საკასაციო საჩივარი ცნობილია დაუშვებლად

სისხლის სამართლის 08.05.2019
საქმის ნომერი
2კ-699აპ.-18
დავის ტიპი
საკასაციო საჩივარი
თარიღი
08.05.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე # 330100117002193921

საქართველოს უზენაესი სასამართლო

განჩინება

საქართველოს სახელით

საკასაციო საჩივრის დასაშვებობის

შემოწმების შესახებ

საქმე №699აპ-18 ქ. თბილისი

ბ-ე კ, 699აპ-18 8 მაისი, 2019 წელი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

გიორგი შავლიაშვილი (თავმჯდომარე),ბესარიონ ალავიძე, პაატა ქათამაძე

ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2018 წლის 24 სექტემბრის განაჩენზე თბილისის ვაკე-საბურთალოს რაიონული პროკურორის მოადგილის სოსო სალთხუციშვილისა და მსჯავრდებულ კ. ბ-ს ინტერესების დამცველის, ადვოკატ თ. ხ-ს საკასაციო საჩივრების დასაშვებობის საკითხი და

გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:

1. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2018 წლის 18 აპრილის განაჩენით კ. ბ-ე, - დაბადებული .....წელს, - ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,დ“ და მე-4 ნაწილის ,,ბ“, ,,გ“ ქვეპუნქტებით და მიესაჯა 7 წლით თავისუფლების აღკვეთა (2017 წლის 15 ოქტომბრის ეპიზოდი).

საქართველოს სსკ-ის 67-ე მუხლის მე-5 ნაწილისა და 72-ე მუხლის მე-6 ნაწილის საფუძველზე გაუქმდა თბილისის საქალაქო სასამართლოს 2014 წლის 15 დეკემბრის განაჩენით განსაზღვრული პირობითი სასჯელი - 2 წლით თავისუფლების აღკვეთა, ასევე – საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს აღმოსავლეთ საქართველოს პირველი ადგილობრივი საბჭოს გადაწყვეტილებით პირობით ვადამდე გათავისუფლების შედეგად მოუხდელი სასჯელი - 5 თვითა და 27 დღით თავისუფლების აღკვეთა. ბოლო განაჩენით დანიშნულმა უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქა წინა განაჩენით დანიშნული მოუხდელი სასჯელი და კ. ბ-ს სასჯელის ზომად განესაზღვრა 7 წლით თავისუფლების აღკვეთა. მას სასჯელის საბოლოო მოხდა დაეწყო 2017 წლის 23 ოქტომბრიდან.

2. სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს 2009 წლის 23 მარტის განაჩენით საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“, ,,ბ“ ქვეპუნქტებითა და თბილისის საქალაქო სასამართლოს 2014 წლის 15 დეკემბრის განაჩენით სსკ-ის 178-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ და მე-3 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტებით ნასამართლევი კ. ბ-ე 2017 წლის 15 ოქტომბერს, დაახლოებით 04:35 საათიდან 06:15 საათამდე დროის პერიოდში, ქ. თ-ი, კ-ს ქუჩა #...-ში მდებარე სასტუმრო ,,ბ-ნ“, ფარულად, მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, დაეუფლა ამავე სასტუმროს კუთვნილ ,,ელჯის”-ის ფირმის DVD პლეიერს და სამ ცალ დინამიკს, ,,ელჯის”-ის ფირმის ტელევიზორს, 2 ცალ ,,მილდიანის“ ფირმის საფერავის ღვინოს, 1 ცალ ,,მილდიანის“ ფირმის თეთრ ღვინოს, 1 ცალ ,,მილდიანის“ ფირმის წითელ ღვინოს, 2 ცალ ,,მილდიანის“ და ,,ასკანელის“ ფირმის ალკოჰოლურ სასმელებს, ფულს – 1094 ლარს, ხოლო სასტუმრო შპს ,,ბ-ს“ ეზოდან – ამავე სასტუმროს სახელზე რიცხულ ,,მაზდა მპვ” ფირმის ავტომანქანას, სახ.#.... აღნიშნული ქმედებით შპს ,,ბ-ს“ მიადგა 10 533,20 ლარის –დიდი ოდენობით ქონებრივი ზიანი.

3. აღნიშნულ განაჩენში თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2018 წლის 24 სექტემბრის განაჩენით შევიდა ცვლილება, კერძოდ:

კ. ბ-ს ქმედება საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-4 ნაწილის ,,გ“ ქვეპუნქტიდან გადაკვალიფიცირდა სსკ-ის 177-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტზე.

კ. ბ-ე ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“, ,,დ“ და მე-4 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტებით და მიესაჯა 7 წლით თავისუფლების აღკვეთა.

საქართველოს სსკ-ის 67-ე მუხლის მე-5 ნაწილისა და სსკ-ის 72-ე მუხლის მე-6 ნაწილის თანახმად, გაუქმდა თბილისის საქალაქო სასამართლოს 2014 წლის 15 დეკემბრის განაჩენით განსაზღვრული პირობითი სასჯელი - 2 წლით თავისუფლების აღკვეთა, ასევე – საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს აღმოსავლეთ საქართველოს პირველი ადგილობრივი საბჭოს გადაწყვეტილებით პირობით ვადამდე გათავისუფლების შედეგად მოუხდელი სასჯელი - 5 თვითა და 27 დღით თავისუფლების აღკვეთა, ბოლო განაჩენით შეფარდებულმა უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქა წინა განაჩენით შეფარდებული მოუხდელი სასჯელი და საბოლოოდ, განაჩენთა ერთობლიობით, კ. ბ-ს სასჯელის ზომად განესაზღვრა 7 წლით თავისუფლების აღკვეთა. მას სასჯელის მოხდა დაეწყო 2017 წლის 23 ოქტომბრიდან.

4. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის განაჩენი საკასაციო წესით გაასაჩივრეს ბრალდებისა და დაცვის მხარეებმა.

პროკურორი სოსო სალთხუციშვილი საკასაციო საჩივრით ითხოვს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2018 წლის 24 სექტემბრის განაჩენში, კვალიფიკაციის ნაწილში, ცვლილების შეტანას, კერძოდ: კ. ბ-ს დამნაშავედ ცნობას საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,დ” და მე-4 ნაწილის ,,ბ“, ,,გ“ ქვეპუნქტებით, იმ მოტივით, რომ იგი ორჯერ იყო ნასამართლევი საკუთრების წინააღმდეგ მიმართული დანაშაულისთვის.

მსჯავრდებულ კ. ბ-ს ინტერესების დამცველი, ადვოკატი თ. ხ-ი საკასაციო საჩივრით ითხოვს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2018 წლის 24 სექტემბრის განაჩენში ცვლილების შეტანას, კერძოდ: კ. ბ-ს გამართლებას საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-4 ნაწილის ,,გ“ ქვეპუნტით, გათვალისწინებულ ქმედებაში იმ მოტივით, რომ დიდი ოდენობით ქონებრივი ზიანის მიყენების ფაქტი არ დასტურდება გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით.

5. საკასაციო პალატამ შეისწავლა საკასაციო საჩივრები და დაასკვნა, რომ ისინი არ აკმაყოფილებს საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს, რის გამოც არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად, კერძოდ: საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილი ამომწურავად იძლევა იმ საფუძველთა ჩამონათვალს, რომელთა არსებობის შემთხვევაში საკასაციო საჩივარი დასაშვებად ჩაითვლება, ასეთებია:

ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებასა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას;

ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია;

გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება;

დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;

ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე;

ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს;

ზ) კასატორი არასრულწლოვანი მსჯავრდებულია.

6. საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ მოცემულ სისხლის სამართლის საქმეში არ მოიპოვება არცერთი ზემოაღნიშნული საფუძველი.

7. საკასაციო პალატის მოსაზრებით, სააპელაციო სასამართლომ საქმეში არსებული ფაქტობრივი გარემოებები და წარმოდგენილი მტკიცებულებები სრულყოფილად და ობიექტურად შეაფასა.

8. პალატა არ იზიარებს პროკურორის საკასაციო საჩივრის მოთხოვნას და მიუთითებს, რომ ახალი დანაშაულის ჩადენის დროისთვის კ. ბ-ს თბილისის საქალაქო სასამართლოს 2009 წლის 23 მარტის განაჩენით დადგენილი ნასამართლობა გაქარწყლებული ჰქონდა, რის გამოც იგი ვერ შეერაცხება მაკვალიფიცირებელ გარემოებად.

9. უსაფუძვლოა ასევე დაცვის მხარის პოზიციაც, ვინაიდან წარმოდგენილი მტკიცებულებებით, მათ შორის - ამოღებული ვიდეოჩანაწერებითა და დოკუმენტაციით, რ. ნ-ს ჩვენებით, სასაქონლო ექსპერტიზის #.... დასკვნით - გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით დგინდება კ. ბ-ს მიერ დიდი ოდენობით ქონების დაუფლების ფაქტი.

10. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ვინაიდან არ იკვეთება საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არცერთი მოთხოვნა, საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-32, მე-33, მე-4 ნაწილებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. თბილისის ვაკე-საბურთალოს რაიონული პროკურორის მოადგილის – სოსო სალთხუციშვილისა და მსჯავრდებულ კ. ბ-ს ინტერესების დამცველის, ადვოკატ თ. ხ-ს საკასაციო საჩივრები არ იქნეს დაშვებული განსახილველად.

2. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე გ. შავლიაშვილი

მოსამართლეები: ბ. ალავიძე

პ. ქათამაძე