა დაკარგა წვდომა კუთვნილ მობილურ ტელეფონზე. ლ. გ-მა მ. ქ-ს უთხრა, რომ დაეხმარებოდა დაბლოკილი ტელეფონისათვის ბლოკის მოხსნაში, რაც მან დაიჯერა.
ამ მიზნით, 2018 წლის 14 მარტს, დაახლოებით 21:30 საათზე, ქ. თ-ში, შ-ოს ქუჩა N--ში მდებარე ტექნიკის მაღაზიასთან, ლ. გ. შეხვდა მ. ქ-ს, რომელსაც მოტყუებით, თითქოსდა ბლოკის მოხსნის მიზნით, გამოართვა მისი კუთვნილი, 1000 ლარად ღირებული „ეფლის“ ფირმის „IPhone 7-ის“ მოდელის მობილური ტელეფონი თავისივე ყუთითა და საგარანტიო ფურცლით. ამის შემდეგ ლ. გ-მა მ. ქ-ის კუთვნილი მობილური ტელეფონი 950 ლარად ჩააბარა ქ. თ-ში, პ-ის ქუჩა N--ში მდებარე ლომბარდში.
2. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიამ 2019 წლის 11 იანვრის სხდომაზე განიხილა ქ.თბილისის ძველი თბილისის რაიონული პროკურატურის პროკურორ ნინო მიქავას შუამდგომლობა - საქმის არსებითი განხილვის გარეშე განაჩენის გამოტანის შესახებ ბრალდებულ ლ. გ-ის მიმართ, რომლითაც პროკურორმა მოითხოვა ლევან გათიაშვილთან 2019 წლის 10 იანვარს გაფორმებული საპროცესო შეთანხმების დამტკიცება შემდეგი პირობებით:
ლ. გ. ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 284-ე მუხლის პირველი ნაწილითა და საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით; საქართველოს სსკ-ის 284-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული ქმედების ჩადენისათვის ლ. გ-ს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 2 წლით, ხოლო საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით - თავისუფლების აღკვეთა 4 წლით. საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქას ნაკლებად მკაცრი და ლევან გათიაშვილს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 4 წლით.
საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-2 და მე-4 ნაწილების თანახმად, გორის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 11 ივლისის განაჩენით დანიშნულმა უფრო მკაცრმა სასჯელმა - თავისუფლების აღკვეთამ 4 წლითა და 6 თვით, შთანთქას ნაკლებად მკაცრი: თბილისის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 22 მაისის განაჩენით დანიშნული სასჯელი - თავისუფლების აღკვეთა 4 წლით; თბილისის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 7 აგვისტოს განაჩენით დანიშნული სასჯელი - თავისუფლების აღკვეთა 4 წლით; გორის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 30 აგვისტოს განაჩენით დანიშნული სასჯელი - თავისუფლების აღკვეთა 3 წლით; წინამდებარე საპროცესო შეთანხმებით განსაზღვრული სასჯელი - თავისუფლების აღკვეთა 4 წლით და საბოლოოდ ლ. გ-ს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 4 წლითა და 6 თვით.
ლ. გ-ს საბოლოო სასჯელში ჩაეთვალოს: თბილისის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 22 მაისის განაჩენით დანიშნული და ნაწილობრივ მოხდილი სასჯელი - 2018 წლის 27 მაისიდან; გორის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 11 განაჩენით დანიშნული და ნაწილობრივ მოხდილი სასჯელი - 2018 წლის 11 ივლისიდან; თბილისის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 7 აგვისტოს განაჩენით დანიშნული და ნაწილობრივ მოხდილი სასჯელი - 2018 წლის 7 აგვისტოდან; გორის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 30 აგვისტოს განაჩენით დანიშნული და ნაწილობრივ მოხდილი სასჯელი - 2018 წლის 30 აგვისტოდან და სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყოს მოცემული განაჩენის მიღების დღიდან.
3. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2019 წლის 11 იანვრის საოქმო განჩინებით არ დაკმაყოფილდა პროკურორ ნინო მიქავას შუამდგომლობა ბრალდებულ ლევან გათიაშვილის მიმართ საქმის არსებითი განხილვის გარეშე განაჩენის გამოტანის შესახებ და საქმე დაუბრუნდა პროკურორს.
4. აღნიშნული საოქმო განჩინება თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში სააპელაციო წესით გაასაჩივრა პროკურორმა ნინო მიქავამ, რომელიც ითხოვს ბრალდების მხარესა და ბრალდებულ ლ. გ-ს შორის მიღწეული საპროცესო შეთანხმების დამტკიცებას, საპროცესო შეთანხმების ოქმსა და შუამდგომლობაში ასახული პირობებით.
5. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2019 წლის 7 თებერვლის განჩინებით თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2019 წლის 11 იანვრის საოქმო განჩინება საპროცესო შეთანხმების დამტკიცებაზე უარის თქმის შესახებ დარჩა უცვლელად.
6. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა პროკურორმა ნინო მიქავამ და ითხოვა ლ. გ-ის მიმართ საპროცესო შეთანხმების დამტკიცება.
7. საკასაციო პალატამ შეისწავლა საკასაციო საჩივარი და მივიდა დასკვნამდე, რომ იგი არ აკმაყოფილებს საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს, რის გამოც არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად, კერძოდ: საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილი ამომწურავად იძლევა იმ საფუძველთა ჩამონათვალს, რომელთა არსებობის შემთხვევაში საკასაციო საჩივარი დასაშვებად ჩაითვლება, ასეთებია:
ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებასა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას;
ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია;
გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება;
დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;
ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე;
ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს;
ზ) კასატორი არასრულწლოვანი მსჯავრდებულია.
8. საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ მოცემულ სისხლის სამართლის საქმეში არ მოიპოვება არცერთი ზემოაღნიშნული საფუძველი.
9. საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ ლ. გ-სთვის საბოლოო სასჯელის განსაზღვრა შუამდგომლობაში მითითებული წესით, მოკლებულია სამართლებრივ საფუძველს.
10. საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-32, მე-33, მე-4 ნაწილებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. ძველი თბილისის რაიონული პროკურატურის პროკურორ ნინო მიქავას საკასაციო საჩივარი არ იქნეს დაშვებული განსახილველად.
2. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე გ. შავლიაშვილი
მოსამართლეები: ბ. ალავიძე
პ. ქათამაძე