საკასაციო საჩივარი ცნობილია დაუშვებლად

სისხლის სამართლის 13.09.2019
საქმის ნომერი
2კ-191აპ.-19
დავის ტიპი
საკასაციო საჩივარი
თარიღი
13.09.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე # 010141319700077505

საქართველოს უზენაესი სასამართლო

განჩინება

საქართველოს სახელით

საკასაციო საჩივრის დასაშვებობის

შემოწმების შესახებ

საქმე №191აპ-19 ქ. თბილისი

შ-ა რ, 191აპ-19 13 სექტემბერი, 2019 წელი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

გიორგი შავლიაშვილი (თავმჯდომარე),პაატა ქათამაძე, ბესარიონ ალავიძე

ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2018 წლის 6 დეკემბრის განაჩენზე მსჯავრდებულ რ. შ-ს ინტერესების დამცველის, ადვოკატ ლ. ბ-ა და საქართველოს გენერალური პროკურატურის სამმართველოს უფროსი პროკურორის - გიორგი კავსაძის საკასაციო საჩივრების დასაშვებობის საკითხი და

გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:

1. ბრალდების შესახებ დადგენილების თანახმად:

რ. შ-ს, - დაბადებულს ... წელს, პ/ნ ...., - ბრალად ედებოდა მოხელის მიერ სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტება, რამაც ფიზიკური პირისა და სახელმწიფოს კანონიერი ინტერესის არსებითი დარღვევა გამოიწვია, ჩადენილი ძალადობითა და იარაღის გამოყენებით; ტერორისტული აქტი, ე.ი. აფეთქება და იარაღის გამოყენება, რამაც შექმნა ადამიანის სიცოცხლის მოსპობის, მნიშვნელოვანი ქონებრივი ზიანის საშიშროება, ჩადენილი მოსახლეობის დაშინების მიზნით, ჯგუფურად, რამაც გამოიწვია სხვა მძიმე შედეგი და რაც გამოიხატა შემდეგში:

2007 წლის 10 აპრილიდან 2013 წლის 13 აგვისტომდე რ. შ-ა მუშაობდა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის ა-ის ავტონომიური რესპუბლიკის მთავარი სამმართველოს უფროსის თანამდებობაზე და სამსახურებრივად ევალებოდა საზოგადოებრივი უსაფრთხოების, მართლწესრიგისა და კანონმდებლობის განუხრელი დაცვა. 2008 წლის მაისში რ. შ-მ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს განსაკუთრებულ დავალებათა მთავარი სამმართველოს ს-ს სამხარეო განსაკუთრებულ დავალებათა პირველი განყოფილების სამმართველოს ინსპექტორ მ. მ-ა და გამოძიებით ამ ეტაპზე დაუდგენელ პირებთან ერთად, სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტების გზით, სამინისტროს ბალანსზე არსებული შეიარაღების გამოყენებით განიზრახა, საპარლამენტო არჩევნების მიმდინარეობის პროცესში ტერორისტული აქტის მოწყობა, რის შედეგადაც უნდა შექმნილიყო ადამიანის სიცოცხლის მოსპობის, ჯანმრთელობის დაზიანებისა და ქონების განადგურების საშიშროება, მოსახლეობის დაშინების, დაუცველობისა და უმწეობის გრძნობის დასამკვიდრებლად.

დასახული მიზნის მისაღწევად დანაშაულებრივი ჯგუფის წევრებმა შეიმუშავეს ტერორისტული აქტის განხორციელების გეგმა. რ. შ-ა თვითონ ჩაუდგა სათავეში მათ და წევრებს შორის გაანაწილა როლები.

გეგმის შესაბამისად, 2008 წლის 21 მაისს, დილის საათებში, რ. შ-მ ჯგუფის წევრებს მოუწოდა სამმართველოს საიარაღოდან სრული საბრძოლო ამუნიციის გამოტანა და შეიარაღება, რის შემდეგაც, მისივე მეთაურობით, გაემგზავრნენ სოფელ ხ-ი და ჯგუფებად, შენიღბულად განაწილდნენ სოფლის სტადიონის მიმდებარედ არსებულ ტყის მასივში. მცირე ხანში, გ-ს რაიონის სოფელ ნ-ნ ზ-ს რაიონის სოფელ ხ-ი გადმოსული ამომრჩეველთა დაახლოებით 40-კაციანი ჯგუფი დანაშაულებრივი ჯგუფის სხვა წევრებმა ორი ავტობუსით მიიყვანეს ჩასაფრების ადგილას და ისე განათავსეს ავტობუსები, რომ მ. მ-ს თავისუფლად შეძლებოდა ყუმბარმტყორცნით მათი აფეთქება, ხოლო შედეგი თვალსაჩინო ყოფილიყო საზოგადოებისთვის. მას შემდეგ, რაც დანაშაულებრივი ჯგუფის წევრებმა დაასრულეს ავტობუსებიდან ხალხის ჩამოყვანა, ტყის მასივში ჩასაფრებულებმა, საბრძოლო მოქმედებების იმიტაციის მიზნით, დაიწყეს ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღიდან უმისამართოდ სროლა, რამაც შეკრებილ მოსახლეობაში გამოიწვია პანიკა. იმავდროულად, მ. მ-მ ,,ერ-პე-გე 7-ის” მოდიფიკაციის ყუმბარმტყორცნიდან ორჯერ გასროლით ააფეთქა ორივე სატრანსპორტო საშუალება. შედეგად სრულად განადგურდა ნ. ა-ა და ი. ჭ-ს კუთვნილი სატრანსპორტო საშუალებები, ხოლო მოქალაქე ნ. ქ-ს მიადგა სიცოცხლისათვის საშიში, ჯანმრთელობის მძიმე ხარისხის დაზიანება. რ. შ-მ, მ. მ-მ და დანაშაულებრივი ჯგუფის წევრებმა სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტებით ჩაიდინეს ტერორისტული აქტი, რითაც მიაღწიეს დასახულ მიზანს და მოსახლეობაში დანერგეს სიცოცხლის მოსპობის, ჯანმრთელობის დაზიანებისა და ქონების განადგურების რეალური შიში. მათი ამ ქმედებებით არსებითად შეილახა სახელმწიფოსა და ფიზიკურ პირთა კანონიერი ინტერესები.

2. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2014 წლის 30 ივლისის განაჩენით:

რ. შ-ა საქართველოს სსკ-ის 323-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა” ქვეპუნქტითა და მე-3 ნაწილით წარდგენილ ბრალდებაში გამართლდა.

რ. შ-ა ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 333-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ბ’’ ქვეპუნქტით და მიესაჯა 6 წლით თავისუფლების აღკვეთა. მასვე დამატებითი სასჯელის სახით 2 წლით ჩამოერთვა სახელმწიფო სამსახურში თანამდებობის დაკავების უფლება.

,,ამნისტიის შესახებ’’ საქართველოს 2012 წლის 28 დეკემბრის კანონის საფუძველზე რ. შ-ს ¼-ით შეუმცირდა თავისუფლების აღკვეთის სახით დანიშნული ძირითადი სასჯელი, ასევე დამატებითი სასჯელის ვადა და საბოლოოდ სასჯელის ზომად განესაზღვრა 4 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა, ხოლო დამატებით სასჯელად 1 წლითა და 6 თვით ჩამოერთვა სახელმწიფო სამსახურში თანამდებობის დაკავების უფლება. მას სასჯელის მოხდა დაეწყო 2013 წლის 21 ოქტომბრიდან.

3. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2014 წლის 30 ივლისის განაჩენი თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2018 წლის 6 დეკემბრის განაჩენით დარჩა უცვლელად.

4. მსჯავრდებულ რ. შ-ს ინტერესების დამცველი, ადვოკატი ლ. ბ-ა საკასაციო საჩივრით ითხოვს განაჩენის გაუქმებასა და რ. შ-ს გამართლებას. კასატორი აღნიშნავს, რომ რ. შ-ს სისხლისსამართლებრივი დევნა წარმოადგენს პირადი, პოლიტიკური შურისძიებით აღვსილ ადამიანთა უსამართლო „შემოქმედებას;“ ბრალდების მოწმეთა ჩვენებები არსებითად ეწინააღმდეგება ერთმანეთს; სასამართლომ მტკიცებულებად მიიღო სანოტარო აქტი, რომელიც ადასტურებდა, რომ ნამდვილად ბ. ჩ-მ მიაწოდა ინფორმაცია პირს სკაიპის მეშვეობით, რომ გამოძიებაში ჩვენება მან მუქარის ძალით მისცა; ბ. ჩ-ს ადვოკატმა მიმართა სააპელაციო სასამართლოს შუამდგომლობით მისი სკაიპით დაკითხვის თაობაზე, რაც მოსამართლემ არ დააკმაყოფილა.

5. კასატორის მითითებით, ნათელია, რომ თვით ბრალდების მოწმეებიც ადასტურებენ იმ ფაქტს, რომ კონტროლირებადი ტერიტორიიდან აფხაზები ისროდნენ; ავტობუსები ხ-ს სტადიონზე მხოლოდ იმ მიზნით მიიყვანეს, რომ მოსახლეობას საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობა მიეღო; ამდენად, ავტობუსების გაჩერება მითითებულ ადგილას სახელმწიფო და საზოგადოებრივ ინტერესს ემსახურებოდა. მოცემულ შემთხვევაში ქმედების საქართველოს სსკ-ის 333-ე მუხლით დაკვალიფიცირების საფუძველი არ არსებობდა და რ. შ-ა დანაშაულის სუბიექტი არ ყოფილა.

6. საქართველოს გენერალური პროკურატურის სამმართველოს უფროსი პროკურორი - გიორგი კავსაძე ითხოვს: თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2018 წლის 6 დეკემბრის განაჩენში ცვლილების შეტანას, რ. შ-ს მიმართ საქართველოს სსკ-ის 323-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტითა და ამავე მუხლის მე-3 ნაწილით წარდგენილ ბრალდებაში გამამართლებელი განაჩენის ნაცვლად გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანას. კასატორის მითითებით, ტერორისტული აქტის შემადგენლობის ყველა ნიშანი საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით უტყუარად დადასტურებულია.

7. საკასაციო პალატამ შეისწავლა საკასაციო საჩივრები და დაასკვნა, რომ ისინი არ აკმაყოფილებს საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს, რის გამოც არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად, კერძოდ: საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილი ამომწურავად იძლევა იმ საფუძველთა ჩამონათვალს, რომელთა არსებობის შემთხვევაში საკასაციო საჩივარი დასაშვებად ჩაითვლება, ასეთებია:

ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებასა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას;

ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია;

გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება;

დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;

ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე;

ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს;

ზ) კასატორი არასრულწლოვანი მსჯავრდებულია.

8. საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ მოცემულ სისხლის სამართლის საქმეში არ მოიპოვება არცერთი ზემოაღნიშნული საფუძველი.

9. რ. შ-ს მიმართ საქართველოს სსკ-ის 323-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტითა და მე-3 ნაწილით წარდგენილ ბრალდებაში გამამართლებელი განაჩენის გამოტანის ნაწილში საკასაციო პალატა ეთანხმება სააპელაციო სასამართლოს მოტივაციას და აღნიშნავს, რომ წარმოდგენილი საქმის მასალების მიხედვით, ქმედების (ტერორისტული აქტი) შემადგენლობის ყველა ნიშანი გონივრულ ეჭვს მიღმა მტკიცებულებთი სტანდარტით დადასტურებული არ არის.

10. რაც შეეხება რ. შ-ს საქართველოს სსკ-ის 333-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით წარდგენილ ბრალდებას, საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ ამ ნაწილში მოწმეების - მ. მ-ს, ო. კ-ს, ტ. ბ-ს ჩვენებებით, მოწმე ა. დ-ს წინასწარ გამოძიებაში მიცემული ჩვენებით, საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმებითა და საქმეში წარმოდგენილი სხვა მტკიცებულებებით უტყუარად დასტურდება მოხელის მიერ სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტების ფაქტი, რამაც ფიზიკური პირისა და სახელმწიფოს კანონიერი ინტერესის არსებითი დარღვევა გამოიწვია, ჩადენილი ძალადობითა და იარაღის გამოყენებით.

11. დაცვის მხარის პრეტენზიებს (მათ შორის: ა-ს მიერ კონტროლირებადი ტერიტორიიდან სროლებისა და მოწმეთა ჩვენებების არასწორი ინტერპრეტაციის თაობაზე) საკასაციო სასამართლო არ იზიარებს და ეთანხმება სააპელაციო სასამართლოს მსჯელობას.

12. საკასაციო სასამართლო, საქართველოს სსსკ-ის 297-ე მუხლის სავალდებულო წინაპირობებიდან გამომდინარე, აგრეთვე ეთანხმება სააპელაციო პალატის 2014 წლის 10 დეკემბრის საოქმო განჩინებას - მოწმე ბ. ჩ-ს მოწმის სახით დაკითხვაზე უარის თქმის შესახებ.

13. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ვინაიდან არ იკვეთება საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 და მე-31 ნაწილებით გათვალისწინებული გარემოებები, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ საკასაციო საჩივრები დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი.

14. საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33, მე-4 ნაწილების შესაბამისად, საკასაციო პალატამ

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. მსჯავრდებულ რ. შ-ს ინტერესების დამცველის, ადვოკატ ლ. ბ-ა და საქართველოს გენერალური პროკურატურის სამმართველოს უფროსი პროკურორის - გიორგი კავსაძის საკასაციო საჩივრები არ იქნეს დაშვებული განსახილველად.

2. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე გ. შავლიაშვილი

მოსამართლეები: პ. ქათამაძე

ბ. ალავიძე