საკასაციო საჩივარი ცნობილია დაუშვებლად
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე # 330100118002607799
საქართველოს უზენაესი სასამართლო
განჩინება
საქართველოს სახელით
საკასაციო საჩივრის დასაშვებობის
შემოწმების შესახებ
საქმე №200აპ-19 ქ. თბილისი
ს. ი., 200აპ-19 13 სექტემბერი, 2019 წელი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
გიორგი შავლიაშვილი (თავმჯდომარე),პაატა ქათამაძე, ბესარიონ ალავიძე
ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2019 წლის 5 თებერვლის განაჩენზე თბილისის ისანი-სამგორის რაიონული პროკურატურის პროკურორ ირაკლი ქარდავას საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და
გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:
1. ბრალდების შესახებ დადგენილებით ი. ს-ს, - დაბადებულს --- წელს, - ბრალად ედებოდა განზრახ მკვლელობის მცდელობა; ძარცვა, ე.ი. სხვისი მოძრავი ნივთის აშკარა დაუფლება მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით (ორი ეპიზოდი), რაც გამოიხატა შემდეგში:
2018 წლის 28 ივლისს, დაახლოებით 19:45 სააათზე, --- მიმდებარე ტერიტორიაზე, ი. ს. აშკარად დაეუფლა ვ. ს-ს კუთვნილ პოლიეთილენის პარკსა და მასში მოთავსებულ ნივთებს - 19 ლარად ღირებულ საკვებ პროდუქტებსა და საფულეს, მასში მოთავსებული 1 ლარითა და 13 თეთრით, რაც მართლსაწინააღმდეგოდ მიისაკუთრა. ნივთების დაუფლების შემდეგ ი. ს. ცდილობდა მიმალვას, მაგრამ იგი შეამჩნია ლ. ლ-მ, რომელიც გაეკიდა მას, წამოეწია და წააქცია. იმავდროულად, ი. ს-მ ხელთ არსებული დანის გამოყენებით, მოკვლის განზრახვით, ლ. ლ-ს მუცლის არეში მიაყენა შემავალი ჭრილობა. აღნიშნულის შემდეგ, ი. ს-მ მოახერხა გაქცევა და იგი შემთხვევის ადგილის მიმდებარედ, ...-ე საჯარო სკოლასთან დააკავეს საპატრულო პოლიციის თანამშრომლებმა. ი. ს-ს დანაშაულებრივი ქმედებების შედეგად ვ. ს-ს მიადგა მატერიალური, ხოლო ლ. ლ-ს – ფიზიკური სახის ზიანი.
2018 წლის 28 ივლისს, დაახლოებით 10:30 საათზე, ---- მიმდებარედ არსებული ბაზრობის ტერიტორიაზე, ი. ს. მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, აშკარად დაეუფლა ლ. ე-ს კუთვნილ საფულეს, მასში მოთავსებული თანხით – 132 ლარით და პირადი დოკუმენტებით. ი. ს-ს დანაშაულებრივი ქმედებით ლ. ე-ს მიადგა 132 ლარის ქონებრივი ზიანი.
2. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2018 წლის 11 დეკემბრის განაჩენით:
ი. ს-ს მიმართ საქართველოს სსკ-ის 19,108-ე მუხლით წარდგენილი ბრალდება გადაკვალიფიცირდა სსკ-ის 117-ე მუხლის პირველ ნაწილზე.
ი. ს. ცნობილ იქნა დამნაშავედ და მიესაჯა: საქართველოს სსკ-ის 117-ე მუხლის 1-ლი ნაწილით - 4 წლით თავისუფლების აღკვეთა, რაც არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსის 73-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე შეუმცირდა 1/4-ით და განესაზღვრა 3 წლით თავისუფლების აღკვეთა; საქართველოს სსკ-ის 178-ე მუხლის 1-ლი ნაწილით (დაზარალებულ ვ. ს-ს ეპიზოდი) - არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსის 69-ე მუხლის გამოყენებით - შინაპატიმრობა 8 თვით; საქართველოს სსკ-ის 178-ე მუხლის 1-ლი ნაწილით (დაზარალებულ ლ. ე-ს ეპიზოდი) - არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსის 69-ე მუხლის გამოყენებით - შინაპატიმრობა 8 თვით. საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე, უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქა ნაკლებად მკაცრი სასჯელები და საბოლოოდ, დანაშაულთა ერთობლიობით, ი. ს-ს სასჯელის ზომად განესაზღვრა 3 წლით თავისუფლების აღკვეთა. მას სასჯელის მოხდა დაეწყო 2018 წლის 28 ივლისიდან.
სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ 2018 წლის 28 ივლისს, დაახლოებით 10:30 საათზე, ---- მიმდებარედ არსებული ბაზრობის ტერიტორიაზე, ი. ს. მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, აშკარად დაეუფლა ლ. ე-ს კუთვნილ საფულეს, მასში მოთავსებული თანხით - 132 ლარით და პირადი დოკუმენტებით.
2018 წლის 28 ივლისს, დაახლოებით 19:45 სააათზე, --- მიმდებარე ტერიტორიაზე, ი. ს. აშკარად დაეუფლა ვ. ს-ს კუთვნილ პოლიეთილენის პარკსა და მასში მოთავსებულ ნივთებს - 19 ლარად ღირებულ საკვებ პროდუქტებსა და საფულეს, მასში მოთავსებული 1 ლარითა და 13 თეთრით, რაც მართლსაწინააღმდეგოდ მიისაკუთრა.
2018 წლის 28 ივლისს, ვ. ს-ს ნივთების აშკარად დაუფლების შემდეგ, ი. ს. ცდილობდა მიმალვას, მაგრამ იგი შეამჩნია ლ, ლ-მ, რომელიც გაეკიდა მას, წამოეწია, წააქცია, შებოჭა და არ აძლევდა გაქცევის საშუალებას. ი. ს-მ ლ. ლ-ს, თავიდან მოსაშორებლად, ხელთ არსებული დანის გამოყენებით, მუცლის არეში მიაყენა ერთი ჭრილობა და გაიქცა.
3. აღნიშნული განაჩენი თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2019 წლის 5 თებერვლის განაჩენით დარჩა უცვლელად.
4. კასატორი - თბილისის ისანი-სამგორის რაიონული პროკურატურის პროკურორი ირაკლი ქარდავა საკასაციო საჩივრით ითხოვს განაჩენში ცვლილების შეტანას, კერძოდ: ი. ს-ს დამნაშავედ ცნობას საქართველოს სსკ-ის 19,108-ე მუხლითა და 178-ე მუხლის 1-ლი ნაწილით (ორი ეპიზოდი) გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენაში.
5. საკასაციო პალატამ შეისწავლა საკასაციო საჩივარი და დაასკვნა, რომ იგი არ აკმაყოფილებს საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს, რის გამოც არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად, კერძოდ: საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილი ამომწურავად იძლევა იმ საფუძველთა ჩამონათვალს, რომელთა არსებობის შემთხვევაში საკასაციო საჩივარი დასაშვებად ჩაითვლება, ასეთებია:
ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებასა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას;
ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია;
გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება;
დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;
ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე;
ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს;
ზ) კასატორი არასრულწლოვანი მსჯავრდებულია.
6. საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ მოცემულ სისხლის სამართლის საქმეში არ მოიპოვება არცერთი ზემოაღნიშნული საფუძველი.
7. სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება შეესაბამება საქართველოს უზენაესი სასამართლოს პრაქტიკას (იხ. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2016 წლის 29 სექტემბრის №227აპ-16 განაჩენი), ხოლო რაიმე ისეთი გარემოება, რაც შესაძლოა, საკასაციო პალატის პრაქტიკის შეცვლის საფუძველი გამხდარიყო, საქმიდან და საკასაციო საჩივრიდან არ იკვეთება.
8. ბრალდების მხარის პოზიცია, რომ ი. ს-მ ჩაიდინა საქართველოს სსკ-ის 19,108-ე მუხლით გათვალისწინებული ქმედება, არ დასტურდება გონივრულ ეჭვს მიღმა მტკიცებულებითი სტანდარტით. საკასაციო პალატა ი. ს-ს მიმართ ბრალად წარდგენილი ქმედების საქართველოს სსკ-ის 117-ე მუხლის პირველ ნაწილზე გადაკვალიფიცირებას მართებულად მიიჩნევს და აღნიშნავს, რომ სააპელაციო სასამართლომ სრულად და ობიექტურად შეაფასა საქმეში არსებული მტკიცებულებები და მიუთითა გარემოებებზე (მათ შორის - მსჯავრდებულისა და დაზარალებულის ჩვენებებზე, რომელთა თანახმადაც, ლ. ლ-მ ძალის გამოყენებით შეაჩერა და შებოჭა ი. ს., რომელიც გათავისუფლების მცდელობისას შეეცადა წამოდგომას, რა დროსაც მსჯავრდებულმა მარცხენა მხარეს -მუცლის არეში, დანით დაჭრა დაზარალებული და გაიქცა. ასევე იმ გარემოებაზე, რომ ლ. ლ-ს აღენიშნებოდა ერთი ნაკვეთ-ნაჩხვლეტი ჭრილობა, ზომით 1-1სმ), რომლებიც, მტკიცებულებებით დადგენილ სხვა გარემოებებთან ერთობლივად გამორიცხავს ი. ს-ს მხრიდან მკვლელობის განზრახვის არსებობას.
9. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ვინაიდან მოცემულ შემთხვევაში არ იკვეთება საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 და მე-31 ნაწილებით გათვალისწინებული გარემოებები, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი.
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. თბილისის ისანი-სამგორის რაიონული პროკურატურის პროკურორ ირაკლი ქარდავას საკასაციო საჩივარი არ იქნეს დაშვებული განსახილველად.
2. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე გ. შავლიაშვილი
მოსამართლეები: პ. ქათამაძე
ბ. ალავიძე