საკასაციო საჩივარი ცნობილია დაუშვებლად
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქართველოს უზენაესი სასამართლო
განჩინება
საქართველოს სახელით
საკასაციო საჩივრის დასაშვებობის
შემოწმების შესახებ
№92აპ-19 ქ. თბილისი
ქ. ლ., 92აპ-19 22 იანვარი, 2020 წელი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
მერაბ გაბინაშვილი (თავმჯდომარე),მამუკა ვასაძე, შალვა თადუმაძე
ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2018 წლის 19 დეკემბრის განაჩენზე ზესტაფონის რაიონული პროკურატურის სტაჟიორ-პროკურორის – გვანცა ტაბატაძის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და
გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:
1. ზესტაფონის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 1 ოქტომბრის განაჩენით ლ. ქ., – დაბადებული წელს, – ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 299-ე მუხლის 1-ლი ნაწილით და განესაზღვრა ჯარიმა – 2000 ლარი; მასვე საქართველოს სსკ-ის 52-ე მუხლის საფუძველზე დამატებითი სასჯელის სახით სახელმწიფოს სასარგებლოდ, უსასყიდლოდ ჩამოერთვა ქონება: ექსკავატორი „HYUNDAI R-250 LC-7“ და 300 კგ სილიკომანგანუმის ქერქული ნარჩენი.
2. აღნიშნული განაჩენი ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2018 წლის 19 დეკემბრის განაჩენით შეიცვალა: ლ. ქ.-ს საქართველოს სსკ-ის 299-ე მუხლის 1-ლი ნაწილით განესაზღვრა ჯარიმა – 2000 ლარი; მასვე საქართველოს სსკ-ის 52-ე მუხლის საფუძველზე დამატებითი სასჯელის სახით სახელმწიფოს სასარგებლოდ, უსასყიდლოდ ჩამოერთვა 300 კგ სილიკომანგანუმის ქერქული ნარჩენი. ექსკავატორი „HYUNDAI R-250 LC-7“ საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ უნდა დაუბრუნდეს კანონიერ მესაკუთრეს. განაჩენი დანარჩენ ნაწილში დარჩა უცვლელად.
3. სააპელაციო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ ლ. ქ.-მ ჩაიდინა წიაღით სარგებლობა სათანადო ლიცენზიის გარეშე, ჩადენილი ასეთი ქმედებისათვის ადმინისტრაციული სახდელის დადების შემდეგ, რაც გამოიხატა შემდეგში:
· ზესტაფონის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 10 აპრილისა და 27 აპრილის დადგენილებებით, სათანადო ლიცენზიის გარეშე წიაღით სარგებლობისათვის ადმინისტრაციულსახდელშეფარდებულმა ლ. ქ.-მ 2018 წლის 21 მაისს ზ.-ის რაიონის სოფელ მ.ს.-ში, მდინარე ყ.-ის მარჯვენა სანაპიროზე, ნაქირავები ექსკავატორის მეშვეობით, უკანონოდ მოიპოვა 300 კილოგრამი სილიკომანგანუმის ქერქული ნარჩენი, რითაც გარემოსთვის მიყენებულმა ზიანმა შეადგინა 200.3 ლარი.
4. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის განაჩენი საკასაციო წესით გაასაჩივრა ზესტაფონის რაიონული პროკურატურის სტაჟიორ- პროკურორმა გვანცა ტაბატაძემ. წარმოდგენილი საკასაციო საჩივრით კასატორი ითხოვს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2018 წლის 19 დეკემბრის განაჩენში ცვლილების შეტანას, ლ. ქ.-ისათვის საქართველოს სსკ-ის 299-ე მუხლის 1-ლი ნაწილით 2000 ლარი ჯარიმის განსაზღვრას, ასევე – დამატებითი სასჯელის სახით სახელმწიფოს სასარგებლოდ, უსასყიდლოდ ქონების – ექსკავატორ „HYUNDAI R-250 LC-7-სა“ და 300 კგ სილიკომანგანუმის ქერქული ნარჩენის ჩამორთმევას.
5. მსჯავრდებულ ლ. ქ.-ის ინტერესების დამცველი, ადვოკატი ი. გ. შესაგებლით ითხოვს პროკურორის საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობას.
6. საკასაციო პალატამ შეისწავლა საკასაციო საჩივარი და დაასკვნა, რომ იგი არ აკმაყოფილებს საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებულ მოთხოვნებს, რის გამოც არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად, კერძოდ: საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილი ამომწურავად იძლევა იმ საფუძველთა ჩამონათვალს, რომელთა არსებობის შემთხვევაში, საკასაციო საჩივარი დასაშვებად ჩაითვლება, ასეთებია:
ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებასა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას;
ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია;
გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება;
დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;
ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე;
ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს;
ზ) კასატორი არასრულწლოვანი მსჯავრდებულია.
7. საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ მოცემულ სისხლის სამართლის საქმეში არ მოიპოვება არცერთი ზემოაღნიშნული საფუძველი.
8. მტკიცებულებები, რომლებიც ბრალდებას დაედო საფუძვლად და საქართველოს სსსკ-ის 73-ე მუხლის შესაბამისად, მხარეთა მიერ უდავოდ არის მიჩნეული, გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებს ლ. ქ.-ის მიერ საქართველოს სსკ-ის 299-ე მუხლის 1-ლი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენას. რაც შეეხება სასჯელს, სააპელაციო სასამართლომ გაითვალისწინა პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოებები – მსჯავრდებულის მიერ დანაშაულის აღიარება და მონანიება, მისი პიროვნული მახასიათებლები და ა.შ. და ლ. ქ.-ს განუსაზღვრა მისი ქმედების პროპორციული და საქართველოს სსკ-ის 299-ე მუხლის 1-ლი ნაწილით გათვალისწინებული სასჯელი.
9. საკასაციო პალატის აზრით, უსაფუძვლოა კასატორის მოთხოვნა მსჯავრდებულ ლ. ქ.-ისათვის დამატებითი სასჯელის სახით ქონების, კერძოდ, ექსკავატორ „HYUNDAI R-250 LC-7-ის“ ჩამორთმევის თაობაზე. საკასაციო პალატა სრულად ეთანხმება ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს არგუმენტაციას და მიაჩნია, რომ მსჯავრდებულ ლ. ქ.-ის შემთხვევაში არ დგინდება საქართველოს სსკ-ის 52-ე მუხლის დისპოზიციით გათვალისწინებული არცერთი პირობა და, შესაბამისად, მისთვის ექსკავატორ „HYUNDAI R-250 LC-7-ის“ ჩამორთმევის სამართლებრივი საფუძველი არ არსებობს.
10. ამდენად, ვინაიდან მოცემულ შემთხვევაში არ იკვეთება საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 და მე-31 ნაწილებით გათვალისწინებული გარემოებები, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ ბრალდების მხარის საკასაციო საჩივარი დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი.
11. საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33, მე-4 ნაწილების შესაბამისად, საკასაციო პალატამ
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. ზესტაფონის რაიონული პროკურატურის სტაჟიორ-პროკურორის – გვანცა ტაბატაძის საკასაციო საჩივარი არ იქნეს დაშვებული განსახილველად.
2. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე მ. გაბინაშვილი
მოსამართლეები: მ. ვასაძე
შ. თადუმაძე