საკასაციო საჩივარი ცნობილია დაუშვებლად

სისხლის სამართლის 20.11.2019
საქმის ნომერი
2კ-425აპ.-19
დავის ტიპი
საკასაციო საჩივარი
თარიღი
20.11.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე # 010100116001414167

საქართველოს უზენაესი სასამართლო

განჩინება

საქართველოს სახელით

საკასაციო საჩივრის დასაშვებობის

შემოწმების შესახებ

საქმე №425აპ-19 ქ. თბილისი

ჯ. მ. 425აპ-19 20 ნოემბერი, 2019 წელი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

გიორგი შავლიაშვილი (თავმჯდომარე),პაატა ქათამაძე, ბესარიონ ალავიძე

ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2019 წლის 13 მარტის განაჩენზე მსჯავრდებულ მ. ჯ-ს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და

გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:

1. ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 5 ივლისის განაჩენით მ. ჯ., - დაბადებული 1… წელს, - ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტებით და მიესაჯა 5 წლით თავისუფლების აღკვეთა. მას სასჯელის მოხდა დაეწყო განაჩენის მიღების დღიდან - 2018 წლის 5 ივლისიდან. მასვე სასჯელის ვადაში მოხდილად ჩაეთვალა დაკავებასა და პატიმრობაში ყოფნის დრო - 2016 წლის 18 მაისიდან იმავე წლის 25 მაისამდე.

მ. ჯ-ს მიმართ შერჩეული აღკვეთის ღონისძიება - გირაო გაუქმდა. განაჩენის აღსრულებიდან 1 თვის ვადაში უნდა მოიხსნას მ. ჯ-ს მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით შეფარდებული 15000 ლარის გირაოს უზრუნველსაყოფად, ჯ. ქ-ს (პ/ნ ….) საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების (მდებარე ქ. ქ-ში, ა-ს ქ. N…, საკადასტრო კოდი N…) 15000 ლარის ღირებულების წილზე დადებული ყადაღა.

სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ მ. ჯ-მ ჩაიდინა ქურდობა, ე.ი. სხვისი მოძრავი ნივთის ფარული დაუფლება მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია, ჩადენილი არაერთგზის.

აღნიშნული დანაშაული გამოიხატა შემდეგში: საქართველოს სსკ-ის 178-ე და 180-ე მუხლებით ნასამართლევი მ. ჯ. 2016 წლის 9 მაისს, დაახლოებით 13:00 საათიდან - 14:00 საათამდე დროის მონაკვეთში, ქ. ბ-ში, თ-სა და გ-ს ქუჩების გადაკვეთის ადგილას მდებარე, მ. დ-ს კუთვნილ სავაჭრო მაღაზიაში, მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, ფარულად, არაერთგზის დაეუფლა მ. დ-ს კუთვნილ 1970 ლარს, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია.

2. აღნიშნული განაჩენი ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2019 წლის 13 მარტის განაჩენით დარჩა უცვლელად.

3. მსჯავრდებული მ. ჯ. საკასაციო საჩივრით ითხოვს განაჩენის გაუქმებასა და გამართლებას.

4. საკასაციო პალატამ შეისწავლა საკასაციო საჩივარი და დაასკვნა, რომ იგი არ აკმაყოფილებს საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს, რის გამოც არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად, კერძოდ: საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილი ამომწურავად იძლევა იმ საფუძველთა ჩამონათვალს, რომელთა არსებობის შემთხვევაში საკასაციო საჩივარი დასაშვებად ჩაითვლება, ასეთებია:

ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებასა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას;

ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია;

გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება;

დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;

ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე;

ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა

დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს;

ზ) კასატორი არასრულწლოვანი მსჯავრდებულია.

5. საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ მოცემულ სისხლის სამართლის საქმეში არ მოიპოვება არცერთი ზემოაღნიშნული საფუძველი.

6. მსგავს სამართლებრივ საკითხებზე არსებობს უზენაესი სასამართლოს პრაქტიკა (მაგ. იხილეთ №445აპ.-18 გადაწყვეტილება), რომელსაც შეესაბამება სააპელაციო სასამართლოს განაჩენი.

7. დაცვის მხარე უთითებს საკასაციო საჩივრის არსებითი განხილვისათვის დაშვების ისეთი საფუძვლის არსებობაზე, რაც გათვალისწინებულია საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ე“ ქვეპუნქტით (სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე).

8. ამ თვალსაზრისით, კასატორი საჩივარში აღნიშნავს, რომ მ. ჯ-ს მიმართ ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს მიერ გამოტანილი გამამტყუნებელი განაჩენი არ არის დამყარებული ისეთ უტყუარ მტკიცებულებებზე, რომლებითაც გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტის დაცვით დადასტურდებოდა მსჯავრდებულის მიერ გასაჩივრებული განაჩენით მისთვის შერაცხული დანაშაულის ჩადენა.

9. საკასაციო პალატა ვერ დაეთანხმება კასატორის მიერ გასაჩივრებული განაჩენის მიმართ წარმოდგენილ მოტივებსა და მათ დასაბუთებას, ვინაიდან სააპელაციო პალატამ ობიექტურად და სამართლებრივად სწორად შეაფასა ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები, მათ შორის: მოწმეების - მ. დ-ს, მ. დ-ს, რ. მ-ს, ზ. დ-სა და ბ. ჟ-ს ჩვენებები, მოწმე შ. კ-ს გამოკითხვის ოქმი, ფოტოსურათით ამოცნობის ოქმები, შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმი, მ. ჯ-ს პირადი ჩხრეკის ოქმი და დათვალიერების ოქმი, რომლებითაც გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით დადასტურებულია მ. ჯ-ს მიერ საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენის ფაქტი. გარდა ამისა, მაკვალიფიცირებელ გარემოებას (ქურდობა, ჩადენილი არაერთგზის) საკასაციო პალატა ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2014 წლის 14 ივნისისა და ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2014 წლის 18 დეკემბრის განაჩენების საფუძველზე დადასტურებულად მიიჩნევს.

10. კასატორის პოზიციით, დარღვეულია სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 78-ე მუხლის მოთხოვნები, ვინაიდან სასამართლო სხდომაზე არ დაკითხულან

მტკიცებულებების მომპოვებელი პირები. აღნიშნულთან დაკავშირებით საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ ბათუმის საქალაქო სასამართლოში, სასამართლო სხდომაზე დაიკითხნენ გამომძიებლები: ბ. თ., გ. ბ. და მ. ა. , რომლებმაც მოიპოვეს და შექმნეს მტკიცებულებები, რომლებიც საფუძვლად დაედო გამამტყუნებელ განაჩენს (მათ შორის: ამოცნობის ოქმები, მსჯავრდებულის პირადი ჩხრეკის ოქმი და დათვალიერების ოქმი). შესაბამისად, საქმის მასალების შესწავლის შედეგად საპროცესო კოდექსის არსებითი დარღვევა, რაც გავლენას მოახდენდა საქმის განხილვის შედეგზე, არ გამოვლენილა.

11. ამდენად, ვინაიდან არ იკვეთება საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 და მე-31 ნაწილებით გათვალისწინებული გარემოებები, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი.

12. საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33, მე-4 ნაწილების შესაბამისად, საკასაციო პალატამ

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. მსჯავრდებულ მ. ჯ-ს საკასაციო საჩივარი არ იქნეს დაშვებული განსახილველად.

2. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე გ. შავლიაშვილი

მოსამართლეები: პ. ქათამაძე

ბ. ალავიძე