საკასაციო საჩივარი ცნობილია დაუშვებლად
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე # 330802220003392680
საქართველოს უზენაესი სასამართლო
განჩინება
საქართველოს სახელით
№5I-20 ქ. თბილისი
ბ. ა. 5I-20 12 თებერვალი, 2020 წელი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
ლალი ფაფიაშვილი (თავმჯდომარე),მერაბ გაბინაშვილი, შალვა თადუმაძე
სხდომის მდივან - კონსტანტინე თოდრიას
პროკურორ - თემურ ცინდელიანის
ადვოკატ - თ. პ-ს
თარჯიმან - თ. ც-ს
ექსტრადიციას დაქვემდებარებული პირის - ა. ბ-ს
მონაწილეობით განიხილა ექსტრადიციას დაქვემდებარებული პირის - ა. ბ-ს ინტერესების დამცველის, ადვოკატ თ. პ-ს საკასაციო საჩივარი თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2020 წლის 18 იანვრის განჩინებაზე.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
1. ა. ბ-ს მიმართ რ-ს ფ-ში განხორციელებული სისხლისსამართლებრივი პროცედურები:
2018 წლის 22 ოქტომბერს რ-ს ფ-ს ს-ს მხარის საგამოძიებო კომიტეტის საგამოძიებო სამმართველოს განსაკუთრებით მნიშვნელოვან საქმეთა გამოძიების განყოფილებამ გამოიტანა დადგენილება ა. ბ-ს ბრალდებულის სახით პასუხისგებაში მიცემის შესახებ. აღნიშნული დადგენილების თანახმად, ა. ბ-ს ბრალად ედება რ-ს ფე-ს სისხლის სამართლის კოდექსის 290-ე მუხლის მე-5 ნაწილითა (ქრთამის აღება, ჩადენილი დიდი ოდენობით) და 159-ე მუხლის მე-4 ნაწილით (თაღლითობა, ჩადენილი დიდი ოდენობით, რამაც გამოიწვია საცხოვრებელ ბინაზე დაზარალებულის უფლების დაკარგვა) გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენა.
იმავე დღეს რ-ს ფ-ს ს-ს ოლქის ი. - ს-ს საქალაქო სასამართლოს მოსამართლის განჩინებით ა. ბ-ს მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით გამოყენებული გირაო შეიცვალა პატიმრობით - 2 თვის ვადით.
2018 წლის 13 სექტემბერს აღნიშნულ ბრალდებებთან დაკავშირებით გამოცხადდა ა. ბ-ს ძებნა.
2018 წლის 17 ოქტომბერს გამოცხადდა ა. ბ-ს საერთაშორისო ძებნა.
2018 წლის 11 ნოემბრიდან ა. ბ. რ-ს ფ-ს სამართალდამცავი ორგანოების მიერ იძებნება ინტერპოლის არხებით.
2. ა. ბ-ს მიმართ საქართველოში განხორციელებული საექსტრადიციო პროცედურები:
2019 წლის 15 მაისს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა საქართველოს ტერიტორიაზე დააკავეს რ-ს ფ-ს სამართალდამცავი ორგანოების მიერ ძებნილი ა. ბ.
2019 წლის 16 მაისს თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის მოსამართლის განჩინებით ა. ბ-ს აღკვეთის ღონისძიების სახით შეეფარდა საექსტრადიციო პატიმრობა 3 თვის ვადით.
2019 წლის 18 ივნისს საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ მიიღო ა. ბ-ს ექსტრადიციის თაობაზე რ-ს ფ-ს კომპეტენტური ორგანოს შუამდგომლობა და შესაბამისი მასალები.
2019 წლის 7 აგვისტოს თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის მოსამართლის განჩინებით ა. ბ-ს მიმართ გამოყენებული საექსტრადიციო პატიმრობის ვადა გაგრძელდა 3 თვით, 6 თვემდე - 2019 წლის 15 ნოემბრამდე.
2019 წლის 8 ნოემბერს თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის მოსამართლის განჩინებით ა. ბ-ს მიმართ გამოყენებული საექსტრადიციო პატიმრობის ვადა გაგრძელდა 3 თვით, 9 თვემდე - 2020 წლის 15 თებერვლამდე.
3. ფაქტობრივი გარემოებები:
რ-ს ფ-ს კომპეტენტური ორგანოების მიერ მოწოდებული დოკუმენტების მიხედვით, ა. ბ-სთვის ბრალად წარდგენილი დანაშაულები ჩადენილ იქნა შემდეგ გარემოებებში:
ა) ქრთამის აღების ეპიზოდი:
ა. ბ-ვს ეკავა ქ. ი. - ს-ს ადმინისტრაციის მუნიციპალური სამსახურის - მთავარი სურსათის რესურსებისა და სამომხმარებლო ბაზრის დეპარტამენტის უფროსის თანამდებობა, ასრულებდა ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოში საორგანიზაციო-მმართველობით ფუნქციებს და წარმოადგენდა თანამდებობის პირს. აღნიშნულ პოზიციაზე მუშაობის პერიოდში ა. ბ-ს, რომელსაც თავისი თანამდებობრივი მდგომარეობისა და უფლებამოსილებების გამოყენებით, ობიექტურად ჰქონდა შესაძლებლობა, სამეწარმეო საქმიანობის სუბიექტებისთვის ხელი შეეწყო არასტაციონარული სავაჭრო ობიექტების - ბაზრობის მოსაწყობი პავილიონების ქალაქის კონკრეტულ ლოკაციებზე განთავსებაში, გაუჩნდა უკანონო ქმედებების განხორციელების სანაცვლოდ ქრთამის აღების დანაშაულებრივი განზრახვა.
კერძოდ, 2016 წლის 1 სექტემბერს, დანაშაულებრივი გეგმის სისრულეში მოყვანის მიზნით, ა. ბ. ქ. ი. - ს-ში შეხვდა შპს „ვ-ს“ წარმომადგენელს - ვ. ს-ს და შესაბამისი ანაზღაურების სანაცვლოდ შესთავაზა ღია კონკურსში მოგების უზრუნველყოფა, აგრეთვე, არასტაციონარული სავაჭრო ობიექტების ხელშეკრულების დადებაში თავისი, როგორც თანამდებობის პირის, მხარდაჭერა და შემდგომი სამსახურებრივი მფარველობა. აღნიშნული დანაშაულებრივი განზრახვის ფარგლებში ა. ბ-მ „რ-ს ფ-ს კონკურენციის შესახებ“ კანონის მე-15 მუხლის 1-ლი ნაწილის დარღვევით, რომელიც პირდაპირ კრძალავს სამეურნეო სუბიექტისთვის პრიორიტეტული წესით ინფორმაციაზე წვდომას, ვ. ს-ს მიაწოდა ინფორმაცია მომავალი ღია კონკურსის ტექნიკური დავალების პარამეტრების შესახებ, რითაც მას უკანონოდ მიანიჭა უპირატესობა.
ამასთან, 2016 წლის 3 ოქტომბერს ა. ბ-მ, რომელიც ასრულებდა შესაბამისი გადაწყვეტილების მიმღები კომისიის თავმჯდომარის მოვალეობას, დანაშაულებრივი განზრახვის სისრულეში მოყვანისა და მატერიალური სარგებლის მიღების მიზნით, ხმა მისცა შპს „ვ-ს“ ღია კონკურსში მონაწილეობაზე დაშვების შესახებ გადაწყვეტილებას, კონკურსის ჩაშლილად აღიარებას და დამკვეთს მისცა რეკომენდაცია, ხელშეკრულება დაედო შპს „ვ-სთან“, რამაც განაპირობა კომისიის გადაწყვეტილების მიღება. შედეგად, შპს „ვ-მ“ მიიღო ჟ-სა და კ-ს ქუჩების, ასევე, ჟ-სა და კ-ს ქუჩების გადაკვეთის ადგილებზე არასტაციონარული სავაჭრო ობიექტების - ბაზრობის მოსაწყობი პავილიონების განლაგებაზე ხელშეკრულების დადების უფლება, რის შემდგომაც, 2016 წლის 30 მაისს, ა. ბ-მ სამსახურებრივი უფლებამოსილების გამოყენებით, კომპანიასთან გააფორმა ზემოაღნიშნული ხელშეკრულება.
გარდა აღნიშნულისა, ა. ბ-მ, რომელიც მფარველობას უწევდა შპს „ვ-ს“, ამ უკანასკნელის მიერ სახელშეკრულებო ვალდებულების დადგენილ ვადაში შეუსრულებლობის მიუხედავად, სამსახურებრივი უფლებამოსილების გამოყენებით, რაიმე საფუძვლის არსებობის გარეშე, კომპანიას ვალდებულების შესრულების ვადა გაუგრძელა 2031 წლის 14 ოქტომბრამდე.
თავისი ზემოაღნიშნული უკანონო ქმედებების სანაცვლოდ, ა. ბ-მ შპს „ვ-ს“ ხელმძღვანელ პირებს საბოლოოდ ქრთამის სახით მოსთხოვა და მიიღო ფულადი თანხა - 400 000 რუსული რუბლი.
ბ) თაღლითობის ეპიზოდი:
გარდა აღნიშნულისა, ა. ბ-მ განიზრახა მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, ს. ჩ. დ-ს კუთვნილი ქონების მოტყუებით დაუფლება. მითითებული დანაშაულებრივი განზრახვის სისრულეში მოსაყვანად 2016 წლის აპრილში ა. ბ-მ განზრახ არასწორი ინფორმაცია მიაწოდა ს. ჩ. დ-ს, რომ თითქოს, ს. დ-ს ქ. ი. - ს-ს ა-ს, ქ-ს- და მ-ს დ-ს უფროსის მოვალეობის შემსრულებლის - ვ. გ-სთვის, ა. ბ-ს შუამავლობით, უნდა გადაეცა ფულადი ანაზღაურება მიწის ნაკვეთების იჯარის ვადის გაგრძელებაში ხელშეწყობის სანაცვლოდ. ს.დ-მ, რომელსაც საეჭვოდ არ მიუჩნევია ა.ბ-ს მიერ მიწოდებული ინფორმაცია, ვ. გ-ს მიერ მისთვის მხარდაჭერის გაწევის სანაცვლოდ, მისცა თავის ქალიშვილ ს. მ. ხი-ს განკარგულება, გადაეფორმებინა ფაქტობრივად მის მფლობელობაში არსებული საცხოვრებელი ბინები #.....(მდებარე მისამართზე: ქ.ი.-ს., პ-ს რაიონი ლ., მე-.. პ-ს ქ.) ა. ბ-ს მიერ განსაზღვრული პირებისთვის, რაც ს. ხ-მ მითითების შესაბამისად შეასრულა. ამასთან, მოტყუებით დაუფლებული ქონება ა. ბ-მ მართლსაწინააღმდეგოდ მიისაკუთრა ისე, რომ ვ. გ. ამის თაობაზე ინფორმირებული არ იყო. ა. ბ-ს მიერ ჩადენილი ქმედებების შედეგად ს. დ-ს მიადგა ჯამურად – 8 460 000 რუბლის მატერიალური ზიანი.
4. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2020 წლის 18 იანვრის განჩინებით საქართველოს გენერალური პროკურატურის საერთაშორისო ურთიერთობების სამმართველოს პროკურორ ნანიკო ზაზუნაშვილის შუამდგომლობა დაკმაყოფილდა.
დასაშვებად იქნა ცნობილი ა. ბ-ს რ-ს ფ-ში ექსტრადიცია, მის მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნის განხორციელების მიზნით იმ დანაშაულებრივი ქმედებებისათვის, რომლებიც აღწერილია რ-ს ფ-ს ს-ს მხარის საგამოძიებო კომიტეტის საგამოძიებო სამმართველოს განსაკუთრებით მნიშვნელოვან საქმეთა გამოძიების განყოფილების მიერ 2018 წლის 22 ოქტომბერს გამოტანილ ა. ბ-ს ბრალდებულის სახით პასუხისგებაში მიცემის შესახებ დადგენილებაში და დასჯადია რ-ს ფ-ს სისხლის სამართლის კოდექსის 290-ე მუხლის მე-5 ნაწილით (ქრთამის აღება, ჩადენილი დიდი ოდენობით) და ამავე კოდექსის 159-ე მუხლის მე-4 ნაწილით (თაღლითობა, ჩადენილი დიდი ოდენობით, რამაც გამოიწვია საცხოვრებელ ბინაზე დაზარალებულის უფლების დაკარგვა).
5. ექსტრადიციას დაქვემდებარებული პირის - ა. ბ-ს ინტერესების დამცველი, ადვოკატი თ. პ. საკასაციო საჩივრით ითხოვს თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2020 წლის 18 იანვრის განჩინების გაუქმებას.
6. საკასაციო პალატის სხდომაზე კასატორმა, ადვოკატმა თ. პ-მ მხარი დაუჭირა საჩივარს და ითხოვა მისი დაკმაყოფილება, ხოლო პროკურორმა თემურ ცინდელიანმა ითხოვა გასაჩივრებული განჩინების უცვლელად დატოვება.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
1. სასამართლომ შეისწავლა წარმოდგენილი საქმის მასალები, შეამოწმა საჩივრის საფუძვლიანობა, მოისმინა მხარეთა არგუმენტები და მიაჩნია, რომ საკასაციო საჩივრის მოთხოვნა უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ შემდეგ გარემოებათა გამო:
2. ცივილიზებულმა მსოფლიომ ათეული წლების წინ აღიარა საერთაშორისო დაცვის სასიცოცხლო მნიშვნელობა. გაერთიანებული ერების წესდებამ და 1948 წლის 10 დეკემბერს გენერალური ასამბლეის მიერ მიღებულმა ადამიანის უფლებათა საყოველთაო დეკლარაციამ დააწესეს პრინციპი, რომლის თანახმად, ყოველი ადამიანი უნდა სარგებლობდეს ძირითადი უფლებებითა და თავისუფლებებით ყოველგვარი დისკრიმინაციის გარეშე. ამ მიზანს ემსახურება გაეროს 1951 წლის კონვენცია (კონვენცია „ლტოლვილთა სტატუსის შესახებ“) და მისი დამატებითი ოქმი.
კონვენციის პრეამბულაში ხაზგასმით არის აღნიშნული, რომ მისი ერთ-ერთი მთავარი მიზანია ლტოლვილთა მიერ ადამიანის ძირითადი უფლებებითა და თავისუფლებებით მაქსიმალურად სარგებლობის უზრუნველყოფა. გაეროს 1951 წლის კონვენციის 1967 წლის ოქმის საფუძველზე გაფართოვდა ლტოლვილის ცნება და ვრცელდება პირებზე, რომლებიც ტოვებენ ქვეყანას რიგი სოციალური და პოლიტიკური მოვლენების გამო.
3. სასამართლო ითვალისწინებს, რომ „ საერთაშორისო დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონით ჰუმანიტარული სტატუსის მინიჭებისთვის დადგენილი საფუძვლები პრაქტიკულად იმეორებს ევროპის კავშირის 2004/83/EC დირექტივის მე-18 მუხლის ფორმულირებას.
4. სასამართლო ითვალისწინებს, რომ თავშესაფრის მინიჭების ერთიანი პოლიტიკა, თავშესაფრის ერთიანი ევროპული სისტემის ჩათვლით, ევროპის კავშირის მიზნის შემადგენელი ნაწილია, რომელიც უკავშირდება თავისუფლების, უსაფრთხოებისა და სამართლიანობის სივრცის შექმნას მათთვის, ვინც ობიექტური გარემოებებიდან გამომდინარე .. დაცვას კანონიერად ითხოვს (იხ. ევროკავშირის საბჭოს დირექტივა 2013/32/EU საერთაშორისო დაცვის მინიჭებისა და გაუქმების ზოგადი პროცედურების შესახებ).
5. სასამართლო ასევე ითვალისწინებს, რომ ევროპის კავშირის დირექტივა პატივს სცემს და იცავს ევროკავშირის ადამიანის უფლებათა წესდებაში მითითებულ ფუნდამენტურ უფლებებსა და პრინციპებს და ემსახურება მიზანს, რომ უზრუნველყოს ადამიანის ღირსებისა და საერთაშორისო დაცვის მოთხოვნის უფლების პატივისცემა, მათ შორის საერთო კრიტერიუმების გამოყენების უზრუნველყოფა იმ პირთა იდენტიფიცირებისთვის, ვისაც ნამდვილად ესაჭიროება საერთაშორისო დაცვა და მეორე მხრივ, ამ პირებისთვის საერთაშორისო დაცვის მინიმალური დონის ხელმისაწვდომობა.
6. საქართველოს კანონი „საერთაშორისო დაცვის შესახებ“ ემყარება საქართველოს კონსტიტუციას, საერთაშორისო სამართლის საყოველთაოდ აღიარებულ პრინციპებსა და ნორმებს, მათ შორის „ლტოლვილთა სტატუსის შესახებ“ გაეროს 1951 წლის კონვენციასა და 1967 წლის „ოქმს ლტოლვილთა სტატუსის შესახებ“ და ემსახურება საქართველოს მიერ ლტოლვილთა და ადამიანის უფლებათა სამართლის სფეროში ნაკისრი ვალდებულებების შესრულებას, მათ შორის უზრუნველყოფს ჰუმანიტარული სტატუსის მქონე პირთა უფლებების დაცვას.
7. ,,სისხლის სამართლის სფეროში საერთაშორისო თანამშრომლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 25-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, „ექსტრადიცია არ განხორციელდება, თუ ექსტრადიციისადმი დაქვემდებარებულ პირს საქართველოში თავშესაფარი აქვს მიცემული ან იგი საქართველოში საერთაშორისო დაცვის მქონე პირია, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც მის ექსტრადიციას მესამე უსაფრთხო სახელმწიფო მოითხოვს“.
8. საქართველოში ჰუმანიტარული სტატუსის მქონე პირის სამართლებრივ სტატუსს, უფლება-მოვალეობებს, სამართლებრივ გარანტიებს, სოციალურ-ეკონომიკურ გარანტიებს, სტატუსის მინიჭების, შეწყვეტის, გაუქმების საფუძვლებს და პროცედურებს განსაზღვრავს საქართველოს კანონი „ საერთაშორისო დაცვის შესახებ“, რომელიც ემყარება საქართველოს კონსტიტუციას, საერთაშორისო სამართლის საყოველთაოდ აღიარებულ პრინციპებს და ნორმებს, მათ შორის „ლტოლვილთა სტატუსის შესახებ“ გაეროს 1951 წლის კონვენციას და 1967 წლის „ოქმს ლტოლვილთა სტატუსის შესახებ“ და ემსახურება საქართველოს მიერ ლტოლვილთა და ადამიანის უფლებათა სამართლის სფეროში ნაკისრი საერთაშორისო ვალდებულებების შესრულებას.
9. ,,საერთაშორისო დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის „ლ“ ქვეპუნქტისა და მე-14 მუხლის თანახმად, საერთაშორისო დაცვის მქონე პირს მიეკუთვნება ლტოლვილი, ჰუმანიტარული სტატუსის მქონე პირი და დროებითი დაცვის ქვეშ მყოფი პირი. ამავე კანონის მე-3 მუხლის „ ი“ ქვეპუნქტის თანახმად, ჰუმანიტარული სტატუსის მქონე პირი არის უცხოელი ან მოქალაქეობის არმქონე პირი, რომელსაც ამ კანონის მე-19 მუხლის საფუძველზე მიენიჭა ჰუმანიტარული სტატუსი.
10. თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2020 წლის 4 თებერვლის გადაწყვეტილებით ბათილად იქნა ცნობილი საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიგრაციის დეპარტამენტის 2019 წლის 24 ივლისის N... გადაწყვეტილება ა. ბ-სათვის ჰუმანიტარული სტატუსის მინიჭებაზე უარის თქმის ნაწილში და დაევალა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიგრაციის დეპარტამენტს, გამოსცეს ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულსამართლებრივი აქტი ა. ბ-სათვის ჰუმანიტარული სტატუსის მინიჭების თაობაზე. თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის აღნიშნული გადაწყვეტილების თანახმად, „პალატა კიდევ ერთხელ განმარტავს, რომ აღნიშნული გადაწყვეტილების საფუძველზე საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიგრაციის დეპარტამენტს ეკისრება ვალდებულება, გამოსცეს ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი და ა. ბ-ს მიანიჭოს ჰუმანიტარული სტატუსი“. საკასაციო სასამართლო ითვალისწინებს, რომ 2020 წლის 4 თებერვლის აღნიშნული გადაწყვეტილება (N.....) საბოლოოა და არ საჩივრდება. შესაბამისად, საკასაციო სასამართლოს მიერ გადაწყვეტილების გამოტანის დროისათვის ა. ბ. საერთაშორისო დაცვის მქონე პირს წარმოადგენს.
11. საქმის მასალებიდან ირკვევა, რომ ა. ბ-ს ექსტრადიციას არ ითხოვს მესამე სახელმწიფო, შესაბამისად, არ გამოიყენება „სისხლის სამართლის სფეროში საერთაშორისო თანამშრომლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 25-ე მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული გამონაკლისი.
12. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ ვინაიდან ა. ბ-ს ექსტრადიცია დაუშვებელია „სისხლის სამართლის სფეროში საერთაშორისო თანამშრომლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 25-ე მუხლის პირველი პუნქტის საფუძველზე, სასამართლო არ იხილავს ექსტრადიციის დასაშვეობის საკითხს საკასაციო საჩივარში მითითებულ დანარჩენ გარემოებებთან მიმართებით.
13. სასამართლო ითვალისწინებს, რომ ზემოთ აღნიშნული საერთაშორისოსამართლებრივი აქტებისა და ეროვნული კანონმდებლობის საფუძველზე ჰუმანიტარული სტატუსის მქონე პირის დაცვა არ წარმოადგენს სახელმწიფოს მხოლოდ კეთილ ნებას და ემყარება ქვეყნის მიერ ნაკისრ ვალდებულებას - უზრუნველყოს სამართლებრივი დაცვის მყარი მექანიზმებით პირები, რომლებიც საერთაშორისო დაცვის შესახებ საქართველოს კანონით ჰუმანიტარული სტატუსის მინიჭებისთვის დადგენილ კრიტერიუმებს აკმაყოფილებენ.
14. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი ექსტრადიციას დაქვემდებარებული პირის - ა. ბ-ს რ-ს ფ-ში ექსტრადიცია მისთვის მინიჭებული ჰუმანიტარული სტატუსის მოქმედების ვადაში.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით, „სისხლის სამართლის სფეროში საერთაშორისო თანამშრომლობის შესახებ“ საქართველოს 2010 წლის 21 ივლისის კანონით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. ექსტრადიციას დაქვემდებარებული პირის - ა. ბ-ს ინტერესების დამცველის, ადვოკატ თ. პ-ს საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;
2. დაუშვებლად იქნეს ცნობილი ექსტრადიციას დაქვემდებარებული პირის - ა. ბ-ს რ-ს ფ-ში ექსტრადიცია მისთვის მინიჭებული ჰუმანიტარული სტატუსის მოქმედების ვადაში;
3. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე ლ. ფაფიაშვილი
მოსამართლეები: მ. გაბინაშვილი
შ. თადუმაძე