საკასაციო საჩივარი ცნობილია დაუშვებლად
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე # 080100118002596914
საქართველოს უზენაესი სასამართლო
განჩინება
საქართველოს სახელით
საკასაციო საჩივრის დასაშვებობის
შემოწმების შესახებ
საქმე №262აპ-19 ქ. თბილისი
ლ-ი მ, 262აპ-19 3 ოქტომბერი, 2019 წელი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
ბესარიონ ალავიძე (თავმჯდომარე),პაატა ქათამაძე, ეკატერინე გასიტაშვილი
ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2019 წლის 31 იანვრის განაჩენზე მსჯავრდებულ მ. ლ-ს ინტერესების დამცველის, ადვოკატ ა. კ-ს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და
გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:
1. ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 20 ივლისის განაჩენით მ. ლ-ი, - დაბადებული ..... წლის .... დეკემბერს, - ცნობილ იქნა დამნაშავედ და მიესაჯა:
საქართველოს სსკ-ის 2231-ე მუხლის მე-2 ნაწილით - 9 წლით თავისუფლების აღკვეთა;
სსკ-ის 25-181-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით - 5 წლით თავისუფლების აღკვეთა;
სსკ-ის 154-ე მუხლის მე-2 ნაწილით - 2 წლით თავისუფლების აღკვეთა;
საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დანიშნული სასჯელები ნაწილობრივ შეიკრიბა და დანაშაულთა ერთობლიობით, საბოლოოდ მას სასჯელის ზომად განესაზღვრა 12 წლით თავისუფლების აღკვეთა. მ. ლ-ს სასჯელის მოხდა უნდა დაეწყოს დაპატიმრების მომენტიდან. მასვე საქართველოს სსკ-ის 62-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, სასჯელის ვადაში უნდა ჩაეთვალოს სასამართლო განხილვამდე პატიმრობაში ყოფნის დრო - 2016 წლის 30 იანვრიდან იმავე წლის 21 ოქტომბრის ჩათვლით. დაპატიმრების შემთხვევაში მ. ლ-ი უნდა მოთავსდეს შესაბამის პენიტენციურ დაწესებულებაში.
2. სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ მ. ლ-მ (გვარის შეცვლამდე მ. გ-ე) ჩაიდინა:
კანონიერი ქურდობა; ჯგუფური გამოძალვის, ე.ი სხვისი ნივთის, ქონებრივი უფლების გადაცემის ან ქონებრივი სარგებლობის უფლების მოთხოვნის ორგანიზება, რასაც თან ერთვის დაზარალებულისათვის ძალადობის გამოყენების მუქარა; ჟურნალისტისათვის პროფესიულ საქმიანობაში ხელის შეშლა, ე.ი მისი იძულება თავი შეიკავოს ინფორმაციის გავრცელებისაგან, ჩადენილი ძალადობის მუქარით.
3. ზემოაღნიშნული ქმედებები გამოიხატა შემდეგში:
იყო რა ქურდული სამყაროს წევრი (ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2007 წლის 15 იანვრის განაჩენით საქართველოს სსკ-ის 2231-ე მუხლის 1-ლი ნაწილით), 2013 წელს, ქურდულ სამყაროში დადგენილი წესებით, მ. გ-ე (სახელისა და გვარის შეცვლამდე გ. ა-ე, ზ/სახელად „მ-ა“, იგივე „ლ-ი“) აღიარებულ იქნა „კანონიერ ქურდად“, რის შემდეგაც იგი ქურდული სამყაროს სპეციალური წესების შესაბამისად მართავდა და ორგანიზებას უწევდა ქურდული სამყაროს წევრთა გარკვეულ ჯგუფს სხვადასხვა დანაშაულის ჩადენის მიზნით: მუქარით, დაშინებითა და ქურდული გარჩევების გზით აიძულებდა მოქალაქეებს, შეესრულებინათ მათთვის არასასურველი ქმედებები, ორგანიზებას უწევდა ე.წ. „ქურდული საერთოს“ შეკრებას და განაწილებას, ქურდული სამყაროსა და სხვა პირებისათვის სარგებლის მისაღებად წყვეტდა მეწარმე სუბიექტებსა და ფიზიკურ პირებს შორის წარმოშობილ დავებს. გარდა ამისა, 2014-2015 წლებში მ. გ-ს კავშირი ჰქონდა საქართველოში მყოფ კრიმინალურ ავტორიტეტებთან, რომლებისგანაც პერიოდულად იღებდა ინფორმაციებს კრიმინალურ სამყაროში არსებული ვითარების შესახებ, აძლევდა მითითებებს ქურდული სამყაროსათვის ხელსაყრელი მდგომარეობის შესაქმნელად და სხვადასხვა პრივილეგიის მოსაპოვებლად. ასევე, იღებდა გადაწყვეტილებებს შეგროვილი ე.წ. „ქურდული საერთოს“ შევსებისა და გადანაწილების საკითხებზე, აწესრიგებდა ურთიერთობებს ქურდული სამყაროს წევრებს შორის, კერძოდ:
2015 წლის 16 მაისს, დაახლოებით 17:45 საათზე, მ. გ-ე მობილური ტელეფონით დაუკავშირდა შინაგან საქმეთა ორგანოების ყოფილ მუშაკს, შპს „ზ.....-ის“ დამფუძნებელსა და 100%-იან მეწილეს – ბ. ქ-ს, რომელსაც გაეცნო, როგორც კანონიერი ქურდი მ. გ-ე, იგივე „ლ-ი“ და მოსთხოვა ინფორმაცია მისი ადგილსამყოფლის შესახებ. იმის გამო, რომ ბ. ქ-ს არ სურდა კრიმინალურ ავტორიტეტთან რაიმე სახის ურთიერთობა, არ გაუმხილა თავისი ადგილსამყოფელი. ამაზე განაწყენებულმა მ. გ-მ მუქარის ტონით გამოხატა უკმაყოფილება, რის გამოც ბ. ქ-ე იძულებული გახდა, ცალმხრივად შეეწყვიტა კომუნიკაცია. მიუხედავად ამისა, რამდენიმე წუთში მ. გ-ე კვლავ დაუკავშირდა და მუქარის ტონით უსაყვედურა, თუ როგორ უბედავდა სატელეფონო კავშირის ცალმხრივად შეწყვეტას კანონიერ ქურდს, შეახსენა თავისი კრიმინალური სტატუსი და უთხრა, რომ იგი იყო არა რიგითი, არამედ – ავტორიტეტული კანონიერი ქურდი. მ. გ-ს საუბრის შეურაცხმყოფელი ტონისა და მუქარის შემცველი შინაარსის გამო, ბ. ქ-მ კვლავ ცალმხრივად შეწყვიტა მასთან სატელეფონო კომუნიკაცია, თუმცა გ-ე ისევ განაგრძობდა ბ. ქ-ნ ტელეფონით დაკავშირებას. ქ-ე იძულებული გახდა, ეპასუხა შემოსული ზარებისთვის. მ. გ-მ ბ. ქ-ს დაუწყო ახლობლების გინება და დაემუქრა ანგარიშსწორებით. მცირე ხანში ბ. ქ-ს ტელეფონით დაუკავშირდა უცნობი მამაკაცი, რომელიც გაეცნო, როგორც „კაი ბიჭი“, სახელად „მ-ი“ და მოსთხოვა ხ-ს რაიონის სოფ. ს-ი ჩასვლა, რათა გადასულიყვნენ თ-ი მ. გ-ნ (,,ლ-ნ“) შესახვედრად. ბ. ქ-ე მოექცა სიცოცხლისა და ჯანმრთელობის ხელყოფის რეალური საფრთხის ქვეშ, არ დაემორჩილა „მ-ს“ მოთხოვნას და წერილობითი განცხადებით მიმართა ბ-ის შს საქალაქო სამმართველოს სათანადო რეაგირებისათვის.
მ. ს-ე და ი. ჯ-ე რამდენიმე წელი ე.წ. „სტილისტებად“ მუშაობდნენ ქ. ბ-ი, დ. ა-ის ქუჩის N....-ში მდებარე მრავალსართულიან შენობაში, ერთმანეთის გვერდით მდებარე სილამაზის სალონებში სახელწოდებით - „ლ-უ“ და „ფ-ა“. 2015 წლის 1 ოქტომბერს მ. ს-მ და ი. ჯ-მ იმავე შენობაში დაქირავებულ ერთ-ერთ კომერციულ ფართში დამოუკიდებლად გახსნეს სილამაზის სალონი სახელწოდებით - „ო-ე“. სამეწარმეო საქმიანობის დაწყებამდე მათთან მივიდა სილამაზის სალონ „ლ-ს“ ფართის მესაკუთრე ნ. კ-ა, რომელმაც უკმაყოფილება გამოთქვა იმავე სახის ობიექტის გახსნის გამო და მოსთხოვა მათ ფუნქციონირების შეწყვეტა, წინააღმდეგ შემთხვევაში აუხსნა, რომ ამ საკითხს გადაწყვეტდა კანონიერი ქურდი მ. გ-ე. მათ, ნ. კ-ს მოთხოვნის საწინააღმდეგოდ, მაინც განაგრძეს კანონიერი სამეწარმეო საქმიანობა. 2015 წლის 13 ნოემბერს ი. ჯ-ს მეუღლეს – ე. ხ-ა და კანონიერ ქურდ მ. გ-ს შორის შედგა სატელეფონო საუბარი, რა დროსაც ამ უკანასკნელმა გააცნო თავი, დაიბარა იგი თ-ს ქალაქ ხ-ი, რათა გადაეწყვიტათ ზემოაღნიშნული სალონის შემდგომი ფუნქციონირების საკითხი. ე. ხ-ს შეეშინდა კანონიერი ქურდის მოთხოვნის შეუსრულებლობის და იმავე დღეს მეუღლის ძმასთან, ჯ. ჯ-ნ ერთად ჩავიდა ქ. ხ-ში,სადაც შეხვდა მ. გ-ს, რომელმაც მ. ს-ა და ი. ჯ-ს მიერ იმავე შენობაში სილამაზის სალონის გახსნას უწოდა „არასამართლიანი“ და „არაქურდული“ საქციელი, რის გამოც მოსთხოვა სალონის დახურვა და მისი გადატანა ქალაქის სხვა ადგილზე. ამასთან, აუხსნა, რომ მისი ეს გადაწყვეტილება უნდა ეცნობებინა მ. ს-ს და თუკი ეს უკანასკნელი არ შეასრულებდა მის მოთხოვნას, მაშინ სხვა გზით აიძულებდნენ სალონის დახურვას.
ე. ხ-ა იმავე დღეს პირადად აცნობა მ. გ-ნ შემდგარი საუბრის შინაარსი თავის მეუღლეს და მ. ს-ს, რომელმაც საკუთარი კანონიერი ინტერესის დასაცავად გადაწყვიტა, თავად შეხვედროდა თ-ი მყოფ მ. გ-ს და აეხსნა, რომ სილამაზის სალონი გახსნა ყოველგვარი კანონისა და წესის დაცვით. ამ მიზნით მ. ს-ე 2015 წლის 15 ნოემბერს, მ. გ-ნ ერთად, თ-ს ქალაქ ხ-ი შეხვდა მ. გ-ს, თუმცა მან არ გაიზიარა მ. ს-ს კანონიერი არგუმენტები და განუმარტა, რომ მხოლოდ მას, როგორც კანონიერ ქურდს, შეეძლო სადავო საკითხის სწორად გადაწყვეტა და ამ გადაწყვეტილების შესრულება სავალდებულო იყო, ამასთან, აუხსნა, რომ გაწეულ ხარჯებს აუნაზღაურებდნენ. მიუხედავად იმისა, რომ მ. ს-ს ინტერესებში არ შედიოდა გახსნილი სალონის ფუნქციონირების შეწყვეტა და მისი გადატანა ქალაქის სხვა ადგილზე, მ. გ-ნ მოსალოდნელი ანგარიშსწორების შიშით იგი იძულებული გახდა, დათანხმებოდა მის მითითებას. 2015 წლის 26 დეკემბერს მ. ს-მ და ი. ჯ-მ, თავიანთი ნება-სურვილის საწინააღმდეგოდ, ზემოთ ხსენებულ მისამართზე შეწყვიტეს სილამაზის სალონ „ო-ს“ ფუნქციონირება და იგი გადაიტანეს ქ. ბ-ი, დ. ა-ს ქუჩის N...-ში მდებარე ცხრასართულიანი კორპუსის პირველ სართულზე. მართალია, თითქოსდა ხარჯების ასანაზღაურებლად, ნ. კ-ს სახსრებით, მ. გ-ს დის, ი. გ-ს მეშვეობით მ. ს-ა და ი. ჯ-ს გადაეცათ 5 000 ლარი, მაგრამ ამ უკანასკნელებმა, გარდა მორალური ზიანისა, მაინც მიიღეს 3670 ლარის მატერიალური ზარალი.
რ. ვ-ა და მ. ბ-მ ქ. ბ-ი, გ-ს ქუჩის N...-ში მდებარე კომერციულ ფართში, 2012 წელს გახსნეს ინდივიდუალური საწარმო - ავტოლომბარდი და უძრავი ქონების ყიდვა-გაყიდვის სააგენტო, რომელსაც მართავდა რ. ვ-ი, ხოლო მ. ბ-მ გაიღო საწარმოს ფუნქციონერებისათვის საჭირო პირველადი კაპიტალი – 100 000 აშშ დოლარი. რ. ვ-ა და მ. ბ-ს შორის 2015 წლის დასაწყისში წარმოიშვა დავა საწარმოს ფუნქციონირების შედეგად მიღებული მოგების განაწილებასთან დაკავშირებით. კერძოდ, მ. ბ-ე ითხოვდა რ. ვ-ს მიერ თითქოსდა ნათესავებზე არასწორად გაცემული თანხის – 30 000 აშშ დოლარის უკან დაბრუნებას, ხოლო რ. ვ-ი - მიუღებელი მოგების ნაწილის – 24 000 აშშ დოლარის გადაცემას. აღნიშნული დავის შესახებ მ. ბ-ს მეშვეობით ცნობილი გახდა მ. გ-ს. მან, როგორც კანონიერმა ქურდმა, დავის თითქოსდა სამართლიანად გადასაწყვეტად, თ-ს რეპუბლიკის ქალაქ ხ-ი 2015 წლის მაისსა და აგვისტოში ორჯერ დაიბარა რ. ვ-ი მ. ბ-ს თანხლებით, რა დროსაც მოდავე მხარეებს განუმარტა, რომ მხოლოდ მას, როგორც კანონიერ ქურდს, შეეძლო საკითხის სწორად გადაწყვეტა და მის მიერ მიღებული გადაწყვეტილების შესრულება სავალდებულო იყო. ამასთან, პირველი შეხვედრისას მ. გ-მ მოსთხოვა მოდავე მხარეებს, რომ მომდევნო შეხვედრაზე მიეტანათ საბუღალტრო რვეული სათანადო ჩანაწერებით. 2015 წლის აგვისტოში შემდგარი შეხვედრისას მ. გ-ე გაეცნო საბუღალტრო რვეულის ჩანაწერებს, მოისმინა მოდავე მხარეების ურთიერთსაწინააღმდეგო მოსაზრებები და, როგორც კანონიერმა ქურდმა, გადაწყვიტა, რომ ფულადი თანხა – 12 000 აშშ დოლარი უნდა გადაეხადა რ. ვ-ს. შესაბამისად, მ. გ-მ ქურდულ სამყაროში დადგენილი წესის თანახმად, ქურდული გარჩევის გზით, რ. ვ-ი დაავალდებულა, რომ მომდევნო შეხვედრისას მისთვის მიეტანა 12 000 აშშ დოლარი, რომლის ბედს თავად გადაწყვეტდა, როგორც კანონიერი ქურდი. 2015 წლის 23 ნოემბრისათვის მ. გ-მ კვლავ დაიბარა რ. ვ-ი თ-ს რესპუბლიკის ქალაქ ხ-ი ზემოაღნიშნული თანხის გადასაცემად, თუმცა შეხვედრა ვერ შედგა, რადგან მიღებული ინფორმაციის საფუძველზე, აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით, გამოძიება დაიწყო ბ-ის შს საქალაქო სამმართველომ.
2014 წლის აპრილში კრიმინალური ავტორიტეტი ა. ს-ე რამდენჯერმე დაუკავშირდა საზღვარგარეთ მყოფ „კანონიერ ქურდს“ - მ. გ-ს, რომელსაც შეუთანხმა „კრიმინალურ ავტორიტეტად“ გ. ზ-ს (ზ/სახელად „ზ-ა“) „დანიშვნა“. თავის მხრივ, მ. გ-მ და სხვა კანონიერმა ქურდებმა გადაწყვიტეს, რომ, გ. ზ-ნ ერთად გავლენის სფეროების უკეთ გასაკონტროლებლად, „კრიმინალურ ავტორიტეტად“ ასევე „დაენიშნათ“ ბ. ო-ა. გარდა ამისა, მ. გ-მ სატელეფონო საუბრისას ა. ს-ს მისცა მითითებები ქურდული ტრადიციების გამყარების შესახებ.
2015 წლის 1 თებერვალს შემდგარი სატელეფონო საუბრისას მ. გ-მ, როგორც კანონიერმა ქურდმა, „კრიმინალურ ავტორიტეტს“ - თ. ე-ს თანხმობა განუცხადა ამ უკანასკნელის ინიციატივით შეგროვებული ე.წ. „ქურდული საერთოს“ (დაახლოებით 6,5 ათასი ლარის) მისივე შეხედულებით განაწილებაზე.
2014 წლის მარტში მ. გ-მ, როგორც კანონიერმა ქურდმა, მობილური სატელეფონო კომუნიკაციის მეშვეობით ორგანიზება გაუწია ქურდული სამყაროს წევრების - ო. ძ-ს, მ. თ-ს, გ. დ-ს, რ. დ-ა და თ. ც-ს შეხვედრას, რათა მათ ქურდულად გაერჩიათ, ერთი მხრივ, შ. მ-ა და მეორე მხრივ, ჯ. ბ-ა და ხ. შ-ს შორის არსებული ფინანსური დავა. მიუთითა მათ, რომ დაევალდებულებინათ აღნიშნული პირები შ. მ-ს სასარგებლოდ – 1700 აშშ დოლარის, მისთვის – 600 აშშ დოლარის, ხოლო „ქურდული სალაროს“ შესავსებად – 100 ლარის გადახდა. მოქმედებდნენ რა მ. გ-ს მითითებებით, 2014 წლის 17 მარტს მ. თ-მ, გ. დ-მ, რ. დ-მ, თ. ც-მ და ო. ძ-ა ჯ. ბ-ე და ხ. შ-ე მიიყვანეს ქ. ბ-ი, პ. მ-ს ქუჩის N....-ში მდებარე ამ უკანასკნელის საცხოვრებელ სახლში, სადაც ქურდული გარჩევის ფორმით, ხ. შ-ს მიმართ ძალადობით, ხოლო ჯ. ბ-ს მიმართ ძალადობის გამოყენების მუქარით მოითხოვეს მათგან 1700 აშშ დოლარის გადახდა შ. მ-ს, 600 აშშ დოლარის გადახდა კანონიერ ქურდ - მ. გ-ს, ხოლო 100 ლარის - „ქურდული სალაროს“ შესავსებად, რისთვისაც განუსაზღვრეს გარკვეული ვადა. მ. გ-ს აღნიშნული დავალება მათ ვერ შეასრულეს, რადგან დასახელებული პირები სამართალდამცავი ორგანოს მუშაკებმა დანაშაულის ჩადენაში ამხილეს.
2015 წლის 24 თებერვალს მ. გ-ე მობილური ტელეფონით დაუკავშირდა სამაუწყებლო კომპანია ,,....-ის“ გადაცემა ,,გ-ს” ავტორსა და წამყვანს, ე. კ-ს, რომელიც ამ დროს იმყოფებოდა სახლში ოჯახის წევრებთან ერთად. სატელეფონო საუბრისას მ. გ-მ აგრესიული ტონით გამოთქვა უკმაყოფილება 2015 წლის 14 თებერვალს სატელევიზიო ეთერში მის საქმიანობასთან დაკავშირებით გასული უარყოფითი სიუჟეტის (ინფორმაციების) გამო და იმ მიზნით, რომ შემდგომში ჟურნალისტს თავი შეეკავებინა ანალოგიური ინფორმაციის გავრცელებისაგან, ე. კ-ს დაემუქრა, რომ ჯერ კიდევ ახალგაზრდა იყო და ფრთხილად ყოფილიყო. ჟურნალისტმა კანონიერი ქურდის ეს ქმედება აღიქვა მისი და მისი ოჯახის წევრების მიმართ რეალურ საფრთხედ და ამ ფაქტის შესახებ სოციალური ქსელის მეშვეობით შეატყობინა შინაგან საქმეთა სამინისტროს.
4. აღნიშნულ განაჩენში ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2019 წლის 31 იანვრის განაჩენით შევიდა ცვლილება, კერძოდ:
მ. ლ-ი ცნობილ იქნა დამნაშავედ და მიესაჯა: საქართველოს სსკ-ის 2231-ე მუხლის მე-2 ნაწილით - 9 წლით თავისუფლების აღკვეთა, 25-181-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით - 5 წლით თავისუფლების აღკვეთა, 154-ე მუხლის მე-2 ნაწილით - 2 წლით თავისუფლების აღკვეთა. საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დანიშნული სასჯელები ნაწილობრივ შეიკრიბა და დანაშაულთა ერთობლიობით, საბოლოოდ მას სასჯელის ზომად განესაზღვრა 12 წლით თავისუფლების აღკვეთა. მ. ლ-ს სასჯელის მოხდა უნდა დაეწყოს დაპატიმრების მომენტიდან. მასვე საქართველოს სსკ-ის 62-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, სასჯელის ვადაში უნდა ჩაეთვალოს სასამართლო განხილვამდე პატიმრობაში ყოფნის დრო - 2016 წლის 30 იანვრიდან იმავე წლის 21 ოქტომბრის ჩათვლით. დაპატიმრების შემთხვევაში მ. ლ-ი უნდა მოთავსდეს შესაბამის პენიტენციურ დაწესებულებაში.
განაჩენის აღსრულებიდან ერთი თვის ვადაში ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2016 წლის 23 მაისის განჩინებით დადებული ყადაღა უნდა მოეხსნას შემდეგ ქონებას:
ნ. გ-ს კუთვნილ, ქ. ბ-ი, ზ-ს ქ. N...-ში, პირველ სართულზე მდებარე 42,71 კვ.მ. უძრავ ქონებას;
ნ. გ-ს კუთვნილ, ქ. ბ-ი, ზ-ს ქ. N...-ში მდებარე სხვენს, 45,90 კვ.მ. უძრავ ქონებას;
ნ. გ-ს კუთვნილ MERSEDES-BENZ S 320 CDI მარკის ავტომობილს, სედანი, 2005წ. (ლურჯი, საიდენტიფიკაციო N ...., ტექ.პასპორტი ...., 2005წ. სახ. N ...) რეგისტრაციის თარიღი - 2015წ;
ჯ. რ-ს კუთვნილ VOLKSWAGEN CC SPORT მარკის ავტომობილს, სედანი (საიდენტიფიკაციო ..... ყავისფერი, ტექ. პასპორტი ....., 2009 წ. სახ. N ....) რეგისტრაციის თარიღი - 2015წ;
გ. გ-ს კუთვნილ RENAUT MEGANE მარკის ავტომობილს, ჰეჩბეკი (საიდენტიფიკაციო ....., ტექ. პასპორტი ..... 2005წ. სახ.#.....) რეგისტრაციის თარიღი 2014წ;
ი. გ-ს კუთვნილ VOLKSWAGEN HETTA მარკის ავტომობილს, 2,0 სედანი (საიდენტიფიკაციო კოდი ....., ტექ. პასპორტი ......, 2007 წ. სახ. N ....), რეგისტრაციის თარიღი - 2015წ;
ი. გ-ს კუთვნილ AUDI A4 მარკის ავტომობილს, სედანი (საიდენტიფიკაციო კოდი ....., ტექ. პასპორტი ....., 2005წ. სახ. N .....) - რეგისტრაციის თარიღი 2016წ;
თ. ხ-ს კუთვნილ MERSEDES-BENZ S 320 CDI მარკის ავტომობილს, სედანი (საიდენტიფიკაციო კოდი ....., ტექ. პასპორტი ....., 2002წ. სახ.N ....) რეგისტრაციის თარიღი - 2013წ;
ო. ი-ს კუთვნილ OPEL-ASTRA G მარკის ავტომობილს, ჰეჩბეკი (საიდენტიფიკაციო კოდი ....., ტექ. პასპორტი ...., 1998წ. სახ. N ....) რეგისტრაციის თარიღი - 2015წ;
ო. ი-ს კუთვნილ CHEVROLET SUBURBAN მარკის ავტომობილს, (საიდენტიფიკაციო კოდი ...., ტექ. პასპორტი .... 1996წ. სახ. N ...) რეგისტრაციის თარიღი - 2014წ.
5. მსჯავრდებულ მ. ლ-ს (გვარის შეცვლამდე მ. გ-ე) ინტერესების დამცველი, ადვოკატი ა. კ-ე საკასაციო საჩივრით ითხოვს განაჩენის გაუქმებასა და მ. ლ-ს გამართლებას.
6. კასატორი აღნიშნავს, რომ ბ. ქ-ს მ. გ-ს (ლ-ს) სახელის ხსენებაზე არ შეშინებია, ხოლო გამოძიების სტადიაზე კი უთითებდა, რომ გაუჩნდა რეალური შიში; ე.წ. „სალონის“ ეპიზოდთან მიმართებით ადვოკატი აღნიშნავს, რომ დაზარალებული მ. ს-ე სასამართლოში არ დაკითხულა. მან დაცვის მხარეს განუცხადა, რომ პოლიციელებმა მასზე მოახდინეს ზეწოლა და რეალურად იგი თავს დაზარალებულად არ გრძნობდა. ანალოგიურად არ არიან დაკითხული - ი. ჯ-ე, მ. გ-ე და რ. ვ-ი; ჯ. ბ-ს ეპიზოდთან დაკავშირებით დადასტურებულია, რომ მ. ლ-ს სახელს სხვა პირები იყენებდნენ და მისი მეშვეობით აშინებდნენ; ე. კ-ნ მიმართებით კი კასატორი უთითებს, რომ მან ვერ დაადასტურა, ნამდვილად მ. ლ-ს ესაუბრა თუ არა.
7. დაცვის მხარის მითითებით, არც ერთი მტკიცებულება არ მეტყველებს იმაზე, რომ მ. ლ-მ ჩაიდინა დანაშაული. ამასთან, დაცვის მხარე ითხოვს, ყადაღა მოეხსნას 2016 წლის 23 მაისის განჩინებით დაყადაღებულ ყველა უძრავ-მოძრავ ქონებას.
8. საკასაციო პალატამ შეისწავლა საკასაციო საჩივარი და დაასკვნა, რომ იგი არ აკმაყოფილებს საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს, რის გამოც არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად, კერძოდ: საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილი ამომწურავად იძლევა იმ საფუძველთა ჩამონათვალს, რომელთა არსებობის შემთხვევაში საკასაციო საჩივარი დასაშვებად ჩაითვლება, ასეთებია:
ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებასა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას;
ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია;
გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება;
დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;
ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე;
ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს;
ზ) კასატორი არასრულწლოვანი მსჯავრდებულია.
9. საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ მოცემულ სისხლის სამართლის საქმეში არ მოიპოვება არცერთი ზემოაღნიშნული საფუძველი.
10. დაცვის მხარის პოზიციას მ. ლ-ს მიმართ გამამართლებელი განაჩენის გამოტანის თაობაზე საკასაციო პალატა არ ეთანხმება და აღნიშნავს, რომ წარმოდგენილი მტკიცებულებებით (მათ შორის: მოწმეების - ბ. ქ-ს, ჯ. ბ-ს, ხ. შ-ა და ე. კ-ს ჩვენებებით, აგრეთვე მოწმეების - მ. ს-ს, მ. გ-ს, ე. ხ-ს, ჯ. ჯ-ა და რ. ვ-ს გამოძიებაში მიცემული ჩვენებებით, ამოცნობისა და დათვალიერების ოქმებით, საზღვრის კვეთის მონაცემებით, ფარული საგამოძიებო მოქმედებებით, ფონოსკოპიური ექსპერტიზის დასკვნით) უტყუარად დასტურდება მსჯავრდებულის მიერ საქართველოს სსკ-ის 2231-ე მუხლის მე-2 ნაწილით, სსკ-ის 25-181-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტითა და სსკ-ის 154-ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებულ დანაშაულთა ჩადენა.
11. დაცვის მხარის პრეტენზიებს (მათ შორის: საქმეში პირდაპირი მტკიცებულებების წარმოუდგენლობის თაობაზე) საკასაციო სასამართლო არ იზიარებს და ეთანხმება სააპელაციო სასამართლოს მოტივაციას.
12. რაც შეეხება 2016 წლის 23 მაისის განჩინებით დაყადაღებული ქონების საკითხს, საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ მოცემულ საკითხზე ქუთაისის სააპელაციო სასამართლომ დაცვის მხარის მოტივაცია გაიზიარა; შესაბამისად, საკასაციო საჩივარში ადვოკატის მიერ მითითებულ უძრავ-მოძრავ ქონებას გასაჩივრებული, 2019 წლის 31 იანვრის განაჩენით უკვე მოხსნილი აქვს ყადაღა.
13. ვინაიდან მოცემულ შემთხვევაში არ იკვეთება საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 და მე-31 ნაწილებით გათვალისწინებული გარემოებები, პალატას მიაჩნია, რომ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი.
14. საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33, მე-4 ნაწილების შესაბამისად, საკასაციო პალატამ
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. მსჯავრდებულ მ. ლ-ს ინტერესების დამცველის, ადვოკატ ა. კ-ს საკასაციო საჩივარი არ იქნეს დაშვებული განსახილველად.
2. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე ბ. ალავიძე
მოსამართლეები: პ. ქათამაძე
ე. გასიტაშვილი