საქმე დაუბრუნდა განუხილველად საჩივრის უკან გათხოვის გამო

სისხლის სამართლის 30.07.2019
საქმის ნომერი
2კ-33-I-19
დავის ტიპი
კერძო საჩივარი
თარიღი
30.07.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე # 330802219003098807

საქართველოს უზენაესი სასამართლო

განჩინება

საქართველოს სახელით

№33I-19 ქ. თბილისი

ა. ა-რ, 33I-19 30 ივლისი, 2019 წელი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

გიორგი შავლიაშვილი (თავმჯდომარე),ბესარიონ ალავიძე, პაატა ქათამაძე

სხდომის მდივან - კონსტანტინე თოდრიას

პროკურორ - ნანიკო ზაზუნაშვილის

ადვოკატების - ს. კ-სა და ლ. კ-ის

ექსტრადიციას დაქვემდებარებული პირის - ა. ა-ის

თარჯიმან – თ. შ-ას

მონაწილეობით განიხილა ექსტრადიციას დაქვემდებარებული პირის – ა. ა-ის -ინტერესების დამცველი ადვოკატების – ს. კ-სა და ს. მ-ას საკასაციო საჩივარი თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2019 წლის 17 ივლისის განჩინებაზე.

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

1. ა-ის რესპუბლიკიდან მოწოდებული მასალების თანახმად:

2018 წლის 20 ივნისს ა-ის რესპუბლიკის გენერალურ პროკურორთან არსებული კორუფციასთან ბრძოლის მთავარი სამმართველოს საგამოძიებო სამმართველომ გამოიტანა დადგენილება ა. ა-ის ბრალდებულის სახით პასუხისგებაში მიცემის შესახებ. აღნიშნული დადგენილების თანახმად, ა. ა-ს ბრალად ედება ა-ის რესპუბლიკის სისხლის სამართლის კოდექსის 178.3.2, 29, 178.3.2 და 32.4, 312.2 მუხლებით (თაღლითობა, ჩადენილი დიდი ოდენობით; დიდი ოდენობით თაღლითობის მცდელობა და ქრთამის მიცემის წაქეზება) გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენა.

იმავე დღეს ა-ის რესპუბლიკის სამართალდამცავმა ორგანოებმა გამოაცხადეს ა. ა-ის ძებნა.

2018 წლის 28 ივნისს ბ-ს ბინაგადინის რაიონული სასამართლოს მოსამართლის განჩინებით ა. ა-ს აღკვეთის ღონისძიების სახით შეეფარდა პატიმრობა 2 თვით.

2019 წლის 13 თებერვლიდან ა. ა. იძებნება ინტერპოლის წითელი ცირკულარით.

2. ა-ის რესპუბლიკიდან მოწოდებული მასალების თანახმად, ა. ა-ის მიერ ა-ის რესპუბლიკაში ჩადენილი დანაშაულებრივი ქმედებები გამოიხატა შემდეგში:

2015 წლის ნოემბერში ა-ის რესპუბლიკის ტერიტორიაზე ა. ა-მა თავის ნაცნობ ა. რ-თან წინასწარი შეთანხმებით, ცრუ დაპირებებით დაარწმუნა ა. შ. და ე. მ., რომ ისინი მიიღებდნენ შემოსავალს ე-ში არსებულ სამშენებლო პროექტებში ფულის დაბანდებით და 2016 წლის იანვარში ამ უკანასკნელებისაგან მიიღო თანხა, ჯამურად – დაახლოებით 156 000 ამერიკული დოლარი. წინასწარ შეთანხმებული გეგმის თანახმად, მითითებული თანხის უდიდესი ნაწილი, რაც შეადგენდა დაახლოებით 187 910 ა. მ-ს, უკანონოდ მიითვისეს ა. ა-ა და ა. რ-მა და დახარჯეს პირადი შეხედულებისამებრ.

გარდა აღნიშნულისა, ა. ა-მა ა. რ-თან წინასწარი შეთანხმების საფუძველზე დაარწმუნა ა. შ-ი, რომ მისი მაღალჩინოსანი ნაცნობების დახმარებით, 310 000 ამერიკული დოლარის სანაცვლოდ, ა. შ-ვის ძმას შეუცვლიდა აღკვეთის ღონისძიების სახით გამოყენებულ პატიმრობას აღკვეთის უფრო მსუბუქი ღონისძიებით – შინაპატიმრობით. 2016 წლის 15-18 აპრილს ა. ა-მა მიიღო ა. შ-ის კუთვნილი თანხა – 471 554 ა. მ. და გაუნაწილა ა. რ-ს. ამასთან, ა. ა-ს ა. შერიფოვისაგან იმავე სქემის გამოყენებით დამატებით უნდა მიეღო 288 990 ა. მ., რაც ვერ შეძლო, მისგან დამოუკიდებელი გარემოებების გამო.

3. ზემოაღნიშნული ქმედება ისჯება ა-ის რესპუბლიკის სისხლის სამართლის კოდექსის 178.3.2, 29, 178.3.2 და 32.4, 312.2 მუხლებით (თაღლითობა, ჩადენილი დიდი ოდენობით; დიდი ოდენობით თაღლითობის მცდელობა და ქრთამის მიცემის წაქეზება), რაც სასჯელის სახედ და ზომად ითვალისწინებს 5-დან 10 წლამდე და 4-დან 8 წლამდე თავისუფლების აღკვეთას. ეს ქმედებები, ჩადენილი საქართველოს იურისდიქციაში, დაკვალიფიცირდებოდა საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტებით (თაღლითობა, ჩადენილი წინასწარი შეთანხმებით პირთა ჯგუფის მიერ, დიდი ოდენობით) და მე-19,180-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტებით (წინასწარი შეთანხმებით პირთა ჯგუფის მიერ დიდი ოდენობით თაღლითობის მცდელობა), რაც ითვალისწინებს 6-დან 9 წლამდე თავისუფლების აღკვეთას. რაც შეეხება ბრალდებას – დაზარალებულის წაქეზებას თანამდებობის პირისათვის ქრთამის მიცემაზე, აღნიშნული ელემენტი არსებული ფაქტობრივი მოცემულობით საქართველოს კანონმდებლობით არ არის დასჯადი.

4. 2019 წლის 12 მარტს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა საქართველოს ტერიტორიაზე დააკავეს ა-ის რესპუბლიკის სამართალდამცავი ორგანოების მიერ ძებნილი ა. ა-ი.

5. 2019 წლის 14 მარტს თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის მოსამართლის განჩინებით ა. ა-ს შეეფარდა საექსტრადიციო პატიმრობა 3 თვით.

6. 2019 წლის 10 აპრილს საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ მიიღო ა. ა-ის ექსტრადიციის თაობაზე ა-ის რესპუბლიკის კომპეტენტური ორგანოების შუამდგომლობა და შესაბამისი თანდართული დოკუმენტები.

7. 2019 წლის 14 ივნისს თბილისის სააპელაციო სასამართლოს საგამოძიებო კოლეგიის მოსამართლის განჩინებით ა. ა-სა და მისი ადვოკატების საჩივარი თბილისის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 10 ივნისის განჩინების გაუქმების თაობაზე დაუშვებლად იქნა ცნობილი. ამჟამად ა. ა. მოთავსებულია სპეციალური პენიტენციური სამსახურის №- პენიტენციურ დაწესებულებაში.

8. 2019 წლის 15 ივლისს თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიას შუამდგომლობით მიმართა საქართველოს გენერალური პროკურატურის სამართლებრივი უზრუნველყოფის დეპარტამენტის საერთაშორისო ურთიერთობების სამმართველოს პროკურორმა ნანიკო ზაზუნაშვილმა და ითხოვა ა. ა-ის ა-ის რესპუბლიკაში ექსტრადიციის დასაშვებად ცნობა, მის მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნის განხორციელების მიზნით იმ დანაშაულებრივი ქმედებისათვის, რომლებიც აღწერილია ა-ის რესპუბლიკის გენერალურ პროკურორთან არსებული კორუფციასთან ბრძოლის მთავარი სამმართველოს საგამოძიებო სამმართველოს 2018 წლის 20 ივნისის დადგენილებაში ა. ა-ის ბრალდებულის სახით პასუხისგებაში მიცემის შესახებ და დასჯადია ა-ის რესპუბლიკის სისხლის სამართლის კოდექსის 178.3.2 და 29, 178.3.2 მუხლებით (თაღლითობა, ჩადენილი დიდი ოდენობით და დიდი ოდენობით თაღლითობის მცდელობა), ასევე – ა. ა-ის ა-ის რესპუბლიკაში ექსტრადიციის დაუშვებლად ცნობა მის მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნის განხორციელების მიზნით იმ დანაშაულებრივი ქმედებისათვის, რომელიც აღწერილია აზერბაიჯანის რესპუბლიკის გენერალურ პროკურორთან არსებული კორუფციასთან ბრძოლის მთავარი სამმართველოს საგამოძიებო სამმართველოს 2018 წლის 20 ივნისის დადგენილებაში ა. ა-ის ბრალდებულის სახით პასუხისგებაში მიცემის შესახებ და დასჯადია ა-ის რესპუბლიკის სისხლის სამართლის კოდექსის 32.4, 312.2 მუხლებით (ქრთამის მიცემის წაქეზება).

9. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიამ 2019 წლის 17 ივლისის განჩინებით დასაშვებად ცნო ა. ა-ის ა-ის რესპუბლიკაში ექსტრადიცია, მის მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნის განხორციელების მიზნით იმ დანაშაულებრივი ქმედებისათვის, რომლებიც აღწერილია ა-ის რესპუბლიკის გენერალურ პროკურორთან არსებული კორუფციასთან ბრძოლის მთავარი სამმართველოს საგამოძიებო სამმართველოს 2018 წლის 20 ივნისის დადგენილებაში ა. ა-ის ბრალდებულის სახით პასუხისგებაში მიცემის შესახებ და დასჯადია ა-ის რესპუბლიკის სისხლის სამართლის კოდექსის 178.3.2 და 29, 178.3.2 მუხლებით (თაღლითობა, ჩადენილი დიდი ოდენობით და დიდი ოდენობით თაღლითობის მცდელობა), ხოლო ა. ა-ის ა-ის რესპუბლიკაში ექსტრადიცია დაუშვებლად ცნო მის მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნის განხორციელების მიზნით იმ დანაშაულებრივი ქმედებისათვის, რომელიც აღწერილია ა-ის რესპუბლიკის გენერალურ პროკურორთან არსებული კორუფციასთან ბრძოლის მთავარი სამმართველოს საგამოძიებო სამმართველოს 2018 წლის 20 ივნისის დადგენილებაში აჟდარ ასკერის ბრალდებულის სახით პასუხისგებაში მიცემის შესახებ და დასჯადია აზერბაიჯანის რესპუბლიკის სისხლის სამართლის კოდექსის 32.4, 312.2 მუხლებით (ქრთამის მიცემის წაქეზება).

10. ექსტრადიციას დაქვემდებარებული პირის – ა. -ის ინტერესების დამცველი ადვოკატები – ს. კ. და ს. მ. საკასაციო საჩივრით ითხოვენ ა. ა-ის ა-ის რესპუბლიკაში ექსტრადიციის დასაშვებად ცნობის შესახებ თბილისის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 17 ივლისის განჩინების გაუქმებას, შემდეგ მოტივებზე მითითებით: ბრალდების დადგენილებაში მითითებული ფაქტობრივი გარემოებები ცხადყოფს, რომ არ იკვეთება დანაშაულის შემადგენლობის ერთ-ერთი ნიშანი, ურომლისოდაც ქმედების თაღლითობით კვალიფიკაციის სამართლებრივი საფუძველი არ არსებობს; მასალების მიხედვით დგინდება იმ გარემოება, რომ ა. ა-ის მიმართ არ იქნება დაცული ადამიანის უფლებების მინიმალური სტანდარტები; ა-ის რესპუბლიკაში გამოძიება წარმოებს ა. ა-ის საქართველოში ბიზნესსაქმიანობასთან დაკავშირებით; ამჟამად მას აქვს დავა ბათუმის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიაში, რაც იმაზე მიუთითებს, რომ ა. ა. არის კანონმორჩილი მოქალაქე.

11. საკასაციო პალატის სხდომაზე ადვოკატმა ს. კ-ემ იშუამდგომლა საკასაციო საჩივრის მოხსნისა და მისი განუხილველად დატოვების შესახებ, რასაც დაეთანხმა ექსტრადიციას დაქვემდებარებული პირი – ა. ა..

12. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ კასატორს უფლება აქვს, შემაჯამებელი გადაწვეტილების გამოტანამდე გაითხოვოს თავისი საჩივარი, ამიტომ ადვოკატ ს. კ-ის შუამდგომლობა უნდა დაკმაყოფილდეს და მისი საკასაციო საჩივარი არ იქნეს განხილული.

13. საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-7 ნაწილით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. ექსტრადიციას დაქვემდებარებული პირის – ა. ა-ის ინტერესების დამცველის, ადვოკატ ს. კ-ის საკასაციო საჩივარი თბილისის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 17 ივლისის განჩინებაზე არ იქნეს განხილული, კასატორის მიერ საჩივრის უკან გათხოვნის გამო.

2. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე გ. შავლიაშვილი

მოსამართლეები: ბ. ალავიძე

პ. ქათამაძე