საკასაციო საჩივარი ცნობილია დაუშვებლად

სისხლის სამართლის 29.07.2019
საქმის ნომერი
2კ-158აპ.-19
დავის ტიპი
საკასაციო საჩივარი
თარიღი
29.07.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე # 330100117002113880

საქართველოს უზენაესი სასამართლო

განჩინება

საქართველოს სახელით

საკასაციო საჩივრების დასაშვებობის

შემოწმების შესახებ

№158აპ-19 ქ. თბილისი

ჭ. შ., 158აპ-19 29 ივლისი, 2019 წელი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

გიორგი შავლიაშვილი (თავმჯდომარე),ბესარიონ ალავიძე, პაატა ქათამაძე

ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2019 წლის 15 იანვრის განაჩენზე მსჯავრდებულების – მ. მ-სა და შ. ჭ-ს საკასაციო საჩივრების დასაშვებობის საკითხი და

გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:

1. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2018 წლის 13 აპრილის განაჩენით მ. მ., – დაბადებული 19-- წელს, ნასამართლევი და შ. ჭ., – დაბადებული 19-- წელს, ნასამართლევი, – ცნობილ იქნენ დამნაშავეებად საქართველოს სსკ-ის 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“, „გ“, მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტებით და მიესაჯათ 9-9 წლით თავისუფლების აღკვეთა. საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე მსჯავრდებულ შ. ჭ-სათვის დანიშნულმა სასჯელმა შთანთქა ხაშურის რაიონული სასამართლოს 2016 წლის 7 ივნისის განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილი – ჯარიმა 1000 ლარი და განაჩენთა ერთობლიობით, საბოლოოდ განესაზღვრა 9 წლით თავისუფლების აღკვეთა. მსჯავრდებულებს სასჯელის მოხდა დაეწყოთ 2017 წლის 30 აგვისტოდან.

2. აღნიშნული განაჩენი თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2019 წლის 15 იანვრის განაჩენით დარჩა უცვლელად.

3. თბილისის სააპელაციო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ მ. მ-მ და შ. ჭ-მ ჩაიდინეს ყაჩაღობა, ე.ი. თავდასხმა სხვისი მოძრავი ნივთის მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, ჩადენილი სიცოცხლისათვის საშიში ძალადობის გამოყენების მუქარით, ჯგუფურად, სატრანსპორტო საშუალების წინააღმდეგ, არაერთგზის, რაც გამოიხატა შემდეგში:

· მ. მ. ხაშურის რაიონული სასამართლოს 2011 წლის 21 ივნისის განაჩენით, ხოლო შ. ჭ. – ქარელის რაიონული სასამართლოს 2002 წლის 22 ნოემბრის განაჩენით გასამართლებულები არიან საკუთრების წინააღმდეგ მიმართული დანაშაულებისათვის.

· 2017 წლის 29 აგვისტოს, დაახლოებით 20:00 საათზე, --- მდებარე რესტორან „ჭ-ს“ მიმდებარე ტერიტორიაზე, შ. ჭ-მ, მ. მ-მ და ა. თ-მ ქ-ში წასვლის მიზნით შეაჩერეს ტაქსი, რომელსაც მართავდა თ. მ., მორიგდნენ მგზავრობის თანხის გადახდაზე და გაემართნენ ქ-საკენ. გზაში შ. ჭ-მ, თითქოსდა დის დამგზავრების მიზნით, მძღოლს სთხოვა ლ-ს ქუჩაზე გავლა. მძღოლი დაემორჩილა მის თხოვნას. --- მიმდებარე ტერიტორიაზე მისვლისას, შ. ჭ-მ და მ. მ-მ დანის გამოყენებით, სიცოცხლისათვის საშიში ძალადობით თ. მ.ს მოსთხოვეს ფული და კუთვნილი „OPEL VEQTRA-ს“ მოდელის ავტომანქანა, სახ. №---.

4. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის განაჩენი საკასაციო წესით გაასაჩივრეს მსჯავრდებულებმა. წარმოდგენილი საკასაციო საჩივრებით კასატორები ითხოვენ თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2019 წლის 15 იანვრის გამამტყუნებელი განაჩენის გაუქმებასა და მათ მიმართ გამამართლებელი განაჩენის დადგენას იმ მოტივით, რომ მათ დანაშაული არ ჩაუდენიათ, მხოლოდ შეკამათება მოუხდათ ტაქსის მძღოლთან.

5. საკასაციო პალატამ შეისწავლა საკასაციო საჩივრები და დაასკვნა, რომ ისინი არ აკმაყოფილებს საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებულ მოთხოვნებს, რის გამოც არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად, კერძოდ: საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილი ამომწურავად იძლევა იმ საფუძველთა ჩამონათვალს, რომელთა არსებობის შემთხვევაში საკასაციო საჩივარი დასაშვებად ჩაითვლება, ასეთებია:

ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებასა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას;

ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია;

გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება;

დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;

ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე;

ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს;

ზ) კასატორი არასრულწლოვანი მსჯავრდებულია.

6. საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ მოცემულ სისხლის სამართლის საქმეში არ მოიპოვება არცერთი ზემოაღნიშნული საფუძველი.

7. მსჯავრდებულების – მ. მ-ს და შ. ჭ-ს საკასაციო საჩივრებს საკასაციო პალატა არ ეთანხმება და მიაჩნია, რომ მტკიცებულებათა ერთობლიობა (დაზარალებულ თ. მ-ს და მსჯავრდებულების თანმხლები პირის – მოწმე ა. თ-ს ჩვენებები, რომლებიც შეესაბამება ერთმანეთს, პირის ამოცნობის 2017 წლის 31 ივლისის ოქმები, სასამართლო სამედიცინო ექსპერტიზის 2017 წლის 5 სექტემბრის №---, ბიოლოგიური (გენეტიკური) ექსპერტიზის 2017 წლის 2 სექტემბრის №--- და ოდოროლოგიური ექსპერტიზის 2017 წლის 8 სექტემბრის №--- დასკვნები, საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმები და სხვა მტკიცებულებები), რომელიც წარმოდგენილია სისხლის სამართლის საქმეში, გონივრულ ეჭვს მიღმა მტკიცებულებითი სტანდარტით ადასტურებს მ. მ-ს და შ. ჭ-ს მიერ მათთვის მსჯავრად შერაცხული ქმედებების ჩადენას.

8. გასათვალისწინებელია ისიც, რომ მსჯავრდებულთა თანმხლები პირი – ა. თ., საქართველოს სსსკ-ის 176-ე მუხლის 1-ლი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის საფუძველზე, იმის გამო, რომ არ დადასტურდა ეჭვი მის მიერ მართლსაწინააღმდეგო ქმედების ჩადენის შესახებ, პროკურორ ეკა ჭაავას დადგენილებით გათავისუფლდა დაკავებიდან. ამიტომ დაზარალებულის ჩვენების სანდოობაში დაეჭვების საფუძველი პალატას არ გააჩნია.

9. შესაბამისად, ვინაიდან მოცემულ შემთხვევაში არ იკვეთება საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 და მე-31 ნაწილებით გათვალისწინებული გარემოებები, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ საკასაციო საჩივრები დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი.

10. საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33, მე-4 ნაწილების შესაბამისად, საკასაციო პალატამ

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. მსჯავრდებულების – მ. მ-ს და შ. ჭ-ს საკასაციო საჩივრები არ იქნეს დაშვებული განსახილველად.

2. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე გ. შავლიაშვილი

მოსამართლეები: ბ. ალავიძე

პ. ქათამაძე