საკასაციო საჩივარი ცნობილია დაუშვებლად
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე # 330100118002376208
საქართველოს უზენაესი სასამართლო
განჩინება
საქართველოს სახელით
საკასაციო საჩივრის დასაშვებობის
შემოწმების შესახებ
საქმე №174აპ-19 ქ. თბილისი
მ. ზ-დ, 174აპ-19 9 სექტემბერი, 2019 წელი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
გიორგი შავლიაშვილი (თავმჯდომარე),პაატა ქათამაძე, ბესარიონ ალავიძე
ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2019 წლის 30 იანვრის განაჩენზე მსჯავრდებულ ზ. მ-სა და მისი ინტერესების დამცველის, ადვოკატ ვ. თ-ის საკასაციო საჩივრების დასაშვებობის საკითხი და
გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:
1. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2018 წლის 13 ივლისის განაჩენით ზ. მ., - - ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 111,19,109-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით და მიესაჯა 16 წლით თავისუფლების აღკვეთა. მას სასჯელის მოხდა დაეწყო 2018 წლის 12 იანვრიდან.
2. სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ 2018 წლის 11 იანვარს, დაახლოებით 20:00 საათზე, ქ. თ-ში, წ. ბ-ეს უბნის N--ში მდებარე ბინა N--ის პირველ სართულზე, ზ. მ-მ ყოფილ მეუღლეს - ფ. ფ-სა და გ. დ.ს, ეჭვიანობის ნიადაგზე, შურისძიების მოტივით, განზრახ მოკვლის მიზნით სხეულის სხვადასხვა მიდამოში დანის გამოყენებით მიაყენა ნაკვეთ-ნაჩხვლეტი ჭრილობები, კერძოდ: ფ. ფ-ს ერთი ჭრილობა - მარცხენა დუნდულზე, სამი გამჭოლი ჭრილობა - მარცხენა მხარზე, ერთი გამჭოლი ჭრილობა - მარცხენა წინა მხარზე, ორი ჭრილობა - მარჯვენა მკლავზე, ერთი ჭრილობა - მარცხენა თეძოს ძვლის ფრთასთან, ხოლო გ. დ-ს ერთი შემავალი ჭრილობა - მუცლის წინა კედელზე, ჭიპის მარჯვნივ, ქვემოთ. ზ. მ-მა, მისგან დამოუკიდებელი მიზეზის გამო, განზრახვა სისრულეში ვერ მოიყვანა, ვინაიდან გ. დ-მ შეძლო მისთვის წინააღმდეგობის გაწევა. სამედიცინო დახმარების შედეგად მოხერხდა გ. დ-ისა და ფ. ფ-ს სიცოცხლის გადარჩენა.
3. აღნიშნული განაჩენი თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2019 წლის 30 იანვრის განაჩენით დარჩა უცვლელად.
4. თბილისის სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება გაასაჩივრეს მსჯავრდებულმა ზ. მ -მა და მისმა ინტერესების დამცველმა ადვოკატმა ვ. თ-მ.
5. მსჯავრდებული და ადვოკატი უთითებენ, რომ ბინაში არსებული ვითარებით ზ. მ. „მწყობრიდან გამოვიდა.“ მან ფაქტობრივად აფექტის მდგომარეობაში, ბინაში შემთხვევით ნანახი საოჯახო დანით გ. დ-ს მუცელში მიაყენა ჭრილობა. მანვე იმავე დანით დაჭრა ფ. ფ. დაცვის მხარის მტკიცებით, ზ. მ-მა აღნიშნული ქმედებები ჩაიდინა ფსიქოლოგიური სტრესის პირობებში, გაუფრთხილებლად, რის გამოც გამოკვეთილია საქართველოს სსკ-ის 124-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაული. რეალურად მსჯავრდებულს დაზარალებულების მოკვლის განზრახვა არ ჰქონია. სასამართლო სხდომაზე მან განმარტა, რომ თუ მოკვლის განზრახვა ექნებოდა, არაფერი უშლიდა ხელს, ქმედება ბოლომდე მიეყვანა. იმ შემთხვევაშიც კი თუ დაცვა თავისი ინიციატივით არ აყენებს ფსიქოლოგიური, ფსიქიატრიული ექსპერტიზის ჩატარების საკითხს, ბრალდების მხარე ვალდებულია, ასეთი კატეგორიის საქმეზე ჩაატაროს შესაბამისი ექსპერტიზა, რაც არ გაკეთებულა.
6. რაც შეეხება სასჯელს, ის მეტისმეტად მკაცრია. მსჯავრდებული ნასამართლობის არმქონეა. იგი ოჯახისა და შვილების მიმართ განსაკუთრებული მზრუნველობით გამოირჩეოდა.
7. საკასაციო პალატამ შეისწავლა საკასაციო საჩივრები და დაასკვნა, რომ ისინი არ აკმაყოფილებს საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს, რის გამოც არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად, კერძოდ: საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილი ამომწურავად იძლევა იმ საფუძველთა ჩამონათვალს, რომელთა არსებობის შემთხვევაში საკასაციო საჩივარი დასაშვებად ჩაითვლება, ასეთებია:
ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებასა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას;
ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია;
გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება;
დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;
ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე;
ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს;
ზ) კასატორი არასრულწლოვანი მსჯავრდებულია.
8. საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ მოცემულ სისხლის სამართლის საქმეში არ მოიპოვება არცერთი ზემოაღნიშნული საფუძველი.
9. დაცვის მხარე არ მიუთითებს ისეთი სახის გარემოებებზე, რაც შესაძლოა, სააპელაციო სასამართლოს განაჩენის შეცვლის ან გაუქმების საფუძველი გამხდარიყო. დაზარალებული მოწმეების - ფ. ფ-სა და გ. დ-ს ჩვენებებით, სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნებითა და საქმეში წარმოდგენილი სხვა მტკიცებულებებით უტყუარად დასტურდება ზ. მ.ს მიერ საქართველოს სსკ-ის 111,19,109-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენა.
10. რაც შეეხება დაცვის მხარის პრეტენზიებს დანაშაულის აფექტში ჩადენასა და ქმედების სუბიექტურ შემადგენლობასთან დაკავშირებით, საკასაციო პალატა ამ ნაწილში აგრეთვე იზიარებს სააპელაციო სასამართლოს მოტივაციას, რის გამოც მისი გამეორება მიზანშეუწონლად მიაჩნია.
11. პალატა აღნიშნავს, რომ სააპელაციო სასამართლომ სრულად შეაფასა სასჯელის დანიშვნის ზოგადსავალდებულო გარემოებები (მოვალეობათა დარღვევის ხასიათი, ზომა, მართლსაწინააღმდეგო შედეგი, კერძოდ, ფ. ფ.სა და გ. დ.ს ჯანმრთელობა მძიმედ დაუზიანდათ, ამასთან, ფ. ფ. დღემდე იღებს მედიკამენტებს და უჭირს ფიზიკური დატვირთვა) და საქართველოს სსკ-ის 39-ე და 53-ე მუხლების მოთხოვნათა გათვალისწინებით, ზ. მ.ს განუსაზღვრა სამართლიანი სასჯელი.
12. ვინაიდან მოცემულ შემთხვევაში არ იკვეთება საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 და მე-31 ნაწილებით გათვალისწინებული გარემოებები, პალატას მიაჩნია, რომ საკასაციო საჩივრები დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი.
13. საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33, მე-4 ნაწილების შესაბამისად, საკასაციო პალატამ
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. მსჯავრდებულ ზ. მ-სა და მისი ინტერესების დამცველის, ადვოკატ ვ. თ-ს საკასაციო საჩივრები არ იქნეს დაშვებული განსახილველად;
2. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე გ. შავლიაშვილი
მოსამართლეები: პ. ქათამაძე
ბ. ალავიძე