საზედამხედველო

სისხლის სამართლის 13.02.2020
საქმის ნომერი
31აგ.-2019
დავის ტიპი
საზედამხედველო
თარიღი
13.02.2020

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე # 010142219700090503

საქართველოს უზენაესი სასამართლო

განჩინება

საქართველოს სახელით

საქმე №31აგ-19 13 თებერვალი, 2020 წელი

კ. ი., 31აგ-19 ქ. თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

მამუკა ვასაძე (თავმჯდომარე),შალვა თადუმაძე, ლალი ფაფიაშვილი

ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა მსჯავრდებულ ი. კ-ს საკასაციო საჩივარი ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2019 წლის 2 აგვისტოს განჩინებაზე.

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

1. 2019 წლის 31 ივლისს თბილისის სააპელაციო სასამართლოს შუამდგომლობით მიმართა ი. კ-მ და ითხოვა საქართველოს სსსკ-ის 310-ე მუხლის „ე“ ქვეპუნქტის საფუძველზე განაჩენის გადასინჯვა შემდეგი საფუძვლით: ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ 20.. წლის .. ივნისის № ... გადაწყვეტილებით, საქმეზე - „კ. საქართველოს წინააღმდეგ“, რომელზეც მომჩივანს თვითონ წარმოადგენდა, დაადგინა ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციის დარღვევის ფაქტი. ამ გარემოების გათვალისწინებით, ი. კ-მ მოითხოვა მისი შუამდგომლობის დასაშვებად ცნობა და საქმის არსებითი განხილვა, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2009 წლის 3 აპრილის განჩინების გაუქმება და საქართვერლოს უზენაესი სასამართლოს 2009 წლის 7 აპრილის განჩინებაში ცვლილების შეტანა მის მიმართ განსაზღვრული სასჯელის ათვლის თარიღთან მიმართებით, რომელიც უნდა აეთვალოს 2002 წლის 29 მარტიდან, რის შემდეგაც იგი დაუყოვნებლივ უნდა გათავისუფლდეს პატიმრობიდან. ასევე ითხოვა მის მიმართ მიყენებული ზიანის ანაზღაურების უფლებისა და წესის განმარტება.

2. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2019 წლის 2 აგვისტოს განჩინებით ი. კ-ს შუამდგომლობა ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო განაჩენის გადასინჯვის თაობაზე დაუშვებლად იქნა ცნობილი.

3. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2019 წლის 2 აგვისტოს განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა ი. კ-მ. კასატორი საკასაციო საჩივრით ითხოვს გასაჩივრებული განჩინების გაუქმებას და თავისი შუამდგომლობის დასაშვებად ცნობას შემდეგი საფუძვლებით: სააპელაციო პალატის გადაწყვეტილება შუამდგომლობის დაუშვებლად ცნობის შესახებ იმ არგუმენტით, რომ მსჯავრდებულმა სააპელაციო პალატაში არ წარადგინა ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს ზემოხსენებული გადაწყვეტილების („კ. საქართველოს წინააღმდეგ“) ოფიციალური წესით დამოწმებული ქართული თარგმანი, ეწინააღმდეგება როგორც საქართველოს კონსტიტუციას, ისე - ადამიანის უფლებათა ევროპულ კონვენციას.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

1. საქართველოს სსსკ-ის 313-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, საკასაციო სასამართლომ შეამოწმა საქმის მასალები, გააანალიზა საკასაციო საჩივრის საფუძვლიანობა და დაასკვნა, რომ იგი უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

2. საქართველოს სსსკ-ის 310-ე მუხლის „ე“ ქვეპუნქტის შესაბამისად, განაჩენი ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო გადაისინჯება, თუ არსებობს ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილება (განჩინება), რომელმაც დაადგინა ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის ევროპული კონვენციის ან მისი ოქმების დარღვევა ამ საქმესთან დაკავშირებით, და გადასასინჯი განაჩენი ამ დარღვევას ეფუძნება.

3. წარმოდგენილი საქმის მასალებით ირკვევა, რომ სააპელაციო პალატამ მსჯავრდებულ ი. კ-ს შუამდგომლობის განხილვაზე უარი თქვა იმ მოტივით, რომ შუამდგომლობას არ ერთვოდა ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 2019 წლის 28 მარტის გადაწყვეტილების (საქმე - „K... v. Georgia“) სამართალწარმოების (ქართულ) ენაზე შესრულებული და სათანადო წესით დამოწმებული თარგმანი, რაც ეწინააღმდეგებოდა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-11 მუხლის დანაწესს, რომლის თანახმად: „სისხლის სამართლის პროცესი ხორციელდება ქართულ ენაზე, აფხაზეთის ავტონომიურ რესპუბლიკაში - აგრეთვე აფხაზურ ენაზე“.

4. დადგენილია, რომ ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ საქმეზე „კ. საქართველოს წინააღმდეგ“ (K... v. Georgia) (საჩივარი № ...), რომელზეც მომჩივანს წარმოადგენდა საკასაციო საჩივრის ავტორი ი. კ., გადაწყვეტილება მიიღო 2019 წლის 28 მარტს. გადაწყვეტილება საბოლოო გახდა 2019 წლის 28 ივნისს.

5. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილების აღსრულების ერთ-ერთი გავრცელებული ინდივიდუალური ღონისძიება არის ეროვნულ დონეზე საქმის ხელახლა გადასინჯვა. საერთაშორისო სამართალში არსებულ პრინციპზე restitutio in integrum (პირვანდელ მდგომარეობაში აღდგენა) დაყრდნობით, სასამართლომ არაერთხელ დაადგინა, რომ დარღვევის გამოსწორების ყველაზე სათანადო ფორმა არის იმის უზრუნველყოფა, რომ მომჩივნები, რამდენადაც შესაძლებელია, იმავე მდგომარეობაში აღმოჩნდნენ, რომელშიც იქნებოდნენ, დარღვევას რომ არ ჰქონოდა ადგილი (იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება საქმეზე - „ჰუსეინი და სხვები აზერბაიჯანის წინააღმდეგ“ (Huseyn and Others v. Azerbaijan), N 35485/05, 45553/05, 35680/05 and 36085/05, § 262, 26.07.2011).

ამდენად, მართალია, სასამართლომ დაადგინა, რომ კონვენცია არ ანიჭებს მას იურისდიქციას მიმართოს სახელმწიფოს საქმის გადასინჯვის ან მსჯავრდების გაუქმების მოთხოვნით, თუმცა ის დაჟინებით აცხადებს, რომ პირვანდელ მდგომარეობაში დაბრუნების ყველაზე სათანადო გზა კონვენციის მე-6 მუხლის კონტექსტში არის მომჩივნის საქმის ხელახალი განხილვა იმ ფორმით, რომელიც აკმაყოფილებს კონვენციის მოთხოვნებს, იმ შემთხვევაში, თუ მომჩივანს ამის სურვილი აქვს (იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება საქმეებზე - „გენჩელი თურქეთის წინააღმდეგ“ (Gençel v. Turkey), N. 53431/99, § 27, 23.10.2003; „კრასნიკი ჩეხეთის რესპუბლიკის წინააღმდეგ“ ( Krasniki v. Czech Republic), N. 51277/99, at §§ 93-94, 28.02.2006). ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტმა 2000 წელს შეიმუშავა რეკომენდაცია და კონვენციის ხელშემკვრელ სახელმწიფოებს მოუწოდა „უზრუნველყონ ეროვნული სამართლებრივი სისტემები გადასინჯვის ადეკვატური შესაძლებლობით, რაც აგრეთვე გულისხმობს საქმეთა ხელახლა განხილვას იმ შემთხვევებში, როდესაც სასამართლოს მიერ კონვენციის დარღვევა არის დადგენილი...’’. ( Recommendation No. R (2000) 2 of the Committee of Ministers to member States on the re-examination or re-opening of certain cases at domestic level following judgments of the European Court of Human Rights (adopted by the Committee of Ministers on 19 January 2000 at its 694th meeting)).

6. სააპელაციო პალატის მსჯელობა - „საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-11 მუხლის საფუძველზე სისხლის სამართლის პროცესი ხორციელდება ქართულ ენაზე, აფხაზეთის ავტონომიურ რესპუბლიკაში - აგრეთვე აფხაზურ ენაზე და ვინაიდან შუამდგომლობას არ ერთვის ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა ევროპული სასამართლოს 2019 წლის 28 მარტის საქმე - K. v. Georgia გადაწყვეტილების სამართალწარმოების (ქართულ) ენაზე შესრულებული და სათანადო წესით დამოწმებული თარგმანი, შესაბამისად პალატას მიაჩნია, რომ შუამდგომლობას არ ერთვის შესაბამისი მტკიცებულება, იგი დაუშვებელია“ - ზედმეტად ფორმალური ხასიათისაა მაშინ, როცა შუამდგომლობა წარმოდგენილია სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 310-ე მუხლის „ე“ პუნქტის საფუძველზე და ხსენებული გადაწყვეტილება ეხება უშუალოდ შუამდგომლობის ავტორის მიმართ დადგენილ ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციის მე-6 მუხლის პირველი პარაგრაფის დარღვევის ფაქტს.

7. საქართველოს სსსკ-ის 310-ე მუხლის „ე“ ქვეპუნქტის დანაწესის გათვალისწინებით, რომელშიც პირდაპირ მითითებულია, რომ ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების (განჩინების) არსებობა წარმოადგენს ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო განაჩენის გადასინჯვის საფუძველს, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ შუამდგომლობა დაშვებულ უნდა იქნეს განსახილველად მოცემულ შემთხვევაში, მიუხედავად იმისა, რომ შუამდგომლობის ავტორს წარმოდგენილი არ აქვს ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილების ქართულ ენაზე შესრულებული და სათანადო წესით დამოწმებული თარგმანი.

8. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2019 წლის 2 აგვისტოს განჩინება უნდა გაუქმდეს და სააპელაციო სასამართლოს მიეთითოს, რომ დაუშვას შუამდგომლობა.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 313-ე მუხლის მე-3 ნაწილით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. მსჯავრდებულ ი. კ-ს საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს;

2. გაუქმდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2019 წლის 2 აგვისტოს განჩინება და მიეთითოს სააპელაციო სასამართლოს, რომ დაუშვას მსჯავრდებულ ი. კ-ს შუამდგომლობა;

3. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე მ. ვასაძე

მოსამართლეები: შ. თადუმაძე

ლ. ფაფიაშვილი