საკასაციო საჩივარი ცნობილია დაუშვებლად

სისხლის სამართლის 05.06.2019
საქმის ნომერი
2კ-788აპ.-18
დავის ტიპი
საკასაციო საჩივარი
თარიღი
05.06.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე # 010141318700070766

საქართველოს უზენაესი სასამართლო

განჩინება

საქართველოს სახელით

საკასაციო საჩივრის დასაშვებობის

შემოწმების შესახებ

№788აპ-18 ქ. თბილისი

გ. ი. 788აპ-18 5 ივნისი, 2019 წელი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

გიორგი შავლიაშვილი (თავმჯდომარე),ბესარიონ ალავიძე, პაატა ქათამაძე

ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2018 წლის 30 ოქტომბრის განაჩენზე მსჯავრდებულ ი. გ-ს და მისი ინტერესების დამცველის, ადვოკატ ნ. ა-ს საკასაციო საჩივრების დასაშვებობის საკითხი და

გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:

1. ბოლნისის რაიონული სასამართლოს 2017 წლის 13 ნოემბრის განაჩენით ი. გ. , - დაბადებული 1... წელს, - ცნობილ იქნა დამნაშავედ და მიესაჯა:

საქართველოს სსკ–ის 117–ე მუხლის მე–7 ნაწილის „ვ“ ქვეპუნქტით - 10 წლით თავისუფელბის აღკვეთა.

საქართველოს სსკ–ის 126–ე მუხლის პირველი ნაწილით - 1 წლით თავისუფლების აღკვეთა.

საქართველოს სსკ–ის 59–ე მუხლის მე–3 ნაწილის საფუძველზე საქართველოს სსკ–ის 117–ე მუხლის მე–7 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით დანიშნულმა უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქა საქართველოს სსკ–ის 126–ე მუხლის პირველი ნაწილით დანიშნული ნაკლებად მკაცრი სასჯელი და დანაშაულთა ერთობლიობით ი. გ-ს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 10 წლით.

საქართველოს სსკ–ის 67–ე მუხლის მე–5 ნაწილის თანახმად, გაუქმდა ბოლნისის რაიონული სასამართლოს 2014 წლის 4 ივლისის განაჩენით საქართველოს სსკ–ის 151–ე, სსკ–ის 160–ე მუხლის მე–3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტითა და სსკ–ის 187–ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულებისათვის დანიშნული პირობითი მსჯავრი – თავისუფლების აღკვეთა 2 წლით და სსკ–ის 59–ე მუხლის მე–5 ნაწილის შესაბამისად, ბოლო განაჩენით დანიშნულმა სასჯელმა მთლიანად შთანთქა წინა განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილი და საბოლოოდ, განაჩენთა ერთობილობით, ი. გ-ს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 10 წლით.

ი. გ-ს სასჯელის მოხდა აეთვალა დაკავების დღიდან – 2017 წლის 20 მარტიდან.

2. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2018 წლის 30 ოქტომბრის განაჩენით ბოლნისის რაიონული სასამართლოს 2017 წლის 13 ნოემბრის განაჩენი დარჩა უცვლელად.

3. ი. გ-ს მსჯავრი დაედო სხვაგვარ ძალადობაში, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია, მაგრამ არ მოჰყოლია ამ კოდექსის 120–ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, რაც გამოიხატა შემდეგში:

2017 წლის 16 მარტს, ღამის საათებში, ქ. მ-ში, რ-ს ქუჩაზე მდებარე სლოტკლუბ „ლ-ს“ მიმდებარე ტერიტორიაზე, ურთიერთშეკამათების დროს, ი. გა-მ კ. ზ-ს მიაყენა ფიზიკური შეურაცხყოფა, კერძოდ, ხელი დაარტყა ერთხელ კისრის არეში, რის გამოც მან განიცადა ფიზიკური ტკივილი.

მანვე ჩაიდინა ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანება, ე.ი. სხეულის დაზიანება, რომელიც სახიფათოა სიცოცხლისათვის იმის მიერ, ვისაც ადრე ჩადენილი ჰქონდა ამ კოდექსის 108–ე ან 109–ე მუხლით გათვალისწინებული მკვლელობა, რაც გამოიხატა შემდეგში:

მარნეულის რაიონული სასამართლოს 2000 წლის 14 თებერვლის განაჩენით ი. გ. ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ–ის 105–ე მუხლით (ძველი რედაქცია), 238–ე მუხლის მე–5 ნაწილით (ძველი რედაქცია) და ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 11 წლით.

მიუხედავად იმისა, რომ ი. გ. ნასამართლევი იყო მკვლელობისთვის, 2017 წლის 16 მარტს, ღამის საათებში, ქ. მ-ში, რ-ს ქუჩაზე მდებარე სს „პ-ს“ შენობის გვერდით, ი. გ. და რ. რ. შეკამათდნენ, რაც შემდეგ ჩხუბში გადაიზარდა. ი. გ-მ რ. რ-ს სახეში დაარტყა ხელი, რის შედეგადაც რ. რ. წაიქცა, ხოლო შემდგომ მან წაქცეულს კვლავ სახეში რამდენჯერმე დაარტყა ფეხი, რის გამოც რ. რ-მ დაკარგა გონება, ი. გ-მ კი დატოვა შემთხვევის ადგილი. მოგვიანებით, რამდენიმე წუთის შემდეგ, ი. გ. კვლავ დაბრუნდა სს „პ. ბ-ს“ შენობის გვერდით, შემთხვევის ადგილზე და წაქცეულ რ. რ-ს კვლავ დაარტყა სახეში ხელი. ი. გ-ს ქმედების შედეგად რ. რ-მ მიიღო ჯანმრთელობის მძიმე ხარისხის დაზიანება, რომელიც სახიფათოა სიცოცხლისათვის.

4. კასატორი - მსჯავრდებულ ი. გ-ს ადვოკატი ითხოვს გამამართლებელი განაჩენის დადგენას იმ მოტივით, რომ იგი ეყრდნობა მოწმეთა ურთიერთსაწინააღმდეგო ჩვენებებს; გარდა ამისა, ადვოკატი მიუთითებს, რომ ქმედება, რომელსაც ბრალდების მხარე მსჯავრდებულს ედავება, არ უნდა დაკვალიფიცირებულიყო საქართველოს სსკ–ის 117–ე მუხლის მე–7 ნაწილის „ვ“ ქვეპუნქტით, ვინაიდან აღნიშნული მუხლის მაკვალიფიცირებელ ნიშანს წარმოადგენს წარსულში სსკ–ის 108–ე მუხლით გათვალისწინებული მკვლელობის ჩადენა, ხოლო მსჯავრდებული ნასამართლევია არა სსკ–ის 108–ე მუხლით, არამედ - საქართველოს სსკ–ის 105–ე მუხლით (ძველი რედაქციით). მსჯავრდებული ი. გ. საკასაციო საჩივარით ითხოვს კანონიერი და სამართლიანი განაჩენის გამოტანას.

5. საკასაციო პალატამ შეისწავლა საკასაციო საჩივრები და დაასკვნა, რომ ისინი არ აკმაყოფილებს საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს, რის გამოც არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად, კერძოდ: საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილი ამომწურავად იძლევა იმ საფუძველთა ჩამონათვალს, რომელთა არსებობის შემთხვევაში საკასაციო საჩივარი დასაშვებად ჩაითვლება, ასეთებია:

ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებასა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას;

ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია;

გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება;

დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;

ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე;

ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს;

ზ) კასატორი არასრულწლოვანი მსჯავრდებულია.

6. საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ მოცემულ სისხლის სამართლის საქმეში არ მოიპოვება არცერთი ზემოაღნიშნული საფუძველი.

7. საკასაციო პალატის მოსაზრებით, სააპელაციო სასამართლომ საქმეში არსებული ფაქტობრივი გარემოებები და წარმოდგენილი მტკიცებულებები სრულყოფილად და ობიექტურად შეაფასა.

8. პალატა არ იზიარებს კასატორის მოსაზრებას იმის შესახებ, რომ განაჩენი ეყრდნობა მოწმეთა ურთიერთსაწინააღმდეგო ჩვენებებს, ვინაიდან დაზარალებულების - კ. ზ-ს და რ. რ-ს, ასევე მოწმეების - ო. მ-ს, ა. ჯ-ს და ე. მ-ს ჩვენებები თანმიმდევრული და დამაჯერებელია, ისინი შესაბამება როგორც ერთმანეთს, ისე - საქმეში არსებულ სხვა მტკიცებულებებს, რის გამოც პალატას მათი საეჭვოდ მიჩნევის საფუძველი არ გააჩნია.

9. პალატა არ იზიარებს ასევე ადვოკატის მოსაზრებას, რომ ი. გ-ს შერაცხული ქმედება არ უნდა დაკვალიფიცირებულიყო საქართველოს სსკ–ის 117–ე მუხლის მე–7 ნაწილის „ვ“ ქვეპუნქტით, ვინაიდან აღნიშნული მუხლის მაკვალიფიცირებელ ნიშანს წარმოადგენს წარსულში სსკ–ის 108–ე მუხლით გათვალისწინებული მკვლელობის ჩადენა, ხოლო მსჯავრდებული ნასამართლევია საქართველოს სსკ–ის 105–ე მუხლით (ძველი რედაქციით) და სრულად იზიარებს სააპელაციო პალატის შეფასებას ამ ნაწილშიც, კერძოდ:

მოცემულ შემთხვევაში კანონმდებლის მიზანია, უფრო მძიმე პასუხისმგებლობა დააწესოს საქართველოს სსკ-ის 117-ე მუხლით (ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანება) გათვალისწინებული დანაშაულის ჩამდენი პირისთვის იმ შემთხვევაში, როდესაც იგი ნასამართლევია მკვლელობისთვის. შესაბამისად, ვინაიდან ი. გ. მარნეულის რაიონული სასამართლოს 2000 წლის 14 თებერვლის განაჩენით ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ–ის 105–ე მუხლით (განზრახ მკვლელობა, 1960 წლის რედაქცია) და ნასამართლობა მოხსნილი ან გაქარწყლებული არ ჰქონია, მხოლოდ მუხლის ნუმერაციის ცვლილება (იმის გათვალისწინებით, რომ ნორმატიული შინაარსი იდენტურია) გავლენას ვერ მოახდენს მისი ქმედების კვალიფიკაციაზე.

10. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ვინაიდან არ იკვეთება საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არცერთი მოთხოვნა, საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-32, მე-33, მე-4 ნაწილებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. მსჯავრდებულ ი. გ-ს და მისი ინტერესების დამცველის, ადვოკატ ნ. ა-ს საკასაციო საჩივრები არ იქნეს დაშვებული განსახილველად.

2. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე გ. შავლიაშვილი

მოსამართლეები: ბ. ალავიძე

პ. ქათამაძე