საკასაციო საჩივარი ცნობილია დაუშვებლად
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე # 050100117001791923
საქართველოს უზენაესი სასამართლო
განჩინება
საქართველოს სახელით
საკასაციო საჩივრის დასაშვებობის
შემოწმების შესახებ
საქმე №551აპ-19 ქ. თბილისი
ვ-ე თ, 551აპ-19 3 იანვარი, 2020 წელი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
გიორგი შავლიაშვილი (თავმჯდომარე),პაატა ქათამაძე, ბესარიონ ალავიძე
ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2019 წლის 4 აპრილის განაჩენზე ოზურგეთის რაიონული პროკურორის მოადგილის - მალხაზ სირაძის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და
გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:
1. ოზურგეთის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 20 დეკემბრის განაჩენით თ. ვ-ე, - დაბადებული …. წლის …. ივლისს, - ცნობილ იქნა დამნაშავედ და მიესაჯა:
საქართველოს სსკ-ის 19.177-ე მუხლის მე-4 ნაწილის "ბ" ქვეპუნქტით - თავისუფლების აღკვეთა 6 წლით;
საქართველოს სსკ-ის 362-ე მუხლის პირველი ნაწილით - ჯარიმა 2 000 ლარი;
საქართველოს სსკ-ის 19.177-ე მუხლის მე-2 ნაწილის "ა" ქვეპუნქტით - თავისუფლების აღკვეთა 3 წლით;
საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-4 ნაწილის "ბ" ქვეპუნქტით - თავისუფლების აღკვეთა 7 წლით;
საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე დანაშაულთა ერთობლიობით დანიშნული სასჯელებიდან უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქა ნაკლებად მკაცრი სასჯელები და მსჯავრდებულ თ. ვ-ს საბოლოოდ მიესაჯა - თავისუფლების აღკვეთა 7 წლით.
საქართველოს სსსკ-ის 283-ე მუხლის პირველი ნაწილის ”ა” ქვეპუნქტის თანახმად, მსჯავრდებულ თ. ვ-ს გადაუვადდა სასჯელის მოხდა ჯანმრთელობის მდგომარეობის არსებითად გაუმჯობესებამდე.
მსჯავრდებულ თ. ვ-ს სასჯელის მოხდაში ჩაეთვალა პატიმრობაში ყოფნის დრო - 2016 წლის 26 დეკემბრიდან 2016 წლის 29 დეკემბრამდე.
2. სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ:
თ. ვ-ე 2015 წლის მაისის დასაწყისში ო-ს მუნიციპალიტეტის სოფელ გ-ი, მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, შეეცადა ფარულად დაუფლებოდა სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს კუთვნილ, 85 790 ლარად ღირებულ 145 ცალ, 5 მეტრსა და 20 სმ სიგრძისა და 800 სმ დიამეტრის რკინაბეტონის მილებსა და ასევე - 120 სმ დიამეტრის 7 ცალ რკინაბეტონის ე.წ. ჭის თავსახურს.
თ. ვ-მ იცოდა, რომ ო-ს მუნიციპალიტეტის სოფელ გ-ი არსებობდა სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს კუთვნილი რკინა-ბეტონის მილები, განიზრახა მათი დაუფლება. თ. ვ-ე იმ მიზნით, რომ ჰქონოდა რკინაბეტონის მილების წარმომავლობის დოკუმენტი, 2015 წლის გაზაფხულზე დაუკავშირდა მ. ჯ-ს და სთხოვა მისი შვილის ფირმას, შპს "ჯ-ს,“ გაეფორმებინა ყალბი ხელშეკრულება ინდმეწარმე ს. ვ-ნ (თითქოს, ო-ს მუნიციპალიტეტის სოფელ გ-ი შპს "ჯ-მ" რკინაბეტონის მილები ინდმეწარმე ს. ვ-ე გაასხვისა). 2015 წლის 27 აპრილს, თ. ვ-მ გამოყენების მიზნით გააფორმა ყალბი ხელშეკრულება, თითქოს ინდმეწარმე ს. ვ-მ, შპს "ჯ-ნ" შეიძინა 16 500 ლარად ღირებული 300 ცალი რკინაბეტონის 800 მმ-იანი მილი. ხელშეკრულებას ხელი მოაწერეს მან, როგორც ინდმეწარმე ს. ვ-ს წარმომადგენელმა და მ. ჯ-ს შვილმა, შპს "ჯ-ს" დირექტორმა ი. ჯ-მ. აღნიშნულის შემდეგ, თ. ვ-მ ო-ს მუნიციპალიტეტის სოფელ გ-ი დაიწყო სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს კუთვნილი რკინაბეტონის მილების მიწიდან ამოღება, რის შემდეგაც 2015 წლის 5 ივნისს, ყალბი ხელშეკრულება გამოიყენა და 12 ცალი რკინაბეტონის მილი შპს "….. ბიუროს ჯგუფის მუდმივმოქმედ ფილიალს" მიჰყიდა.
თ. ვ-ე 2015 წლის სექტემბერში ქალაქ ო-ი, თ-ა და უნივერსიტეტის ქუჩებზე, მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, შეეცადა ფარულად დაუფლებოდა სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს კუთვნილ, 3482.16 ლარად ღირებულ, 1319 მეტრ, 219 მმ დიამეტრის ლითონის მილს.
2016 წლის 23 ივლისს თ. ვ-ე ო-ს მუნიციპალიტეტის სოფელ ძ-ი, მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, ფარულად დაეუფლა სს "ს-ს" კუთვნილ, 17 766 ლარად ღირებულ, 18 ცალ, 530 მმ დიამეტრის მილს (204 გრძივი მეტრი), რომელიც ინდმეწარმე ს. ვ-ს სახელით მიჰყიდა შპს "გ-ს".
3. ოზურგეთის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 20 დეკემბრის განაჩენი ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2019 წლის 4 აპრილის განაჩენით დარჩა უცვლელად.
4. პროკურორი მ. სირაძე ითხოვს სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებაში ცვლილების შეტანას: საქართველოს სსსკ-ის 283-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის საფუძველზე მსჯავრდებულისათვის დანიშნული სასჯელის მოხდის გადავადების გაუქმებას და სასჯელის აღსრულებას.
5. კასატორი უთითებს, რომ მოცემულ შემთხვევაში სასჯელის გადავადების საფუძვლები არ არსებობს; ამასთან, საქართველოს სსსკ-ის 283-ე მუხლის საფუძველზე მძიმე ავადმყოფობის შემთხვევაში განაჩენის აღსულების გადავადების საკითხის განხილვისას, სასამართლომ უნდა გაითვალისწინოს პენიტენციურ დაწესებულებაში შესაძლებელი მკურნალობა, მსჯავრდებულის პიროვნული თვისებები, მის მიერ წარსულში დანაშაულის ჩადენის ფაქტი, დანაშაულის ხასიათი, მოტივი, მიზანი, დამდგარი შედეგი და დანაშაულის განმეორებით ჩადენის რისკი.
6. საკასაციო პალატამ შეისწავლა საკასაციო საჩივარი და დაასკვნა, რომ იგი არ აკმაყოფილებს საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს, რის გამოც არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად, კერძოდ: საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილი ამომწურავად იძლევა იმ საფუძველთა ჩამონათვალს, რომელთა არსებობის შემთხვევაში საკასაციო საჩივარი დასაშვებად ჩაითვლება, ასეთებია:
ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებასა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას;
ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია;
გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება;
დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;
ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე;
ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს;
ზ) კასატორი არასრულწლოვანი მსჯავრდებულია.
7. საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ მოცემულ სისხლის სამართლის საქმეში არ მოიპოვება არცერთი ზემოაღნიშნული საფუძველი.
8. პალატა აღნიშნავს, რომ სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნისა და მოწმედ დაკითხული ექსპერტების - ლ. ზ-ს, მ. მ-ა და ლ. ფ-ს ჩვენებებიდან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლომ სამართლებრივად სწორად შეაფასა მსჯავრდებულ თ. ვ-ს მიმართ დანიშნული სასჯელის მოხდის გადავადების საფუძვლები (ჯანმრთელობის მდგომარეობის არსებითად გაუმჯობესამდე).
9. ვინაიდან მოცემულ შემთხვევაში არ იკვეთება საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 და მე-31 ნაწილებით გათვალისწინებული არცერთი გარემოება, საკასაციო საჩივარი დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი.
10. საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33, მე-4 ნაწილების შესაბამისად, საკასაციო პალატამ
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. ოზურგეთის რაიონული პროკურორის მოადგილის - მალხაზ სირაძის საკასაციო საჩივარი არ იქნეს დაშვებული განსახილველად.
2. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე გ. შავლიაშვილი
მოსამართლეები: პ. ქათამაძე
ბ. ალავიძე